შოუბიზნესი

რა ფორმით აპირებს სალიტა ჩუბინიძე კიდევ ერთხელ გამოჩენას და როგორია მისი ცხოვრება ტელეეკრანებიდან გაუჩინარების შემდეგ

№12

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 27.03

სალიტა ჩუბინიძე
დაკოპირებულია

წლების წინ სატელევიზიო შოუ „თქვენი შოუ“, რომელშიც მაყურებელმა ბევრი ახალი სახე იხილა, მეტად პოპულარული იყო. მაყურებელმა ძალიან შეიყვარა ამ გუნდის წევრი სალიტა ჩუბინიძეც, მისი და გიორგი აფციაურის დაქორწინების შემდეგ კი სალიტა ეკრანს ჩამოშორდა და წლებია, აღარ ჩანს.

სალიტა ჩუბინიძე: თსუში სწავლის დროს „კავეენის“ გუნდის წევრი გავხდი და კონცერტებზე გამოვდიოდი. ერთ-ერთ შემაჯამებელ კონცერტზე ცნობილი სახეები იყვნენ მოწვეული, წამყვანი გიორგი აფციაური იყო. ზუსტად ამ კონცერტიდან წაგვიყვანეს ტელევიზიაში მე და დანარჩენი ბავშვები პროექტ „თქვენი შოუსთვის“ შესარჩევად. ამ ახალ პროექტს გიორგი ქმნიდა. ასე დაიწყო ეს ამბავი.

– ძალიან პოპულარულები გახდით. როგორ გახსენდება ის დრო?

– ძალიან კარგად მახსენდება. საერთოდ, ადამიანები ასე საჯაროდ რომ ჩნდებიან, მათ აქტივობებს სოციალურ ქსელში საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურებები აქვთ ხოლმე, თან სრულიად დაუმსახურებლად. ვიცოდი ამის შესახებ და მზად ვიყავი, რადგან სამწუხაროდ, ეს უკვე ნორმაა. თუმცა მე რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ადამიანებისგან ისეთი თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი და დღემდე ისეთ სიყვარულს ვგრძნობ მათგან, რომ თვითონაც ძალიან მიკვირს და თან, ძალიან მიხარია.

– გიორგისთან ურთიერთობა როგორ დაიწყო და როდის მოხდა დიდი ცვლილება, რამაც თქვენი ცხოვრება განსაზღვრა?

– მთლიანად გიორგის დამსახურება იყო ჩვენი ტელევიზიაში მისვლა. მან დამირეკა და მითხრა, რომ ხმის ჩამწერ სტუდიაში უნდა მივსულიყავი. რომ მივედი, კართან ვიდექი და ვფიქრობდი, შევსულიყავი თუ არა. ჩემი ბედი იქ შესვლამ გადაწყვიტა, როგორც ცხოვრებისეულად, ისე კარიერულად (იცინის). ძალიან მერიდებოდა, ვფიქრობდი, სახლში ხომ არ დავბრუნდე-მეთქი, ძალიან მორცხვი ვიყავი, მაგრამ მაინც შევედი (იცინის). მე და გიორგის ტელევიზიაში მუშაობის პროცესში მხოლოდ და მხოლოდ კარგი კოლეგიალური ურთიერთობა გვქონდა. მერე ეს ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. საქართველოს კუთხეებში გასვლითი კონცერტები გვქონდა და ამან კიდევ უფრო დაგვაახლოვა. გიორგის ინიციატივა იყო ჩვენი ურთიერთობა. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ სხვანაირად შევხედავდით ერთმანეთს. მანამდე ორივეს ცხოვრებაში იყო ადამიანი, ძალიან სერიოზული ურთიერთობა არ ყოფილა, მაგრამ რაღაც იყო და თავიდან ამიტომ ვერ ვიფიქრებდით ერთმანეთზე. მერე ურთიერთობები რომ აგვერია, უკვე ერთმანეთზე დავფიქრდით და სხვანაირად შევხედეთ ჩვენს ურთიერთობას. მარტივი აღმოჩნდა მეგობრობიდან სიყვარულში გადასვლა. ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში მოხდა. ჩვენ შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

– მახსოვს, თქვენი ქორწილის ფოტოები რომ გავრცელდა, ყველა გაოცებული იყო...

– იმიტომ, რომ მართლა არავინ არაფერი იცოდა. ადამიანებს ჰგონიათ, რომ დიდხანს ვიყავით ერთად და ვმალავდით, ამ დროს, ყველაფერი ერთ თვეში მოხდა. ერთი თვეც კი არ გაგრძელებულა. ყველაფერი ძალიან მალე გადავწყვიტეთ. ჩვენთანაც კი არავინ არაფერი იცოდა, მათთვისაც შოკი იყო, როდესაც კონცერტზე გიორგისგან ჩემი მისამართით ნათქვამი შემდეგი სიტყვები მოისმინეს „ცოლად გამომყევი“ (იცინის).

– როგორი აღმოჩნდა ოჯახური ცხოვრება?

– საკმაოდ პატარა 20 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. 21 წლისას პირველი შვილი მეყოლა. საერთოდ, სიახლეებს ძალიან მარტივად ვეგუები. ასე იყო ოჯახური ცხოვრების შემთხვევაშიც. თუმცა, რთული აღმოჩნდა ბავშვის დაბადების შემდგომი პერიოდი, როცა დიდი ხნით მომიწია სახლში ყოფნა. მენტალურად გამიჭირდა, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელსაც მუდმივად სჭირდება ირგვლივ ადამიანები. როცა გაბი დაიბადა, სოციუმში იმდენად აქტიური ვეღარ ვიყავი, ამან ჩემში პრობლემები წარმოშვა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი გადავლახე. ყოჩაღად გავუმკლავდი.

– მერე გაჩნდა კითხვა, სად წავიდა სალიტა და ამბობდნენ, რომ გიორგიმ ჩამოგაშორა ეკრანს. რა მოხდა რეალურად?

– ახლა მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი სისულელე იყო ის, რასაც მაშინ ვფიქრობდი, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ როცა ოჯახს შევქმნიდი, ადამიანებისთვის საინტერესო ვეღარ ვიქნებოდი. არ ვიცი, მაშინდელი სტერეოტიპების ბრალი იყო თუ რა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შეიძლებოდა მოვწონებოდი ადამიანებს, რომ თავისუფალი ვიყავი. დღეს მართლა ვერ ვხვდები, რატომ ვფიქრობდი ასეთ სისულელეებს (იცინის).

გარდა ამისა, როცა შვილი გვეყოლა, მინდოდა, დრო, ძირითადად, მასთან გამეტარებინა, მთლიანად ჩემი გაზრდილები ყოფილიყვნენ, ყველაფერი ჩემთან ერთად განეცადათ. ორივე შვილის შემთხვევაში ასე იყო. არ მინდოდა, მათთან მიმართებაში რამე გამომრჩენოდა და მერე სინანულის გრძნობა გამჩენოდა.

– გიორგის როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხისადმი?

– გიორგი მთელი ეს დრო ყველანაირად ცდილობდა, გავეაქტიურებინე. ხან რას მთავაზობდა, ხან რას, მაგრამ მერე დაიღალა, იმიტომ რომ ყველაფერზე უარს ვეუბნებოდი (იცინის). ახლა ძალიან პოპულარულია გათანამედროვებული ძველი ქართული სიმღერები. გიორგი ჯერ კიდევ ათი წლის წინ მთავაზობდა ამას, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს არავის მოეწონებოდა. დღეს ეს ტრენდია. გიორგის ყოველთვის ინოვაციური იდეები აქვს, ახლა კი ვნანობ, რომ არ ავყევი, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინ არის.

– გიორგიც ჩამოშორდა ეკრანს, მერე იყო პოლიტიკური აქტივობა. ახლა რა ხდება მასთან?

– გიორგისაც არ გასჭირვებია. მგონია, რომ ეს სივრცე, რომელშიც ვართ, გიორგისთვის სრულიად საკმარისია. მისთვის შვილები და ოჯახი ნომერ პირველი იყო და არის. უზომოდ მზრუნველი და კარგი მეუღლე და მამაა. რაც შეეხება მის დღევანდელ კარიერას, ის აკადემიურ სფეროშია, ლექტორია და რამდენიმე უნივერსიტეტში ასწავლის სტუდენტებს. ვფიქრობ, რომ ამით ბედნიერია.

– არ გაქვს სურვილი ისევ დიდ მასშტაბებს გააცნო საკუთარი საქმიანობა?

– კი, ამის დიდი სურვილი მაქვს. ვფიქრობდი, რომელი კუთხით უნდა მეაქტიურა. ახლა ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის შეზღუდვა საჭირო არ არის და შემიძლია, ყველაფერი გამოვაჩინო, რასაც ვაკეთებ. თუ მრავალი ნიჭი გაქვს, რატომაც არა? ამიტომ ახლა უფრო გავაქტიურდები და მგონია, რომ მაყურებელს კარგ რამეებს შევთავაზებ. აღმოჩნდა, რომ ნულიდან დაწყება არ მიწევს. მე რომ მეგონა, აღარავის ვახსოვდი, აღმოვაჩინე, რომ ვცდებოდი, თურმე ძალიან ბევრს ვახსოვარ, ბევრს აინტერესებს, სად ვარ და როგორი ვარ დღეს. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ამასთანავე, დიდი სტიმულიც. ამიტომ შევეცდები, საჯაროდ უფრო აქტიური ვიყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი