საზოგადოება

ანი მატინიანის გზა წარმატებულ კარიერამდე და უწყვეტი განვითარება პროფესიული გამარჯვებებისთვის

№18

ავტორი: „თბილისელები“ 15:59 01.05

ანი მატინიანი
დაკოპირებულია

ნებისმიერი წარმატებული საქმის უკან დგანან ძლიერი პროფესიონალები, პრინციპული და განვითარებაზე ორიენტირებული ხასიათით, სწორედ ასეთია ჩვენი რესპონდენტი, ყველასთვის საყვარელი „ბებოს ლავაშის“ სახელით ცნობილი კომპანია „ლიგა +“-ის იურისტი და იურიდიული კომპანია TM Consulting-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ანი მატინიანი, რომელიც საკუთარი საქმის წარმატების საიდუმლოსა და თვითგანვითარების მიღწევებზე გვესაუბრა.

ანი მატინიანი: იურისპრუდენციის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა და სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ჩემი არჩევანი და ეს პროფესია ჩემს შინაგან მეს გამოხატავს. როგორც კი უნივერსიტეტი დავასრულე, მაშინვე დავიწყე სტაჟირება „თბილისელების ადვოკატში” და ზუსტად ამ პერიოდმა იქონია დიდი გავლენა ჩემს კარიერულ განვითარებაზე. მაშინ ვისწავლე მიზნის მისაღწევად მაქსიმუმის გაკეთება და თავდაუზოგავი შრომა, რაც წარმატების საწინდარი გახდა. შემდეგ სანოტარო სფერომ დამაინტერესა და რამდენიმე წელი ამ მიმართულებით ვმუშაობდი. მოგვიანებით კი კომპანია „ლიგა +“-დან მივიღე შემოთავაზება იურისტის პოზიციაზე და ამ გუნდს შევუერთდი.

2021 წლის აპრილში ჩემს მეგობარ კოლეგასთან ერთად შევქმენი საკონსულტაციო კომპანია TM Consulting. ეს გახლდათ პანდემიის პერიოდი, როცა თითქმის ყველაფერი გაჩერებული იყო, თუმცა, პირიქით, ჩვენ ძალიან დიდი ენერგიითა და შემართებით შევუდექით ამ კომპანიის შექმნას და შედეგმაც არ დააყოვნა. ონლაინ კონსულტაციებს ვუწევდით როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომპანიებს. დღესდღეობით კი აქტიურად, ბევრი სამომავლო გეგმით ვაგრძელებთ მუშაობას.

– პირველი წარმატებული საქმე თუ გახსოვთ?

– პირველი წარმატებული საქმე იმ პერიოდს უკავშირდება, როცა „თბილისელების ადვოკატში“ ვმოღვაწეობდი. საკმაოდ სერიოზული დავა იყო, რაც სამართლიანად ჩემი გამარჯვებით დასრულდა. ამ გამარჯვების განცდამ ძალიან მძაფრი ემოციები დამიტოვა, რაც დღემდე დიდი მოტივაციაა ჩემთვის.

– რაში ხედავთ ქალების ძალას?

– ვფიქრობ, ქალის ნამდვილი ძალა მის მიზანდასახულობაში, თვითგანვითარების მარადიულ სურვილსა და მუდმივი დაბრკოლებების გადალახვაშია. მართალია, ქალური ბუნების არსი ახალი სიცოცხლის შექმნაა, მაგრამ ნებისმიერ ქალს აქვს მეორე საინტერესო მხარე, ეს გულისხმობს დამანგრეველ ენერგიას, რასაც ქალბატონები, ხშირ შემთხვევაში, მალავენ, მაგრამ საგანგებო სიტუაციებში წარმატებით იყენებენ.

– როგორ შეიქმნა „ლიგა +“?

– ყველასთვის ცნობილი „ბებოს ლავაში“, იგივე კომპანია „ლიგა +“ ოჯახური ბიზნესია, რომელიც 2014 წლიდან არსებობს და დაარსების დღიდან დღემდე აწარმოებს თხელ ლავაშს. 2016 წლიდან საოჯახო ბიზნესი გაფართოვდა და თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ბებოს ლავაში“ დღეს ქართული ბაზრის ლიდერია. პროდუქციის დისტრიბუციას ვახორციელებთ თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით.

– რა დაბრკოლებების გადალახვა უწევდა კომპანიას წლების განმავლობაში, ბაზარზე არსებული ცვალებადი გარემოს გათვალისწინებით?

– ამ წლების განმავლობაში კომპანია, რა თქმა უნდა, არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა, მაგრამ როდესაც გყავს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ძლიერი გუნდი და კოლექტივი საოცარი ერთიანობით გამოირჩევა, მაშინ ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია.

– თქვენი გამოცდილებით, რა მიდგომების გატარებაა საჭირო კომპანიის უწყვეტი განვითარებისთვის?

– ჩვენი კომპანიის გამოცდილებით, შემიძლია, გაგიზიაროთ უწყვეტი განვითარების ოთხი წესი: 1. მიღწეული წარმატებების მუდმივი განვითარება; 2. ბიზნესის მრავალფეროვნება და გაფართოება; 3. ყოველთვის უნდა გახსოვდეს შენი შეცდომები; 4. აუცილებელია კომპანიაში პერიოდულად ხორციელდებოდეს ცვლილებები, ნებისმიერი ასეთი ცვლილება კი საგულდაგულოდ უნდა იყოს დაგეგმილი და ძალიან ფრთხილად განხორციელებული.

– რა არის თქვენთვის წარმატების საზომი?

– უპირველეს ყოვლისა, ვარ მეუღლე და დედა, ამიტომ ჩემი მთავარი წარმატება ჩემი ორი ქალიშვილი და ჩემი ოჯახის კეთილდღეობაა. პროფესიული თვალსაზრისით, წარმატებად მივიჩნევ იმას, რომ ჩემს კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად შემიძლია, დიდი წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, უკეთესი მომავლის ფორმირებაში და რა თქმა უნდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში იურიდიული კუთხით. ხოლო ჩემს პირად წარმატებად ის მიმაჩნია, რომ მიყვარს ჩემი საქმე და გააზრებული მაქვს საკუთარი ღირებულებები. საჭიროა ზუსტი მიზანი და ძლიერი ნებისყოფა. ეს არის ჩემი, როგორც იურისტის, საზომი, რაც ჩემს ღირებულებებთან ჰარმონიაშია და ამ ყველაფრის მეშვეობით შესაძლებელია, გამოძებნო ნებისმიერი მიზნისკენ მიმავალი გზა.

– რამდენად შესაძლებელია წარმატებულ კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის მოპოვება?

– სავსებით შესაძლებელია, თუკი შენ ამას მოისურვებ. ყოველთვის ვცდილობ, ისე დავგეგმო დღის რეჟიმი და გადავანაწილო, რომ დატვირთული სამუშაო განრიგის პარალელურად, საკმარისი დრო გავატარო ოჯახსა და მეგობრებთან, რაც ჩემი განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა.

– რა სამომავლო გეგმები აქვს „ლიგა +“-ს და TM Consulting-ს?

– „ლიგა+“-ის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი მიზანია, შეინარჩუნოს პროდუქტის არსებული მაღალი ხარისხი. ასევე, გეზი გვაქვს აღებული გაფართოებისკენ და ახლო მომავალში მომხმარებელს შევთავაზებთ ახალ, საინტერესო პროექტს, რისი დაკონკრეტებისგანაც ჯერჯერობით თავს შევიკავებ. გარდა ამისა, გვსურს „ბებოს ლავაშის“ საქართველოს ფარგლებს გარეთ პოპულარიზაცია. კომპანიის ხელმძღვანელობა ყველანაირად ორინტირებულია თანამშრომლებისთვის ღირსეული პირობების შექმნაზე.

რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს, ვაპირებთ გავაფართოოთ ჩემი იურიდიული კომპანია TM Consulting და ხელმისაწვდომი გავხადო საერთაშორისო ბაზრისათვის. გვქონდეს ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მარტივად შევძლებთ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევას და პრობლემების მარტივად მოგვარებაში დახმარებას.

აღსანიშნავია,რომ შპს ,,ლიბო + " ანუ ბებოს ლავაში დაჯილდოებულია წლის ლიდერი კომპანიის ჯილდოთი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ "Leader of the Year".

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი