მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ღირსება ყველგან უნდა შეინარჩუნო – პარლამენტშიც და მედიცინაშიც!
2010-01-20
ეკა ნაკაიძე


სულაც არ უჭირს, ერთმანეთს შეუთავსოს პარლამენტის ვიცე-სპიკერობა და ცნობილი სამედიცინო კლინიკის კონსულტანტობა; მშვენივად ახერხებს ერთდროულად დეპუტატობასაც და აკადემიკოსობასაც; იცის, როდის და რა ფორმით უნდა ესაუბროს ამომრჩეველს, არ უყვარს საპარლამენტო მიკროფონთან „პოზირება“ და მიაჩნია, რომ კარგი საქმე პროფესიონალმა ყველგან შეიძლება აკეთოს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, საპატიო თბილისელს, სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, აკადემიკოსსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ბატონ ფრიდონ თოდუას, ჩვენ მისსავე დაარსებულ ინსტიტუტში ვეწვიეთ.


– ბატონო ფრიდონ, 2009 წელი თქვენთვის საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ დატვირთული იყო. როგორ უთავსებთ ერთმანეთს დეპუტატობასა და სამედიცინო სფეროში წარმატებულ მუშაობას?

– მოგეხსენებათ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვარ, თუმცა დეპუტატობა ხელს ნამდვილად არაფერში მიშლის. როდესაც პარლამენტის დეპუტატი გავხდი, ჩემ მიერ დაარსებული ინსტიტუტის დირექტორობა უკვე ინტერესთა კონფლიქტს იწვევდა, ამიტომაც, კანონის მოთხოვნის თანახმად, დირექტორის ნაცვლად ინსტიტუტში კონსულტანტის ფუნქცია დამეკისრა. დღესაც ბევრი მეკითხება, როგორ დავთანხმდი დეპუტატობას, სხვათა შორის, არ ვმალავ, რომ თავიდან ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი – ექიმი კაცი ვარ და პოლიტიკა ჩემი საქმე არაა-მეთქი. პარლამენტი ჩემთვის უცხო ხილი იყო. თავდაპირველად ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, თუმცა, საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა, გადამარწმუნა, მითხრა: ბატონო ფრიდონ, თქვენი მშობლიური ზუგდიდიდან მაჟორიტარი უნდა გახდეთო! მართალი გითხრათ, მაჟორიტარი რას ნიშნავდა, ზუსტად ვერც აღვიქვამდი. მედიცინა ხომ რთული სფეროა, მაგრამ, თავდაპირველად ამომრჩეველთან პირისპირ რომ დავრჩი და მათ პრობლემებს ვუსმენდი, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, რომ ხალხის წინაშე ჩემი წილი პასუხისმგებლობა უნდა მეტვირთა.

საარჩევნო პერიპეტიების დღეებში უამრავი ხალხი მოდიოდა „ცოცხალი ფრიდონ თოდუას“ სანახავად (იცინის). ასე დაიწყო ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა, შემდეგ ორ თვეში რაიონის თითქმის ყველა კუნჭული შემოვიარე. დღეს კი უკვე მიმაჩნია, რომ ჩემი გადეპუტატება სწორი გადაწყვეტილება იყო. არ ვნანობ, რომ პარლამენტში შევედი. გადეპუტატების შემდეგ, ძალიან ბევრს დავეხმარე, როგორც ექიმი – ჩატარდა 500 000-მდე ოპერაცია და გამოკვლევა. გარდა ამისა, ჩემი შუამდგომლობით რამდენიმე მსჯავრდებულს შეეხო შეწყალება; რაიონში დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; სოფელ კოლხიდასა და ნარაზენში აიგო ხიდები; ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად ვგეგმავთ რიგი ღონისძიებების გატარებას. ასევე, უკვე დასრულდა აღდგენა და უწმიდესმა და უნეტარესმაც მოინახულა რაიონში მდებარე კორცხელის მონასტერი, რომლის რეაბილიტაციაც 2 მილიონამდე ლარი დაჯდა. თუმცა ამით ჩემი მაჟორიტარული საქმიანობა ჯერ არ ამოწურულა, დრო კიდევ მაქვს და ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტას ვგეგმავ.

– ბატონო ფრიდონ, თქვენ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსიც ბრძანდებოდით საპრეზიდენტო არჩევნების დროს. რატომ შეაჩერა სააკაშვილმა არჩევანი თქვენზე?

– ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იყო ჩემი დანიშვნის მიზეზი. თუმცა, კარგად მახსოვს, ამერიკაში ვიყავი წასული, როდესაც ქალბატონმა მარიკა ვერულაშვილმა დამირეკა, როდის ჩამოდიხართ, პრეზიდენტს სურს სასწრაფოდ თქვენთან შეხვედრაო. შემეშინდა, – ოჯახში რამე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხომ არ აქვს-მეთქი. არა, ბატონო ფრიდონ, შტაბის უფროსად გნიშნავთო. თავიდან მეგონა, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსად მნიშნავდა. გავოცდი – სად მე და სად თავდაცვა-მეთქი. არა, ბატონო ფრიდონ, საარჩევნო შტაბის უფროსად გნიშნავთო. ეს ჩემთვის მართლაც დიდი პატივი და, ამავდროულად, მოულოდნელობა იყო. პრეზიდენტს თითქმის ყველა გასვლაზე თან ვახლდი და საკუთარი თვალით ვიხილე, როგორი წარმოუდგენელი აღფრთოვანებით ხვდებოდნენ მას საქართველოს ყველა კუთხეში მეცნიერები, სპორტის მუშაკები და ასე შემდეგ.

შესაძლოა, საქართველო სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი ქვეყანა არაა, მაგრამ ქართველი ხალხის ინტელექტუალური პოტენციალი ძალიან მაღალია. გნებავთ, ბათუმში საახალწლოდ ჩატარებული კონცერტი ავიღოთ. თითქმის ყველა იქ გამომსვლელი საოპერო მომღერალი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საოპერო თეატრებში მღერის. ჩვენ „ლა-სკალაში“ ქართველი მომღერლების სიმღერას ისე შევეჩვიეთ, თითქოს აგერ მღეროდნენ ჩხოროწყუში. პატარა საქართველოში ინტელექტის ძალიან დიდი რესურსია და ეს უნდა გონივრულად გამოვიყენოთ.

– ბატონო ფრიდონ, ოპოზიცია ხშირად აპელირებს, პარლამენტში ბევრი ექვემდებარება კლინიკურ მკურნალობასო. აკადემიკოსი კაცი ბრძანდებით და თქვენ, ალბათ, ზუსტად შეგიძლიათ გვითხრათ, მართლაც ასეთი მძიმეა სიტუაცია?

– მე ვფიქრობ, არასწორი აპელირებაა და უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას ჰგავს. პარლამენტში ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდობაა თავმოყრილი. ოპოზიცია რომ წყალს გვიწურავს, – ასეთი ცუდი პარლამენტი არ გვყოლიაო, – ეს გაზვიადებულია. დროა, რომ ერთმანეთის გინებას თავი დავანებოთ. უამრავი საქმეა კიდევ საკეთებელი და, ამის ნაცვლად, ასე პრეზიდენტების ცვლასა და საქმის უკან დაწევაში ხომ არ უნდა ვიყოთ სულ ქართველები?! ვისწავლოთ მოთმინება, თანადგომა, ყველამ თავისი საქმის კეთება. ჩვენ ახალ ქვეყანას ვაშენებთ – ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. კარლ მარქსმა დაწერა, „როგორ გადავიდეთ კაპიტალიზმიდან სოციალიზმში“, მაგრამ, არავის დაუწერია თეორიული სახელმძღვანელო, როგორ უნდა დავბრუნდეთ კაპიტალიზმში. ეს მარტივი პროცესი არავის ეგონოს, მთელი რიგი მენტალური და მსოფლმხედველობრივი ცვლილებებია საჭირო. ამიტომ ეს პროცესი მთელმა ერმა ერთობლივად უნდა განვახორციელოთ და არა ერთმანეთის ჯიჯგნით. ოპოზიციამაც დაწერილი, შედგენილი, ნაფიქრი რეცეპტები უნდა წარმოადგინოს და არა – ფიარზე გათვლილი განცხადებები. თუნდაც, მედიცინის განვითარებასთან დაკავშირებით, მე მათ წინადადებებსაც სიამოვნებით გავითვალისწინებდი, თუკი წარმოადგენენ.

– ბატონო ფრიდონ, დატვირთული მაჟორიტარული გრაფიკის მიუხედავად, თქვენ მედიცინასა და ინსტიტუტში საქმიანობას მაინც ახერხებთ...

– ჩვენი ინსტიტუტი ფლაგმანია არა მხოლოდ დიაგნოსტიკაში, არამედ – მკურალობაშიც. გარდა იმისა, რომ ჩვენი საგანმანათლებლო ბაზა გამორჩეულია, ყოველწლიურად ვცდილობთ მატერიალურ-ტექნიკური პოტენციალის განახლებასაც. სხვათა შორის, ბევრი ცდილობდა ჩვენი ინსტიტუტის ანალოგი დაეარსებინა, მაგრამ ეს ასე მარტივი პროცესი არ გახლავთ. ამ ინსტიტუტში ჩემი და ჩემი აღზრდილების რესურსები და გამოცდილებაა დაგროვილი. ახლაც ვაკვირდები რამდენიმეს და ვფიქრობ, რომ ჩემ შემდგომაც ახალგაზრდა ნიჭიერი ექიმები დავტოვო, თუმცა თავს ძალიან მხნედ და აზარტულად ვგრძნობ, მაგრამ დროს თავისი მოაქვს და ჩემმა სკოლამაც ღირსეული მემკვიდრეები უნდა დატოვოს. ინსტიტუტში ასევე ვაპირებთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიითა და 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით განვაახლოთ ბაზა და, ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესული ნაბიჯია. საფრანგეთში ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ჩვენს ინსტიტუტში დაბრუნდნენ წარმატებული ექიმები. ჩვენი ინსტიტუტის სისტემა და მოდელი, მსოფლიო დონის ტექნიკა და სამედიცინო აპარატურა მიანიშნებს თავად ინსტიტუტის ფლაგმანობაზე.

– ბატონო ფრიდონ, ისევ საკანონმდებლო მუშაობას დავუბრუნდეთ. კანონები, კაზუისტიკა, სამართალი და ასე შემდეგ... საპარლამენტო მუშაობაში ჩაბმული ხართ თუ თქვენ ნაცვლადაც სხვა აჭერს საპარლამენტო პულტს ხელს?

– მე არ ვარ უპასუხისმგებლო დეპუტატი, ჩემთვის მიუღებელია დაგვიანება, გაცდენა. ხანდახან სხდომა რომ დაგვიანდება, ამასაც ხმამაღლა ვაპროტესტებ ხოლმე (იცინის). საერთოდ, ბიუროზე ხშირად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციებსა და მკაცრ შენიშვნებს. პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ მიყვარს მიკროფონთან ხშირად ტრიალი და უსაგნოდ საუბარი. ზოგიერთი ახალგაზრდა პარლამენტარი, ალბათ, ფიქრობს, რა უნდა ნეტა ამ ჭაღარა კაცს ჩვენთან პარლამენტში რომ დადისო. ერთხელ ვთქვი სადღაც და კიდევ გავიმეორებ: სწორედ ჩვენნაირმა ხალხმა მოიყვანა ზოგ-ზოგიერთები პარლამენტში. მთავარი დღეს მარტო ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა არაა. მაგ ლოგიკით მთელი ჩემი ინსტიტუტი პარლამენტში უნდა იჯდეს. დეპუტატმა ისიც უნდა იცოდეს, როდის უნდა თქვას სიტყვა. მახსოვს, ერთხელ, ჩემი დეპუტატად არჩევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დედაჩემმა დამირეკა და მითხრა: ტელევიზორში გნახე და ხშირად გამოჩენას ერიდე, ხალხს გააღიზიანებ, მაგას აჯობებს, ხალხს შეხვდეო ხშირად. წინა კვირას ვიყავი ზუგდიდში და ერთ დღეში 81 მოქალაქეს შევხვდი. ვცდილობ, გადავწყვიტო მათი საკითხები. ასე რომ, ჩემნაირი ხალხიცაა საჭირო პარლამენტში (იცინის).

დედაჩემი ძალიან ჭკვიანი ქალბატონი იყო, შარშან გარდაიცვალა. მახსოვს, მოსკოვში, 1988 წელს, წარდგენილი ვიყავი სახელმწიფო პრემიაზე და უმაღლესი ჯილდოს გადაცემაზე, კრემლში დედაჩემთან ერთად წავედი; როდესაც მაშინდელმა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელმა, გორბაჩოვმა გამოაცხადა ჩემი სახელი და გვარი: „ნაგრაჟდაეტსია ფრიდონ იპოლიტოვიჩ ტოდუა“, მახსოვს, დედაჩემმა იხუმრა, სულ „იპოლიტოვიჩს“ რომ ამბობენ, ნინას არაფერი გაუკეთებია შენთვისო?! დღემდე მომყვება დედაჩემის ბრძნული შეფასებები, რომ ადამიანმა ღირსეულად უნდა იცხოვროს ამ წუთისოფელში, სადაც არ უნდა იყოს – ქირურგიულ ოპერაციაზე თუ პარლამენტის სხდომათა დარბაზში.