რომანი და დეტექტივი

დედის გათვლა

№16

ავტორი: ნია დვალი 20:00 26.04

დედის გათვლა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #13-15 (1215)

ლადოს ოპერაციას უკეთებდნენ. ეთერი დაჭრილი მტაცებელივით ბორგავდა და ადგილს ვერ პოულობდა, ვინაიდან ექიმმა უთხრა, რომ მის შვილს ფეხის ამპუტაცია დასჭირდებოდა, უდიდესი ალბათობით. ეთერი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ლადოს ეცოცხლა და ღმერთს დაუსრულებლად სთხოვდა პატიებას. იცოდა, არავის დადანაშაულებას არ ჰქონდა აზრი და ამის ერთგვარად ეშინოდა კიდეც. ვერც ლოცულობდა, მხოლოდ შფოთავდა, რაღაცნაირად შფოთის მიღმა, უშფოთველად. ვერც კი გაიაზრა, რამდენი საათი გავიდა. ალბათ, მთელი საუკუნე, იქნებ მეტიც...

- ფეხი ვერ შევუნარჩუნეთ, მაგრამ კარგად იქნება, ახალგაზრდაა... - ექიმი სიტყვაძუნწი იყო.

- როდის ვნახავ? - იკთხა ეთერიმ ჩამქრალი ხმით.

- ახლა სძინავს. ისევ დამამაშვიდებელი გავუკეთეთ. მაინც სტრესია კიდურის ამპუტაცია.

ეთერის ცრემლები წასკდა. მართალია, ლადო აღარ ცეკვავდა. ცეკვა ერთგვარად შესძულდა კიდეც, მაგრამ იმდენად ახალგაზრდა იყო ცალფეხობისთვის, რომ ეთერის გული უკვდებოდა. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა შვილისთვის. რით გაემხნევებინა, როდესაც ნახავდა. ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა: ნათელა ურეკავდა.

- ჯერ არაფერია, არ მიშვებენ მასთან. ფეხი მოაჭრეს, - და ეთერიმ ვეღარ შეიკავა ქვითინი. ნათელა ამშვიდებდა, მაგრამ ეთერის თავისი ცრემლები უფრო ამშვიდებდა, თითქოს ამ მარილიან წყალს მისი თვალებიდან მთელი შფოთი გამოჰქონდა და სრულიად აცარიელებდა. ახლა ნიკაზე ფიქრიც კი არ შეეძლო, ნათელას რომ არ შეეხსენებინა და ეთერის ამის ძალიან შერცხვა:

- თუ არ შეგაწუხებს, იყოს შენთან. გთხოვ. სკოლაში არ წავიდეს ხვალ. ასე ჯობია. მე აქ დავრჩები. ასე მირჩევნია. ლადო რომ გაიღვიძებს, მის გვერდით უნდა ვიყო. ჩემზე არ იდარდო. ნიკას მიმიხედე.

ეთერი სკამზე ჩამოჯდა. მოსაცდელში ბევრი ხალხი ირეოდა. ყველას შეწუხებული სახე ჰქონდა, იშვიათად გამოერეოდა ღიმილიანი გამომეტყველება. ეთერის ძილმა წაართვა თავი, იმდენად დაიღალა ღელვისა და ტირილისგან. არც ეძინა და არც ეღვიძა. ლადო ესიზმრებოდა, ვითომ მინდორში დარბოდა და ისევ ბავშვი იყო. მხოლოდ სიზმარში მიხვდა ეთერი, რომ ნიკა ლადოს ჰგავდა, არადა მათ შორის მსგავსება, არ შეუნიშნავს აგერ უკვე მეათე წელი ილეოდა. ეთერი სიზმარში იღიმებოდა, იმიტომ რომ ლადო ლაღად დარბოდა მწვანე მოლზე და იცინოდა.

***

ლადომ თვალები გაახილა. ვერ ინძრეოდა და უცებ ვერც მიხვდა, სად იყო ან რატომ ვერ ინძრეოდა. ფეხებზე სიმძიმე იგრძნო, ვერც ერთს ვერ ამოძრავებდა. წამოდგომა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. წვეთოვანი ედგა და მოთენთილობას გრძნობდა. როდის-როდის მიხვდა, რომ მის ფეხებზე დედამისს ედო თავი და გაეღიმა. გაყუჩდა, რომ დედა არ გაეღვიძებინა.

- როგორ ინერვიულებდა... - ლადო უცებ მოიღუშა, გაახსენდა, რომ ფეხის ამპუტაციაზე ლაპარაკობდნენ ექიმები, მაგრამ მაშინვე დამშვიდდა. ორივე ფეხში გრძნობდა სიმძიმეს. ისევ გაიღიმა და მერე ისევ მოიღუშა.

- როგორ ვერ დავინახე ის გუბე და რატომ არ გამოვცვალე საბურავები?! - უსაყვედურა საკუთარ თავს, თუმცა კმაყოფილი იყო, რომ გადარჩა. რაღაცნაირ ეიფორიას გრძნობდა და, თან, სიმშვიდეს, რასაც ვერ ხსნიდა.

- ნიკა სად არის? - მისი ფიქრი შვილს გადასწვდა, მაგრამ მალევე დამშვიდდა: ეთერი უპატრონოდ არ დატოვებდა.

- ექიმი უნდა შემოვიდეს, იქნებ დედათქვენი გააღვიძოთ? - დაბალი ხმით უთხრა ახალგაზრდა ექთანმა ლადოს, რომელიც იმ წამს შემოვიდა პალატაში. ლადომ თავი დაუქნია და დედამისს ხმადაბლა, შემპარავად გასძახა:

- დედა, დედა, გაიღვიძე, - ეთერი შეხტა და კინაღამ სკამიდან გადმოვარდა, მაგრამ მაშინვე გამოფხიზლდა:

- როგორ ხარ, ჩემო ბიჭო? როგორ შემაშინე? - წამოდგა და შვილს მოეფერა. ცდილობდა, აღელვება არ შეემჩნია, ვინაიდან ექიმმა გააფრთხილა, რომ ახალგაზრდა კაცისთვის მძიმე გადასატანი იქნებოდა ცალი ფერის დაკარგვა. თუმცა ეთერიმ არ იცოდა, როგორ უნდა ეთქვა ეს შვილისთვის. გულ-მუცელი აეწვა, თითქოს მდუღარე შანთი გაუყარესო.

- რამე მოხდა, დედა? - ლადო დაიძაბა. დედამისის თვალებში სასოწარკვეთილება დაინახა: ნიკა როგორაა?!

- კარგად. ნათელასთან დავტოვე. არც იცის არაფერი. მალე ჩვენც წავალთ სახლში.

- ქალბატონო, გადახვევაზე უნდა გავიყვანოთ პაციენტი.

- შევეცდები, წამოვიდე, - ლადომ წამოდგომა სცადა.

- არ არის საჭირო. ჩვენ გაგიყვანთ. - ექთანმა ხელის ჰაერში მოძრაობით შეაჩერა პაციენტი.

ლადომ დედამისს გახედა და კიდევ უფრო მეტი სასოწარკვეთილება დაინახა:

- ჩემს ფეხს რა დაემართა?

ეთერი დუმდა. არ იცოდა, რა ეთქვა. ცრემლები აწვებოდა და ხმას ვერ იღებდა. დაგუბებულმა ცრემლმა თითქოს სახე დაუსია და ლადო ყველაფერს მიხვდა. შოკი იმდენად ძლიერი იყო, რომ მანაც ხმა ვერ ამოიღო...

ეთერი პალატაში იჯდა და ფიქრობდა. შემდეგ ფურცელი ამოიღო და რაღაცის წერას შეუდგა. ფურცელი ჩანთაში შეინახა. გული უჭერდა. სუნთქვა უჭირდა, ბეჭებზე თითქოს ლოდები ელაგა...

***

ტაქსი, რომელშიც ქეთი იჯდა ოთხსართულიანი სახლის წინ გაჩერდა. ლერიმაც ანიშნა მძღოლს, რომ შეჩერებულიყო. დაძაბული ადევნებდა თვალს ცოლის თითოეულ მოძრაობას:

- საყვარელთან ჩამოვიდა? წარმოუდგენელია, მაგრამ არც კი დაურეკავს. მან ხომ არ იცის, რომ არ გავფრინდი?! ყოველთვის მირეკავდა ხოლმე, სანამ თვითმფრინავი აფრინდებოდა. ახლა არც მომიკითხა. საიდან ასეთი სითავხედე?! - ლერის უსიამოვნო ეჭვები ღრღნიდა, მაგრამ გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.

სახლის წინ, სადაც ქეთი ტაქსიდან გადავიდა, ხალხი შეკრებილიყო.

- მისი საყვარელი მოკვდა? - გაიფიქრა ლერიმ: და იმიტომ ჩანს ასე დაბნეული? დედამისის ავადმყოფობაც იმიტომ მოიფიქრა?!

ლერიმ მძღოლს მიმართა:

- მიდი, გაიგე, ვინ მოკვდა.

მძღოლი მალევე დაბრუნდა და ანგარიშიც ჩააბარა:

- ვიღაც ქალი გარდაიცვალა მოულოდნელად. ცნობილი იურისტი იყო...

ლერი დაიბნა: ვინ უნდა ყოფილიყო იურისტი ქალი?!

ცოტა ხანში მიცვალებულიც გამოასვენეს, მაგრამ ქეთი არ ჩანდა ხალხში. ლერიმ დიდხანს ეძება, მაგრამ ქეთი თითქოს მიწამ ჩაყლაპა.

***

- ეთერიმ წერილი მეორე დღესვე მომცა, როდესაც ლადო ავარიაში მოყვა და მთხოვა, მაშინ წამეკითხა, თუ მას რამე მოუვიდოდა. მეც მისი უკანასკნელი თხოვნა შევასრულე, თან, გამოუვალი მდგომარეობაა, თორემ შეიძლება, არც შემესრულებინა, - ნათელა ქეთის ხისტად ელაპარაკებოდა, იმიტომ რომ კიდევ უფრო გააღიზიანა ქეთის მოვლილმა და ნაპატიებმა გარეგნობამ. თუმცა ეთერის არასდროს უსაუბრია მასთან ნიკას დედაზე. არც მათი ამბავი იცოდა, მაგრამ ისედაც ყველაფერი გასაგები იყო: ამ ქალმა ნიკა მიატოვა, როგორც კი გააჩინა და მას შემდეგ მისი ამბავი არც უკითხავს. ახლა ბავშვთან დამრჩენიც კი არავინ იყო და ნათელა თავის მეგობარს უკანასკნელ გზაზეც კი ვერ აცილებდა, იმიტომ რომ ნიკას ვერავის ანდობდა. ლადო ისევ საავადმყოფოში იწვა. დედის დასაფლავებასაც კი ვერ ესწრებოდა.

- რა მოუვიდა ასე უცებ? ავადმყოფობდა? - ნათელამ თავისდა გასაკვირად ქეთის ხმაში გულწრფელი ნაღველი იგრძნო.

- არა, არ ავადმყოფობდა. შვილის ამბავი ვერ გადაიტანა.

- და ლადოს რა მოუვიდა? - იკითხა ქეთიმ.

- არ იცით? ავარიაში მოყვა და ფეხი მოკვეთეს. ეთერიმ ვერ გაუძლო ასეთ დარტყმას და გულმა უმტყუნა. მე ისიც მიკვირს, აქამდე როგორ არ უმტყუნა, - ნათელა ისევ ამრეზით უყურებდა ქეთის და მის გამოხედვაში უნდობლობა და სიძულვილი იკითხებოდა, მაგრამ ქეთი ყურადღებას არ აქცევდა, იმიტომ რომ სულ სხვა რამეზე ღელავდა.

- მე თავს არ ვიმართლებ, მაგრამ არც ერთი წუთი არ მიცხოვრია ისე, რომ ჩემს შვილზე არ მეფიქრა. რაც სრულწლოვანი გავხდი, მის ამბებს ყოველთვის ვიგებდი. თითქმის ყველაფერი ვიცი მის შესახებ და თქვენ იმაზე მეტად ვერ შემიძულებთ, როგორც მე მძულს ჩემი თავი, - ქეთიმ ეს სიტყვები ისე ჩვეულებრივად თქვა, ნათელამაც კი, ვისაც შვილები არ ჰყავდა, იგრძნო, რაოდენ დიდ ტკივილს მალავდა ეს ერთი შეხედვით ნაპატიები და ეგოისტი ახალგაზრდა ქალი. თვალებით ანიშნა სამზარეულოსკენ: თითქოს ქეთის თვალებში ამოიკითხა კითხვა.

ქეთი სამზარეულოში შევიდა, სადაც მაგიდასთან ათიოდე წლის ბიჭუნა იჯდა და წინ მანქანები ეწყო. ბავშვს სევდიანი თვალები ჰქონდა.

- თქვენ ვინ ხართ? - ჰკითხა ნიკამ. ქეთი სკამზე დაჯდა, ზუსტად ნიკას პირდაპირ:

- მე დედაშენი ვარ.

- ეგ როგორ? - ბავშვური გულუბრყვილობით გაიკვირვა ნიკამ.

- აი, ასე. დედაშენი ვარ, შენ კიდევ - ჩემი შვილი.

- ძალიან ლამაზი ხართ, - ნიკა ქეთისკენ გადაიხარა და ლოყაზე შეახო ხელი, თითქოს უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ ქეთის კანი ნამდვილი იყო და არა - ფაიფურის.

- რატომ არ მოდიოდი აქამდე? - ბავშვმა ბუნებრივად მიმართა შენობით.

- მრცხვენოდა, - თავი ჩაქინდრა ქეთიმ.

- ახლა აღარ გრცხვენიათ? - ნიკამ ისევ თქვენობით მიმართა ქეთის.

- ახლაც მრცხვენია. რომ გაიზრდები, მოგიყვები. შემეშალა. მეც პატარა ვიყავი, შენზე მხოლოდ 6 წლით უფროსი და ძალიან ცუდად მოვიქეცი.

- რატომ მიმატოვე? - ნიკას კითხვამ ქეთის ბასრი ხანჯალივით გაუარა მარჯვენა საფეთქლიდან მარცხენაში და ხმა ვერ ამოიღო.

- გავიგონე, ბებია რომ მამიკოს ეუბნებოდა, მაინც არ მჯეროდა ბოლომდე, რომ ბავშვზე უარს იტყოდაო.

- არც მე მჯეროდა, - უთხრა ქეთიმ შვილს: მაგრამ მე ვიცი, შენ რა გიყვარს.

- რა მიყვარს? - დაინტერესდა ბავშვი.

და ქეთიმ, მართლაც ყველა ის საჭმელი და თამაში ჩამოუთვალა, რაც ნიკას უყვარდა:

- საიდან იცი?

- სულ გაკვირდებოდი, მაგრამ ახლოს ვერ მოვდიოდი, მრცხვენოდა შენი.

- ჯობდა, მოსულიყავი. მე გელოდებოდი, - ნიკა უცებ ადგა და ქეთის ჩაეხუტა. ქეთი დარწმუნებული იყო, რომ ასეთი იქნებიდა, ალბათ, სამოთხე. ნიკასთან ერთად ჩახუტებული იჯდებოდა სიცოცხლის ხის ქვეშ მარადიულად.

- წამოხვალ ჩემთან? - ჰკითხა ბავშვს ისე, რომ მისთვის ხელი არ გაუშვია. ნიკამ თავი ოდნავ დააქნია, იმიტომ რომ ეშინოდა, ქეთის მისთვის ხელი არ გაეშვა.

- იცი, შენ დაიკო და ძამიკო გყავს. გაგაცნობ.

- ისინი სულ შენთან ერთად ცხოვრობდნენ?

- არა, ბებიასთან რჩებოდნენ ხოლმე უფრო ხშირად, - იცრუა ქეთიმ და იგრძნო, როგორ ჩაეღვარა ნიკას სხეულში კმაყოფილება, მაგრამ ბავშვი უცბად დაიძაბა:

- და მამიკო?! მამიკოს ერთი ფეხი არ აქვს. მარტო ვერ დავტოვებ, - ბავშვი უცებ მოშორდა დედას და ისევ სკამზე დაჯდა. დიდი, დედამისივით ზღვისფერი თვალები ცრემლებით აევსო.

- შენი მამიკოც ჩვენთან იქნება, სანამ ფეხზე არ დადგება, ისეთ კარგ ფეხს გავუკეთებთ, ისევ ირბენს, - ქეთის თავზარი დასცა ლერის ხმის გაგონებამ, იმიტომ რომ მეორე ადამიანი, ვისიც რცხვენოდა, ლერი იყო, რადგან ამდენი წელია, ატყუებდა. ლერი ამას ნამდვილად არ იმსახურებდა.

ქეთი წამოდგა და ქმრისკენ მიტრიალდა: მაპატიებ? ვერ გითხარი.

- ისიც მიატოვე? - ჰკითხა ნიკამ და ლერისაც და ქეთისაც გაეცინათ.

- არა, მოვატყუე, მაგრამ ამიერიდან არც შენ მიგატოვებ და არც შენ მოგატყუებ არასდროს.

- კარგი სუნი აგდის, - უთხრა ნიკამ დედამისს და ისევ ჩაეხუტა: მამიკოსთან წამიყვანთ?

ქეთი, ნიკა და ლერი ერთად გამოვიდნენ სახლიდან და ტაქსიში ჩასხდნენ: ლერი წინ, ახალგაცნობილი დედა-შვილი - უკან. ქეთი მძინარე ნიკას უყურებდა და ფიქრობდა, როგორ უცნაურად იყო გადაჯაჭვული ყველაფერი ცხოვრებაში: ნიკა რომ არ მიეტოვებინა, ლერის ვერ შეხვდებოდა და ლერის რომ შეხვდა, იმიტომაც დაიბრუნა ნიკა...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი