ბელადები

როგორ აკონტროლებდა ბერია ანტისაბჭოთა ორგანიზაციებს

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 14.04

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია სპეცოპერაციების დაგეგმვისა და შესრულების უბადლო დიდოსტატი იყო. ნიშანდობლივია ისიც, რომ ბერია პირადად არჩევდა თითოეულ შემსრულებელს, უშუალო მონაწილეობას იღებდა მათთვის გეგმების შექმნაში და ამასთან, მუდმივად იმყოფებოდა თითოეული ოპერაციის მიმდინარეობის საქმის კურსში. ერთ-ერთი ასეთი მრავალწლიანი და კომპლექსური სპეცოპერაცია იყო „ანტიკომუნისტური ევროპული კავშირის საქმიანობა“.

გენერალი პავლე ფიტინი: „საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვა ბერიას ხელში ყოველთვის დიდი დატვირთვითა და ეფექტურობით მუშაობდა. ომის წლებში კი ზესაგანგებო რეჟიმი გვქონდა. ომის დამთავრების შემდეგ ეს რეჟიმი კარგა ხანს არ შერბილებულა და ჩემს კოლეგებს ისევ უდიდესი მოცულობის სამუშაოს შესრულება უწევდათ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის დიდ ნაწილში პროსაბჭოთა მთავრობები ფუნქციონირებდნენ, მაინც ძლიერდებოდა ანტისაბჭოური არალეგალური, მათ შორის, ტერორისტული ორგანიზაციები. თითქმის ყველა მათგანს დასავლეთი, ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებდა. საქმეში მათი გამოცდილი მზვერავები და დივერსანტებიც იყვნენ ჩართული. საფრთხე იზრდებოდა. ეს ჯგუფები და ორგანიზაციები სოკოებივით მრავლდებოდნენ და ქმედითი ზომების მიღება იყო საჭირო. ბერიამ ვიწრო წრეში საგანგებო თათბირი ჩაატარა. ამ თათბირს მე, პავლე სუდოპლატოვი და ნაუმ ეიტინგონი ვესწრებოდით. ლავრენტი პავლეს ძემ გვითხრა, რომ უმოკლეს დროში უნდა მოგვემზადებინა შესაბამისი კადრები ევროპაში სამუშაოდ. საჭირო იყო 30 მამაკაცი და 120 ქალი, სხვადასხვა ევროპული ენის კარგი ცოდნითა და მზვერავის საქმიანობაში სრული მომზადებით. ასეთი კონტინგენტი მოვძებნეთ და სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში ფარულად გადავისროლეთ, რა თქმა უნდა, გამოგონილი სახელებით. 33 წლის პეტრე ჩხაიძე კი უნგრეთში მივავლინეთ და სწორედ ის იყო ამ ოპერაციის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა. საქართველოში დაბადებული ჩხაიძე უნგრულ ენას უბარდლოდ ფლობდა. გარეგნობითაც ევროპელს ჰგავდა და დიდი „ჩეკისტური“ გამოცდილებაც ჰქონდა. პეტრე ჩხაიძეს ლაიოშ ბალაის სახელზე უნგრული პასპორტი დავუმზადეთ. 2-2 ათასი ამერიკული დოლარითა და ბრიტანული ფუნტებით აღვჭურვეთ და მის პასპორტში რომ ნამდვილი ვიზები ყოფილიყო ჩარტყმული, არალეგალურად ჯერ არგენტინაში გადავისროლეთ, შემდგომ კი ის საოკეანო ლაინერმა ლივერპულში ჩაიყვანა და მთელი ევროპის გავლით ბუდაპეშტში ჩავიდა. ბალაი თავს ეთნოგრაფად ასაღებდა და მთელ ქვეყანაში მოგზაურობდა „თავისი მომავალი წიგნისთვის მასალების შესაგროვებლად“. სინამდვილეში კი მან შექმნა იატაკქვეშა ორგანიზაცია „ანტიკომუნისტური ევროპული კავშირი“. შემდგომ ამ ორგანიზაციაში „გააწევრიანა“ ის ხალხი, ვინც ჩვენ წინასწარ გავანაწილეთ სხვადასხვა ქვეყანაში და მათ დაიწყეს ფუნქციონირება. ოპერაციის მიზანი ის იყო, რომ ბალაის ორგანიზაციას კავშირები მოეძებნა ნამდვილ ანტისაბჭოთა ევროპულ ორგანიზაციებთან. გამოევლინა მათი წევრები, კავშირები, დაფინანსების წყაროები და ჩვენი კონტროლის ქვეშ დაგვეყენებინა. ჩხაიძემ და მისმა კოლეგებმა საწყის ეტაპს 2 წელიწადი მოანდომეს და 1948 წლისთვის არაერთ ანტისაბჭოთა ორგანიზაციასთან დაამყარეს კავშირი. კიდევ 2 წლის შემდეგ კი ევროპაში ჩვენ უკვე მსგავსი ორგანიზაციების 89 პროცენტს ვაკონტროლებდით და საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლო, თითოეულ მათ წევრს მივწვდომოდით“.

ჩხაიძის ჯგუფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება ის იყო, რომ მათ უკრაინელ ნაციონალებთან არა მარტო კავშირი დაამყარეს, არამედ მათი დიდი ნდობით აღიჭურვნენ და ცენტრს ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცეს. ყველაზე ფასეული კი ის იყო, რომ ჩხაიძის ჯგუფმა შეიტყო გრანდიოზული ტერორისტული აქციის მომზადების ამბავი, რომელსაც ისინი გეგმავდნენ. 1951 წლის მაისის ერთ ღამეს 300 კბილებამდე შეიარაღებული უკრაინელი ნაციონალისტი თავს უნდა დასხმოდა ქალაქ ლვოვის განაპირას მდებარე შინაგანი ჯარის ყაზარმას და ყველანი ამოეხოცათ. ყაზარმაში კი 400 ადამიანი იმყოფებოდა. ამ აქციას ჩხაიძისა და მისი კოლეგების წყალობით, მომზადებული დახვდნენ და როდესაც ყაზარმაში ტერორისტები შეიჭრნენ და სროლა ატეხეს, იქ უკვე არავინ იყო. თავად ისინი კი ალყაში აღმოჩნდნენ და რამდენიმე წრიული გასროლის შემდეგ იარაღი დაყარეს და საბჭოთა ხელისუფლებას ჩაჰბარდნენ. ამ აქციამ უკრაინაში დროებით შეანელა ნაციონალისტური მოძრაობა, თუმცა მოღალატის ძებნას შეუდგნენ, მაგრამ ლაიოშ ბალაიზე ეჭვი არავის მიუტანია. ჩხაიძემ და მისმა კოლეგებმა სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო მიიღეს. ლავრენტი ბერია კი ამ ოპერაციის გამო სტალინმა ლენინის ორდენით დააჯილდოვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი