რომანი და დეტექტივი

ანდერძი

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 27.04

ანდერძი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #15 (1215)

თბილისში რომ დავბრუნდი, საშინელმა დეპრესიამ შემიპყრო და არაფრის კეთება არ შემეძლო. მინისტრთან შეხვედრაზე ჩავეწერე და პირისპირ შევხვდი. თბილად მიმიღო, დაწვრილებით გამომკითხა ამერიკული ვოიაჟის ამბები და ბოლოს მითხრა:

– მოემზადე, ლევან. ამერიკულ მიმართულებას ჩაიბარებ. ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი განყოფილებაა და შენზე უკეთეს კანდიდატურას სად ვიპოვი. ბრძანება უკვე დაწერილია. დღესვე მოვაწერ ხელს და სამ დღეში საქმეები გადაიბარე.

– გმადლობთ, ბატონო მინისტრო, ნდობისთვის, მაგრამ ამ თანამდებობას ვერ დავიკავებ. გადაწყვეტილი მაქვს, რომ უცხოურ მისიაში გავემგზავრო და იქ გამოვიყენო ამერიკაში მიღებული ცოდნა, – ვთქვი და მინისტრს თვალებში შევხედე.

მეგონა, რომ მინისტრი ჩემს გადარწმუნებასა და განყოფილების უფროსად დანიშვნაზე დაყოლიებას შეეცდებოდა, მაგრამ შევცდი. როგორც ეტყობა, მიხვდა, რომ რაღაც პრობლემა მქონდა. მცირე ხანს მიყურა, შემდგომ კი მითხრა:

– კარგი. მასე იყოს. შენს არჩევანს პატივს ვცემ. ერთ თვეში ჩვენი მისია ავღანეთში მიემგზავრება. მეთაურს ვეძებდი და რადგან აქ დარჩენა არ გსურს, მაშინ ამ მისიის ხელმძღვანელობაზე მაინც ნუ მეტყვი უარს.

– თანახმა ვარ, – განვუცხადე მინისტრს და მისი კაბინეტიდან გამოვედი.

ერთი თვის შემდეგ უკვე ავღანეთში ვიმყოფებოდი თვრამეტთვიანი მისიით და ეს დრო რომ გავიდა, კიდევ თვრამეტი თვით დავრჩი. კიდევ მინდოდა დარჩენა, მაგრამ კანონით ეს დაუშვებელი იყო და სამი წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. უკან რომ დავბრუნდი, მთლიანად მუშაობაში ჩავები. სამინისტროში ისევ ძველი მინისტრი დამხვდა. თავისთან დამიბარა. მშვიდობით დაბრუნება მომილოცა. შემაქო, რომ უდანაკარგოდ გავიარე სამწლიანი მისია და მოულოდნელად მითხრა:

– თვალებში გეტყობა, დეპრესია დაძლეული გაქვს. მართალი ვარ თუ მეშლება?

– მართალს ბრძანებთ, ბატონო მინისტრო, – ვთქვი მე.

– ჰოდა, ძალიან კარგი. იმედია, რომ ახლა მაინც არ იტყვი უარს ამერიკული მიმართულების ჩაბარებაზე და ჩემს შეთავაზებას დათანხმდები. აბა, რას იტყვი, გისმენ.

– თანახმა ვარ.

– ჰოდა, ძალიან კარგი. შენი დანიშვნის ბრძანება უკვე ხელმოწერილი მაქვს. ახლავე გადაიბარებ საქმეებს. აქედან ერთად გავალთ და შენს თანამშრომლებთან წარგადგენ.

წარდგენა რომ დასრულდა, საქმეების გადაბარებას შევუდექი. ერთი კვირის შემდეგ კი ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი განყოფილება მთელი სიმძლავრით ამუშავდა. ამ თანამდებობაზე 17 წელიწადი ვიმუშავე. ამ დროის განმავლობაში არაერთი მინისტრი და მთავრობა გამოიცვალა. ქვეყანამაც არაერთი რყევა გადაიტანა, მაგრამ მე არავინ შემხებია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ასეთი ცვლილებებისას გადადგომის პატაკს ვწერდი, მაგრამ არ აკმაყოფილებდნენ. ამერიკა ხომ ჩვენი ყველაზე ძლიერი პარტნიორი, მსხვილი დონორია. მე კი მათთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები დავამყარე, თანაც პოლიტიკაში არასდროს ჩავრეულვარ და არც მე მეხებოდნენ.

ელიკოს გაუჩინარებიდან 20 წელი იყო გასული. თბილისში ვიმყოფებოდი. აგვისტოს შუა რიცხვები იყო და დედაქალაქში აუტანელი სიცხე იდგა.

იმ დღეს ათიოდე წუთით სამინისტროს ეზოში შევყოვნდი და საქმეს რომ მოვრჩი, სწრაფი ნაბიჯებით ბუფეტისკენ გავემართე, რომ ჩემი მდივანი მარიკა წამომეწია.

– უკაცრავად, ბატონო ლევან, თქვენს სახელზე პაკეტია.

მარიკამ პაკეტი გადმომცა, უკან გამომყვა თან მეუბნებოდა:

– ოცი წუთის წინ მოიტანა კურიერმა. მე მგონი, ამერიკიდანაა.

კაბინეტში განვმარტოვდი. პაკეტი გავხსენი და ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი მიწვევა წავიკითხე, რომელსაც ამერიკელი ადვოკატი, ჯეიმს ბარტონი აწერდა ხელს. ტექსტიდან მხოლოდ ის გავიგე, რომ ბარტონი კონფიდენციალური ინფორმაციის გასაცნობად ნიუ-იორკში მიწვევდა. იქვე იდო ავიაბილეთი, სასტუმროს ჯავშნის კოდი და იქ ორკვირიანი ცხოვრების საფასურის გადახდის ქვითარი. ბილეთზე აღნიშნული თარიღის მიხედვით, ნიუ-იორკში ხუთი დღის შემდეგ უნდა გავფრენილიყავი. პაკეტებს სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან ხშირად ვიღებდი, მათ შორის ამერიკიდანაც, მაგრამ ის პაკეტები ჩემს სამსახურთან იყო დაკავშირებული, სამხედრო დანიშნულების. ბარტონის მიერ გამოგზავნილი პაკეტი კი არასამხედრო დანიშნულების იყო. კერძო ხასიათისა და საკმაოდ ბუნდოვანი შინაარსის. 24-დღიანი შვებულება მეკუთვნოდა. იმავე დღეს გავაფორმე. ხუთი დღის შემდეგ კი ნიუ-იორკისკენ ავიღე გეზი. მრავალსაათიან ფრენას საერთოდ არ დავუღლივარ. წამით არ მომიხუჭავს თვალი და მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, რა ინფორმაცია უნდა გადმოეცა ჩემთვის ნიუ-იორკელ ადვოკატს. ამერიკაში დილის 5 საათზე ჩავფრინდი. საბაჟო პროცედურებსა და ქალაქის ცენტრამდე მგზავრობას რამდენიმე საათი დასჭირდა. სასტუმროსკენ არც კი გამიხედავს. პირდაპირ ადვოკატ ჯეიმს ბარტონის ოფისისკენ გავმართე, რომელიც მანჰეტენზე, ფეშენებელურ შენობაში იყო განთავსებული. იქაურობას რომ მივაღწიე, დღის 12 საათი იყო და ანომალიური სიცხე იდგა. ქუჩებში თითქმის არავინ დადიოდა, ყველანი სიგრილეს იყვნენ შეფარებული. თუმცა, ისეთი განწყობა მქონდა, რომ სიცხეს ვერ ვგრძნობდი და ერთი სული მქონდა, ადვოკატს შევხვედროდი.

ჯეიმს ბარტონი ორმოციოდე წლის, რესპექტაბელური მამაკაცი იყო. მან კეთილგანწყობილად მიმიღო. სავარძელზე მიმითითა, დაჯექიო, ყავა მომართვა, შემდეგ კონიაკი დამისხა, სიგარა შემომთავაზა და პაუზის შემდეგ მითხრა:

– მისტერ ქორიძე, მე ელენ ფოქსის ადვოკატი გახლავართ და მასთან დადებული შეთანხმების საფუძველზე ვმოქმედებ. მისის ფოქსმა ერთი წლის წინ დამიქირავა. დალუქული პაკეტი გადმომცა და მითხრა, თუკი ის სამოცი დღის განმავლობაში არ დამირეკავდა და კოდურ სიტყვას „გვანცას“ არ მეტყოდა, შემდგომ კი არ გამესაუბრებოდა, ეს პაკეტი თქვენთვის გადმომეცა. თქვენი კოორდინატები და თქვენი აქ ჩამოყვანის მექანიზმიც წინასწარ გვქონდა შეთანხმებული. მან ხარჯებიც წინასწარ გასწია და ყველაფერი ჩემი კლიენტის ნებით მოხდა. ათი დღის წინ შესრულდა 60 დღე, რაც მისის ფოქსი არ დამკავშირებია და მე ჩემი მოვალეობა შევასრულე. ახლა კი პაკეტს გადმოგცემთ და ჩემი მისია დასრულებული იქნება. ადვოკატს სულგანაბული ვუსმენდი და სანამ პაკეტს სეიფიდან გამოიღებდა, ვუთხარი:

– მისტერ ბარტონ, თუ ეს თქვენი კომერციული საიდუმლოება არ არის, შეგიძლიათ, მითხრათ, რა სიხშირითა და რა რაოდენობის თანხას გიხდით მისის ფოქსი?

ადვოკატს გაეღიმა და მითხრა:

– ზოგადად, მიღებული არაა ასეთი ინფორმაციის გაცემა, თუკი ამას ოფიციალური იურიდიული პროცედურა არ მოითხოვს, მაგრამ, რადგან გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ჩემს კლიენთან ერთწლიანი ხელშეკრულება მქონდა დადებული. ვადა მას გუშინ გაუვიდა. ახალი არ გაგვიფორმებია და სავარაუდოდ, მას უკვე აღარ სჭირდება ჩემი მომსახურება. ხოლო, რაც შეეხება ანაზღაურებას, ის ყოველთვიურად 5 ათას დოლარს შეადგენდა და მისის ფოქსისვე სურვილით, მან ეს თანხა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადამიხადა. თუმცა, შეეძლო, თანდათან, ყოველთვიურად გადაეხადა.

– გასაგებია, გმადლობთ.

– ახლა კი დალუქული პაკეტი მიიღეთ კონფიდენციალური ინფორმაციით, რომლის შინაარსიც ჩემთვის უცნობია, – თქვა ადვოკატმა. პაკეტი გადმომცა და დაამატა, – აი, მისტერ ქორიძე, შეამოწმეთ, ოთხივე ლუქი ხელუხლებელი, დაუზიანებელია და ისეთივე სახით გაბარებთ, როგორც მე ჩავიბარე ის ჩემი კლიენტისგან.

ბარტონს გამოვემშვიდობე და სასტუმროში წავედი. ნომერში რომ ავედი, კარი ბოლომდე გადავრაზე. პაკეტი ჟურნალების მაგიდაზე დავდე და სავარძელში მოვკალათდი. მაცივრიდან კონიაკი გამოვიღე, დავისხი, გადავკარი, ისევ დავისხი, სიგარა გავაბოლე და პაკეტი ხელის კანკალით გავხსენი. შესაფუთი ნაჭერი რომ შემოვაცალე, შიგთავსი კინაღამ ხელიდან გამივარდა. ეს იყო ინკუსტრირებული ქარვისგან დამზადებული ძვირფასეულობის შესანახი ზარდახშა, რომელიც მე ელიკოს ვაჩუქე. ნიუ-იორკში, ანტიკვარულ მაღაზიაში რუსი მეპატრონისგან შევიძინე და ელიკოს შევპირდი, ძვირფასი სამკაულებით გავავსებ-მეთქი. ყუთი მაგიდაზე დავდე და მეორე ჭიქა გადავკარი. მესამეც მივაყოლე და მეოთხე დავისხი. შემდეგ უკვე სიგარეტი გავაბოლე. ხელის კანკალით ავხადე თავი ქარვის ზარდახშას და ჩავხედე. ყუთში ორი ფურცელი იდო, ერთი პატარა ყუთი და ელიკოსთვის ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი. შიგთავსი მაგიდაზე დავალაგე. შემდეგ პირველი ფურცელი ავიღე, გავშალე და დავაკვირდი. ეს იყო ჩემი ელიკოს წერილი, რომლეშიც ეწერა: „ლევან, ჩემო ერთადერთო სიყვარულო, თუკი შენ ახლა ამ წერილს კითხულობ, ესე იგი, მე ცოცხალი აღარ ვარ. გულით მინდოდა, მთელი ცხოვრება შენთან ერთად ვყოფილიყავი. ვეცადე, ყველაფერი გავაკეთე ამისთვის, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად ისურვა. ვიცი, შენთვის ელდა იქნება ჩემი სიკვდილის ამბავი, მაგრამ ნებისყოფა გამოიჩინე და ეს წერილი ბოლომდე წაიკითხე, რადგან მასში ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. პატარა ყუთში შენი და გვანცას თმის ნიმუშებია. ყუთს ექსპერტიზის დასკვნაც ახლავს. ამ თმების პატრონების ახლო ნათესაობის შესახებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გვანცა შენი ღვიძლი შვილია. ერთმანეთს რომ დავშორდით, უფრო სწორად კი, შენგან რომ წამოვედი, ფეხმძიმობის მეორე თვეს ვასრულებდი და შვიდი თვის შემდეგ ჩვენი ქალიშვილი დაიბადა. შენ შესახებ გვანცამ ის იცის, რომ სამხედრო იყავი. ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა, მაგრამ ბედისწერამ დაგვაშორა. მან არც შენი ვინაობა იცის, არც ეროვნება და არც საცხოვრებელი კოორდინატები. ჩვენს გოგონას ისე ვზრდიდი, რომ არაფერი აკლდა, გარდა მშობლებთან სიახლოვისა. მისთვის ადამიანი დავიქირავე და ის უვლიდა. მე კი ისე ხშირად ვერ ვახერხებდი მასთან ყოფნას, თუმცა, ვცდილობდი, ყოველთვიურად ერთი კვირა მაინც გამეტარებინა მასთან. თუმცა, უფრო ხშირად ვერ ვახერხებდი ამას. მართალია, გვანცა ჩემს გვარზეა ჩაწერილი, ფოქსია, მაგრამ მისი არსებობის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცის და ასე იყო საჭირო მისივე უსაფრთხოებისთვის. სანამ ცოცხალი ვიყავი, ჩვენი გოგონას უსაფრთხოების დაცვას ვახერხებდი. ახლა კი ის სრულიად დაუცველია და ამიტომ გიხმე, რომ ეს მისია შენ გადმოგაბარო. ჩათვალე, რომ ჩემს ანდერძს კითხულობ და უმორჩილესად გთხოვ, ყველაფერი ისე შეასრულო, როგორც აქ წერია. ვიცი, რომ არ დაოჯახებულხარ და ისევ ისე გიყვარვარ, როგორც ჩვენი ერთად ყოფნის დროს. ჩემო ერთადერთო სიყვარულო, ეს წერილი გვანცას გააცანი და საქართველოში წაიყვანე, შენს გვარზე ჩაწერე და უპატრონე. ნიუ-იორკის „სითი ბანკის“ სეიფში მილიონი დოლარი დევს. ეს ფული მე მეკუთვნის და პატიოსანი შრომით მაქვს მოპოვებული. კოდი აქ წერია. საბუთები გვანცას სახელზეა გაფორმებული. მამა-შვილმა აიღეთ და ბედნიერად მოიხმარეთ. აი, სულ ესაა, რის გაკეთებასაც გთხოვ. გისურვებთ ბედნიერებასა და დიდი ხნის სიცოცხლეს! თქვენი ელიკო ფოქსი.“

ელიკოს წერილმა შოკში ჩამაგდო და უკიდურესად გამამწარა. ადგილს ვერ ვპოულობდი და სასტუმროს ნომერში შლეგივით ვაწყდებოდი კედლებს, თან ბრაზის ცრემლები მახრჩობდა. მაგიდასთან შევდექი და კონიაკით სავსე მეოთხე ჭიქა ჩავცალე. შემდეგ ნახევრად სავსე ბოთლი მოვიყუდე და სულმოუთქმელად დავლიე. ალკოჰოლის ჭარბმა დოზამ, უძილობამ და ნერვიულმა სტრესმა თავისი ქნა. ვიგრძენი, როგორ ვითიშებოდი. ამიტომ საწოლამდე ბარბაცით მივედი, თვალებში დამიბნელდა და საწოლზე მოწყვეტით დავეცი. როდესაც გამომეღვიძა, ნიუ-იორკის დროით დილის 6 საათი იყო. საშინლად მტკიოდა თავი და თვალების გახელა მიჭირდა. თუმცა, საკუთარ თავს ვძლიე. წამოვდექი და რამდენიმე ჭიქა მინერალური წყალი დავლიე. შემდგომ ცივი შხაპი მივიღე და ცოტა აზრზე მოვედი. ბოლოს წვერი გავიპარსე, ახალ სამოსში გამოვეწყვე და გვანცას მობილურზე დავრეკე, რომელიც ელიკოს წერილში იყო მითითებული. იქვე ეწერა გვანცას სახლის მისამართიც.

– გისმენთ, მიპასუხა გვანცამ.

– გამარჯობა. დედათქვენის დავალებით გირეკავთ და თუ სახლში ხართ და გცალიათ, გამოგივლით. თქვენი მისამართი ჩემთვის ცნობილია.

– დიახ. რა თქმა უნდა, როდის შეძლებთ მოსვლას?

– დღის თორმეტი საათი მისაღებია?

– რა თქმა უნდა. მოუთმენლად გელოდებით.

– ნახვამდის. თორმეტ საათზე თქვენთან ვიქნები, – ვთქვი მე და სასტუმროს ნომრის ტელეფონის ყურმილი აპარატზე დავდე.

გვანცა ნიუ-იორკის გარეუბანში ცხოვრობდა. ერთსართულიან, პატარა, კოხტა სახლში, კარგად დაცულ, უსაფრთხო უბანში. მის ეზოს ზუსტად თორმეტ საათზე მივადექი. გვანცა ჭიშკართან იდგა და მელოდებოდა. შევხედე თუ არა, გულმა ბაგაბუგი დამიწყო. რადგან აღნაგობით, სახითა და მიხრა-მოხრით გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ელიკოს. თავი ძლივს მოვთოკე, რომ არ ავცრემლებულიყავი. ჩემს შვილს გავუღიმე, გამოწვდილ ხელზე ვეამბორე და ვუთხარი:

– იშვიათი მსგავსებაა. ტყუპისცალივით ჰგავხართ დედას.

– დიახ. ჩემი ძიძაც ამას ამბობდა. თუმცა, დედა სხვა აზრის იყო და მამაჩემს უფრო მამსგავსებდა, ვიდრე საკუთარ თავს, – მითხრა გვანცამ. შემდეგ სახლში ხელით შემიპატიჟა და დააყოლა, – გთხოვთ, მობრძანდეთ.

გვანცამ ყავა მოადუღა, ფინჯნები ჟურნალების მაგიდაზე დააწყო, ჩემ წინ სავარძელში მოკალათდა და უხმოდ მომაჩერდა. მე კი არ ვიცოდი, როგორ დამეწყო. ამიტომ ქარვის ყუთი ჩანთიდან ამოვიღე და მაგიდაზე დავდე. შემდეგ ელიკოს წერილი მივაწოდე და ვუთხარი:

– ეს დედამ დაწერა. ყურადღებით წაიკითხეთ. ეცადეთ, არ აღელდეთ და დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი