მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
როგორ აგვარებდა საპროცესო გარიგებებს ვაგზლის მოედნის „ბირჟავიკი“
2011-03-11
ეკა ბარაბაძე

თაღლითების ფანტაზიას საზღვარი მართლაც რომ არ აქვს, ამაში ბოლო დროს მათ მიერ ჩადენილი იმ დანაშაულებით დავრწმუნდით, რომლებიც კურიოზებს უფრო ჰგავს. ერთ-ერთ უშიშარ თაღლითთა რიცხვს მიეკუთვნება ვინმე თაზო ქ., რომელსაც ბინის გასარემონტებლად ფული შემოაკლდა, თანხა კი თაღლითური გზით იშოვა პატიმრის ოჯახისგან. ყველაზე საინტერესო კი მისი ლოგიკაა – როგორც მან სასამართლოს განუცხადა, ათასობით ლარი იმაში აიღო, რომ პატიმრის ოჯახს ადვოკატის შოვნაში დაეხმარა. არადა, თავად ადვოკატს თეთრიც არ აუღია...

45 წლის თაზო ქ-მ ტკბილ-ტკბილი ტყუილებით პატიმრის ოჯახს ორ კვირაში 2 100 ლარი ააფცქვნა. საბრალდებო დასკვნით, 2010 წლის 10 ივნისს, შინაგან საქმეთა სამმართველომ კონტრაბანდის ბრალდებით ვინმე ანტონ ოგანესიანი დააკავა. დაკავებულს, რომელიც პირველად მოხვდა განსასჯელის სკამზე, 5 500 ლარი გირაო შეეფარდა, მაგრამ, ვინაიდან ოჯახს თანხა არ ჰქონდა, მის საქმეზე ძიება გაგრძელდა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

პატიმრის გამოსახსნელად ბრძოლა მისმა ცოლმა, ნადია ოგანესიანმა, ძმასთან და მისი ძმის ნაცნობ, ასევე სომეხი ეროვნების ალიოშა სტეფანიანთან ერთად დაიწყო. უფრო სწორად, სტეფანიანმა მათ 45 წლის თაზო ქ. გააცნო და გაცნობამდე ჭკუა დაარიგა: მხოლოდ ამ კაცს შეუძლია თქვენი შველა და, რაც არ უნდა გირჩიოთ, უსიტყვოდ დაუჯერეთო.

კურიოზია, მაგრამ პატიმრის ციხიდან დახსნაზე სასაუბროდ ახალგაცნობილები ერთმანეთს არა სახლში ან ოფისში, არც მეტი, არც ნაკლები – ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე, შპალერების მაღაზიაში შეხვდნენ. საქმე ისაა, რომ თაზო ქ. ბინაში რემონტს აკეთებდა და ბაზრობაზე შპალერის ასარჩევად იყო წასული, ანუ, საქმის ვითარებაში შპალერის შერჩევისას გაერკვა. ბოლოს კი, როცა გაიგო, რომ პატიმარი ციხეში 5 500 ლარის გამო დარჩა, მისი ცოლი და ცოლისძმა დაამშვიდა, რომ საქმის მოგვარება ნამდვილად შეეძლო – შემიძლია, თვით სასამართლოსაც კი გავათავისუფლებინო დაკავებულიო და გასამრჯელოდ 2 500 ლარი მოითხოვა. თუმცა, ადვოკატი მაინც დაგჭირდებათო, მაგრამ მისი მომსახურება სულ რაღაც 100 ლარი დაუფასა.

სხვა გზა არ იყო, პატიმრის ახლობლები მშველელს დათანხმდნენ, რის შემდეგაც თაზო ქ-მ იქვე მობილურით ადვოკატს, თავის მოგვარე ლადო ქ-ს დაურეკა და სთხოვა, ისიც ბაზრობის ტერიტორიაზე, კერძოდ, „ბავშვთა სამყაროს“ წინ მისულიყო. დაახლოებით 20 წუთში ადვოკატი დათქმულ ადგილზე მართლაც მივიდა. თუმცა, მეტი დამაჯერებლობისთვის, თაღლითმა კლიენტებს სთხოვა, ჯერ მე დაველაპარაკებიო და ადვოკატი ცალკე გაიხმო.

ათწუთიანი საუბრის შემდეგ თაზო ქ-მ მოგვარეს დემონსტრაციულად განუცხადა – ამ ხალხს შენთან ხელშეკრულების გაფორმება უნდა და შესაბამისად გადაგიხდიანო. ბოლოს კი პატიმრის ცოლი და ცოლისძმა გააფრთხილა: თქვენთან ამ კაცის სისტემატურმა გამოჩენამ შესაძლოა საქმე გაართულოს. ამიტომ, ჯობია, ყველა საკითხი ჩემთან შეათანხმოთო და, ისე, რომ კლიენტებს არც საკუთარი და არც ადვოკატის ტელეფონის ნომრები არ მისცა, დაჰპირდა, რომ ახლო მომავალში თვითონ დაურეკავდა.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრის ახლობლებს უამრავი პრობლემა ჰქონდათ, თაზო ქ-ს გამოჩენას თითქმის ერთი კვირა სახლიდან გაუსვლელად ელოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, თაზო ქ-მ დაურეკა პატიმრის მეუღლეს და მოუბოდიშა, უფრო სწორად – მოატყუა, რომ მისი ქმრის საქმეებით იყო დაკავებული და საქმის დასაწყებად 750 ლარი მოსთხოვა: 650 ლარი – საქმისთვის, 100 კი – ადვოკატისთვის. პატიმრის ახლობლებმა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საქმე კეთდებოდა, გახარებულებმა იმავე დღეს მიაკითხეს მეზობელს, რომელიც მათ წინასწარ დაჰპირდა, რომ თანხას 10 პროცენტის სარგებლით ასესხებდა. მაგრამ, პროცენტი რომ არ დამატებოდა, მისგან ჯერ 400 დოლარი ისესხეს და თანხა თაზო ქ-ს გადასცეს. მან კი, მეტი დამაჯერებლობისთვის, ერთ საათში ადვოკატის ორდერი სახლში მიუტანა. სამ დღეში თაზო ქ. კლიენტებს მეორედ შეეხმიანა და ერთ საათში სასამართლოსთან დაუთქვა შეხვედრა. კიდევ უფრო გახარებული პატიმრის ცოლი დათქმულ ადგილზე უფრო ადრე მივიდა. ამჯერად თაზო ქ-მ უთხრა, ხალხი, რომელიც შენი ქმრის საქმეში მეხმარება პრესტიჟულ რესტორანში უნდა დავპატიჟო, რომ პროცესი დაჩქარდესო და ამჯერად 350 ლარი სთხოვა.

იმავე დღეს პატიმრის ცოლი კვლავ მეზობელს მიადგა და მისგან კიდევ 350 ლარი ისესხა. გახარებულმა სახლში მისვლისთანავე თაზო ქ-ს დაურეკა და შეხვედრა კვლავ ვაგზალზე დათქვეს, სადაც ფული გადასცა. სანაცვლოდ, თაზო ქ. დაჰპირდა, უმოკლეს ვადებში საქმე თქვენს სასიკეთოდ მოგვარდებაო. მართლაც, მეორე საღამოს პატიმრის ცოლს ახარა – ყველაფერი იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე მეგონა. თუ სამართალდამცველებისთვის 2 500 ლარი იყო საჭირო, საქმე 1 000 ლარად გამოვა და, როდის უნდა მოიტანოთ ეს თანხა, შეგატყობინებთო. ამასთან, დაამატა, რესტორანში რომ არ წამეყვანა ეს ხალხი ასეთი შედეგი არ გვექნებოდა, კარგმა პურ-მარილმა თავისი საქმე გააკეთაო და პატიმრის ცოლს უთხრა: ასე კარგად რომ მიდის ყველაფერი, მეორე ქეიფი თქვენზეა, მაგრამ ეს მერე, როცა შენს ქმარს გამოვიყვანო.

დარჩენილი 1 000 ლარი რამდენიმე დღეში თაზო ქ-ს პატიმრის ცოლისძმამ კვლავ ვაგზლის ბაზრობასთან გადასცა და, მართლაც, რამდენიმე დღეში ოგანესიანის პროცესი დაინიშნა. მაგრამ, საქმე ვერ მოგვარდა პატიმარს წელიწად-ნახევრით მიესაჯა პატიმრობა, თუმცა კი, ჯარიმის გარეშე.

მოკლედ, ოგანესიანი არ გაათავისუფლეს, მაგრამ პატიმრის ოჯახი თაზო ქ-მ დაამშვიდა: მას მეორე ინსტანცია გაათავისუფლებს, პირველ ინსტანციაში მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ ჯარიმა აღარ დაეკისრა, მეორე ინსტანციისთვის კი სულ რაღაც 500 ლარი – წინასწარ შეთანხმებულზე 100 ლარით მეტი დაგვჭირდებაო. მაგრამ, პატიმრის ოჯახმა კვალიფიციური სახაზინო ადვოკატისგან შეიტყო, რომ პატიმარს ჯარიმა სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაეკისრა, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო, რასაც სასამართლო გაგებით მოეკიდა. ოგანესიანის ოჯახის წევრები მიხვდნენ, რომ თაზო ქ. განაჩენთან არაფერ შუაში იყო. მით უმეტეს, რომ, არც ის და არც მისი შერჩეული ადვოკატი სასამართლოში საერთოდ არ გამოჩენილან. ამიტომ, მათ პოლიციას მიმართეს და, შედეგად, თაზო ქ-ც პატიმარი გახდა...

სასამართლოზე დაზარალებულად დაკითხულმა ოგანესიანის ცოლისძმამ მომხდარი დეტალურად გაიხსენა: „როდესაც თაზო ქ. თავდაპირველად ვნახე, მისი საუბრიდან და ქცევიდან გამომდინარე, ეჭვი არ შემპარვია, რომ საქმის კარგი მცოდნე იყო. ეჭვი მაშინ შემეპარა, როდესაც ფული რესტორნისთვის მოითხოვა. ამის შესახებ ჩემს დასაც ვუთხარი. მის სისტემატურ მოთხოვნებს ისეთი პირი უჩანდა, 5 500 ლარს მალე ასცდებოდა. არადა, სწორედ თანხის გამო ვერ შევძელით ჩემი სიძის გამოყვანა.

როდესაც რესტორნისთვის თანხა მოგვთხოვა, შევთავაზე, რომ, თუ სამართალდამცველები მართლაც მისი ახლობლები იყვნენ, სუფრას ჩემს ოჯახში გავაკეთებდი და ჩემთან მოეყვანა, მაგრამ თავი შორს დაიჭირა – პრესტიჟულ რესტორანში უნდა წავიყვანო, იქ კომფორტული გარემოა, შენთან კი, შეიძლება, თანხაზე ლაპარაკს მოერიდონ რადგან, ფულის აღების ეშინიათო. ვინაიდან ბინაში რემონტი ახალი გაკეთებული ჰქონდა, შევთავაზე, თავის სახლში მიეყვანა, სადაც ვითომ შემთხვევით მეც მივიდოდი, მაგრამ, არც ამაზე დამთანხმდა.

ბოლოს, როდესაც 1 000 ლარი მოითხოვა, შემეშინდა. ამიტომ, ჯერ 500 მივეცი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 1 000 ლარს დაჟინებით ითხოვდა, კმაყოფილმა მითხრა – 500 ლარიც საკმარისია, მთავარია, ფული მოსამართლეს ვაჩვენო, რომ პროცესი დანიშნოსო. დავთქვით, რომ დანარჩენ 500-ს რამდენიმე დღეში მივცემდი, მაგრამ, ორ დღეში მივეცი”.

როგორც საქმიდან ირკვევა, გამწარებული და-ძმა ჯერ იმ პიროვნებას მიადგა, რომელმაც თაღლითი გააცნო, ყველა ერთად კი თაზო ქ-ს სახლში წავიდა, მაგრამ ფეშენებელურ ბინაში მხოლოდ მუშები დახვდათ. ასე გაგრძელდა ერთი კვირა, მაგრამ, საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა პატიმარ ოგანესიანის ცოლისძმა: ვინაიდან იცოდა, რომ თაზო ქ. ვაგზალზე „აბირჟავებდა“ და მნიშვნელოვან საქმეებს იქ აგვარებდა, მთელი კვირა იქ დაუდარაჯდა და, არცთუ უსაფუძვლოდ: „საქმოსანს” მაშინ დაადგა თავზე, როდესაც ის მორიგ კლიენტთან აგვარებდა თანხის საკითხებს. საბედნიეროდ, დაზარალებულმა მოახერხა და მას ხელწერილი იქვე დააწერინა. თაზო ქ-მ ხელი მოაწერა ქაღალდს, რომელშიც აღიარებდა, რომ ოგანესიანებისგან 2 100 ლარი ჰქონდა აღებული. ფულის დასაბრუნებლად სამჯერ დაუნიშნა შეხვედრა, მაგრამ, არ მივიდა, ბოლოს კი მოატყუა, თითქოს ავარიაში მოყვა...

სამართალდამცველები თაზო ქ-ს საქმეში იმ პერიოდიდად ჩაერთნენ, როდესაც პატიმარ ოგანესიანის ცოლიძმამ თაღლითისგან ხელწერილი მოიპოვა. ამის შემდეგ პოლიცია თაზო ქ-ს სატელეფონო ზარებს უსმენდა და სწორედ იმ დროს გააბა, როდესაც ფულის გამოძალვას მორიგი მსხვერპლისთვის აპირებდა.

რაც შეეხება თაღლითის მიერ აყვანილ ადვოკატს: როგორც გაირკვა, ოგანესიანის საქმეს ადვოკატი ლადო ქ. მართლაც კეთილსინდისიერად მიუდგა, ანუ, ცდილობდა, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე დაეყოლიებინა, რასაც მიაღწია კიდეც – პროკურატურა ოგანესიანის მხრიდან 1 000 ლარი ჯარიმისა და 1 წელი პირობითი პატიმრობით გამოშვებაზე მოდიოდა. ეს ინფორმაცია ადვოკატმა თაზო ქ-ს გააცნო, მაგრამ თაღლითმა თაზო ქ-მ ეს ყველაფერი ოგანესიანების ოჯახს იმ მიზეზით დაუმალა, რომ თანხის მითვისება წინასწარ ჰქონდა განზრახული. ამიტომ, ადვოკატს უთხრა, რომ, ვინაიდან პატიმრის ოჯახს ფული არ ჰქონდა, საქმეს ჩამოსცილებოდა. გაბრაზებული ადვოკატი ასეც მოიქცა. საბოლოოდ კი პატიმრის ოჯახმა სწორედ მისგან გაიგო, რომ, შესაძლებელი იყო, 1 000 ლარის სანაცვლოდ პატიმარი სახლში ჰყოლოდათ, ანუ, მართალია, 1 000 ლარის გადახდა მოუწევდათ, მაგრამ პატიმარი სახლში იქნებოდა, რაც წელიწადნახევრიან პატიმრობას ნამდვილად სჯობდა.

საბოლოოდ, თაზო ქ-მ აღიარა, რომ თანხები თაღლითურად მიითვისა, რადგან ფული სახლის რემონტისთვის სჭირდებოდა. თუმცა, მისი თქმით, დარწმუნებული იყო, რომ ადვოკატის დახმარებით საქმის მოგვარებას უპრობლემოდ შეძლებდა. მაგრამ, ვინაიდან ფული დაეხარჯა, იძულებული გახდა, ოჯახი მოეტყუებინა. მოკლედ, აღიარა, რომ ფული ნამდვილად აიღო, მაგრამ იმისთვის არა, რომ პროკურორი და მოსამართლე რესტორანში წაეყვანა ან მათთვის ქრთამი მიეცა. თაზო ქ. გამოტყდა, რომ მათ საერთოდ არ იცნობდა – სამართალდამცველებთან შეხება არასოდეს მქონიაო. ყველაზე დიდი კურიოზი კი მისი თავის მართლებაა: ფული იმაში ავიღე, რომ ოგანესიანებს კარგი ადვოკატი გავაცანიო...

გარდა ნაწილობრივი აღიარებისა, დაკავებულის დანაშაული სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხითა და კალიგრაფიული ექსპერტიზით დადასტურდა, რითაც ირკვევა, რომ ტექსტი, რომელიც აღიარებს, რომ ფული ნამდვილად აიღო, მისი ხელწერაა. ამიტომ, თაზო ქ-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამასთან, დაეკისრა იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც, რაც მან ოგანესიანებს მიაყენა...