შოუბიზნესი

რა პასუხისმგებლობაა ლიკა წიფურიასთვის ჭკუასელების ოჯახის რძლობა და როგორია მისი და უმცროსი ჯემალ ჭკუასელის სიყვარულის ისტორია

№12

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 26.03

ლიკა წიფურია
დაკოპირებულია

ლიკა წიფურია ანსამბლ „ერისიონის“ მსახიობ-მოცეკვავეა. იმავდროულად, ის ჭკუასელების ოჯახის რძალია. როგორია მისი პროფესიული გზა და ოჯახური ცხოვრება, ამაზე თავად მოგვიყვება.

ლიკა წიფურია: ძალიან მორიდებული, მორცხვი, დამჯერი და ლმობიერი ბავშვი ვიყავი. სიცელქით არ გამოვირჩეოდი. ბაღში თუ სკოლაში როცა ფოტოგადაღება ან ზეიმი გვქონდა, ისე მრცხვენოდა, რომ ვიმალებოდი. საერთოდ არ ვყოფილვარ თამამი, რაც ჩემს ახლანდელ პროფსიას ნამდვილად არ უხდება (იცინის).

ხუთი წლის რომ ვიყავი, ჩემმა ბიძამ, რომელიც თუმანიშვილის თეატრის მსახიობია, შეამჩნია, რომ ცეკვისა და მსახიობობის ნიჭი მქონდა. ეს დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ ცეკვასა და სიმღერას საკუთარი ინიციატივით არასდროს დავიწყებდი, არადა, ძალიან მიყვარდა. მშობელი ან მასწავლებელი თუ მთხოვდა, მხოლოდ მაშინ ვასრულებდი (იცინის). მერე, როცა ამაზე, როგორც პროფესიაზე, დავიწყე ფიქრი, სიმორცხვის დაძლევაში დედა დამეხმარა.

პირველად, პიონერთა სასახლეში მიმიყვანეს ცეკვაზე. ჩემი პირველი მასწავლებელი თამარ ჩხაიძე იყო. შემდეგ მეორე ბიძამ, ის ანსამბლ „გორდას“ პროფესიონალი მოცეკვავე გახლდათ, ბავშვთა ანსამბლ „ფერხულში“ მიმიყვანა. ამას მოჰყვა თეატრალური უნივერსიტეტის ანსამბლი „როკვა“, რომლის ხელმძღვანელიც უჩა დვალიშვილი გახლდათ. თეატრალური უნივერსიტეტი ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით დავამთავრე.

ყველა მოცეკვავის ოცნებაა, კარიერა აკადემიურ ანსამბლში გააგრძელოს და ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც.

მახსოვს, რამდენიმე წლით ადრე, ტელევიზორში ხშირად გადიოდა „ერისიონის“ კლიპი „შატილის ასულო“, რომელიც საფრანგეთში გადაიღეს. არასდროს დამავიწყდება, როცა მას პირველად ვუყურეთ, მეც და მთელი ჩემი ოჯახიც ვტიროდით სიამაყისა და ემოციებისგან. ეს განცდები ჩემს გონებაში იყო ჩაბეჭდილი და ამიტომ, როცა გადაწყვეტილების მიღების დრო მოვიდა, არჩევანი „ერისიონზე“ შევაჩერე.

სიმღერა და ცეკვა ერთად კიდევ სხვა ბედნიერებაა. ბუმბერაზ მომღერლებთან და ორკესტრთან ერთად შესრულებული ცეკვა, მოცეკვავისთვის თუ მაყურებლისთვის, სულ სხვა ემოციებთან ასოცირდება. ეს მართლა საოცარი ტანდემია, რომელმაც ჩემი არჩევანი განაპირობა.

– „ერისიონმა“ რთულად მიგიღოთ?

– მაშინ პატარა ვიყავი, დღეს უკვე 17-წლიანი სტაჟი მაქვს და ახლა უფრო ვხვდები, როგორი თამამი ნაბიჯი გადავდგი, როცა ამ ანსამბლში მოვედი. გამომდინარე იქიდან, რომ „ერისიონის“ გარშემო არავის ვიცნობდი, ვცდილობდი, როგორღაც კონტაქტზე გავსულიყავი. ბიძის დახმარებით, მთავარ ქორეოგრაფს, ქალბატონ ეკას დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა ამ ანსამბლის წევრი გავმხდარიყავი. დამიბარა და სტანდარტული გასინჯვა გავიარეთ. მასთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ ბატონი ჯემალი, ბატონი რეზო და შერმადინ ჭკუასელი. ძალიან თბილად დამხვდნენ და პირველი დღიდანვე ამ დიდი და სახელოვანი ოჯახის წევრი გავხდი.

ეს ძალიან დიდი ნახტომი იყო ჩემს კარიერაში. ის სიხარული დღემდე მომყვება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, გუშინ მოვედი ანსამბლში. სულ უფრო მეტს ვითხოვ, მინდა, ჩემი თავის კიდევ უფრო კარგი ვერსია შევქმნა და ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობ. იმდენად კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ, რომ ვფიქრობ ხოლმე, ღმერთმა არ მიწყინოს-მეთქი.

საერთოდ, მგონია, რომ ყველა ხელოვანი ადამიანი დაბადებიდანვე განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ უნდა გაძლევდეს, ამიტომ, მუდმივად ვცდილობ, დღეს გუშინდელზე უკეთესი შედეგი დავდო.

ზოგჯერ უთქვამთ კიდეც, ამდენი წელი რით ვერ ისწავლე ცეკვაო?! ზოგი ფიქრობს, რომ ცეკვას ერთხელ რომ ისწავლი, მერე განვითარება და დახვეწა აღარ გჭირდება. ბევრი საერთოდ, ცეკვას სამსახურად ვერ აღიქვამს, მხოლოდ სიამოვნება და გართობა ჰგონია. რეალურად კი, ამ საქმეში ენით აღუწერელ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ შრომას ვდებთ.

– უმცროსი ჯემალ ჭკუასელი როგორ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

– იმდენად ვიყავი ჩემს საქმეზე გადართული, დარბაზში ვერავის ვამჩნევდი. სხვათა შორის, დღემდე ასეა (იცინის). როგორც ჩემმა მეუღლემ მოგვიანებით მითხრა, რამდენჯერმე ყოფილა რეპეტიციაზე მოსული და თურმე, მიყურებდა, რაც მე არ შემიმჩნევია. პირადად ერთმანეთი გურიაში გავიცანით. ბატონი ჯემალის ძმა გარდაიცვალა და მთელი ანსამბლი ვიყავით წასული. მერე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა, როგორც ხდება ხოლმე. რატომღაც, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ოდესმე ამ ოჯახის წევრი გავხდებოდი. თავიდან მსგავსი მართლა არაფერი მიფიქრია.

– თუმცა, მას თავიდანვე მოსწონებიხართ.

– კი, ძალიან მოვწონებივარ, რეპეტიციებზე დადიოდა და ცდილობდა, კონტაქტზე გამოსულიყო. სხვათა შორის, დიდხნიანი „ლავსთორი“ გვქონდა. მეცხრე წელს დავინიშნეთ. განშორების მომენტებიც იყო და შესაბამისად, შერიგებებიც. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ჩვენი ურთიერთობა.

მე ვფიქრობ, დღეს იშვიათია ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემი მეუღლეა. უკეთილშობილესი ადამიანია, უზომოდ კეთილი და მზრუნველი. როგორც კი მასში ეს თვისებები დავინახე, მაშინვე შემიყვარდა. ჩვენი ამბავი დღემდე ისე გრძელდება, როგორიც 15-16 წლის წინ იყო. ჩემი მეუღლე ჩემი ნამდვილი მეორე ნახევარია.

ის რომ არ მყავდეს, ვერც ვიცეკვებდი და კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებდი. ყველაფერში გვერდით მიდგას. ოთხი თვის იყო ჩვენი შვილი, როდესაც სამსახურში გავედი. ოთხი თვის პატარა დავტოვე მამიკოსთან. ამას არასდროს დავივიწყებ. მას თავის საქმე აქვს, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერში დამეხმაროს.

– ამ ოჯახის წევრი რომ გახდით, როგორც მოცეკვავეს, ალბათ, უფრო კრიტიკული თვალით დაგიწყეს ყურება.

– ამ ოჯახის წევრი შეიძლება, საერთოდ არ იყო, მაგრამ ვინმეს არ მოსწონდე. მე არასდროს მიმიქცევია ამისთვის ყურადღება. სამსახურში ურთიერთობები ძალიან დაბალანსებული გვაქვს. მისალმება-დამშვიდობების გარდა ანსამბლში ოჯახის წევრებთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ანსამბლში ვარ მსახიობ-მოცეკვავე და ოჯახში – რძალი. ამ სტატუსის გამო გამორიცხულია, მე პრივილეგირებული ვიყო. კარიერაში თუ რამე ნაბიჯი გადამიდგამს, მხოლოდ და მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით, კეთილსინდისიერი ნაბიჯებით და ჩემი საქმის დიდი სიყვარულით. ასე რომ, საკუთარი თავი თავად შევქმენი.

– პასუხისმგებლობა გაგეზარდათ?

– ჩემი მხრიდან – კი. ვიაზრებ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ამ ოჯახისა და ამ ანსამბლის წევრი ხარ. ასეთი სახელოვანი ოჯახის წევრობა ტვირთია, რომელიც იმავდროულად ძალიან საამაყოა. ვფიქრობ, ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც ნებისმიერი სხვა მოცეკვავე ჩვენს ანსამბლში. თუმცა, ეს უკვე იმდენად ბუნებრივად ხდება, რომ ბევრს არც ვფიქრობ. ბევრს უკვირს კიდეც, მაგალითად, ის, რომ ანსამბლთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მე შეიძლება, ყველაზე ბოლოს გავიგო (იცინის).

- შვილი ჯერ პატარაა, მაგრამ ცეკვისა და სიმღერის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უკვე ხომ არ გამოუვლენია?

– იოანნა ორი წლის არის. ჯერ პატარაა, მაგრამ ექვსი თვის იყო, პირველად მკლავები რომ გაშალა და მტევანი ჩაატრიალა. ეს რომ ვნახე, ცრემლები ვერ შევიკავე. ალბათ, ყველა დედას ასეთი რეაქცია ექნებოდა. ჩვენ სახლშიც „ერისიონი“ გვაქვს (იცინის). სულ „ერისიონის“ სიმღერა ისმის და ცეკვების ჩანაწერები ტრიალებს. იოანნა მულტფილმებს „ოფიციალურად“ აღარ უყურებს, მხოლოდ „ერისიონის“ კონცერტები აინტერესებს (იცინის). ამას არავინ აძალებს, თვითონ ითხოვს. დედა ასე ცეკვავსო, იტყვის და ხელებს გაშლის ხოლმე. რომ ჰკითხავენ, დედა სად არისო, პასუხობს, იცეკვებს და მოვაო. ერთხელ ფორმა სახლში მქონდა მოტანილი და ჩამაცვიო, ამის თქმა მოახერხა (იცინის). ისე მესიამოვნა ამის მოსმენა, ისეთი ემოციური იყო, რომ წარმოიდგინეთ, ჩემი ზომა კაბა ორი წლის ბავშვს ქინძისთავების დახმარებით თავის ზომაზე დავუმაგრე და უნდა გენახათ, როგორი ბედნიერი დადიოდა (იცინის). ეს ჩემთვის საოცარი შეგრძნება იყო. ბევრი აღნიშნავს, რომ სმენაც აქვს. გამიხარდება თუ იცეკვებს ან იმღერებს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით მთელი ოჯახი, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენთვის მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი