ჰოროსკოპი და შეუცნობელი

„ბნელი სულების“ რამდენი ტიპი არსებობს და რით იკვებებიან ისინი სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას

№15

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 19.04

შეუცნობელი
დაკოპირებულია

განვითარების ბნელი გზა: რა არის ეს და როგორ ამოვიცნოთ „ბნელი სული”? - არაერთხელ გვისაუბრია კარმაზე, რეინკარნაციაზე - ხელახლა დაბადებაზე და იმაზეც, რომ ადრე თუ გვიან, ადამიანი ცუდი საქციელისთვის აუცილებლად დაისჯება, უფრო სწორად, თავისი ნამოქმედარის „მეორე მხარესაც“ გამოცდის - გაივლის იმავეს, რაც მის ქმედებათა „მსხვერპლმა“ განიცადა. როგორ მიმდინარეობს მთელი ეს ციკლი, რა ზიანია „ბნელი სულებისგან“ მოსალოდნელი და როგორ უნდა ამოვიცნოთ ისინი საზოგადოებაში, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ელდარ ბ.

- „სულის ბნელი გზა” ეზოთერიზმში - მითები და რეალობა. ამ თეორიის მიხედვით: არსებობენ „ბნელი სულები“, რომლებიც ჩვენს სამყაროში იმისთვის იჭრებიან, რომ შეგნებულად შემოიტანონ ნეგატივი. ყველაზე საინტერესო კი მასში ისაა, რომ ასეთ სულებს ცუდი საქმეებისთვის „არაფერიც არ მოეკითხებათ”. ანუ, „ნათელი” ადამიანებისგან განსხვავებით, მათ კარმა არ სჯის, რადგან განზრახ „ემსახურებიან სიბნელეს”. ამიტომ, რამდენი ბოროტებაც არ უნდა ჩაიდინონ, ბოლოს მაინც ბედნიერად იცხოვრებენ... ამ თეორიაში ვეთანხმები მხოლოდ იმას, რომ ნამდვილად არის სულების გარკვეული კატეგორია, რამდენიმე ან თუნდაც მრავალი სიცოცხლის განმავლობაში რომ მიჰყვება „ბნელ გზას“.

- რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ „ბნელი სული“?

- აღვწერ რამდენიმე ძირითად ტიპს: 1. ადამიანი, რომელიც სიამოვნებას სხვისი უარყოფითი ემოციების: შიშის, სირცხვილის, სიძულვილის, ტკივილისგან იღებს. ამით „იკვებება“ და თავსაც სხვებზე უპირატესად მიიჩნევს; 2. ხელისუფლებაში მოდის ფულისა და გავლენის მოსახვეჭად, რისთვისაც უკან არაფერზე იხევს, ხოლო მის მიზანს შეწირულთა განადგურებული ცხოვრება, საერთოდ არ აწუხებს, ან დიდებას დამსახურებად მიიჩნევს; 3. მაშინაც კი, თუ „ბნელი სული“ ძალაუფლებისა და გავლენისკენ არ ისწრაფვის, მუდმივად მაინც იმის მოთხოვნილება აქვს, დაამციროს, გააღიზიანოს, გაამწაროს სხვები - ეს ერთგვარი „ემოციური გაფუჭება“ ან აუცილებელი საზრდოა იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოს. ამან კი, მოსიყვარულე ოჯახსა და კარგ პირობებში გაზრდის მიუხედავად, შეიძლება ადრეული ასაკიდანვე იჩინოს თავი,; 4. „ბნელი სულები”, განსაკუთრებით, ვინც განვითარების გარკვეულ დონეს მიაღწია, სამყაროს ყოფენ „ჩვენიანებად” და „სხვებად”. „ჩვენიანები“ მათთან დაახლოებულ ადამიანთა მცირე ჯგუფია, ხოლო, ვინც ნეგატიური განვითარების მხრივ უფრო შორს წავიდა - კერპები, რომლებთანაც გულწრფელი და ძლიერი გრძნობები აკავშირებთ: შეუძლიათ შეიყვარონ, დაიცვან და ერთგულად ემსახურონ კიდეც. უფრო მეტიც, სხვების მიმართ დაუნდობელნი, მზად არიან, თავისიანებს მთელი სამყარო ფეხქვეშ გაუფინონ. „სხვები“ კი ყველა დანარჩენია, რომელთაც სახარჯო მასალად, „ნადავლად” მიიჩნევენ. მათი დამცირებით თავს უკეთ გრძნობენ, გამოყენებით კი, მიზნისკენ გზას იხსნიან და თავიდან იშორებენ - არც სწყალობენ და არც თანაუგრძნობენ: სუსტებად და მდაბიოებად მიიჩნევენ. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ისეთ მშვენიერ თვისებებს, როგორიც გულმოწყალება, თავგანწირვა და თანაგრძნობაა, „ბნელი სულები“ საერთოდ არ აფასებენ „სხვებში“. მართალია, საჭიროების შემთხვევაში „სხვების“ ამ თვისებებს აქტიურად იყენებენ, მაგრამ საკუთარი მხსნელებიც კი სულელებად მიაჩნიათ. ამბობენ, ისიც კი არ იციან, რაზე ხარჯავენ ენერგიას და ასეთი „დედა ტერეზას“ ირგვლივ მყოფებს სხვა რა დარჩენიათ, თუ არა მათი სისულელით ისარგებლონ და ამაში ცუდი არაფერიაო; 5. „ბნელი სულის“ ყველაზე საშინელი თვისებაა ალბათ, რომ, რაც არ უნდა მძიმე დანაშაული ჩაიდინოს, სინანულის გრძნობა არ გააჩნია. ასეთ ადამიანებს სინდისი „გამორთული” აქვთ და არ მუშაობს. ერთადერთი გამონაკლისი „საკუთარ ხალხთან” ურთიერთობაა - ამ შემთხვევაში, ჩნდება ხასიათის საუკეთესო და კეთილშობილური თვისებები. საყვარელი ადამიანისთვის მიყენებულმა უმნიშვნელო ზიანმაც კი შეიძლება, ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვიოს მათში.

- როგორ უნდა გამოვავლინოთ „ბნელი სულები“ საზოგადოებაში?

- არსებობს სტერეოტიპი, რომ „ბნელი სული“ აუცილებლად „სადისტი მანიაკი-სატანისტია“, რომელიც გამუდმებით ახალ დანაშაულზე ფიქრობს. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის! მათი უმეტესობა, ოდნავ თუ განსხვავდება სხვებისგან - ცხოვრობს ჩვეულებრივად, კანონთან შესაბამისობაშიც კი და უფრო მეტიც, ზოგი რეგულარულად დადის ეკლესიაში და ფულსაც ქველმოქმედებას სწირავს. როგორც წესი, საკმაოდ გონივრები არიან, ესმით, რა მნიშვნელოვანია იმიჯი და რეპუტაცია, რასაც, მთელი ცხოვრება გულმოდგინედ აშენებენ. მათი ნამდვილი ბუნება კი ურთიერთობებში ვლინდება - რეგალიით მათზე დაბლა მდგომსა და უმწეოს აბულინგებენ, აშანტაჟებენ და ამით სიამოვნებას იღებენ. თავიანთ ჭეშმარიტ სახეს ავლენენ კონკურენტებთან და მტრებთან - შეუძლიათ, ნებისმიერი გზით მიაყენონ მათ ზიანი და ამისთვის მაგია გამოიყენონ, ჯადოსა თუ სხვადასხვა რიტუალის სახით. მათი გამოაშკარავების საუკეთესო დროა, ასევე, ფორსმაჟორული სიტუაციები: ომი, სტიქია... როცა კანონები პრაქტიკულად არ მუშაობს და „ბნელები“ თავს თავისუფლად გრძნობენ: არ ეშინიათ დასჯის და ნებისმიერი გზით ცდილობენ, მიზანს მიაღწიონ. ამის ისტორიული მაგალითია ნაცისტური გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს. ბევრი მათგანი, ვინც ადრე კეთილსინდისიერი მცხობელი, გლეხი ან მშენებელი იყო, საკონცენტრაციო ბანაკებში დაიწყეს მუშაობა და იქ ისეთი რამ ჩაიდინეს, მათ შთამომავლებს თმა ყალყზე დაუდგათ... თუმცა, რომ არა ომი, მათი უმეტესობა სრულიად ჩვეულებრივად იცხოვრებდა და მათი მიდრეკილებების შესახებ არავის ეცოდინებოდა... მართალია, შესაძლებლობა მიეცემოდათ თუ არა, სიამოვნებით „ჩაანაცვლებდნენ“ მეზობელს და მის ადგილს დაიკავებდნენ, არ გამოირჩეოდნენ თანაგრძნობითა და „სულიერი კეთილშობილებით“... მაგრამ მაინც დიდად არ განსხვავდებოდნენ დანარჩენებისგან. ასე რომ, უკვე იცით, როგორ გამოიყურებიან, ეგრეთ წოდებული, „ბნელი სულები“ და რით განსხვავდებიან ისინი სხვებისგან, მაგრამ უსასრულო არაფერია! ვინც ამჟამად „ბნელ გზას“ ადგას, სამუდამოდ ასე არ იქნება. ადრე თუ გვიან „პოლუსი შეიცვლება”.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი