მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
როგორ დავამარცხოთ გასტრიტი
2010-09-03
ნონა დათეშიძე


მწვავე გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებით მიმდინარე დაავადებაა. არსებობს მისი გამომწვევი რამდენიმე მიზეზი, კერძოდ: საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია, უხარისხო პროდუქტის მიღება, კუჭის გადატვირთვა ცხიმიანი და სანელებლებიანი კერძებით, ზოგიერთი სამკურნალო მედიკამენტით, მაგალითად, სულფანილამიდებით, დიჰიტალისის პრეპარატებით, ასევე, საყოფაცხოვრებო შხამებით მოწამვლა და ალერგიაც კი.

ლორწოვანი გარსის ანთება, გამომწვევი ფაქტორის მიხედვით, სხვადასხვაგვარად ვითარდება. ინფექციის დროს ბაქტერიული ტოქსინები, მკვდარი ბაქტერიები და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის პროდუქტები, სისხლისა და ლიმფის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდება, არღვევს კუჭის ლორწოვანას ტროფიკას და აღიზიანებს მას. ამას კუჭის სეკრეტორულ დისფუნქციამდე მიჰყავს ადამიანი, რაც შემდგომში საჭმლის მონელების დარღვევის მიზეზად იქცევა ხოლმე.

საკვებისმიერი გასტრიტის დროს, არაადეკვატური საკვები კუჭის ლორწოვან გარსზე უშუალო გამღიზიანებელ ზემოქმედებას ახდენს, კუჭის სეკრეტორული აპარატი ნელ-ნელა განილევა და საჭმლის მონელება ფერხდება. საკვები მასა ჩვეულებრივზე მეტხანს ყოვნდება კუჭში, რის გამოც ის, კუჭის წვენის ფერმენტულ ზემოქმედებასთან ერთად, ბაქტერიულ დაშლასაც განიცდის. საკვები ნივთიერებების არასრული და ბაქტერიული დაშლის პროდუქტები კი ლორწოვანას აღიზიანებს და მის ანთებას იწვევს.

საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციის დროს, მწვავე გასტრიტი ლორწოვანას გამომწვევისა და მისი ტოქსინების მავნე ზემოქმედების შედეგია.

ლორწოვანას, ასევე, აღიზიანებს კუჭში ჭარბი რაოდენობით მოხვედრილი სამკურნალო პრეპარატები.

მწვავე გასტრიტის სიმპტომები გამომწვევი ფაქტორის ზემოქმედებიდან დაახლოებით 7-8 საათის შემდეგ იჩენს თავს. იწყება გულისრევისა და სიმძიმის შეგრძნება კუჭში. არ არის გამორიცხული, გამოვლინდეს შემცივნების შეგრძნება, ტემპერატურის მომატება, ტკივილი მუცლის ზედა არეში, ბოყინი, ზოგჯერ ვითარდება ფაღარათიც. დაავადება სამ დღემდე მიმდინარეობს.

მწვავე გასტრიტის დროს, აუცილებელია, ადამიანმა დაიცვას წოლითი რეჟიმი. ეცადეთ, მიიღოთ ბევრი სითხე – ჩაი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარისა და ხუთპროცენტიანი გლუკოზის ნარევი – 1:1. თორმეტი საათის გასვლის შემდეგ მიირთვით, ჭამეთ გახეხილი ბოსტნეულის სუპი ან პიურე, უცხიმო ბულიონი, ორცხობილა, ფაფები და კისელი. ერთ კვირაში კი, შეგიძლიათ, ჩვეულებრივ კვებაზე გადახვიდეთ. ამ დროს, ასევე, კარგია, თუ მიიღებთ B ჯგუფის ვიტამინებსა და ფერმენტებს.