საზოგადოება

როგორ ირჩენდა თავს თეატრს ჩამოშორებული ვასო აბაშიძე აგენტობით

№11

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 19.03

ვასო აბაშიძე
დაკოპირებულია

ქართული თეატრის აღორძინება მის სახელთანაა დაკავშირებული და ეს ვასო აბაშიძეა. ის იყო პირველი ქართული თეატრის პირველი კომიკოსი მსახიობი მამაკაცი, რომელიც სცენაზე საოცარი მუსიკალურობითა და გარდასახვით გამოირჩეოდა. მას დიდად აფასებდნენ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, მისი შემოქმედებით მოხიბლული იყო სრულიად ქართული თეატრალური სამყარო, ყველა რეჟისორი, მსახიობი, თვით თეატრალური კრიტიკოსებიც. ვასო აბაშიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი, ხალხის უსაყვარლესი მსახიობი, რომელსაც განსაკუთრებულ იუბილეებს უხდიდნენ. გარდაიცვალა 77 წლის ასაკში და დაკრძალეს აკაკი წერეთლის გვერდით. ამ გამორჩეული პიროვნების დღიურებიც მისი შემოქმედებითი ცხოვრებით იწყება:

სცენაზე პირველად 1877 წელს თბილისში სახაზინო თეატრში გამოვიდა, სადაც ითამაშა ისაიას როლი გ.სუნდუკიანის პიესა „ხათაბალაში“. შემდეგ კი თავი დაანება სამსახურს და სამუდამოდ შევიდა ქართულ დასში, სადაც იგი 1923 წლამდე მოღვაწეობდა.

დაქორწინდა ქართული თეატრის მშვენებაზე – მაკო საფაროვაზე. როცა მაკო ქართულ დასში მივიდა, ვასომ მას დაცინვა დაუწყო და ბავშვიც უწოდა, მაგრამ მალე, მისი სცენაზე გამოსვლისთანავე, შეხედულება შეეცვალა და ამ ხელოვანის თაყვანისმცემელიც გახდა. ერთ დღეს კი ოჯახის შექმნა შესთავაზა. ქალმა იუარა, ხუმრობა ეგონა… ამასობაში გასტროლებიც დაიწყო. დასი გორში გაემგზავრა და რამდენიმე წარმოდგენა უჩვენა. უჩვეულოდ ცხელი ამინდი იდგა. თეატრის მუშაკები გარეთ გამოვიდნენ. ვასო მაკოს აედევნა და კვლავ სთხოვა ხელი. ქალი მას ცივად შეხვდა. ვასო გამოემშვიდობა და მტკვრისკენ გაემართა. მაკომ იფიქრა, თავს დაიხრჩობსო, ამიტომ გაეკიდა და უთხრა, რომ ის მას ცოლად გაჰყვებოდა. ასე მოხდა ქართული თეატრის ორი მშვენების დაქორწინება.

1881 წელს დაიბადა ტასო, შემდეგში სცენის დიდოსტატი. ტასო აბაშიძე იგონებდა: „1881 წლის 29 მარტს დილით 5 საათზე დიდი წივილ-კივილით გავჩნდი ამქვეყნად და გავახილე ჩემი დიდრონი თვალები. ორი წლის შემდეგ ჩემს მშობლებს ეყოლათ ვაჟი, რომელსაც არჩილი დაარქვეს. ჩემი ძმა თერთმეტი თვისა გარდაიცვალა. მე ის სრულებით არ მახსოვს… მამაჩემი გულკეთილი და მხიარული ადამიანი იყო. იმასთან მოწყენას ვერ იგრძნობდით. მეც ისე მეთამაშებოდა, თითქოს ისიც ბავშვი ყოფილიყო“. (ტასო აბაშიძე – „მოგონებანი“, თბილისი. 1954 წელი).

ვასო აბაშიძის დებულება იყო: „ვისაც სურს, სცენას ემსახუროს, უწინარეს ყოვლისა, უნდა გამოარკვიოს და შეიგნოს, რას წარმოადგენს მსახიობის ხელოვნება“. ის წლების განმავლობაში საკუთარ სკოლას ქმნიდა. ვასო აბაშიძის არტისტული გარეგნობისა და შემოქმედების მეტად საინტერესო დახასიათებას იძლევა ილია ზურაბაშვილი. „ვასოს უეჭველად არტისტული გარეგნობა ჰქონდა: შუა ტანისაზე ოდნავ დაბალი, თხელ-თხელი ახალგაზრდობაში, ზომიერად ხორცსავსე შუაკაცობაში, ესე იგი, იმ პერიოდში, როდესაც მისი შემოქმედება გაიფურჩქნა და გაიშალა (სიბერეში როგორღაც დაპატარავდა და ძალიან გახდა); მაშინ როცა მას ჰქონდა სხარტი, ენერგიული, უპოზიორო მოძრაობა; სახე საკვირვლად მეტყველი – სახის კუნთების სისტემა მეტისმეტად მოძრავი და მოქნილი; შავი მოელვარე თვალები, საკმაოდ მოდიდო, კაუჭა ცხვირი და მტკიცე ნიკაპი. ეს ცხვირი და ეს ნიკაპი ენერგიით მოსავდნენ მის საერთო ნერვიულ სახეს. ხმა – მკვეთრი, მაგარი, ხანდახან მჭექარე, არა მდიდარი მოდულაციებით, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან მორჩილი და მოქნილი ინტონაციებისთვის. დიქცია – მკაფიო, იმდენად რომ ხანდახან სიტყვებში „იმაში“, „რაში“ ნათლად ისმოდა ხოლმე ბოლოში უკანონოდ მისმული თანხმოვანი ბგერა „დ“ – „იმაშიდ“, „რაშიდ“ და სხვა… ინტონაცია – მდიდარზე უმდიდრესი, ჟესტი – საკვირვლად გამომეტყველი“ (საქართველოს თეატრალური საზოგადოება, „ვასო აბაშიძე“, თბილისი, 1951 წელი).

ვასო აბაშიძის გმირთა გალერეა 500-მდე სხვადასხვა როლს მოიცავს. მნიშვნელოვანი როლებია: კუმუხტი, ტრდატოვი, დაბაღოვი (გ.ერისთავის „დავა“, „გაყრა“, „ძუნწი“), გეურქა (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში”), ავეტიკა, აკოფა, მაზუთიანი, გასპარა, ოსეფა, გრიქულა (ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“, „ხანუმა“, „ჭკუისა მჭირს“ და ასე შემდეგ... ვასო აბაშიძე მარტო მსახიობობით როდი კმაყოფილდებოდა, წლების განმავლობაში რეჟისორობდა, ხელმძღვანელობდა დასს. ანტრეპრენიორობის პერიოდში ქართულ სცენაზე ვასომ დადგა: შექსპირის „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“’, „ვენეციელი ვაჭარი“, დ. ერისთავის „სამშობლო“, ა. ცაგარელის „ხანუმა“ და სხვა.

ვასო აბაშიძის შემოქმედების არე ვრცელია: თბილისი, ქუთაისი ბათუმი, ფოთი, სოხუმი, ბაქო, გორი, ელიზავეტპოლი, ჭიათურა, შორაპანი, ყვირილა, თელავი, სიღნაღი, საგარეჯო, გურჯაანი, ქარელი, კავთისხევი, სურამი, ხაშური, ბორჯომი, წაღვერი, ბაკურიანი, გომი, საქაშეთი, ახალქალაქი (გორის მაზრა) ცემი, ახალციხე, ახალი სენაკი, ძველი სენაკი, სამტრედია, კულა, სიონი, საჭიკაო, ბანძა, ჩახისწყარო, ლანჩხუთი, ოზურგეთი. მან სალიტერატურო სარბიელზეც სცადა თავისი ნიჭი, ქართულ თეატრს მისცა ორმოცამდე ორიგინალური, ნათარგმნი და გადმოკეთებული დრამატული ნაწარმოები, კომედიები, ვოდევილები, ოპერეტები. დაწერა რამდენიმე პიესა: „ცოლი თუ გინდათ და ეს არის“, „ტასიკო“, „ვისი ბრალია“… 1885 წელს დააარსა პირველი სათეატრო გაზეთი „თეატრი“, რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა, შემდეგში ეს გამოცემა ვალერიან გუნიას გადასცა. მანვე გამოსცა კრებულები „პანთეონი“, „ჩვენი თეატრი“, „ჩანგი“, რითაც ხელი შეუწყო საესტრადო რეპერტუარის შექმნას. მას სიცოცხლეშივე მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მსახიობის შემოქმედება ხიბლავდა დიდსა და პატარას. ყველაზე სიტყვაძუნწი თეატრალური კრიტიკოსებიც კი ვერ ფარავდნენ აღტაცებას ქართული თეატრის რაინდის ფილიგრანული სასცენო ნამუშევრებით. ილია ჭავჭავაძე მას დიდ პატივს სცემდა: „ერის სულიერი ვითარებისა და თვითცნობიერების გაღვიძების საქმეში სცენას საპატიო ადგილი უჭირავს და შენც ამ კათედრიდან ასწავლიდი შენს მშობელ ერს და მასთან ერთად ბევრ სხვასაც, თუ რა ღირსება და ნაკლი ჰქონდათ, რა უნდა ეგმოთ, რა ექოთ, ცხოვრებაში სათაყვანებლად რა გაეხადათ. შენ მიერ ხორცშესხმულნი, სასცენო ტიპები უკვდავად დარჩებიან, რადგანაც ცხოვრება და შენი სასცენო მოღვაწეობა, ბუნებრივი სინამდვილე და შენი ამ ცხოვრების ნიჭიერად დასურათება ერთურთს არ ეწინააღმდეგებიან. სული ერთი აქვთ“.

ერთ-ერთ წერილში ილია ჭავჭავაძე ასე ახასიათებდა მის მსახიობურ ნიჭს: „დაჰღალა მაყურებელი სიცილითა. არ გაგონილა ამისთანა კომიკი, როგორიც ბ-ნი აბაშიძეა, როცა თავის როლშია და გუნებაზედაც არის. ნამდვილი არტისტია… ყოველს მოქმედ პირს, თუკი მისი შესაფერისი როლისაა, იგი განასახოვნებს ხოლმე და „ტიპად“ გარდააქცევს… უყურებთ ბ-ნს აბაშიძეს სცენაზედ და ჰფიქრობთ, რა ვქნა, ამისთანა კაცი სადღაც მინახავსო და არ მაგონდება კი, სადა და ვინ არისო“.

1902 წლის 10 მარტს ვასო აბაშიძეს 25 წლის სასცენო მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს არა მარტო თბილისში, არამედ ქუთაისშიც და სხვა ქალაქებშიც. იუბილეს ესწრებოდნენ: რუსები, უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები.

ქართული თეატრის რაინდი პირად ცხოვრებაში მოკრძალებული იყო, მუდამ ცდილობდა, შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

აი, ერთი ეპიზოდი ვასო აბაშიძის ცხოვრებიდან: მსახიობს სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილეზე საზეიმოდ მორთული ლანდო მიართვეს. დიდხანს ელოდნენ წარგზავნილები ვასოს მისი სახლის წინ, მაგრამ… ვასო სახლის უკანა კარებით გავიდა და ასევე უკანა კარებით შევიდა თეატრში. იუბილეს ორგანიზატორებმა უსაყვედურეს, ეს რა ჩაიდინეო, ხალხი გელოდებოდა ქუჩაში, ლანდოც გამოგიგზავნეთ და შენ კი ჩუმად შემოიპარე თეატრშიო. თუ ჩემს იუბილეს მართავთ მე აქ გახლავართ, – უთხრა მსახიობმა და სიცილით დაუმატა, – თუ ცხენების დღესასწაულია, უჩემოდ გამართეთო.

ვასო აბაშიძის „მადლობითი თანაგრძნობა… ღირსეულად აქვს დამსახურებული“, – აღნიშნავდა აკაკი წერეთელი და შემდეგ ქუთაისში წარმოთქმულ სიტყვაში ბატონ ვასოს მადლობას უძღვნის, რომ „ერთ რჩეულთაგანს, შეგნებული გქონდა საჭირო ჭეშმარიტება! იმ თავიდან ამ ბოლომდე, ოცდახუთი წლის განმავლობაში, მამა-შვილურის თანაგრძნობით თვალყურს ვადევნებდი შენს ნიჭიერ მოღვაწეობას და არც ერთხელ არ შემინიშნავს, რომ გემტყუნებინოს სიმართლისათვის სწორე გზიდან!.. და დღეს პირნათლად შეგიძლია სთქვა: რაც შემეძლო, კიდევაც გავაკეთეო. პატივი შენს ნიჭს, გამარჯობა გულწრფელ მოღვაწეობას და ვაშა მამულის საკადრის შვილს ვასილ აბაშიძეს!“

„შენის სანაქებო ნიჭით, შენის სამაგალითო შრომა-მეცადინეობით აღადგინე და აღამაღლე მსახიობთა დაბეჩავებული მდგომარეობა საზოგადო მოღვაწეთა მნიშვნელობამდე… თეატრი ხელოვნების ტაძარია, ხოლო მსახიობნი ამ ტაძრის ქურუმები და მათ შორის შენ ხარ პირველი“ ... „ვასო აბაშიძე ბევრად მაღლა დგას დანარჩენ ჩვენს მოთამაშეებზე“, – წერდა ვალერიან გუნია... იუბილეზე ვასო აბაშიძემ მოკრძალებული სიტყვა წარმოთქვა: „ბატონებო! ნება მიბოძეთ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ. დღევანდელმა დღემ ნათლად დამანახვა, რომ ქართველ ერს შესძლებია დაფასება და პატივისცემა არა მარტო დიდ მოღვაწეთა, არამედ ისეთი მცირე მუშაკებისაც, რომელთა შორის მეც ვირიცხები. ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რა ეკლიანი და შხამნაღვლიანი იყო და არის ქართულ სცენაზე შრომა, მაგრამ დღევანდელი დღე ყველა ვარამს მავიწყებს. დღევანდელმა დღემ დამიმტკიცა, რომ ჩემს მცირე შრომასაც ამ 25 წლის განმავლობაში სამშობლო სცენაზე უქმად და უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ვიმეორებ, ნება მიბოძეთ, ყველას გამოგიცხადოთ ჩემი გულითადი მადლობა!“

ვასო აბაშიძის აღიარება ერთბაშად არ მოსულა. მან შემოქმედების დიდი გზა გაიარა, იყო სიხარულიც და გაჭირვებაც, დავით კლდიაშვილის თქმით, „ვასო რკინიგზის აგენტიც იყო, აუტანელმა გაჭირვებამ აიძულა სცენას დაშორებოდა და რკინიგზის აგენტობით შეენახა თავისი თავი, თავისი ცოლი ჩვენი თეატრის ძვირფასი საუნჯე მაკო და თავისი პატარა ქალიშვილი – მომავალი მშვენება ქართული თეატრისა – ტასო“.

შალვა დადიანის წერილში ვასო საინტერესო პიროვნებად არის წარმოდგენილი: „ყველამ ვიცით, რომ ქართული თეატრი მეცხრამეტე საუკუნისა შთაისახა იანვრის 2-ს 1850 წლისა, მაგრამ ნამდვილი და მუდმივი დასი დაარსდა ვასო აბაშიძესთან და ვასო აბაშიძით. ამგვარად, ვასო ამჟამად, ჩვენდა სასიხარულოდ, ცოცხალი ისტორია და ცოცხალი ტრადიციაა ქართული თეატრისა.“

გიორგი ერისთავის „ძუნწში” მონაწილეობის დროს, როცა დიდი მსახიობი ლითონის ყუთზე ჯდებოდა, ამბობდა ღიმილით: „მეფე არა ვარ?… აბა ვის უდგას ამისთანა ოქროს ტახტი?“

მართლაც, მეფე იყო ვასილ აბაშიძე, ქართული სცენისა, ქართული სიტყვისა, ქართული თუ ნათარგმნი დრამატული ნაწარმოებებისა. მეფე იყო და მეფედ დარჩა ოქროს ტახტზე, ოქრო კი ხელოვნების მოყვარულთა ეროვნული გულია, სადაც ინახება ძვირფასი სახელები... 1922 წლის 15 იანვარს საბჭოთა მთავრობამ მსახიობს 50 წლის იუბილე გადაუხადა. ქართველ მსახიობთაგან პირველს მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება: „ხალხი კარგად არჩევს ჭეშმარიტ ნიჭს“, – წერდა იმ დროს გაზეთი „კომუნისტი“. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ თავის მოვალეობად მიითვალა ედღესასწაულა ამ ძვირფასი ხელოვანის ნახევარი საუკუნის მოღვაწეობა სათეატრო ხელოვნების წინაშე და დაადგინა: „ამიერიდან ვასო აბაშიძეს ეწოდოს ხალხის მსახიობი და ფულად მიერთვას ასი მილიონი მანეთი“.

ვასო აბაშიძე ყოველმხრივ უზრუნველყოფილ იქნა, ჰქონდა პერსონალური პენსია, ირიცხებოდა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში და ზოგჯერ წარმოდგენებშიც მონაწილეობდა.

1926 წლის შემოდგომაზე ვასო შეუძლოდ გახდა. შვილი იგონებს: „მამაჩემი წყალტუბოში გაემგზავრა სამკურნალოდ, იქიდან წერილებს მწერდა, ვერა ვგრძნობ თავს კარგად და მალე ჩამოვალო. გაიარა ერთმა თვემ, ერთ დღეს დეპეშა მომივიდა, რომ მამაჩემი მოჰყავდათ, მძიმე ავადმყოფი. ჩამოიყვანეს წყალტუბოდან და მოათავსეს ყოფილ ალექსანდრეს საავადმყოფოში. 19 დღე იცოცხლა კიდევ, ამის შემდეგ მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, თუმცა კარგა ხანს გონებაზეც იყო და მხიარულობასა და ოხუნჯობას არ იშლიდა“. 1926 წლის 9 ოქტომბერს შეწყდა მისი გულისძგერა, ამქვეყნად აღარ იყო საყვარელი მამა“ (ტასო აბაშიძე, „მოგონებანი“, თბილისი, 1954 წელი).

შალვა დადიანმა აღნიშნა: „წიგნი, რომელიც აელვარებულია მაღალის ნიჭით, დიდი მუყაითობით და საარაკო გმირული თავდადებულობით, საცა წვაა ცეცხლოვანი ხელოვნებისთვის, საცა მძივებივით ასხმულია ტალანტის მთლიანობით გამოკვეთილი უცხო სახეები კლასიკურ ნაკვეთებისა“ (საქართველოს თეატრალური საზოგადობა, ვასო აბაშიძე, თბილისი, 1951 წელი).

ვასო აბაშიძის ცხედარი გადაასვენეს ხელოვნების სასახლეში. ყოველ საღამოს იმართებოდა პანაშვიდი, რომელსაც დიდძალი ხალხი ესწრებოდა (ილ. ზურაბიშვილი). ცხედარს დღე და ღამე საპატიო ყარაული ედგა. 14 ოქტომბერს მთავრობის წევრებმა კუბო გამოასვენეს. შემდეგ კი მსახიობებმა და ხალხმა სამარის კარამდე მიაცილეს და აკაკის გვერდით დაკრძალეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი