საზოგადოება

როგორ გახდა ნინო ანდრონიკაშვილი ირანის ფაქტობრივი მმართველის მეუღლე და რატომ ვერ ჩამოდიოდა ის საქართველოში

№11

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 20.03

ნინო ანდრონიკაშვილი
დაკოპირებულია

თავადმა ნიკოლოზ ანდრონიკაშვილმა სამედიცინო ინსტიტუტი ოდესაში დაამთავრა. ის სწორედ იქ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს–მარია ლვოვას.

სამხედრო ექიმსა და მარიას უფროსი ქალიშვილი, ნინო 1906 წელს ოდესაში შეეძინათ. 1910 წელს თამარი დაიბადა. ნაბოლარა ეთერი კი ათი წლის შემდეგ – თბილისში.

თბილისში ანდრონიკაშვილები ბორჯომის ქუჩაზე დასახლდნენ. ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი საავადმყოფოში მუშაობდა და კერძო პრაქტიკაც ჰქონდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ოჯახი ემიგრაციაში არ წასულა.

ექიმი ცდილობდა, თავი შორს დაეჭირა პოლიტიკისგან და მხოლოდ სამედიცინო საქმიანობით ყოფილიყო დაკავებული. საბჭოთა წყობით უკმაყოფილო უფროსი ქალიშვილი ნინო კი ოცნებობდა საზღვარგარეთ წასვლაზე და ამას მშობლებთან არც მალავდა.

ნინო 22 წლის იყო, როდესაც თბილისში გაიცნო ირანის კონსული საქართველოში მირზა ალი სუხეილი. კონსული განათლებული კაცი იყო, თავისუფლად ფლობდა რუსულ და ინგლისურ ენებს. მას პირველივე ნახვით შეუყვარდა ნინო და და როდესაც საქართველოდან წასვლის დრო მოვიდა, საყვარელ ქალსაც მასთან ერთად წასვლა შესთავაზა. ნინო ანდრონიკაშვილმა ეს შეთავაზება საბჭოთა კავშირიდან წასვლის შესაძლებლობად ჩათვალა და სუხეილს ქორწინებაზე დათანხმდა. გათხოვების შემდეგ ნინომ მუსლიმანობა მიიღო და სახელად ტუბა-ხანუმი უწოდეს.

ნინოს და სუხეილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ირაჯი დაარქვეს. (ქართულად ირაკლი). მირზა ალის წარმატებული კარიერა ჰქონდა. ირანში დაბრუნების შემდეგ ტრანსპორტის მინისტრად დანიშნეს, შემდეგ ისევ დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდა. 1937 წელს ინგლისში დანიშნეს ირანის ელჩად. იმ პერიოდში ირანი ინგლისს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდა და იქ ელჩად სუხეილის მივლინება შაჰის მისადმი დიდ ნდობაზე მიანიშნებდა.

ნინო ანდრონიკაშვილი ლონდონში დაკავებული იყო მიღებების, დიპლომატიური საუზმეებისა და საღამოების მოწყობით. მას შეეძლო ინგლისში ოჯახის წევრების მიწვევა და პირველი, ვინც ლონდონში მიიწვია უმცროსი და, ეთერი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ 1937 წელი იყო და საბჭოთა კავშირში რეპრესიები მძვინვარებდა, ეთერს ნება დართეს ლონდონში წასულიყო. ალბათ, იმიტომ რომ ამ დროისთვის ლავრენტი ბერია უკვე ეძებდა ირანთან დაახლოების გზებს. ეთერმა ლონდონში ერთ წელზე მეტი იცხოვრა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სუხეილი საგარეო საქმეთა მინისტრად, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. ამ პერიოდისთვის ირანის შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი საკმაოდ ახალგაზრდა იყო და ქვეყნის მმართველობის სადავეები მირზა ალის ხელში იყო. ტუბა ხანუმი კი შაჰის ულამაზეს მეუღლესთან, სორაია ისფაინდიარ ბაჰთიართან მეგობრობდა და მის უახლოეს გარემოცვაში ტრიალებდა.

სუხეილს შაჰი და ქვეყნის პოლიტიკური ძალები უჭერდნენ მხარს, ამიტომ პრემიერ-მინისტრად სამჯერ დანიშნეს. მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ირანმა ომი გამოუცხადა ფაშისტურ გერმანიას და გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი იაპონიასთან.

სუხეილის ორგანიზებით მომზადდა თეირანის 1943 წლის კონფერენცია, რომელმაც უმასპინძლა ჩერჩილს, რუზველტსა და სტალინს. როგორც ჩანს, სტალინმა იცოდა სუხეილის მეუღლის ქართული წარმომავლობის შესახებ. ალბათ, ამიტომ იყო, რომ საბჭოთა კავშირის მიერ მოწყობილ მიღებებზე სტუმრებს ყოველთვის დავით სარაჯიშვილის ქარხნის კონიაკით მასპინძლობდნენ. თავის დროზე, სწორედ დავით სარაჯიშვილმა დააფინანსა ტუბა ხანუმის მამის სამედიცინო განათლება.

1944 წელს ნინომ თეირანში პრემიერ-მინისტრის კერძო თვითმფრინავით გადააფრინა მამა და შუათანა და თამარი. მამა-შვილმა სამი თვე იცხოვრეს თეირანში და გაოცებულები იყვნენ იმ სიმდიდრითა და ფუფუნებით, რომელშიც პრემიერ-მინისტრის ოჯახი ცხოვრობდა.

50-იან წლებში სუხეილი ისევ დიდ ბრიტანეთში გაუშვეს ელჩად, სადაც 1957 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი კიბო გახდა. ნინო ირანში დაბრუნდა.

მომდევნო წლები ნინოსთვის მძიმე იყო. ბოლშევიკურ რევოლუციის საშინელებებს გაქცეული ნინო ირანის რევოლუციის მომსწრე გახდა. ირანის რევოლუციის შემდეგ ნინოს ჩამოართვეს სასახლე და მისცეს პატარა ოთახი. ის 2003 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თეირანში.

გათხოვების შემდეგ, იმის შიშით, რომ უკან აღარ გაუშვებდნენ, დააპატიმრებდნენ და გადაასახლებდნენ, ნინო ანდრონიკაშვილი სამშობლოში არასდროს ჩამოსულა.

ნინოს უმცროსი და ეთერი კი ცნობილი მხატვრის, დავით კაკაბაძის მეუღლე გახლდათ.

გამოყენებული მასალების წყარო: იგორ ობოლენსკი: დები ანდრონიკაშვილები| სილამაზის ბედი: ქართველი ცოლების ისტორია. nplg.gov.ge

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი