რომანი და დეტექტივი

უპატრონო ძაღლი

№12

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 31.03

უპატრონო ძაღლი
დაკოპირებულია
  • ჟორჟ სიმენონი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11 (1211)

***

ავტომობილამდე მისაღწევად მეგრეს დიდი წრის შემოვლა მოუხდა. ცნობისმოყვარე და გაფაციცებული სახეების მიხედვით მეგრე მიხვდა, რომ მას უკვე ყველანი იცნობდნენ. სავარძლის ღია ფერის ქსოვილზე მკაფიოდ მოჩანდა მიმხმარი სისხლის მუქი ლაქები. კომისრის გარშემო თავი მოიყარა მამაკაცებისა და ბიჭების ჯგუფმა, რომელიც თვალს არ აშორებდა მას.

ოდნავ განცალკევებით, იდგა ბაღში ჩაფლული პატარა კოხტა სახლი. კარი გაიღო და ნამტირალევი სახის მოახლე ქალმა გამოიხედა.

– კომისარო, ნუთუ იგი მოკლეს? ლამის ჭკუიდან შეიშალო!

– მითხარით, მადამ, უკანასკნელად როდის ნახეთ თქვენი ქმარი?

– გუშინ სადილობის ხანს დაბრუნდა. შევნიშნე, რომ ჩაფიქრებული იყო და ნერვიულობდა, მაგრამ ჩემთვის არაფრის მოყოლა არ მოისურვა. შევეკითხე, როდის დაბრუნდებოდა, მაგრამ მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა. ათი საათისათვის დასაძინებლად დავწექი. ღამით ისევ გამეღვიძა, რადგან იგი ჯერ კიდევ არ იყო ჩემს სიახლოვეს. დილის ცხრა საათზე მუსიე ლე-პომერესთან გავიქეცი და დავინახე მანქანის გარშემო თავმოყრილი ხალხი... ნუთუ იგი მოკლეს?.. მასზე კეთილი კაცი არ არსებობდა და მტრებიც არა ჰყოლია, ამაში დარწმუნებული ვარ...

***

გაბრაზებული მეგრე მაგიდას მიუჯდა და დაიძახა:

– ერთი ბოთლი ლუდი! ჩემი ინსპექტორი სადღაა?

– წავიდა. მგონი, ბატონმა მერმა მიიწვია.

– ექიმი სად არის?

– ზევითაა. გვთხოვა, ჩემთან არავინ შემოუშვათო.

– მუსიე ლე-პომერე?

– ეს-ეს არის წავიდა...

მეგრემ ყურადღებით დაათვალიერა კაფე – ყვითელი ძაღლი არსად ჩანდა. მაგიდებთან ვიღაც თმებზე სქლად პომადაწასმული, მკერდზე ყვავილებდაბნეული ახალგაზრდები ისხდნენ.

– მოდი აქ, ემა! შენ დარწმუნებული ხარ, რომ ექიმი ღამით არ გასულა?

– არ ვიცი. მე მის ოთახში არ ვყოფილვარ...

– როგორ გგონია, შეეძლო შეუმჩნევლად გასვლა?

– არა, არა მგონია... ისეა შეშინებული. ამ დილით სანაპიროზე გასასვლელი კარი ჩამაკეტინა.

– ეს ყვითელი ძაღლი რაღა არის? საიდან გცნობს იგი?

– არ ვიცი. წინათ არასოდეს მინახავს. ეგ ძაღლი გაჩნდება და ისევ გაქრება ხოლმე. ვერ წარმომიდგენია, ვინ აჭმევს.

ოთახში ინსპექტორი ლერუა შემოიჭრა.

– მდინარესთან ერთმა მეწაღემ ფანჯრიდან დაინახა ყვითელი ძაღლი და ესროლა... ძაღლი დაჭრილია. დაზიანებული აქვს ხერხემალი და წინა თათებით ძლივს დახოხავს. ვერავინ ბედავს მასთან მიახლოებას... შუა ქვაფენილზე წევს და საზარლად ყმუის. როგორ მოვიქცე?

ექიმს ტყვიის ფერი გადაეკრა, ის მეგრეს ზურგს უკან იდგა.

რაც უფრო ღრმად შედიოდა კომისარი ძველ ქალაქში, გარემომცველი სიჩუმე თანდათან უფრო იგრძნობოდა. ხალხი გარს შემოხვეოდა საცოდავად ახრიალებულ ძაღლს, მაგრამ მასთან ახლოს მისვლას ვერავინ ბედავდა. მეგრემ უმალ გამოიცნო, ვიდრე გაიგონა აჩქარებული ჩურჩული: „ფრთხილად, პოლიციაა!...“

ვიღაც ქალი აღშფოთებით ყვიროდა ფანჯრიდან:

– შეგრცხვეთ! შეუდგინეთ მაგათ ოქმი, კომისარო!.. მთელი ხროვა შეესია ამ უბედურ პირუტყვს!

მეგრე დაიხარა და ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა. ძაღლი შეკრთა და კომისარს გაოცებით უფრო შეხედა, ვიდრე ნდობით.

– მიშოვეთ სადმე ორთვალა ან ხელის ურიკა, ლერუა! - მიმართა კომისარმა. ძაღლი ჭუჭყიანი იყო, მისი სქელი, ხეშეში ბალანი სისხლით შეწებილიყო. მუცელი თიხით მოსვროდა, ცხვირი კი ხმელი და ცხელი ჰქონდა. მაგრამ ახლა ძაღლი გრძნობდა, რომ გამოჩნდა მშველელი. წყნარად იწვა და ხოხვით გაქცევას აღარ ცდილობდა. გარშემო ეყარა ქვები, რომელიც მას ესროლეს.

– სად წავიყვანო ძაღლი, კომისარო?

– სასტუმროში. ოღონდ ფრთხილად... ქვეშ ჩალა უნდა დაუფინოთ. ძაღლი ნაწყვეტ-ნაწყვეტად სუნთქავდა, იკრუნჩხებოდა და თათებს აფხარკალებდა.

კაფეში შესვლისთანავე კომისარმა იგრძნო, რომ იქაურობა შეცვლილიყო. უცნობმა კაცმა თითქმის ძალით გასწია განზე კომისარი და ფოტოაპარატი დაუმიზნა ყვითელ ძაღლს, რომელიც იმ წუთში ურიკიდან გადმოჰყავდათ. მეორე უცნობი, რომელსაც გოლფის შარვალი და წითელი სვიტერი ეცვა, უბის წიგნაკით ხელში მიუახლოვდა კომისარს.

– კომისარი მეგრე ბრძანდებით? ვასკო გახლავართ, პარიზული გაზეთიდან ეს-ეს არის ჩამოვედით და მუსიემ მეტად საინტერესო მასალა მოგვაწოდა... – რეპორტიორმა ექიმ მიშუზე მიუთითა, რომელიც კუთხეში რბილი ტახტის ზურგზე დაყრდნობილი იჯდა.

– ემა, ადგილს ვერ მოუნახავთ?

– საკუჭნაოში დავაწვენ, სათადარიგო გასასვლელთან. ჩვეულებრივ, იქ ცარიელ ბოთლებს ვაწყობთ ხოლმე.

– ძალიან კარგს იზამ. დაურეკეთ ვეტერინარსაც.

საღამოს ცხრა საათისათვის კაფე „ადმირალი“ ასეულის საკომანდო პუნქტად გადაიქცა. ჩამოვიდა კიდევ ორი რეპორტიორი.

ბეითალმა ყვითელი ძაღლის სხეულიდან ათიოდე საფანტი ამოიღო, ტანის უკანა ნაწილზე მჭიდრო სახვევი დაადო და თქვა:

– შესაძლოა, გამოჯანმრთელდეს!

გრანიტის ფილებზე ჩალის კონა დააგდეს, ძველი საბანი გადააფარეს და ზედ ძაღლი დააწვინეს. გვერდით საქონლის ხორცის ნაჭერი დაუდეს, მაგრამ ძაღლმა პირი არ დააკარა.

საკუთარი ავტომობილით მობრძანდა ქალაქის მერი, ქათქათა თოვლივით თეთრწვერა მოხუცი. ის მოსხლეტით და მსუბუქად მოძრაობდა.

– ვინ არიან ეს ბატონები?

– პარიზელი ჟურნალისტები არიან...

მერი აბობოქრდა:

– აღტაცებული ვარ! მაშასადამე, ხვალ მთელი საფრანგეთი ამ სულელურ ამბავზე ილაყბებს! თუ ასე გაგრძელდება, ოცდაოთხი საათის შემდეგ ყველას მოედება პანიკა... აუცილებელია ვინმეს დაპატიმრება. ამასთან, იცოდეთ, თუ კიდევ ერთი, თუნდაც, ერთადერთი მკვლელობა მოხდება, ჩვენ კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. ბატონო კომისარო, გთხოვთ, საქმის კურსში ჩამაყენოთ. ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ ყველაფრისათვის, რაც ახლა ხდება, პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ!

– ლე-პომერემ გითხრათ, დავბრუნდებიო? – ჰკითხა მეგრემ ექიმ მიშუს.

– დიახ. იგი სადილად წავიდა შინ...

– სად ცხოვრობს? – ჰკითხა უსაქმობისაგან მოწყენილმა ჟურნალისტმა.

ექიმმა დაასახელა მისამართი, მეგრემ კი მხრები აიწურა და ინსპექტორი ლერუა კუთხისკენ წაიყვანა.

– დღეს დილით გამოქვეყნებული სტატიის ორიგინალი თუ გაქვთ?

– ეს-ეს არის მივიღე. ოთახში მაქვს. ტექსტი აშკარად მარცხენა ხელითაა დაწერილი, ვიღაც შეშინებულა, რომ მისი ხელწერა არ ეცნოთ. წერილი რედაქციის კარზე დაკიდულ საფოსტო ყუთში ჩაუგდიათ. კონვერტს აწერია: „საგანგებოდ მნიშვნელოვანია“... ასე გამოდის, რომ დილის რვა საათზე ან ცოტა უფრო გვიან ვიღაცამ უკვე იცოდა ჟან სერვიერის გაქრობის შესახებ, იმის შესახებ, რომ მისი მანქანა დაგდებულია მდინარე სენ-ჟაკის მახლობლად და რომ სავარძელზე სისხლის ლაქებია. გარდა ამისა, ის წინასწარ განჭვრეტდა, რომ დიდფეხას ნაკვალევს იპოვნიდნენ. რაც შეეხება თითების ანაბეჭდებს, მე იგი უკვე ფოტოტელეგრაფით გადავეცი სიურტში. მათ გადაქექეს ყველა კარტოთეკა და მიპასუხეს, ასეთი ანაბეჭდები ჩვენ არა გვაქვსო...

ექიმი მეტად უაზროდ გამოიყურებოდა სპორტულ კოსტუმებში გამოწყობილი, მოურიდებელი და თვითდაჯერებული ჟურნალისტების გვერდით. ვერსად პოულობდა ადგილს.

– რატომ დასაძინებლად არ წაბრძანდებით? – ჰკითხა მას მეგრემ.

– პირველ საათზე ადრე არასოდეს ვიძინებ. მან ოქროს კბილები გამოაჩინა და შეეცადა, მოღიმარე გამომეტყველება მიეღო, – გულახდილად მითხარით, კომისარო, რას ფიქრობთ ყოველივე ამის შესახებ?

კომისარი მხოლოდ მოიღუშა და ყვითელი ძაღლის სანახავად გაეშურა. ძაღლი თვლემდა, მაგრამ როდესაც კომისარი შემოვიდა, ერთი თვალი გაახილა. მეგრემ თავზე ხელი გადაუსვა პირუტყვს და პარალიზებულ თათების ქვეშ ჩალა შეუფინა.

შემოვიდა „პტი პარიზიენის“ რეპორტიორი, რომელიც ლაბადიდან წვიმის წვეთებს იფერთხავდა. ახალგაზრდა რეპორტიორს თვალები უბრწყინავდა. მან ყურში რაღაც უჩურჩულა მასთან ერთად ჩამოსულ ფოტოგრაფს და ტელეფონს მივარდა.

– მადმუაზელ, „პტი პარიზიენთან“ შემაერთეთ... პრესის სამსახური... რიგს გარეშე... პირდაპირ პარიზთან შეგიძლიათ დამაკავშიროთ? ჩინებულია, ჩქარა შემაერთეთ... ლაპარაკობს გროლენი!.. ჩვენ ამის მიცემას პროვინციულ გამოშვებაშიც მოვასწრებთ, სხვა გაზეთებს კი პარიზული გამოშვებიდან მოუწევთ გადაბეჭდვა. დაწერეთ: „კონკარნო. ჩვენი ვარაუდი სწორი აღმოჩნდა, მძიმე, ქალაქში მოხდა ახალი ბოროტმოქმედება... ალო! დიახ, დიახ, ბო-როტ-მოქ-მე-დება... ნაპოვნია კიდევ ერთი მოკლული, თუ თქვენ ასე უფრო მოგწონთ“.

ყველა გაჩუმდა. ექიმი მოჯადოებულივით დაიძრა ჟურნალისტისაკენ.

– მუსიე მოსტაგენის შემდეგ, ჟურნალისტ ჟან სერვიერის შემდეგ მოკლულია მუსიე ლე-პომერე... დიახ, ლე-პომერე. თავის ოთახში იპოვეს მკვდარი... სხეულზე არანაირი ჭრილობა არა აღმოაჩნდა... კუნთები დაკრუნჩხული აქვს, ყველაფერზე ეტყობა, მოწამლულია...

ტელეფონმა ისევ გაიწკარუნა.

– ალო! კომისარი ბრძანდებით? მუსიე ლე-პომერეს სახლიდან გელაპარაკებით, ოცი წუთი იქნება, ვცდილობთ და ვერ დაგიკავშირდით... მუსიე ლე-პომერე მკვდარია... – მეგრემ ყურმილი ჩამოკიდა და მოიხედა. თითქმის ყველა მაგიდაზე იდგა ცარიელი ჭიქები. ემამ კომისრისკენ მოაბრუნა თავისი სისხლნაკლული სახე.

– არ მიეკაროთ არც ერთ ბოთლს, არც ერთ ჭიქას! – ხმამაღლა ბრძანა მეგრემ, – თქვენ გესმით, ლერუა? ყველანი თავთავიანთ ადგილებზე უნდა დარჩნენ. ექიმს შუბლზე ოფლის მსხვილი წვეთები გადაასკდა. მან ჩამოიგლიჯა ფულარის ყელსახვევი და გრძელი, გამხდარი კისერი გამოიჩინა.

* * *

როდესაც მეგრე მუსიე ლე-პომერეს სახლში შევიდა, იქ სახლის მეპატრონე, ორმოცდაათიოდე წლის მანდილოსანი დახვდა. სწორედ მან დაურეკა კომისარს „ადმირალში“.

ნაცრისფერი ქვით ნაგები ლამაზი სახლი პირით ზღვისკენ იდგა. აივანზე გამოჩრილიყო დროშის ტარი, დანიის გერბის გამოსახულებიანი ფარი კი მიჭედებული იყო. გვამს პერანგი შემოხეოდა, ფეხსაცმელს სქლად მოსდებოდა ტალახი.

– სტრიქნინია! – დარწმუნებით თქვა ექიმმა, – შემიძლია დავიფიცო.

– თქვენ სად იყავით იმ დროს? – შეეკითხა მეგრე დიასახლისს.

– დაბლა ვიყავი, ჩემს ბინაში. მუსიე ლე-პომერეს ჩემთან მთელი სართული ჰქონდა დაქირავებული, თავის პანსიონიანად. რვა საათისათვის სადილად დაბრუნდა და თითქმის არაფერი უჭამია. მან თქვა, ელნათურები ცუდად ანთიაო, თუმცა, ნათურები ნორმალურად ენთო... თქვა, საღამოს წავალ, მაგრამ ჯერ ასპირინს დავლევო, რადგან თავის ძლიერი ტკივილი აწუხებდა...

კომისარმა კითხვის გამოხატვით შეხედა ექიმს, მან თავი დაუქნია:

– სწორედ ასეა. ტიპური პირველი სიმპტომები.

– რამდენად სწრაფად იჩენენ ხოლმე თავს?

– ეს დამოკიდებულია დოზაზე და იმაზე, თუ რამდენად მაგარია ადამიანის ორგანიზმი. ხანდახან ნახევარი საათის შემდეგ, ხან კი – ორი საათის...

– სიკვდილი?

– ის უფრო გვიან მოდის, როგორც საერთო დამბლის შედეგი. კრუნჩხვებმა, რომლებიც თეთრ ციებ-ცხელებას მოგაგონებს, აიძულეს, იატაკზე ჩაგორებულიყო, სადაც მას სიკვდილმა უწია.

– ლე-პომერემ კაფე „ადმირალი“ ზუსტად რვის ნახევარზე დატოვა. იქ მან ერთი ჭიქა კონიაკი დალია, წყლით. თხუთმეტი წუთის შემდეგ უკვე შინ მისულმა, ჭამა და სვა... აქედან გამომდინარე, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რაც თქვენ სტრიქნინის შესახებ ილაპარაკეთ, ლე-პომერეს შეეძლო, შხამი შინ ჩაეყლაპა ან კიდევ სადმე სხვაგან...

მეგრე სწრაფად დაეშვა პირველ სართულზე. მეზობლებით გარს შემორტყმული სახლის პატრონი მანდილოსანი მწარედ ტიროდა.

– სადა გაქვთ ჭუჭყიანი თეფშები და ჭიქები? - პასუხს აღარ დაელოდა და სამზარეულოში შევიდა.

– ის-ის იყო დავიწყე ჭურჭლის რეცხვა… – ზლუქუნებდა დიასახლისი.

ამ დროს პოლიციელი შემოვიდა.

– თვალყური ადევნეთ სახლს! – უბრძანა მას მეგრემ, – მოაშორეთ აქედან ყველა, დიასახლისის გარდა... და რომ არც ერთი ჟურნალისტის, არც ერთი ფოტოგრაფის ჭაჭანება არ იყოს სიახლოვეს. თეფშებსა და ჭიქებს არ მიეკაროთ.

სასტუმროს კართან მისულ მეგრეს ხმამაღალი ლაპარაკი და ავტომობილის მოტორის გუგუნი შემოესმა.

ოფიციანტი ქალი ამაოდ ძაბავდა მეხსიერებას.

– არ ვიცი, მუსიე მეგრე, ვერ გეტყვით... ჭიქების ნაწილის აკრეფა თქვენგან ბრძანების გაცემამდე მოვასწარი, დანარჩენი კი საუზმის შემდეგ, ასეა...

– სად არის მუსიე ლე-პომერეს ჭიქა? ის წყლიან კონიაკს სვამდა.

კომისარმა საფულიდან აუჩქარებლად ამოიღო დაპატიმრების შეუვსებელი ორდერი.

– აბა, ერთი, მელანი და კალამი მოგვეცით, გეთაყვა!

მელანი და კალამი წინ დაუდგეს და კომისარმა თავისი გაკრული, უშნო კალიგრაფიით დაწერა: „...აღნიშნული მუსიე მიშუ ერნესტი, თეთრი ქვიშების უძრავი ქონების სააქციო საზოგადოების ადმინისტრატორი”.

მეგრეს მხარს უკან მდგარმა მერმა წაიკითხა ის, რაც მან დაწერა.

– აი, ასე! თქვა მეგრემ, – რადგან თქვენ ეს გინდათ, მე დავაპატიმრებ ექიმს! ექიმმა ორივეს შეხედა და შეეცადა, ისეთი კაცის შესაფერისი ღიმილი გამოეხატა, რომელსაც ვეღარ გაუგია, როგორ შეხვდეს ამგვარ ხუმრობას. მაგრამ კომისარი მას კი არ უცქერდა, არამედ ემას, რომელიც სალაროს მიუახლოვდა და უცებ მობრუნდა. ოფიციანტი ქალის ფერმკრთალ სახეზე სუსტმა ღიმილმა გაიელვა. ეტყობოდა, იგი ძლივს იკავებდა სიხარულს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი