მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ მუცლის ტკივილზე

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.05

მუცლის ტკივილი
დაკოპირებულია

ბავშვები, უმთავრესად, მუცლის ტკივილს უჩივიან, უფრო ხშირად კი მუცლის ტკივილი 2 წელზე უფროსებს, უპირატესად კი, სასკოლო ასაკის ბავშვებს აწუხებთ. ეს იმის ბრალია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი უფრო და უფრო მრავალფეროვნად იკვებება – სანამ პატარაა, მშობლები ფრთხილობენ და შედარებით ერთფეროვან საკვებს სთავაზობენ. ამას ერთვის ისიც, რომ სკოლაში სიარულის დროს ბავშვი საუზმეს ხშირად სწრაფი კვების ობიექტებში ყიდულობს.

მცირე ასაკის ბავშვებში მუცლის ტკივილის მთავარი მიზეზი ჰელმინთოზი ანუ ჭიის კვერცხებით ინვაზიაა. მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მოგეხსენებათ, ჩვენს პატარებს მეტად დაბინძურებულ გარემოში უხდებათ არსებობა. საბავშვო ბაღში თუ სკოლაში ძალიან ადვილია ჭიის კვერცხებით დასნებოვნება. ამიტომ მკურნალობის ეფექტიანობის მთავარი პირობა ჰიგიენური ნორმების დაცვაა, ბავშვმა ხშირად უნდა დაიბანოს ხელები. გამორიცხულია დაუბანელი ხელებით საკვების მიღება.

ჰელმინთოზზე მიგვანიშნებს კბილების კრაჭუნი ძილი დროს, გაძლიერებული ნერწყვდენა და უკანა ტანის ქავილი, თუმცა ამ ნიშნების არსებობა აუცილებელი სრულიადაც არ არის. საკმარისია, ბავშვი ხშირად იტკიებდეს მუცელს, რომ ის უთუოდ უნდა მივიყვანოთ ექიმთან და პირველ რიგში ჭიის კვერცხების არსებობაზე გამოვიკვლიოთ.

საჭიროა მშობლებმა ბავშვებს ნატურალური საკვები შესთავაზონ, მოარიდონ ძეხვეულს, სოსისებს, შებოლილ ხორცს, ჩიფსებსა და სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმს.

არასასურველია გაზიანი სასმელებით, მაგალითად, „კოკა-კოლათი“ გატაცება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ტკბილი გაზიანი სასმელები სრულებით ავუკრძალოთ. დაბადების დღეზე, წვეულებებზე ერთი ჭიქა „კოკა-კოლას“ დალევა პატარას ნამდვილად არ ავნებს.

სკოლის მოსწავლე, სულ მცირე, სამჯერ მაინც უნდა იღებდეს საკვებს. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი უსაუზმო, მშიერი მიდის სკოლაში და პირველი კვება 2-3 საათზე უწევს. ეს სრულიად გაუმართლებელია. საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლოვანი აპარატი რეჟიმულად უნდა მუშაობდეს.

ახალგაღვიძებულ ბავშვს არ შია და ჭამა იძულებით უწევს. საუზმეს, დისკომფორტი რომ არ ახლდეს თან, სჯობს, ბავშვი ადრე დააძინოთ. მაშინ ის უფრო ადრე გაიღვიძებს და გამოფხიზლებასა და ჯეროვნად მოშიებასაც მოასწრებს. ამის შემდეგ, სასურველია, მან მსუბუქად წაიხემსოს, თუკი, რაღა თქმა უნდა, სკოლაში ამის საშუალება აქვს. შემდეგ შინ უნდა ისადილოს, ბოლოს კი მსუბუქად ივახშმოს. ბავშვმა წვნიანი ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც უნდა მიიღოს. მიიჩნევენ, რომ არ არის სასურველი, ერთბაშად მიირთვას პირველი კერძი, მეორე კერძი და დესერტი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მეტისმეტად იტვირთება და შეიძლება, მონელების პროცესი დაირღვეს. უმჯობესია, თითოეულ ჯერზე ბავშვმა თითო სახის საკვები მიიღოს. ხილი სასურველია ცალკე მივცეთ. ასე ორგანიზმი მას უკეთ შეითვისებს და სარგებლობასაც მეტს მოიტანს.

საღეჭი რეზინის ღეჭვა ჭამის შემდეგ 15-20 წუთის განმავლობაში სასურველია, ვინაიდან იგი პირის ღრუს ასუფთავებს და სასიამოვნო არომატსაც ტოვებს, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში და, მით უმეტეს, მშიერ კუჭზე ღეჭვა გამართლებული ნამდვილად არ არის და აი, რატომ: რეზინის ღეჭვის დროს გამომუშავდება კუჭის წვენი, რომელიც საკვების მონელებისთვისაა საჭირო და ვინაიდან კუჭში საკვები არ არის, იგი კუჭის ლორწოვანს ინელებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი