საზოგადოება

როგორ აღმოჩნდა ბესო შენგელია ნობელის პრემიის ნომინაციაზე დონალდ ტრამპთან, ილონ მასკთან და რომის პაპთან ერთად

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 18.03

ბესო შენგელია
დაკოპირებულია

ნობელის მშვიდობის ჯილდოს ნომინაციაზე კანდიდატთა სიაში, პირველად მიიღეს საქართველოს მოქალაქე: ბესო შენგელია – ქართული, გლობალური მშვიდობის პროექტის განაცხადით.

მიზეზი გახლავთ ადრეული ასაკის (0-14) საგანმანათლებლო მეთოდი, რომელიც მილიარდობით მოსახლეობისთვის „ბავშვობის საერთო მოგონებებს“ ქმნის და მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური, იდეოლოგიური თუ სხვა კულტურული სხვაობისა, მსოფლიოს მომავალ თაობებს ადრეულ ასაკშივე ამეგობრებს.

„ფოტო-პერსონალური ანბანის შემსწავლელი წიგნი-მეთოდი“ განსაკუთრებულია იმით, რომ წიგნის გმირია ბავშვი. ის პატარას მოტივაციას აძლევს და აყვარებს კითხვას.

ბესო შენგელია: ამ პროექტზე მუშაობა ოთხი წლის წინ დავიწყე. ეს კომპლექსური საქმეა და ის ახლა უკვე ნობელის მშვიდობის ნომინაციაზე არის წარდგენილი.

ეს არის საგანმანათლებლო მეთოდი, რომელიც შექმნილია ჩემ მიერ და მას ჰქვია „ფოტო-პერსონალური ანბანის შემსწავლელი წიგნი-მეთოდი“ და სათავგადასავლო წიგნები. მისი საშუალებით, ნებისმიერ ბავშვს ეძლევა საშუალება, ისწავლოს მშობლიური ანბანი თავგადასავლის მეშვეობით, რომლის მონაწილეც თავად გახლავთ. ბავშვი მოტივირებულია, რადგან ვიზუალურად ხედავს საკუთარ თავს ამ თავგადასავალში, რის საშუალებასაც კომიქსი გვაძლევს და ამ პროცესში სწავლობს ანბანს. მეთოდი ერგება მსოფლიოს ყველა ენას. ეს არის მთავარი მიზეზი, რაც ამ პროექტს განსაკუთრებულს ხდის. მისი საშუალებით ინგლისელ, არაბ, ებრაელ თუ ნებისმიერი სხვა ეროვნების წარმომადგენელს, ყველას ეძლევა საშუალება, მშობლიური ანბანი ერთი და იმავე მეთოდით ისწავლოს.

არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ თუ ადამიანებს აქვთ ბავშვობის საერთო მოგონებები, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიზეზია მომავალში მათ შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ სწორედ ამაზე გვაქვს აქცენტი. ამიტომაც შევქმენით ადრეული საგანმანათლებლო მეთოდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მომავალ თაობას აძლევს საშუალებას, მშობლიური ანბანი ერთი და იმავე ხერხით ისწავლოს. ეს მათ შორის კეთილგანწყობასა და მეგობრული ურთიერთობის შესაძლებლობებს ზრდის. ეს მეთოდი არანაირ კონფლიქტს არ იწვევს ცალკეულ კულტურულ თუ რელიგიურ მახასიათებლებთან. პირიქით, ყველა განსხვავებული კულტურის მქონე ბავშვს ადრეულ ასაკშივე სძენს საერთო ზღაპრულ მოგონებებს, რაც მათ აერთიანებთ და ეს არის ყველაზე მთავარი.

ეს ინოვაციური პროექტია. ჩვენ ვბეჭდავთ ამ წიგნებს, მაგრამ თავიდან ყველაფერი ონლაინ ფორმატში, საიტზე ხდება, ამიტომ დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან მარტივად არის ხელმისაწვდომი. შეკვეთის შემთხვევაში კი ვბეჭდავთ კიდეც, ანუ, ვქმნით ბავშვისთვის ხელშესახებ ემოციებს. ონლაინ ვერსია ყველასთვის უფასო გახლავთ.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი – წიგნის ილუსტრაციებში გამოყენებული გვაქვს საქართველოს კულტურული მახასიათებლები. წიგნებში რომელიც იგზავნება საუდის არაბეთში, ისრაელში, ევროპაში, ამერიკაში, ასახული გვაქვს საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი გეოლოკაციები. აქცენტი, ძირითადად, კეთდება ლანდშაფტზე: ყაზბეგი, გერგეტი, ჯუთა, ბათუმი, ქუთაისი და ასე შემდეგ. გამოყენებულია მათი ილუსტრაციები. ამ თავგადასავლის თანამონაწილე ბავშვები და მათი ოჯახები თვითონაც ხვდებიან, რომ ეს გეოლოკაციები რეალურ სამყაროში არსებობს და ეს საქართველოა. ყველა წიგნში არის ფარული მესიჯები, რაც გულისხმობს მოსაწვევ ბარათს საქართველოში. აქედან გამომდინარე, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები გვაქვს. მაგალითად, დადასტურებულად ვიცით, რომ ნორვეგიიდან ჩამოვიდა ოჯახი საქართველოში, მიზეზი ეს წიგნი იყო. ჩამოვიდნენ არა მხოლოდ ტურისტული დანიშნულებით, არამედ, მათი ოჯახის ყველაზე ძვირფასი წევრისთვის – შვილისთვის, ზღაპრული სამყაროს გაცოცხლებისა და ემოციების გასაჩენად.

რას ნიშნავს ოჯახის ჩამოსვლა საქართველოში? – ეს, მინიმუმ, 2 000 დოლარს შეადგენს. თუ ჯერ ათას ოჯახზე მოვახდინეთ მსგავსი გავლენა, წლების განმავლობაში რაოდენობა მილიონობით ოჯახს გადააჭარბებს, ათწლიან პერსპექტივაში ეს ოჯახები ერთხელ მაინც ჩამოვლენ საქართველოში. ნორვეგია მაგალითად იმიტომ მოვიყვანე, რომ შორეული ქვეყანაა, თორემ მეზობელი ქვეყნებიდანაც არაერთი ოჯახი გვესტუმრა ამ წიგნებით ხელში.

საუდის არაბეთიდან, რომელთანაც კულტურული თვალსაზრისით დიდი კონტრასტი გაქვს, ოჯახი გვწერს: აუცილებლად ჩამოვალთ საქართველოში, რომ ეს წიგნი მანდ გადავფურცლოთ და ჩვენს შვილს რეალურად ვანახვოთ მასში ასახული ადგილები, რომელიც მისთვის ზღაპრულ სამყაროსთან ასოცირდებაო.

რადგან უკვე ნობელის პრემიის კანდიდატი ვარ მშვიდობის დარგში, დრო არ დავკარგე და მივწერე საინფორმაციო და მოსაწვევი იმეილები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებთან. უკვე მივიღეთ პასუხები ესპანეთის პრეზიდენტისა და სამეფო ოჯახისგან. მათგან მივიღეთ მილოცვა და დაგვიდასტურეს, რომ ფესტივალზე გვეწვეოდნენ. ფესტივალის ლოკაციად ყაზბეგი შევარჩიეთ. მყინვარწვერთან ასოცირდება ჩვენი ერთ-ერთი წიგნი და ეს იქცა ჩვენი ბრენდის სახედ.

როდესაც სამეფო ოჯახები თუ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციები იგებენ, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატი ვარ, მათგან განსაკუთრებულ დაფასებას ვგრძნობ, თურმე, ამ სტატუსს დიდი შესაძლებლობების მოტანა შეუძლია როგორც ჩემთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის.

გარდა ესპანეთისა, დადებითად გამომეხმაურა ბელგიის სამეფო ოჯახი, ჩეხეთისა და სომხეთის მთავრობა, ევროპის ცენტრალური და საინვესტიციო ბანკები, უკლებლივ ყველამ გამოხატა ყურადღება. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მე მათი მხრიდან უყურადღებობაც გამომიცდია, თუმცა ამ სტატუსმა ყველაფერი შეცვალა.

ყოველწლიური საერთაშორისო საოჯახო ფესტივალი მსოფლიოს ოჯახების დამეგობრებას ემსახურება. მინდა, ეს იყოს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით. წლების განმავლობაში ჩამოსული მილიონობით ოჯახი – ეს არის მილიარდებს გადაცდენილი შესაძლებლობა. რადგან საქმეს აქვს ნობელის მშვიდობის მაინიცირებელი აქტივობა, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან უკლებლივ ყველა იქნება ამ საქმის ოფიციალური პარტნიორი და მხარდამჭერი. მათ მორალური თუ სამართლებრივი ვალდებულება აქვთ საამისოდ. ამიტომ ახლა გაეროსთან და იუნესკოსთან ვცდილობ კომუნიკაციის დამყარებას.

– როგორ მოხდა ამ წიგნის ინტეგრაცია სასწავლო პროცესში ამდენ ქვეყანაში?

– საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კომუნიკაცია ძალიან რთული პროცესია. ამიტომ ჩვენ მარტივი და სწრაფი გზა ავირჩიეთ, ეს არის პირდაპირ ოჯახებში შესვლა. ოჯახს აქვს საშუალება, შემოვიდეს ჩვენს საიტზე და შეიძინონ სახელმძღვანელო. საქართველოში ერთ სკოლაში შევედით და ძალიან დადებითი გამოხმაურება გვაქვს. სხვა ქვეყნებში ინფორმაციის გავრცელება მარკეტინგია. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა „დისნეის“ წარმომადგენელთან. ლონდონში მიიღეს ჩვენი ბეჭდური ვერსიები. შევთავაზეთ, ეს საქმე გამხდარიყო სრულად „დისნეისთან“ ასოცირებული, მაგრამ შეუნარჩუნდებოდა ქართული კულტურული მახასიათებლები და მოსაწვევი ბარათი. მათ ძალიან კულტურულად მიპასუხეს, რომ ახლა არ არის ის სიტუაცია, რომ მათ ჩემი მოთხოვნები გაითვალისწინონ. გავაგრძელებ დამოუკიდებლად და მერე შემიძლია, ამ კომპანიას უკვე გარკვეული შედეგებით დავუბრუნდე.

მანამდე კომუნიკაცია მქონდა კოსმოსურ ორგანიზაციასთან Blue Origin, რომელიც „ამაზონის“ დამფუძნებელი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის კომპანიაა. საქმე ისაა, რომ ჩვენს საგანმანათლებლო, ანბანის შემსწავლელ მეთოდში არის ერთი სცენა, სადაც ბავშვი კოსმოსში მიფრინავს, ეს არის მისი პირველი ზღაპრული მოგონება კოსმოსში გაფრენასთან დაკავშირებით. ზუსტად ამ სცენაში გვაქვს გამოყენებული ამ კოსმოსური ორგანიზაციის ილუსტრაციით მათი ხომალდი. ანუ, მსოფლიოს მომავალ თაობებს მათი ილუსტრაციით ვუქმნით ზღაპრულ მოგონებებს. ამის საფუძველზე მივიღეთ თანხმობა მათი კომპანიისგან, რომ ყველგან ვახსენო მათთან სიმბოლური პარტნიორობა. მე ვფიქრობ, რომ ამ პარტნიორობას კიდევ ექნება საინტერესო გაგრძელება, რადგან პროცესები წარმატებულად ვითარდება.

როცა ქართულ საქმეს, რომელსაც მთლიანად შეუნარჩუნდება კულტურული მახასიათებლები, ასეთი გიგანტი კომპანიები დაუკავშირდებიან, გვერდში დაუდგებიან საერთაშორისო კომპანიები და მსოფლიო ბრენდები, ქვეყნისთვის ეს არნახულ ეკონომიკურ შესაძლებლობას შექმნის.

ნობელის მშვიდობის კანდიდატობის პრესტიჟულობაზე ისიც მიუთითებს, რომ ნომინირებული ადამიანების სიაში, რომელშიც მეც გახლავართ, ერთ-ერთი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია (ასევე, გასაჯაროვდა, რომ წარდგენილიები არიან: ილონ მასკი და რომის პაპიც). თავიდან ძალიან გამიკვირდა, როცა ჩვენი სახელები და გვარები ერთად ვნახე, მაგრამ ფაქტია და ეს გამოსაყენებელი ინსტრუმენტია ჩემთვის, თუნდაც იმისთვის, რომ კომუნიკაცია გამიმარტივდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი