საზოგადოება

რა ძვირფასი მემკვიდრეობა დატოვა ალექსანდრე მანველიშვილმა და როგორ ცდილობდა ის ქართველი ტყვეების დახმარებას

№16

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 24.04

ალექსაბერე მანველაშვილი
დაკოპირებულია

ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი, პუბლიცისტი ალექსანდრე (სანდრო) მანველიშვილი 1904 წელს სამცხეში, სოფელ ვალეში დაიბადა. მისი ოჯახი შეძლებული კათოლიკეები იყვნენ. ალექსანდრეს მამა – სტეფანე მანველიშვილი ვაჭარი ყოფილა. მას საქონელი დაჰქონდა ქუთაისიდან და თურქეთიდან. სოფელში და ახლომახლო მხარეში პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. მას სტეფან-აღას ეძახდნენ.

სანდროს მშობლებს 13 შვილი ჰყავდათ. უმცროსი ქალ-ვაჟი ბავშვობაში გარდაცვლილა. უფროსი ძმებიდან ერთი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეპიდემიას ემსხვერპლა, მომდევნო – რუსის ჯარის ოფიცერი, 1916 წელს გერმანიის ფრონტზე მოუკლავთ. მეორე მსოფლიო ომში გაწვეული ოთხი ძმიდან ორი უკან არ დაბრუნებულა. ცოცხლად გადარჩენილებიდან ერთი მალე დაღუპულა, მეორე კი მამაპაპეულ ადგილზე დასახლებულა.

1915 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა დაამთავრა სოფელ ვალეს სამწლიანი სკოლა და იმავე წელს მიიღეს ახალციხის უმაღლესი, დაწყებითი სასწავლებლის მოსამზადებელ კლასში. 1924 წელს წარჩინებით დაამთავრა ახალციხის საშუალო სკოლა და თბილისის უნივერსიტეტში სოციალურ ფაკულტეტზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ამ დროს ახალციხეს გამოეყო ერთი სტიპენდია თბილისის ცენტრალურ პედაგოგიურ ინსტიტუტში და სანდრო ჩაირიცხა მარიამ ორახელაშვილის სახელობის სამწლიან უმაღლეს პედაგოგიურ ინსტიტუტში, სოციალ-ლიტერატურული განხრით. მას ასწავლიდნენ დიმიტრი უზნაძე, გიორგი ახვლედიანი, მიხეილ ზანდუკელი, სიმონ ჯანაშია, ვარლამ თოფურია... 1928 წელს ეს ინსტიტუტი დახურეს და მანველიშვილი გადაიყვანეს უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე, ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. როგორც ახალციხის სტიპენდიანტი, სამუშაოდ მშობლიურ სკოლაში გაანაწილეს. სულ მალე ის მოსწავლეების საყვარელი პედაგოგი გახდა.

ეს მხარე თურქეთის ბატონობის დროს ყველაზე ჩამორჩენილი იყო საქართველოს სხვა ნაწილებთან შედარებით. ალექსანდრე მანველიშვილის მეთაურობით კი აქ გამოღვიძება და ძველი მესხეთის განახლება იწყებოდა. ამას გრძნობდა ახალი ხელისუფლება და ახალბედა მასწავლებელი ბევრ უსიამოვნებასა და შევიწროებას განიცდიდა. როდესაც წმენდაში მოყოლა დაუპირეს, თბილისში დაბრუნდა, აქ უნივერსიტეტის დოცენტმა, თამარ ლომოურმა მას სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა, მაგრამ ალექსანდრე გრძნობდა, რომ მის თავზე შავი ღრუბლები იკრიბებოდნენ და იძულებული გახდა, სამშობლოს დატოვებაზე ეფიქრა.

მარტო ის არ ყოფილა ამ მდგომარეობაში. 1929 წლის ოქტომბერში შეიკრიბა იძულებით გადახვეწილების მთელი ჯგუფი და ისინი მალე თურქეთში აღმოჩნდნენ.

1930 წლის იანვარ-აპრილი ალექსანდრე მანველიშვილმა სტამბოლში გაატარა. მან თავის მოგონებებში შემოინახა ფასდაუდებელი ცნობები იქაურ ქართველ კათოლიკეთა მონასტრისა და მის მოღვაწეთა, კერძოდ, მამა შალვა ვარდიძის, შესახებ.

მალე ალექსანდრე მანველიშვილმა სტამბოლი დატოვა და საფრანგეთში გაემგზავრა. დაბინავდა ვალენტინე-ბოლიოში და მუშაობა „პეჟოს“ ქარხანაში დაიწყო. აქვე გაეცნო „თეთრი გიორგის“ მოძრაობას და მის ლიდერს; ლეო კერესელიძეს. ალექსანდრე მანველიშვილი შეუერთდა წმინდა ეროვნული იდეის გარშემო შემოკრებილ ახლგაზრდულ მოძრაობას და სულ მალე ლეო კერესელიძესა და მიხაკო წერეთელთან ერთად მისი ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი და მეთაური გახდა.

პარიზში ცხოვრების პერიოდში ალექსანდრე მანველიშვილი დიდ მატერიალურ გასაჭირს განიცდიდა, მაგრამ სულით არასოდეს დაცემულა. მუდმივად სტუმრობდა პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

1933 წლის ბოლოს ალექსანდრე მანველიშვილი, რამდენიმე თანამზრახველთან ერთად, გამოეყო ორგანიზაცია „თეთრ გიორგის“ და დააარსა ახალი ორგანო – გაზეთი „მომავალი“. ამ გაზეთში მოღვაწეობის გარდა, ის აქტიურად თანამშრომლობდა პარიზსა და ბერლინში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ პრესასთან.

მეორე მსოფლიო ომის წინ ალექსანდრე მანველიშვილი გერმანიაში გადავიდა. ეგონა, რომ გერმანიის დახმარებით მოხერხდებოდა საქართველოს რუსეთის კლანჭებიდან დახსნა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა და 1944 წელს ისევ პარიზში დაბრუნდა. ის მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა გერმანიიდან საფრანგეთში მოხვედრილ ქართველ ტყვეებს. შეადგინა მათთვის სახელმძღვანელოდ წიგნაკი – „ქართულ-ფრანგული საუბრის თანამგზავრი“.

1950-იან წლებში ალექსანდრე მანველიშვილი ქართულ ემიგრანტულ პრესასთან თანამშრომლობდა. უცხო ენაზე გამოქვეყნებულ წერილებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული საკითხის პროპაგანდისა და ფართო გავრცელებისთვის.

1958 წელს მანველიშვილმა დატოვა ევროპა და ამერიკაში გადასახლდა. აქ მან გამოაქვეყნა რამდენიმე სქელტანიანი წიგნი, ხოლო წერილებს კვლავ ევროპაში აგზავნიდა და პარიზში გამომავალ ჟურნალებში „კავკასიონსა“ და „ივერიაში“ ბეჭდავდა. ამას დაუმატეთ წლების განმავლობაში მისი მოღვაწეობა რადიოსადგურებში – „კავკასიონი“, „თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“, მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი, რაც ალექსანდრე მანველიშვილმა მშობელ ერს დაუტოვა, არის მისი წიგნები, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტამბოლში, პარიზსა და სან-ფრანცისკოში: „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთველის ზნეობრივი იდეოლოგია“, „დაღესტნის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის“, „საქართველოს საზღვრები“, „სოციალური საკითხები“, „ქართულ-ფრანგული საუბრის თანამგზავრი“, „რუსეთი და საქართველო“, „Histoire de la Georgie“, „ქრისტიანობა საქართველოში, „I. საკუთრება“, „II. მიწის საკითხი საქართველოში“, „ქართული მოდგმის ეროვნული ფორმაცია“, „რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა“,

„ძველი ქართული მწრლობა“, „ოქროს ხანა ქართველი ერის ისტორიისა“, „შოთა რუსთაველი და მისი პოემა „ვეფხისტყაოსანი“.

ალექსანდრე 54 წლის ასაკში დაოჯახდა. 1958 წელს ვაშინგტონში შეირთო მასზე 25 წლით უმცროსი სტამბოლელი ქალი. ეყოლათ ორი ვაჟი – პეტრე და პავლე. ორივემ მიიღო უმაღლესი ტექნიკური განათლება. ოჯახში ინგლისურად და თურქულად საუბრობდნენ. ცხოვრობდნენ კოლორადოს შტატში.

გამოყენებული მასალების წყარო: შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია; 144–186. nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი