ბელადები

რა მნიშვნელოვანი მსოფლიო ორგანო შეიქმნა სტალინის ინიციატივით

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.04

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირს ოცდაათი წელიწადი ხელმძღვანელობდა და იმაზე მეტი გააკეთა ქვეყნისთვის (ძირითადად, რუსეთისთვის), ვიდრე რუსეთის ყველა მმართველმა ერთად აღებულმა.

ბორის სოკოლოვი: „უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ჰიტლერის მიერ გერმანიის აღორძინება წინასწარ შემუშავებული დასავლური გეგმის ნაწილი იყო, საბჭოთა კავშირის აღორძინება კი, პირველ რიგში, სტალინის მონდომებით მოხდა და ამ ადამიანმა გადაუწყვეტელი ამოცანა გადაჭრა და დასავლეთს პირწმინდად ჩაუშალა გეგმები.“

იაკობ კედმი: „ზოგადად, სტალინი მშვიდობისმოყვარე პოლიტიკის მომხრე იყო. ყოველ შემთხვევაში, ის ყოველთვის ამის დეკლარირებას ახდენდა და შესაბამის ნაბიჯს დგამდა, თუმცა, დასავლეთი მსგავსი ქმედებებით არ პასუხობდა, პირიქით, ისინი (დასავლეთი) მონსტრს ზრდიდნენ ჰიტლერის სახით, რომელიც შემდგომ მათვე მიუბრუნდა და რომ არა საბჭოთა კავშირი და მისი მეთაური სტალინი, ისევე გადაყლაპავდა დანარჩენ ევროპას, როგორც ევროპის ნახევარი შესანსლა. მაგალითად, ჯერ კიდევ 1935 წელს სტალინმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ ჩემბერლენს, საფრანგეთის პრემიერ დალადიესა და შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რუზველტს შესთავაზა, რომ ერთობლივი უსაფრთხოების სისტემა შეექმნათ ერთიანი ჯარითა და მაკონტროლებლებით, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. ან ვინ დათანხმდებოდა, როცა ეს ქვეყნები ჰიტლერს საბჭოთა კავშირის გასანადგურებლად ამზადებდნენ“.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „დეკემბრის მიწურული იყო. ახალი წლის წინა დღეები. სტალინმა კუნცევოს აგარაკზე მიხმო. ჩვენ სასადილო ოთახში დავსხედით. მან სადაზვერვო ცნობების ფურცლები მომაწოდა და მითხრა.:

– აი, გაეცანი. აქედან აშკარაა, რომ დასავლეთი ჩვენ წინააღმდეგ გადამწყვეტ დარტყმას ამზადებს. ნახე, რას ამბობენ ჩვენი ძვირფასი კაპიტალისტი კოლეგები.

ყველაზე საწყენი იყო იმჟამინდელი დიდი ბრიტანეთის საადმირალოს პირველი ლორდის, უინსტონ ჩერჩილის სიტყვები, რომელსაც კაბინეტის საიდუმლო თათბირზე უთქვამს: რუსები დიდ ომებში ყოველთვის საზარბაზნე ხორცი იყვნენ და ეს მათი დანიშნულებაა. ისინი მომავალ დიდ ომშიც ამ ფუნქციას შეასრულებენ და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ხორცი რაც შეიძლება, მეტმა ზარბაზანმა შეიწიროს, რაც მათი კომუნისტური იდეოლოგიის საბოლოო დასამარება იქნებაო.

ჩერჩილის ამ სიტყვების გამო სტალინს რომ ჩემი სინანული გავუზიარე, მან თქვა:

– ჭკვიანი და ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია ჩერჩილი, თანაც, მეომარი, დიდი ალბათობით, ის პრემიერიც გახდება. გამოდის, რომ ჩერჩილი აქტიურადაა ჩართული ჩვენ წინააღმდეგ წარმოებულ შეთქმულებაში, მაგრამ, გარწმუნებ, ის ამ სიტვყვებსა და შეთქმულებაში მონაწილეობას მწარედ ინანებს.

აშკარა იყო, რომ ჯერ კიდევ არაპრემიერმა ჩერჩილმა შესანიშნავად იცოდა, თუ ვის და რატომ დასჭირდა ჰიტლერი და რა დანიშნულება ჰქონდა მას გლობალურ პოლიტიკაში. ნამდვილად გამართლდა სტალინის სიტყვები და ჩერჩილმა თქვა: ჰიტლერი ჩვენ გავათამამეთ და ეს ჭირი მსოფლიოს დროზე არ მოვაცილეთო. ასევე, ჩერჩილის აღიარებაა, როცა მან თეირანის კონფერენციაზე, მისსავე დაბადების დღის აღსანიშნავად გაშლილ სუფრასთან თქვა: გმირი რუსი ერი მსოფლიოს მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცები არიან და მათი დიდებისას ვსვამო. სტალინმა კი რეპლიკა ისროლა, ვითომ ზოგადი, მაგრამ ათიანში მოარტყა. მან თქვა: ეს სრული სიმართლეა, თუმცა, ზოგიერთს ადრე ის საზარბაზნე ხორცად მიაჩნდაო. ჩერჩილს ჩაეცინა და ჩაილაპარაკა: რუსული დაზვერვა ოდითგანვე შესანიშნავად მუშაობსო“.

იაკობ კედმი: „სტალინის მშვიდობისმოყვარე ინიციატივები ომის დამთავრების შემდეგაც ბევრი იყო. საბჭოთა ბელადმა კვლავ გააჟღერა კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რაც ნაწილობრივ განხორციელდა და შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ნიშანდობლივია ეს ფაქტი იმ კუთხით, რომ სტალინს მშვიდობისმყოფლად წარმოადგენს. სხვათა შორის, სტალინი „გაეროს“ პირველ სხდომაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო და მოხსენება მომზადებულიც ჰქონდა, მაგრამ ნიუ-იორკში არ ჩასულა და იქ მოლოტოვი და გრომიკო გაგზავნა. სავარაუდოდ, საბჭოთა ბელადს იმ პერიოდში ინსულტი დაემართა, თუმცა ეს დაუზუსტებელია...“

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინმა 1950 წელს მოსკოვში მშვიდობისმოყვარე ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია გამართა და ეს იყო წინაპირობა იმისა, რომ მომავალში, ეგრეთ წოდებული, მიუმხრობელი ქვეყნების კავშირი შეიქმნა, რაც ფაქტობრივად, პროსაბჭოური ორგანიზაცია იყო. ნიშანდობლივია ის, რომ ამ კონფერენციაზე შარლ დე გოლი იყო მიწვეული. ის მოსკოვში ჩავიდა და აქტიურადაც მონაწილეობდა ამ ფორუმში. მართალია, მაშინ დე გოლს საფრანგეთის მთავრობაში ოფიციალური პოსტი არ ეკავა, მაგრამ ის საფრანგეთის ეროვნული გმირი და ყველაზე მაღალრეიტინგიანი პოლიტიკოსი იყო. სულ მალე დე გოლი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა და სტალინის გავლენით, საბჭოთა კავშირისთვის არასაზიანო პოლიტიკას ატარებდა“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი