საზოგადოება

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა – თქვენი უკეთესი პროფესიული უნარების გამოსავლენად

№17

ავტორი: „თბილისელები“ 14:06 24.04

ირმა კახიძე
დაკოპირებულია

წარმატებული იურისტი და ბიზნესლედი ირმა კახიძე იურისტთა უმაღლესი სკოლის დამფუძნებელია, ცენტრის განვითარებისთვის პირველი დღიდან დღემდე უწყვეტად და დაუღალავად შრომობს, მის გეგმებში კი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და ინოვაციური პროექტებია.

ირმა კახიძე: პროფესიით იურისტი ვარ, კარგი სტუდენტი ვიყავი და კარიერის დასაწყისში, როცა ჯერ ზუსტად არ ვიცოდი, რა მიმართულებით განვვითარდებოდი, გადავწყვიტე, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, სტუდენტებისთვის თემები მომემზადებინა. საჭირო იყო ჩემი ეს საქმიანობა კანონის შესაბამის ჩარჩოებში მომექცია და სწორედ ამ მოტივით დავარეგისტრირე ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“, რომელიც ძალიან სპონტანურად განვითარდა და ისე გაფართოვდა, რომ საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქს მოვიცავდით. „ცოდნა“ სრულიად მარტო, ყოველგვარი ფინანსური რესურსისა და გამოცდილების გარეშე დავაარსე და განვავითარე, ამ პროცესში შევიძინე დიდი გამოცდილება, დავამყარე ჯანსაღი კონტაქტები და დაახლოებით, ათი წლის წინ შევქმენი საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა, რაც ჩემი მეორე ოჯახია.

– როგორია იურისტთა უმაღლესი სკოლის მუშაობის სპეციფიკა?

– იურისტთა უმაღლესი სკოლა არის ტრენინგ ცენტრი, სადაც ტრენინგების დიდი უმრავლესობა ტარდება პრაქტიკოსი იურისტებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. გვაქვს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი კურსები. თითოეული ტრენინგის ბოლოს გავცემთ შესაბამის სერტიფიკატს. ჩვენთან, ასევე, ემზადებიან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველები, ანუ ის ადამიანები, ვისაც უკვე აქვთ დიპლომი და სურთ ადვოკატის, ნოტარიუსის ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარონ. გვაქვს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი ტრენინგები.

– ტრენინგების განრიგი რამდენად მოქნილია?

– პანდემიის დროს, კანონის შესაბამისად, სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმზე გადავაწყვეთ და ეს სტილი ბევრისთვის კომფორტული აღმოჩნდა, ამიტომ დღეს ჰიბრიდული რეჟიმით ვმუშაობთ. ჩვენი სეგმენტის ძირითადი ნაწილი უკვე დასაქმებულია, ამიტომ ლექციები საღამოს საათებში ტარდება. ჩვენი ტრენერები მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები არიან, რომლებიც დღის განმავლობაში საკუთარი პროფესიით არიან დასაქმებული, ამიტომ სწავლებას საღამოს 7 საათზე ვიწყებთ.

– რა განაპირობებს სწავლების მაღალ ხარისხს?

– ჩვენი ტრენერები მოკლე დროშიც ახერხებენ ყველაზე მთავარზე გააკეთონ აქცენტი, რომ მსმენელს უკმარისობის გრძნობა არ დარჩეს. ჩვენთან ყველა ტრენინგი იწერება და უკუკავშირის მოსმენა შეგიძლიათ ჩვენს „ფეისბუკგვერდზე“, სადაც მსმენელები და ტრენერები ტრენინგს აჯამებენ. ჩვენს ტრენინგკურსში პრაქტიკოსი ტრენერები დაგეხმარებიან საქმის სწორად წარმართვაში. ჩვენ გაძლევთ გამოცდილებას, რომ მერე თამამად შეძლოთ დამოუკიდებლად მუშაობა. სწორედ სწავლების ხარისხიდან მეტყველებს ის, რომ ჩვენს ტრენინგებზე დამსწრე აუდიტორია 20 ადამიანს არასდროს აღემატება. ჩვენთვის მთავარია არა მსმენელთა რაოდენობა, არამედ ჩვენგან წაღებული ცოდნის ხარისხი. გვინდა, ტრენერმა თანაბრად მოახდინოს ყურადღების გადანაწილება აუდიტორიის თითოეულ წევრზე.

– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატებული კარიერის ფუნდამენტი?

– ვფიქრობ, შრომისმოყვარეობა უპირველესია, რასაც წარმატება მოაქვს, მე ძალიან დიდი შრომა ჩავდე ჩვენი სკოლის წარმატებაში და ამას არასდროს ვუყურებდი, როგორც ბიზნესს, მიყვარს ის საქმე, რასაც ვემსახურები და ვფიქრობ, როცა ასე ხარ მომართული, იქ წარმატება გარდაუვალი რეალობაა. ჩვენი სკოლა მოკლევადიანი მიღწევებით არასდროს იყო დაინტერესებული, ჩვენი მთავარი ინტერესია, ბოლომდე დავიხარჯოთ და თითოეული ჩვენგან გასული კურსდამთავრებულის აზრი მოვისმინოთ ჩვენი მუშაობის შესახებ. ამ მიდგომით წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ერთგული მსმენელი შევიძინეთ, რაც, ვფიქრობ, ჩვენი ცენტრის ერთ–ერთი მთავარი მონაპოვარია.

– რომელ კურსებზე გაქვთ ყველაზე დიდი მოთხოვნა?

– მოგეხსენებათ, 1 მარტიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ და აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსზე, ახლა გამოვაცხადეთ მიღება ბიზნესსამართლის ტრენინგზე. აქ შედის სამეწარმეო სამართალიც, საგადასახადო შრომა, სახელშეკრულებო, კომბინირებული და ძალიან პრაქტიკული კურსია და მასზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. ასევე, ძალიან მოთხოვნადია შრომისა და საგადასახადო სამართლის კურსი. მე გახლავართ სახელშეკრულებო სამართლის ტრენერი. ვასწავლი რისკებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ამა თუ იმ ხელშეკრულების დროს. მოვამზადე ცალკე სილაბუსი – სახელშეკრულებო სამართალი არა იურისტებისთვის, სადაც ყველასთვის გასაგებ ენაზე ვსაუბრობთ და ეს ტრენინგი საკმაოდ მოთხოვნადია.

– ნებისმიერი წარმატებული ადამიანის უკან დგას ოჯახი, რომლის უპირობო მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია. გაგვაცანით თქვენი ოჯახი.

– მყავს მეუღლე და სამი შვილი, ოჯახი ნამდვილად ის ძალაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია, ამდენისთვის მიმეღწია. ვაფასებ ჩემი მეუღლის უდიდეს ხელშეწყობას, დღეს უკვე ჩემი შვილიც აქტიურადაა ჩართული ცენტრის საქმიანობაში, თავადაც იურისტია და მისი პროგრესული და გონივრული იდეები ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრის განვითარებისთვის.

– მიღწეულით კმაყოფილება თქვენი სტილი არ არის, რა გეგმები გაქვთ მომავლის პერსპექტივაში?

– ერთ ადგილზე გაჩერება არ მახასიათებს, სულ სიახლის ძიებაში ვარ. რა თქმა უნდა, გვაქვს საინტერესო სამომავლო გეგმები, მაგალითად: მიმდინარე წელს ვაპირებთ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას, გვინდა, ჩვენმა მსმენელებმა სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალი კადრებისგანაც მიიღონ გარკვეული გამოცდილება. ვაფორმებთ მემორანდუმის ხელშეკრულებებს რამდენიმე უნივერსიტეტთან და ვგეგმავთ ბევრ უფასო ტრენინგს ისეთი ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია ჩვენი კურსებით, მაგრამ არ აქვს შესაბამისი ფინანსური საშუალება. წლიურად 20-25 აბსოლუტურად უფასო ტრენინგის ჩატარებას ვაპირებთ. ჩემი პირადი სამომავლო გეგმაა, რომ მივიღო დოქტორის ხარისხი. ვგეგმავ გრანდიოზული არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, მინდა, ვიყოთ პირველები, ვინც ონლაინ უმაღლეს სასწავლებელს შექმნის და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს. ვფიქრობ, ეს პროგრამა ძალიან აქტიური იქნება ჩვენი ემიგრანტებისა და იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ამ ეტაპზე სასჯელს იხდიან. მაქვს რესურსი იმისთვის, რომ ავაშენო და გავხსნა უმაღლესი სასწავლებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი