საზოგადოება

ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ახალი სიცოცხლე

№17

ავტორი: „თბილისელები“ 14:08 24.04

ჰემატოლოგიის ისნტიტუტი
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკის შენობაში განთავსებული ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი ახალ მისამართზე გადავიდა. გაუთვალისწინებელი და მიუღებელი შემოთავაზებების გამო, იყო საშიშროება, რომ ინსტიტუტი არსებობისთვის საჭირო ფართის გარეშე დარჩენილიყო, მაგრამ ბიზნესმენმა ქალბატონმა ნატალია კვანტალიანმა უმოკლეს დროში შეძლო ალტერნატიული ფართის მოძიება, სადაც ინსტიტუტს ბევრად უკეთესი პირობები შეუქმნა.

ნატალია კვანტალიანი: იცით, რომ ბიზნესის კუთხით რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებულ მიმართულებას ვავითარებ და მათ შორის ამ წლების განმავლობაში დიდი დრო მაქვს დათმობილი სამედიცინო მიმართულებისთვის. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლავართ, რთული პერიოდი დაუდგა. იცით, რომ ეს ინსტიტუტი ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკი შენობაში ფუნქციონირებდა და ამ ცენტრს აქვს მრავალწლიანი ისტორია და გამოცდილება. არსებობს რიგი ანალიზები, რაც მხოლოდ ჩვენთან კეთდება. ერთ-ერთი დიდი სამედიცინო ცენტრისგან იყო გაერთიანების შემოთავაზებები, რასაც, როგორც მივხვდი, ჩვენი ინსტიტუტის გამოცდილი და კვალიფიციური კადრების დიდი ნაწილი შეეწირებოდა, ამიტომ არ წავედი ამ შემოთავაზებაზე და ერთ თვეში მოვიძიე ალტერნატიული ფართობი, სადაც ინსტიტუტს უკეთესი პირობები შევუქმენით. ბიზნესის თვალსაზრისით, არც სისხლის ბანკში და არც ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში განებივრებული არ ვართ, მაგრამ ეს ცენტრი სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ზოგადად, მახასიათებს საქმეში ბოლომდე ჩართულობა და ამ შემთხვევაშიც საკუთარი ხელით ვაგვარებდი ყველა წვრილმან საკითხს. მაქსიმალურად შევეცადე, პაციენტებისთვის ღირსეული პირობები შემექმნა.

მარინა აბაშიძე (ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი): ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენი კადრები წლების განმავლობაში დიდი სიზუსტითა და წარმატებით ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას. ჩვენს ღვაწლმოსილ ჰემატოლოგს, ქალბატონ ადა კიკნაძეს მალე 85 წელი უსრულდება, მას პრაქტიკული საქმიანობის 59-წლიანი სტაჟი აქვს.

რაც შეეხება ჩვენს სიახლეს, გადმოვედით ახალ მისამართზე, სადაც სტაციონარი მხოლოდ 20 პროცენტს მოიცავს, დანარჩენი მთლიანად ამბულატორიაა. ჩვენ არ ვაკეთებთ ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაციას, რა შემთხვავაშიც საჭიროა პაციენტის სტაციონარში განთავსება. ვაკეთებთ ყველანაირ გამოკვლევას სტაციონარის გარეშე, მივიღეთ დასტური, რომ გვაქვს ამის ჩატარების უფლება. ამბულატორიას არ სჭირდება ლიცენზია, შეტყობინება საკმარისია და ჩვენ გვაქვს ეს შეტყობინება. გავაგზავნეთ მოთხოვნა ჯანდაცვის დეპარტამენტში და შესაბამისი დასტურიც მივიღეთ. საერთო ანალიზს ისევ შერეული მეთოდით ვაკეთებთ – ანალიზატორი პლუს თვალი, ჯერჯერობით ადამიანის თვალი ვერ შეცვალა ანალიზატორმა. ჩვენთან კეთდება ყველაფერი, რაც ჰემატოლოგიურ და ონკოჰემატოლოგიურ დიაგნოზს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ ტრანფუზიებსაც.

მანანა ღირდალაძე (ჰემატოლოგი): იცით, რომ ქავთარაძეზე ვიყავით. სიახლე გვაქვს – შევიცვალეთ მისამართი, გავფართოვდით, გვაქვს 6-სართულიანი შენობა, თავისი აუდიტორიებით, ლაბორატორიებით, ქალბატონმა ნატალიამ, ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩენას გადაგვარჩინა, უმოკლეს დროში მოაბა თავი ამ პროცესს. ვერც წარმოვიდგენდით, თუ ასე მალე შევძლებდით გადმოსვლას. გვაქვს შესაბამისი პირობები, რომლის გაუმჯობესებისთვის კიდევ მიდის პროცესები, ქალბატონი ნატალია თავად იყო ჩართული ყველა პროცესში. ჩვენ კი მაქსიმალურ თავისუფლებას გვაძლევს. მშვიდი გარემო გვაქვს.

ნანა ლოლაშვილი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი): სამწუხაროდ, ბევრჯერ მოგვიწია მისამართის შეცვლა. ვიმედოვნებ, რომ ეს ბოლო ცვლილება იქნება და ჩვენს საქმიანობას აქ გავაგრძელებთ ძალიან დიდხანს. ამ ინსტიტუტს დიდი ისტორია აქვს, ეს არის ჰემატოლოგიის ინსტიტუტის გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ 1935 წელს შეიქმნა აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის მიერ. ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ძველი სახელი და ტრადიციები. ახალ მისამართზე ქალბატონმა ნატალიამ ყველა პირობა შეგვიქმნა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა.

ჩემი მართულებაა ჰემატოლოგია, ონკოჰემატოლოგია, ჰემოსტაზიოლოგია და ანემიები. დღეს ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია და შესაბამისად, საკმაოდ მაღალი მომართვიანობა გვაქვს.

– აქვე გკითხავთ ანემიების გამომწვევ მიზეზებზეც.

– დღეს ყოველ მესამე ქალს აქვს რკინადეფიციტური ანემია, გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ძალიან მოიმატა ვიტამინ B12-ის დეფიციტურმა ანემიამ, რაც დაკავშირებულია ვეგანობასთან, თუ ადრე ეს უფრო ასაკოვანი ადამიანების დაავადებად მიიჩნეოდა, ახლა ძალიან გახშირდა ახალგაზრდებში. აქედან გამომდინარე, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. მათ ვინც ვეგანური საკვებით იკვებებიან, პერიოდული კონტროლი და დამატებითი მიღება სჭირდებათ. ვიტამინ B12-ს, ძირითადად, ცხოველური პროდუქტებისგან ვიღებთ, უფრო ნაკლებად – ზღვის პროდუქტებისგან და კიდევ უფრო ნაკლებად – კვერცხიდან. ადამიანის ორგანიზმს აქვს 5 წლის მარაგი, მაგრამ თუ ამ 5 წლის განმავლობაში პაციენტი ვერ იღებს ვიტამინ B12-ს, ამ შემთხვევაში შეიძლება, მისი დეფიციტი განვითარდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ვიტამინის კონტროლი ახალგაზრდებში, რომლებიც ემზადებიან ორსულობისთვის. ხშირ შემთხვევაში მისი დეფიციტი უკვე ორსულობის პერიოდში გამოვლინდება ხოლმე, ვინაიდან ორსულებს ისევე როგორც რკინა, B12-იც შედარებით მეტი სჭირდებათ. B12-ის დეფიციტის გამომწვევი მიზეზი კი შეიძლება, ძალიან ბევრი ფაქტორი იყოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი