შოუბიზნესი

როგორ შეცვალა ფეხმძიმობამ თინათინ ჯოხაძე და რაში ვერ იყენებს ის საკუთარ მდგომარეობას

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 19.03

თინათინ ჯოხაძე
დაკოპირებულია

„პოსტალიონის“ წამყვანი თინათინ ჯოხაძე პირველი შვილის მოლოდინშია. როგორი ფეხმძიმობა აქვს და როგორ ემზადება პატარასთან შესახვედრად, ამაზე თავად მოგვიყვება.

თინათინ ჯოხაძე: თურმე, ამაზე მაგარი შეგრძნება არ არსებობს. ორსულობა ყველაფრით მომწონს, საოცარი ემოციები ახლავს. ფეხმძიმე ქალები რომ დაიჩივლებენ ხოლმე რამეზე, არ მესმის. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეს პერიოდი ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ მე არანაირი გართულება არ მქონია და ამიტომ ეს მდგომარეობა ყველაფრით მომწონს. მეშვიდე თვეში გადავედი და უკვე აქტიურად დავიწყე მზადება: ბავშვის ოთახს ვაწყობთ, ავეჯსა და ტანსაცმელს ვყიდულობთ და ასე შემდეგ. ჩემი თავი საერთოდ აღარ მახსოვს, სულ პატარას ნივთების შესაძენად დავდივარ (იცინის). ვცდილობ, გავერკვე, რომელია ხარისხიანი, ბავშვისთვის უსაფრთხო და ასე შემდეგ, უკვე შეპყრობილი ვარ ამ თემებით (იცინის).

– ალბათ, სქესი უკვე იცი.

– კი, ბიჭს ველოდებით, თუმცა, ჯერ სახელი ვერ შევურჩიეთ. ვარიანტები გვაქვს, მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ გოგოს სახელის მოფიქრება უფრო მარტივია, ვიდრე ბიჭის. ჯერ ვერაფრით ჩამოვყალიბდით და ალბათ, ბავშვს რომ დავინახავთ, მაშინ მივხვდებით, რა უნდა ერქვას – ეს არის ჩვენი ბოლო იმედი (იცინის).

– როგორ წარმოგიდგენია დედობა?

– ძალიან მინდა, რომ მეგობრული დედა ვიყო. მინდა, ჩემმა შვილმა იცოდეს, რომ შეუძლია, ჩემთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს. არ მინდა, იფიქროს, რომ დედას რამეს ვერ ეტყვის. მე თუ ვერა, აბა, ვის უნდა უთხრას. მთავარია, მეგობრები ვიყოთ და დედის ნდობა ჰქონდეს. მე თვითონ მგონია, რომ დედაზე უკეთ ვერავინ დამარიგებს, ვერავინ მირჩევს და ვფიქრობ, რომ ჩემი შვილისთვისაც ასე იქნება. ძალიან მინდა, დედასთან და მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. მე ყველანაირად ვეცდები, თუმცა, ბუნებაც ბევრ რამეს განსაზრღვრავს. მინდა, გონებაში თავიდანვე მამაკაცური თვისებები ჩავუდო, ვასწავლო ქალის პატივისცემა, მშობლებისა და მეგობრების სიყვარული და ასე შემდეგ. მინდა, სულითა და ხორცით ჯანმრთელი ადამიანი გაიზარდოს.

– როგორი იყო შენი პირველი ემოციები, როცა ფეხმძიმობის შესახებ გაიგე?

– გადავირიე სიხარულისგან, მაგრამ სანამ ექიმთან არ მივედი და მან არ დამიდასტურა, მანამდე ვერაფერი ვთქვი. ტესტი რომ გავიკეთე და დადებითი მიჩვენა, უკვე გვიანი იყო, მეუღლეს მოვატყუე, გოგოების სანახავად უნდა გავიდე-მეთქი, მანქანაში ჩავჯექი და ჩემს ექიმის დავურეკე. მან მითხრა, ერთი კვირა უნდა მოიცადო, სანამ ჩემთან მოხვალო და ეს ერთი კვირა სასწაულად რთული იყო. წარმოიდგინეთ, ძალიან რომ გინდა თქვა, მაგრამ ვერც ამბობ და ვერც ვერაფერს იმჩნევ. ჩვეულებრივად უნდა გააგრძელო ცხოვრება, რაც ამ მდგომარეობაში საკმაოდ რთულია (იცინის). მერე მეუღლესაც ვუთხარი, ჩვენს მშობლებსაც და ოჯახის დანარჩენ წევრებსაც.

თავიდან, როცა მარტო შენ იცი, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ბავშვს ასე უფრო იცავ. მერე, როცა ბევრმა გაიგო, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ვერ დავიცავდი. საჯაროდ საკმაოდ გვიან „ფეისბუქის“ მეშვეობით ვთქვი. სამსახურშიც კი მარტო პროდიუსერებმა იცოდნენ. რამე რომ დამჭირვებოდა, საქმის კურსში ხომ უნდა ყოფილიყვნენ. რატომღაც მე მჯერა თვალის, სხვისი კარგი ყველას არ უხარია, ამიტომ მაქსიმალურად დიდხანს მინდოდა, შემენახა.

– მეუღლეს როგორ უთხარი?

– ვფიქრობდი, რამე განსაკუთრებული ხომ არ გავუკეთო-მეთქი, მაგრამ ასეთი მომენტები ჩემთვის ძალიან ინტიმურია. ამიტომ, ვარჩიე მაშინ მეთქვა, როცა მარტოები ვიქნებოდით. არაფერი განსაკუთრებული, სახლში ვიყავით, ჯიბეში ჩავიდე ტესტი და მას ვთხოვე ამოეღო, ისე, რომ არ იცოდა, რა იყო. რომ ამოიღო, თავიდან ცოტა გაოცდა, ეს რა არისო, მერე მიხვდა და ყველაზე სასიამოვნო იყო, რომ ამ დროს მარტოები ვიყავით და ეს სიხარული ერთად განვიცადეთ. მერე უკვე მშობლებს დავურეკეთ და ვუთხარით, რომ ბებიები და ბაბუები ხდებოდნენ. ერთი ამბავი იყო (იცინის). ყველასთვის პირველი შვილიშვილია და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება ჩვენთან (იცინის).

– როგორც თქვი, ფეხმძიმობისთვის დამახასიათებელი სირთულეები არ გაქვს.

– არა, მართლა ძალიან მარტივი ორსულობა მაქვს, მადლობა ღმერთს! იმედია, მესამე ტრიმესტრშიც ასე იქნება. არც ტოქსიკოზი მქონია, ორსულობის გამო ეთერი ერთი დღეც კი არ გამიცდენია. მინდა, მაქსიმალურად ბოლომდე ვიმუშაო. პირიქით, ამ პერიოდში უფრო აქტიურიც კი გავხდი. „პოსტალიონის“ გარდა, აქტიურად ვთანამშრომლობ ქართულ ბრენდებთან, როგორც მოდელი და მათი სახე. ასევე, გავხდი საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ გუნდის წევრი და უამრავ საინტერესო და საქველმოქმედო აქტივობას ვგეგმავთ.

– პრეტენზიული ფეხმძიმე თუ ხარ?

– ვაიმე, ამ მხრივ, მე ვერ გამოვიყენე ფეხმძიმობა (იცინის). ძალიან უპრეტენზიო ვარ და ამის გამო ჩემს თავზე ნერვები მეშლება (იცინის). ხომ იცით, ზამთარში რომ ალუჩა და საზამთრო უნდებათ ხოლმე, მე – არაფერი მსგავსი. ერთხელ რაღაც ვიდეოს ვუყურე „ფეისბუქზე“, ვიღაცები ალუჩას ჭამდნენ და ვიფიქრე, ახლა მეც შევჭამდი ალუჩას-მეთქი. მეუღლეს მივწერე, ხომ არ იცი, სად იყიდება-მეთქი და ძალიან გაუხარდა, ვაიმე, გინდა მოგიძებნოო, მაგრამ უარი ვუთხარი, მართლა არ მინდოდა, მხოლოდ წამიერად გამეფიქრა და სულ ეს იყო (იცინის). ერთადერთი, დასაწყისში ბოლოკზე ვგიჟდებოდი, არ ვიცი, რა დამემართა. ისევ ისე ვარ, როგორც აქამდე ვიყავი. არც მადა მომმატებია. უბრალოდ, აქამდე ვერ ვსაუზმობდი ხოლმე და ახლა შეიძლება, დილის ეთერამდე, ანუ 7-ის ნახევარზე კარაქიანი პურები ვჭამო (იცინის).

– მოვყვეთ, თქვენს მეუღლეზეც – როგორ დაიწყო თქვენი ამბავი?

– მე და ირაკლი ერთმანეთს 16 წლიდან ვიცნობთ. ჩვენი მშობლები კი მთელი ცხოვრებაა, მეგობრობენ. მიუხედავად ოჯახების მეგობრობისა, ჩვენ, რატომღაც, 16 წლამდე არ შევხვედრივართ ერთმანეთს. პირველად კიკეთში შევხვდით. ირაკლისგან მაშინაც ვგრძნობდი სიმპათიებს, მაგრამ პატარები ვიყავით. მერე საერთოდ აღარ გვქონდა ურთიერთობა. 2020 წელს ზღვაზე ვისვენებდი, ბათუმში. დედაჩემმა დამირეკა, ირაკლი და რამაზი (მეუღლის ძმა) ბათუმში არიან და შეეხმიანეო. ჰოდა, მე თვითონ დავურეკე ირაკლის, გამარჯობა, გახსოვარ-მეთქი?! (იცინის) შევხვდით და იმ დღიდან ერთმანეთი აღარ მოგვიშორებია გვერდიდან. 2022 წლის ბოლოსკენ ხელი მთხოვა. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა.

– ხელი როგორ გთხოვა?

– ძალიან მიყვარს, როცა სამეგობროში სთხოვენ ხელს საყვარელ ადამიანს, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს მომენტი ძალიან ინტიმურია. იქნებ, რისი თქმა უნდა საყვარელ ადამიანს შენთვის, მარტო ხელის თხოვნა ხომ არ არის. ამიტომ, სულ ვამბობდი, რომ მე მერჩივნა ეს ძალიან ვიწრო წრეში მომხდარიყო. ძალიან მიხარია, რომ ირაკლიმ ეს გაითვალისწინა და ახალი წლის ღამეს, როცა მარტოები ვიყავით, ხელი მაშინ მთხოვა. მერე მეგობრები ვნახეთ და უკვე მარტო ახალ წელს აღარ გვილოცავდნენ (იცინის).

– მეუღლე რა სფეროშია?

– კომპიუტერული ტექნოლოგიები – ინჟინერია. ამ მხრივაც ძალიან გამიმართლა, ტექნიკური საგნები კარგად ესმის, მე უფრო ჰუმანიტარი ვარ და ვხუმრობ ხოლმე, ბავშვს მათემატიკაში შენ ამეცადინებ, ჰუმანიტარულ საგნებში – მე, შენ სპორტს ასწავლი, მე კი – ცეკვას და სიმღერას-მეთქი (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი