შოუბიზნესი

ნინი ონიანი: რა მეორე ნახევარი, რატომ აქვს ყველა ადამიანს ეს იდეაფიქსად?

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:40 23.11, 2020 წელი

ნინი ონიანი
დაკოპირებულია

ნინი ონიანი ყოველთვის ფორმაშია, თუმცა ახლა გადაწყვიტა, სხეული უფრო დახვეწოს და მის გაჯანსაღებაზეც განსაკუთრებულად იზრუნოს, ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესი კარგად გაითავისა და სირთულის მიუხედავად, ალღოც კარგად აუღო. 
ნინი ონიანი: ყოველთვის ვვარჯიშობდი, მაგრამ ახლა პირადი მწვრთნელი ავიყვანე და სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს. კვებასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ და გრამებს ვითვლი. თავს ასე ბევრად ბედნიერად ვგრძნობ, ჩემს ორგანიზმს სიამოვნებს და ამიტომ, მომწონს, რასაც ვაკეთებ. არავინ მითხრას, რომ მხოლოდ ჯანმრთელობისთვის ვარჯიშობს. რა თქმა უნდა, ფორმებისთვისაც წვალობ და ვინც ვარჯიშობს, ყველამ იცის, რომ სასურველი შედეგის მიღწევა რთულია, მაგრამ იმდენად სასიამოვნო პროცესია, ყველას ვურჩევ, ჯანსაღ ცხოვრებას მიჰყოს ხელი. 
– ახალ სახლშიც გადახვედი...
– როგორც იქნა. ახლა ავეჯისა და დეკორაციების შერჩევის პროცესში ვართ. საბოლოო ჯამში, ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. პატარ-პატარა შეცდომები დავუშვით, მაგრამ სახლის აშენება მაქვს გეგმაში და რა შეცდომაც ახლა გამეპარა, იმაზე გამოვასწორებ (იცინის). 
– უკვე დიდი ბიჭის დედა ხარ, მახსოვს, ადრე ამბობდი, რომ არ იყავი ოჯახსა და შვილზე მეოცნებე გოგო. დღეს აბსოლუტურად შეიცვლილია შენი დამოკიდებულება. კიდევ რა შეიცვალა?
– ყველაფერი, დაწყებული დილიდან, დასრულებული ღამით, ყველაფერი ჩემს შვილზე მაქვს აწყობილი. ისე ვგეგმავ დღეს, რომ შვილთან მაქსიმალურად დიდი დრო გავატარო. არ უყვარს ზედმეტი ყურადღება. ხან მამასთანაა, ძირითადად კი – ჩემთან, მაგრამ ჩემზე მოჯაჭვული არაა, რაც, რაღაც მომენტში, მიხარია კიდეც. სანამ დედა გავხდებოდი, ყველაფერი სულ სხვანაირად იყო, მაშინ მხოლოდ საკუთარ თავს ვეკუთვნოდი და დღეს ვერავინ დამიგეგმავდა. ახლა გამოდის, რომ ჩემი სამი წლის ლუკა მიგეგმავს (იცინის). ცოტა ხანში, დიდი ბიჭი რომ გახდება, მერე რაღაცები კიდევ შეიცვლება. ზოგადად, არ ვარ სტანდარტული ქართველი ბიჭის დედისნაირი. დედაჩემს ვეუბნები, შენ ხარ დედა და მე ბებია, დედამთილი შენ იქნები-მეთქი – დავცინი ხოლმე. დედა იდეალისტია, ხუმრობს: ლუკას რომ შეყვარებული ეყოლება, ძალიან ლამაზი უნდა იყოსო. მე არ მაინტერესებს მსგავსი რაღაცები, ვისთანაც უნდა, იმასთან იაროს (იცინის). 
– ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ნორმალური, ცივილური, შეძლებისდაგვარად მეგობრული. ლუკაც ხშირადაა თავის მამიკოსთან, სოფელშიც ხშირად მიდის, დიდ ბაბუასთან და ბებიასთან. ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც ლუკასთვის უკეთესი იქნება. 
– ახლა რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– აბსოლუტურად არაფერი, ძალიან მოსაწყენი პირადი ცხოვრება მაქვს. სულ იმას ვამბობ, სახლში ჩადრჩამოფარებული არ ვზივარ და მონაზონი არ ვარ-მეთქი, მაგრამ რომ გითხრა, ვინმესთან ურთიერთობა ან გრძნობები და ეიფორიები მაკავშირებს, ასე არაა და მგონია, რომ რაღაც პერიოდი არც იქნება, თუ უცებ რაღაც არ მეცა (იცინის). არ მაქვს ურთიერთობაში ყოფნის მოთხოვნილება, მარტოც კარგად ვარ. შეიძლება, ხვალ დილით ვიღაც შემხვდეს სადარბაზოში და ყველაფერი წამში შეიცვალოს, ამიტომაცაა ცხოვრება საოცარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ახლა ამის ძიებაში ნამდვილად არ ვარ. 
– არ იყო შენი იდეაფიქსი ოჯახის შექმნა, მაგრამ შეგიყვარდა და გადადგი ეს ნაბიჯი. ამ გამოცდილების შემდეგ, რას ფიქრობ ასეთი ნაბიჯის კიდევ ერთხელ გადადგმაზე?
– დღეს, ამ წუთას, მე, ნინი ონიანი, ვფიქრობ, რომ ქორწინება ჩემთვის არ არის. მე არ ვარ ტიპი, რომელსაც გვერდით აუცილებლად სჭირდება მეორე ნახევარი. რა მეორე ნახევარი, ერთ დიდ და სავსე სიცოცხლედ გაჩენილხარ, ადამიანო და რაღატო ეძებ მეორეს? რატომ აქვს ყველა ადამიანს ეს იდეაფიქსად? არც მაქვს სურვილი, ყოველდღე ვინმესთან ერთად ვიღვიძებდე და ოცდაოთხი საათი ერთად ვიყოთ. იდეალური ურთიერთობები არ არსებობს. ადამიანები კი იდეალისტები ვართ. სანამ ეიფორია და ენდორფინების ცვენაა – კი ბატონო, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ცოტა სხვა რაღაცები იწევს წინა პლანზე და ის უკვე აღარაა ჩემთვის მიმზიდველი. ამიტომ, მგონია, მე რომ კიდევ ერთხელ ოჯახი შევქმნა, ცოტა მარაზმი იქნება. ამ ჭკუაზე ვარ ახლა, თუმცა ხომ გითხარი, ხვალ შეიძლება, ოცნების ადამიანი ვიპოვო. მაგრამ, რადგან ასეთ განწყობაზე ვარ, სავარაუდოდ, არც არავინ შემხვდება. 
– რთულია შენთან ურთიერთობის აწყობა?
– რთული – არა, უფრო არასტანდარტულია ქართველი მამაკაცებისთვის. ისინი მიჩვეულები არიან ქალისგან ყურადღებას, გადაყოლას, მოვლას. ცოლები მათი დედის როლს ასრულებენ. მე რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვარ, ჩემს შვილთან არ ვარ ეგეთი, „ვაიმე“ და „არიქა“ დამოკიდებულება არ მაქვს. ზედმეტი არაფერი მიყვარს. მაშინ, უნდა მოგატყუო და ტყუილს მირჩევნია, მოვკვდე. ვარ ისეთი, როგორიც ვარ და ამის გამო თითქოს ფრთხებიან ხოლმე. დამოუკიდებელ, ძლიერ, ჩამოყალიბებულ, თან, ცოტა ლამაზ ადამიანთან ერთულებათ. ეხლა ცოტა შევაქე ჩემი თავი, მაგრამ არ მეგულება დედამიწის ზურგზე კაცი, რომელიც მოვა და მეტყვის ამას არ გააკეთებო და მე იმას არ გავაკეთებ. ქართველი კაცებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩემთვის კი ასეთი ურთიერთობის ფორმა მიუღებელია. მე არ შემიძლია, ავეწყო ვიღაცის პიროვნულ თვისებებზე, არც სხვას დავაძალებ, ჩემსაზე აეწყოს. ეს თავისთავად უნდა მოხდეს, რაც ჩემი აზრით, მილიონში ერთხელ ხდება. თუ მოხდება, მოხდეს, სხვა შემთხვევაში არ შემიძლია. 
– საზოგადოებაში მიღებული აზრი, რომ ქალსა და კაცს აუცილებლად ოჯახი უნდა ჰქონდეს, შენს გადაწყვეტილებებზე არ ახდენს გავლენას?
– საზოგადოებაში რა არის მიღებული, ეგეც არ მაინტერესებს. არაა აუცილებელია, გათხოვდე და ცოლი მოიყვანო. ეგ კი არა, 25 წლის ბიჭები რომ მეუბნებიან, ცოლის მოყვანა მინდაო, ვგიჟდები. რა სისულელეა ამ ასაკში ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ამხელა პასუხისმგებლობა. სისულელე მგონია ეს ცოლქმრობანა, მაპატიოს ყველამ (იცინის). მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვსაუბრობ და ეს არ ეხება მხოლოდ ჩემს ქორწინებას. მე ქორწინებამდეც ვყოფილვარ წლები ურთიერთობაში, ციდან ხომ არ ჩამოვფრენილვარ, მაინცდამაინც იურიდიულად ბეჭედდარტყმული უნდა იყოს ურთიერთობა? დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემთვის ეგეც ძალიან დიდი სისულელეა. საკუთარი თავის განვითარებისთვის სხვა რაღაცებით დაინტერესება და კითხვა მირჩევნია, ვიდრე სხვის აზრებზე გამოდევნება. ამაზე რეაქცია აბსოლუტურად არ მაქვს. 

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი