მედიცინა

როგორ უნდა ვიზრუნოთ სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებაზე

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.04

ბრეკეტები
დაკოპირებულია

ყბებისა და კბილების აგებულების თავისებურება მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგვეცემა.

ანომალიური თანკბილვის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზეზი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სამშობიარო ან დაბადების შემდგომი ტრავმაა. ამ სახსარზე მდებარეობს ქვედა ყბის აქტიური ზრდის ზონა, რომლის დაზიანება ქვედა ყბის განვითარების ცალმხრივ ან ორმხრივ ჩამორჩენას განაპირობებს.

ასევე, გავრცელებული მიზეზია პირით სუნთქვა. ამ დროს ირღვევა პირის გარეთა და შიგნითა კუნთების მიოდინამიკური წონასწორობა, რაც ზედა ყბის შევიწროებასა და სხვადასხვა ანომალიას იწვევს. ასეთი ბავშვები თითქოს ცხვირში ლაპარაკობენ, ახასიათებთ იძულებითი თავდახრილი პოზა, რის გამოც ტანდეგობაც ერღვევათ.

კბილთა პათოლოგიების გამომწვევ მიზეზთაგან საქართველოში ყველაზე მეტადაა გავრცელებული არასათანადო ჰიგიენის გამო სარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვა. სარძევე კბილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან უყურადღებოდ დატოვებული პათოლოგიური პროცესი შეუქცევადად აზიანებს არა მხოლოდ მოსაცვლელ, არამედ მათ ადგილას ამოსასვლელ მუდმივ კბილებსაც. კბილების ნაადრევი ექსტრაქციის შემდეგ მუდმივ კბილებს ადგილი ეკარგება, რადგან მეზობელი კბილები სიცარიელისკენ გადაინაცვლებს, ეს კი კბილთა მჭიდრო დგომას და თანკბილვის დარღვევას იწვევს.

ჰიგიენის წესებთან ერთად მშობლები აუცილებლად უნდა იცნობდნენ და ითვალისწინებდნენ მატყუარას გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს, ბუნებრივი და ხელოვნური კვების თავისებურებებს.

ძუძუთი კვება კუნთების შეკუმშვას ასტიმულირებს, რაც ქვედა ყბის ზრდას უწყობს ხელს. ვინაიდან ჩვილი ქვედა ყბის უკან დგომით იბადება, ბუნებრივი კვება ყბის ზრდა-განვითარების ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა. ხელოვნური კვების შემთხვევაში ისეთი საწოვარა უნდა შეირჩეს, რომ ნარევი ადვილად არ გადმოდიოდეს ხვრელიდან და კვების პროცესი სწორად წარიმართოს.

მატყუარას ყელი ხელს უშლის ცენტრალური საჭრელი კბილების შეხებას. ამ მცირე, მაგრამ მუდმივ ზეწოლას შეუძლია, ღია თანკბილვის განვითარება და ქვედა ყბის ზრდის შეფერხება გამოიწვიოს, ამიტომ, როგორც კი ბავშვს 6 თვე შეუსრულდება, სასურველია, მატყუარას გადააჩვიოთ.

მენიუში მყარი საკვების სიმცირე კბილთა მწკრივის შევიწროებას, მჭიდრო დგომას, დროთა განმავლობაში კი მრავლობით კარიესსა და ღრძილების დაავადებებს იწვევს. ღეჭვითი რეფლექსის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია, წინა კბილების ამოჭრისთანავე (8-12 თვე) მივცეთ ბავშვს დაჭრილი ხილი და ბოსტნეული, რათა ღეჭვის ჩვევა განივითაროს. 2,5 წლის ასაკში, როცა უკვე ყველა სარძევე კბილი ამოჭრილია, დაუშვებელია ბავშვის კვება ფაფისებრი კონსისტენციის საკვებით, ვინაიდან ამ დროს საღეჭი მუსკულატურა თითქმის არ იტვირთება, ყბების სიმეტრიული სტიმულაცია არ ხდება.

პრობლემის თავიდან ასაცილებლად ღეჭვითი ვარჯიშები და ფიზიკური თერაპიაა რეკომენდებული.

მშობლების უმეტესობა მკურნალობის დასაწყებად სარძევე კბილების მოცვლას და მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბებას ელოდება. გახსოვდეთ, სწორი თანკბილვა არა მხოლოდ მომხიბვლელ ღიმილს, არამედ პირის ღრუს არაერთი დაავადების პრევენციასაც ნიშნავს. თავის ადგილას მდგარი კბილები გაცილებით ჯანსაღია და ნაკლებად ზიანდება, არასწორი თანკბილვა კი, პირიქით, კბილებისა და ღრძილების დაავადებათა განვითარებას უწყობს ხელს. არათანაბრად განაწილებული ღეჭვის ძალა დროთა განმავლობაში კბილების მორყევას, ცვეთას, კბილის ირგვლივი ქსოვილის, პაროდონტის, დაზიანებას იწვევს. მჭიდროდ მდგომი კბილები ხელს უშლის პირის ღრუს სრულფასოვან ჰიგიენას, რაც, თავისთავად, კარიესისა და მისი გართულებების წინაპირობაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი