პოლიტიკა

რატომ შეცვალა ყველასადმი მათრახმოღერებულმა რუსეთმა საქართველოსადმი დამოკიდებულება არც თუ ტკბილი თაფლაკვერით

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 17.04

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა ზოგადად დამახასიათებელია არა მხოლოდ პოლიტიკისთვის, არამედ ადამიანთა ურთიერთობებისთვისაც. თუმცა, ყველაზე გამოკვეთილად ამ ორ მეთოდს მაინც რუსეთის ფედერაცია იყენებს და თვალში საცემია, რომ, თუკი, ერთი მხრივ, უკრაინასთან აშკარა ომი აქვს გაჩაღებული, მოლდოვას დნესტრისპირეთით ურტყამს მათრახს, ხოლო სომხეთს უკვე უთავაზა ყარაბაღით, საქართველოსადმი ამ ეტაპზე, თუ მთლად თაფლაკვერის არა, ზომიერად მლაშე ნაზუქის პოლიტიკას ატარებს: სამხრეთელ ოს „დეპუტატებს“ რუსეთის მოქალაქეობა შეუჩერეს, მიღებაზე ცივ უარს ეუბნებიან და მცოცავი ოკუპაციაც ჯერჯერობით დაამუხრუჭეს. რა მიზნების მიღწევას ცდილობს ამ მეთოდით ჩრდილოელი მეზობელი? – ამ თემაზე აკაკი ასათიანთან ერთად ვისაუბრებთ.

– რამ გამოიწვია ჩვენდამი თაფლაკვერის პოლიტიკის ამოქმედება? გასაგებია, რომ არა ჩვენდამი სიყვარულმა.

– სხვათა შორის, პოლიტიკის კატეგორია არ არის, მაგრამ ჩვენ მიმართ ყველაზე უარეს პერიოდებშიც კი, სიმპათიით, ხუთეულში ვიყავით ხოლმე და ეს საწყალი სომხები, რომლებიც ყველანაირად ეპირფერებოდნენ და ექლესებოდნენ, ბოლოსკენ იყვნენ. უცნაური ამბავია.

– ჩვენ კარგი ტიპები ვართ მაინც.

– დიახ, რაც მათ აკლიათ, ის გვახასიათებს. ჩვენ ხომ ხალისიანი ხალხი ვართ და ამით მოვიტანეთ თავი. ხანდახან მაღიზიანებს ეს უდარდელობა-დარდიმანდობა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა ათასწლეულებში გამოვლა. მათ აკლიათ ეს: ან ველური დროსტარება იციან, ან დაბოღმილები არიან.

– ირონიის საგანია ხოლმე ჩვენებური რწმუნებულება, რომ, თუ ჩიტი მოისაქმებს შენს თავზე ან შემთხვევით ნეხვში ჩაკრავ ფეხს, ფული იცისო. არადა, ვფიქრობ, ძალიან დიდი ნდობაა სამყაროსადმი, როდესაც მაშინაც კი, როდესაც ასეთ არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში, ანუ ნეგატივში ვარდება, ქართველი ელის დადებითს.

– აბა, რა ქნას?! ადრე სპეციალურად ვუყურებდი რუსულ არხებს, ახლა – აღარ და რომელიღაც შოუში ვიღაცამ კითხვა დასვა, ქართველი ვინ არისო. ქართველი არის ადამიანი, ვინც დარწმუნებულია, რომ სამყარო შეიქმნა მისი ბედნიერებისთვისა და დროსტარებისთვისო. ეგ სხვა რამეა, რა თქმა უნდა. ამჟამინდელი, პირობითად, თაფლაკვერით, ერთი მხრივ, ხელისუფლებას უფასებენ, რომ არ ილანძღება და არ იგინება. და იმ ფონზე, რაც ხდება, რუსეთისთვის მაინც დადებითი მომენტია. ჩვენ ჩრდილო კორეა და ირანი არ ვართ, თუმცა მათგანაც ჭურვებს ყიდულობენ, ისე გაუხდა საქმე ვითომ დიდი ტექნიკური მიღწევების მქონე რუსეთს. ამდენად, ჩვენს ხელისუფლებას უფასებენ თავშეკავებულობას და, მეორე მხრივ, იმ ველურობის ფონზე, როგორც თავად იქცევიან, უნდათ, რომ საკუთარი ბარბაროსობის რკალი სადღაც გაარღვიონსავით, რომ თქვან, ვინც მათდამი აშკარად მტრული არ არის, იქ რაღაც დადებითი მოძრაობები აქვთ. მათ რომ ახლა, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთი მიიერთონ, კომიკური იქნება; აფხაზებს კი, იცით, სამოკავშირეო სახელმწიფოს სტატუსი უნდათ, ესეც კომიკურია და რუსებს ესმით. აი, ამას აკეთებენ და ერთგვარ სიგნალებსაც უშვებენ, რომ, ჩვენ თუ მეტს ვიზამთ, მეტსაც მივიღებთ საპასუხოდ. მაგრამ ამაზე მეტს ჩვენ ვერ ვიზამთ. იქ ვიღაცები. ალბათ, უკმაყოფილოები არიან, რატომ არ ვუცვივდებით ფეხებში, მაგრამ, რომც უნდოდეს ეს ამ ხელისუფლებას, ვერ იზამს. მე კი ვფიქრობ, რომ არც უნდა, იმიტომ რომ, თუ ვინმემ იცის, რუსები რაც არიან, ივანიშვილმა იცის ყველაზე კარგად და მას ძალიან კარგად ესმის, რომ, თუ ბოლომდე ჩაჰბარდება, საშველი აღარ ექნება. შესაბამისად, იტოვებს რაღაც მანევრის საშუალებას და მე რომ მკითხო, სწორიცაა. ასეთი ორმხრივი დამთხვევაა და ამიტომ მათრახი ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. თაფლაკვერი აღარ აქვთ, სულ მათრახს იქნევენ. უბრალოდ, მათრახს ის ახასიათებს, რომ, თუ დიდ მანძილზე მოიქნევ, შეიძლება, ისევ შენ მოგხვდეს.

მეორე მხრივ, მაღიზიანებს, რასაც გვსაყვედურობს ხოლმე დასავლეთი, იმიტომ რომ ჯერ საკუთარ თავს მიხედონ. რუსული რაკეტებისა და დრონების დეტალების 60-80 პროცენტი დღემდე დასავლურია. ევროპამ 30-40 პროცენტამდე შეამცირა რუსული გაზისა და ნავთობის ექსპორტი. ჩვენ გვისაუბრია ამის შესახებ. უამრავი რამ ხდება ისეთი, ჩვენ რომ გვსაყვედურობენ და თავიანთ ქვეყანაში აქვთ მისახედი. ამიტომ არაფერს განსაკუთრებულს ჩვენები არ აკეთებენ. მეტიც, უკრაინას უკეტავენ ხორბალს და ევროკავშირში რუსული ხორბალი შედის. ამას უტიფრობაც არ ჰქვია.

– აშშ-მაც მიიღო კანონი, რომ რუსეთიდან ურანის შესყიდვას აჩერებს, მაგრამ, თუ სხვა მომწოდებელი ვერ ნახა, ისევ რუსეთიდან შეისყიდის. ანეკდოტია.

– ამ გაგანია ომისა და სანქციებისას კოსმოსში ამერიკელი და რუსი ერთად იყვნენ სტაციონარულ სადგურზე. ამიტომ პამპულაობას თავი დაანებონ. ახლა დაბალი ღობე გვიპოვეს და მე ვფიქრობ, თუ რამეს სწორად აკეთებს ეს ხელისუფლება, ისაა, რომ ყველაფერზე თავს არ ურტყამს იატაკს, მაპატიე, დამნაშავე ვარო. თუ ასე გინდა დამნაშავეების პოვნა, ჩემზე მეტი დამნაშავეები იპოვე. 14 000 კილომეტრში არიან და ისინი ყიდულობენ და ყიდიან რუსეთში. აი, ამას მიხედონ. ბრიტანეთი ჯონსონის დროს ლიდერი იყო უკრაინისთვის დახმარებაში, მაგრამ ბრიტანული კომპონენტებიცაა რუსეთის შეიარაღებაში. საფრანგეთი, რომელიც ახლა ცდილობს ლიდერობას, გერმანია... ასევე, ვაჭრობენ რუსეთთან. ესტონეთის პრემიერის ქმარს ძალით შეაწყვეტინეს რუსეთში ბიზნესი.

– რუსეთში ვისკის შემტანებს შორის ბალტიისპირეთი პირველ სამეულშია.

– კიდევ თავს იკავებენ ჩვენები, თორემ კაცი ჩავიდოდა ევროპარლამენტში და დაახურავდა თავზე ფაქტებითა და რიცხვებით. მაგრამ, ხომ იცით, როგორაა?! სიმართლე არავის უყვარს, მართლაც, სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიან და ახლა მაგის დრო არ არის. რაც გინდა, დაგვიყვავოს რუსეთმა, ჯერ რას გვიყვავებს, მაგრამ მაინც, მტერი დარჩა მის პირისპირ მარტო. აგერ სომხები ისე გამწარდნენ, რომ ბედავენ ევროპისა და „ნატოსკენ“ გახედვას.

– საინტერესოდ იქცევიან, ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას მოითხოვენ, მაგრამ სომხეთ-თურქეთის საზღვრიდან – არა.

– ეს მათი ისტორიული შიშია. შევარდნაძემაც კი მმართველობის პირველ პერიოდში მითხრა: ფიქრობ, რომ მე მინდა, რუსის ჯარი აქ იდგეს? მაგრამ მათი საზღვრიდან გაყვანას ვერ ვბედავ, სანამ თურქეთთან ურთიერთობა საბოლოოდ არ გაირკვევაო. მაგრამ ჩამოყალიბდა, რომ თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე კორექტული მეზობელია. ყოველთვის მზად არის ჩვენს დასახმარებლად. ყველაზე ველურ რუკებზეც კი, ჩვენზე ლაპარაკიც არ არის, მაგრამ სომხეთი არც ხატია. ამიტომ სომხებს ვერ გაამტყუნებ.

– არ ვამტყუნებ, ფაქტს ვამბობ.

– რასაც ბედავს სომხეთი, ისიც მიკვირს. სტოლტენბერგის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში; მცდელობა, რომ ევროპაში მოხდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის შერიგება და ჩვენი წვლილის შეტანაც არ იქნება ცუდი ამ საქმეში. ჩვენ სამის თანამშრომლობა ძალიან წაგვადგებოდა ყველას, თუმცა ჩვენ ორივე ქვეყანასთან ნორმალურად ვართ, ორივე ანგარიშს გვიწევს და, განსაკუთრებულად, აზერბაიჯანი. მე არ დამავიწყდება მათ საინფორმაციო გამოშვებაში ალიევმა რომ რუსულად თქვა, ჩვენს ძმებს, ქართველებს, საყვედურობენ სომხები, რატომ არ გაატარეს მათი ძმა აზერბაიჯანელების საწინააღმდეგო იარაღიო, რასაც საყოველთაო აღტაცება და ტაშისკვრა მოჰყვა. მეორე მხრივ, ისიც ვთქვათ, რომ რუსმაც არ მოინდომა, თორემ მაგ იარაღის არგატარება შეიძლება, ძვირად დაგვჯდომოდა. ყოველ შემთხვევაში, ისე იხლართება გორდიას კვანძი, რომლის გახსნაც მაკედონელის მეთოდით თუ გახდება შესაძლებელი, ამიტომ ბოლომდე არ უნდა ჩაიხლართოს. ამაში დიდმა სახელმწიფოებმა უნდა შეასრულონ თავიანთი როლი: ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა, უპირველესად. ისინი კი გაშტერებულები არიან. ისიც კი მიკვირს, რაც შეძლეს. საბოლოოდ, ის გამოჩნდა, რასაც ვამბობდი: ულიდერობა.

– მე უკვე დავრწმუნდი, მათ არანაირი გეგმა არ ჰქონდათ, იმას გარდა, რომ ელოდნენ, უკრაინა იომებდა.

– ესეც არ ეგონათ.

– დიახ, ეს ისეთივე დაზვერვა იყო ომით, როგორც ჩვენთან 2008-ში.

– რომ ეფიქრათ, უკრაინა იომებდა, რაღაცას მანამდე მიაწვდიდნენ ან ომის პირველ ეტაპზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს უკრაინელები არ ეპუებიან რუსებს. თავიდან, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით ებრძოდნენ. შიშველი ხელები ჰქვია, ძველი საბჭოთა ტექნიკით რომ ომობ. დრონები თურქებმა მიაწოდეს სასწრაფოდ და ამან უშველა უკრაინას. ქარხანაც გახსნეს თურქებმა, თორემ დასავლეთმა წელი ვერ აითრია და ჯონსონმა ჩააყენა ცოტა უხერხულ მდგომარეობაში. ახლა ცოტა ფული გამოუყო ევროპამ. ამერიკაში „დემოკრატების“ ტუტუცობის გამო გაჭედილია დახმარება. აბრალებენ „რესპუბლიკელებს“, სინამდვილეში კი, თავიანთი საარჩევნო მიზნებისთვის, ლათინოსები რომ შეუშვან, რომლებიც მათ მისცემენ ხმას, რითიც თავიანთ ქვეყანასაც უშავებენ, უკრაინასაც, მსოფლიოსაც და თავის ლიდერობასაც მსოფლიოში. რა უნდა ელაპარაკო ასეთ ხალხს?! ჩერჩილისა და რუზველტისთვის ეშმაკის მსახური იყო სტალინი, მაგრამ, რომ გაუჭირდათ, შეეკვრნენ. თუმცა, მაშინაც კარგა ხანს ითრიეს ფეხი. მე არ ვარ მათი მეხოტბე, მაგრამ ეს ხელისუფლება სწორად იქცევა, თუმცა ფორმალური რაღაცების გაკეთება მაინც შეიძლებოდა, მაგალითად, სანქციების დაწესება ვინმე რუს ოლიგარქებზე, რომლებიც არასდროს ჩამოვიდოდნენ საქართველოში. ჩვენი რა მიდიოდა?! სავიზო რეჟიმის დაწესებაც შეიძლებოდა, რომ სატლიკინო არავის ჰქონოდა. ასეა თუ ისე, შექმნილ ვითარებაში ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო და ამაზე ნაკლები არ უნდა გავაკეთოთ. ზედმეტად თავი არ უნდა გამოვიდოთ, მაგრამ თავიც უნდა დავიჭიროთ, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ბალტიელები რომ ასეთ დიდგულზე არიან, „ნატოს“ ქოლგა ახურავთ და ევროკავშირის ფინანსები კვებავთ. მე რომ მქონოდა ეგ ამბავი, იქნებ სხვაზე მეტად გულადიც კი ვყოფილიყავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი