მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რატომ მუშაობდნენ, როგორც წესი, მუშებად ოზურგეთის, სამტრედიისა და ცაგერის რაიონული პროკურორები
2009-12-24
ნინო ხაჩიძე


ჩვენი დღევანდელი სამიზნეებიც ქართულ პროკურატურას ემსახურებიან და საერთოც ბევრი აქვთ (ოღონდ არა ახალგაზრდული ასაკი): სამივე მათგანმა (სამტრედიის, ოზურგეთისა და ცაგერის რაიონულმა პროკურორებმა) შრომითი ბიოგრაფია მუშის პროფესიით დაიწყო. ჩვენ არ ვიცით, როგორ აისახება მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი შრომითი გამოცდილება მათი შრომის ნაყოფიერებაზე, სამაგიეროდ, იმის გარკვევას შევეცდებით, როგორ აისახა საპროკურორო კარიერა მათ შეძლებაზე.


ჯუმბერ ლელაძე

სამტრედიის რაიონული პროკურორი პოსტზე 2008 წელს დაინიშნა. ჯუმბერ ლელაძე 1970 წელსაა დაბადებული და მან ქართველი პროკურორების სამჭედლო – თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მისი შრომითი ბიოგრაფია 1987 წელს დაიწყო ქუთაისის რეზინის ტექნიკურ ნაკეთობათა ქარხანაში, სადაც მან მუშად 1988 წლამდე იმუშავა. 1988 წელს ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში გადავიდა, სადაც, ასევე, მუშად 1989 წლამდე იმუშავა (სავარაუდოდ, მუშის სტაჟი იურიდიულ ფაკულტეტზე მოსახვედრად სჭირდებოდა). 1995 წელს კი მისი საპროკურორო კარიერაც დაიწყო: 1995-1998 წლებში ჯუმბერ ლელაძე იმერეთის სამხარეო პროკურატურის სტაჟიორი გახლდათ; 1998 წელს იმავე პროკურატურის უფროსი გამომძიებელი გახდა; 1999 წელს უკვე იმერეთის საოლქო პროკურატურაში გადაიყვანეს; 2001 წლიდან 2004 წლამდე შსს-ს რიგებში მუშაობდა; 2004 წელს კი კვლავ მშობლიურ პროკურატურას დაუბრუნდა, არც მეტი, არც ნაკლები, ქუთაისის საქალაქო პროკურორად; 2005 წელს კი ქუთაისის რაიონულ პროკურორადაც დააწინაურეს. ამ პოსტზე 2008 წლამდე დარჩა, 2008-ში კი, როგორც მოგახსენეთ, სამტრედიის რაიონულ პროკურორად დანიშნეს.

2008 წელს ჯუმბერ ლელაძემ ქონებრივი და საფინანსო დეკლარაცია ქუთაისის რაიონული პროკურორის ამპლუაში შეავსო. ოჯახის წევრებად კი მიუთითა: მამა – ჯუმბერ ლელაძე; დედა – ნანული მოდებაძე; მეუღლე – ხათუნა ბიჩაძე და ქალიშვილი – ანასტასია.

ლელაძეების ოჯახში უძრავ-მოძრავი ქონება მხოლოდ უფროს ჯუმბერ ლელაძეს აქვს, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი ქუთაისში, 50 000 ლარად ღირებული, იქვე, ავტოფარეხი, 5 000 ლარად ღირებული და 0,75 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სახლით ბაღდათის რაიონში, 35 000 ლარად ღირებული.

დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით, ჯუმბერ ლელაძეს (რაიონულ პროკურორს) ჰქონდა 5 000 ლარი, ხათუნა ბიჩაძეს – 1 200 ლარი, ნანული მოდებაძეს კი – 500 ლარი.

მაშინ, როდესაც ჯუმბერ ლელაძე ქუთაისის რაიონული პროკურორი იყო, ხათუნა ბიჩაძე, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმ-ტრანსფუზიოლოგად და იმავდროულად, ქუთაისის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს ექიმ-ჰემატოლოგად მუშაობდა. ნანული მოდებაძე კი ვარციხის ღვინის ქარხნის ლაბორატორიის გამგე იყო. შესაბამისად, 2007 წლის განმავლობაში ქუთაისის რაიონულმა პროკურორმა, ხელფასის სახით 33 704 ლარი აიღო; მისმა მეუღლემ, როგორც ექიმმა-ტრანსფუზიოლოგმა – 4 776 ლარი, როგორც ექიმმა-ჰემატოლოგმა – 2 400 ლარი; ნანული მოდებაძის წლიურმა ხელფასმა კი 1 440 ლარი შეადგინა.

2009 წელს ჯუმბერ ლელაძემ დეკლარაცია შეავსო, როგორც სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა და დეკლარაციის მიხედვით, არაფერი შეცვლილა ლელაძეების უძრავ-მოძრავი ქონების ოდენობაში. თუმცა გაიზარდა პროკურორისა და მისი მეუღლის წლიური სახელფასო შემოსავლები. კერძოდ, ჯუმბერ ლელაძის შემოსავალმა 2008 წლის განმავლობაში 43 460 ლარი შეადგინა; ხათუნა ბიჩაძემ კი, როგორც ექიმმა-ტრანსფუზიოლოგმა, 10 680 ლარი აიღო; როგორც ექიმმა-ჰემატოლოგმა კი – 2 040 ლარი.

ილია ჯალაღანია

1967 წელს დაბადებული ოზურგეთის რაიონული პროკურორი პოსტზე 2005 წელს დაინიშნა. ტრადიცია არც მას დაურღვევია და უმაღლეს იურიდიულ განათლებას ისიც თსუ-ში დაეუფლა. ილია ჯალაღანიას შრომითი ბიოგრაფია 1984 წელს იწყება თბილისის კალინინის რაიონის არასაუწყებო დაცვაში, სადაც მან 1985 წლამდე იმუშავა; 1988 წლის იანვრიდან სექტემბრამდე კასპის საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა. იმავე წელს თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში გადავიდა მუშად (1991 წლამდე); 1992 წლის ივნისიდან სექტემბრამდე საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილებაში მუშაობდა მუშად. შემდგომ იურიდიული განათლებაც მიიღო და 2001 წლის თებერვალ-ივნისში ინდსაწარმო „ილია ჯალაღანია ადვოკატი XXI-ის“ ადვოკატი გახდა. 2001-2002 წლებში წყალტუბოს საქალაქო პროკურატურაში მიავლინეს სტაჟიორად, 2002 წელს კი იმავე პროკურატურის უფროსი გამომძიებელიც გახდა. 2004 წელს იმერეთის საოლქო პროკურატურაში გადაიყვანეს საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად; 2005 წელს (იანვარ-ნოემბერში) იმავე სამუშაოს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ასრულებდა. 2005 წლიდან კი ოზურგეთის რაიონული პროკურორია.

ილია ჯალაღანიამ 2008 წელს დეკლარაცია ოზურგეთის რაიონული პროკურორის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – ნანა ჭეიშვილი, შვილები: ლევანი და ანა; მამა – ბ-ნი ემზარი და დედა – ქ-ნი მანანა.

ილია ჯალაღანიას საკუთრებაა სააგარაკე ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით შეკვეთილში, 100 000 აშშ დოლარად ღირებული და 30 000 ლარად შეფასებული თანამედროვე მხატვართა ნახატების კოლექცია. ემზარ ჯალაღანიას კი ეკუთვნის საცხოვრებელი წყალტუბოში – 50 000 ლარად ღირებული და 5 000 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი ხონის რაიონში.

ოზურგეთის რაიონული პროკურორის ოჯახში მხოლოდ პროკურორი და მისი მეუღლე არიან დასაქმებული: ნანა ჭეიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წამყვან სპეციალისტად მუშაობს. შესაბამისად, რაიონულმა პროკურორმა 2007 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 34 103 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ – 870 ლარი.

ოზურგეთის რაიონულ პროკურორს ორი კრედიტიც გამოუტანია: 15 წლით 40 000 და 6 000 აშშ დოლარი.

2009 წლის დეკლარაციაში, როგორც წინა შემთხვევაში, სიახლე ისაა, რომ გაზრდილა ოჯახის წევრთა შემოსავლები: ილია ჯალაღანიამ, როგორც ოზურგეთის რაიონულმა პროკურორმა, წლიურ ხელფასად 43 460 ლარი აიღო, ნანა ჭეიშვილმა – 1 200 ლარი.

რამაზ ქურასბედიანი

ცაგერის რაიონული პროკურორი პოსტზე 2004 წლიდანაა (შესაძლოა, მალე რეკორდიც მოხსნას). რამაზ ქურასბედიანი 1958 წელსაა დაბადებული და, ტრადიციისამებრ, მანაც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მეტიც, მისი შრომითი ბიოგრაფიაც საბჭოთა წარსულში (1977 წელს დაიწყო) და, რა თქმა უნდა, მუშად (ლენტეხის სარემონტო ქარხანაში). იურიდიული განათლების დაუფლების შემდგომ (1986 წელს) პროკურატურის სტაჟიორი გახდა (სულ რაღაც, ერთი წლის განმავლობში). 1987 წელს კი უკვე ლენტეხის პროკურატურის გამომძიებლად დაინიშნა. 1991 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონების დაცვაზე ზედამხედველობის ხონის პროკურორის თანაშემწედ გადაიყვანეს, 1992 წელს – გარდაბნის პროკურორის თანაშემწედ; 1999 წელს ცაგერის რაიონის პროკურორად გადაიყვანეს, იმავე პოსტზე 2004 წელსაც დაინიშნა და დღემდეც ცაგერის რაიონული პროკურორია.

აქედან გამომდინარე, 2008 წელს დეკლარაცია შეავსო როგორც ცაგერის რაიონულმა პროკურორმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე – ლედი ონიანი და ორი შვილი: 1990 წელს დაბადებული ნინო და 1993 წელს დაბადებული ემზარი.

განსხვავებით კოლეგებისგან, რამაზ ქურასბედიანს ბინა თბილისშიც აქვს (გლდანში, 80 000 ლარად ღირებული და ლენტეხის რაიონშიც – 20 000 ლარად ღირებული.

თუმცა ოჯახში მხოლოდ ოჯახის უფროსია დასაქმებული და მისმა საპროკურორო სახელფასო შემოსავალმა 2007 წლის განმავლობაში 24 240 ლარი შეადგინა.

კრედიტი ცაგერის რაიონულ პროკურორსაც აუღია, ოღონდ, შედარებით მოკრძალებული – 4 000-ლარიანი.

2009 წლის დეკლარაციაში არანაირი სიახლე არ არის, გარდა იმისა, რომ ცაგერის რაიონულ პროკურორსაც გაზრდია წლიური საპროკურორო-სახელფასო შემოსავალი (თუმცა არც მთლად ისე, როგორც მის დანარჩენ პროკურორ კოლეგებს). შესაბამისად, რამაზ ქურასბედიანმა 2008 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 30 810 ლარი აიღო.