რელიგია

როგორ დავბრუნდებით სამოთხეში ყველანი

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 11.04

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ყველაზე დიდი სასჯელი მაინც ადამის სამოთხიდან გამოდევნაა, უფრო ზუსტად, ადამის მიერ სამოთხის დაკარგვა, როდესაც მან თავი ღმერთად წარმოიდგინა და ეს ტვირთი ვერ ზიდა, იმიტომ რომ დროზე ადრე წამოიკიდა. მას შემდეგ ადამის შთამომავლობა სამოთხეს ეძებს, რომლის კართანაც ქერუბიმი დგას და უკან არ უშვებს. როდის შეძლებს ან შეძლებს კი ადამი სამოთხის დაბრუნებას? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ერთი ადამი გამოიდევნა სამოთხიდან და უკან ამდენნი უნდა დავბრუნდეთ?

– ჩვენ, ყველანი, ვართ ადამი და ის ერთი ადამი განიდევნა სამოთხიდან. იბადება კითხვა: ჩვენ სად ვიყავით მაშინ? ვიყავით ადამში, როგორც შესაძლებლობა. ჩვენ ადამის ტირაჟირებული მდგომარეობები ვართ, თუმცა სიცოცხლე, როგორც ადამი, ერთია. და დღეს უკვე მეცნიერებამაც, ფიზიკამ, დაამტკიცა, რომ სასიცოცხლო ველი ოკეანესავით დაუნაწევრებელია. მას ვერ გაყოფ, ვერ დაჭრი და ჩვენ ვითომ ვაქუცმაცებთ ჩვენივე ტვინით. ეს იგივეა, წყალი რომ თეფშზე დავასხათ, ღრუბელი დავანაკუწოთ და წყალში ჩავყაროთ. ღრუბელი წყალს შეისრუტავს, მაგრამ ყველა ღრუბელი ერთი და იმავე წყლითაა გაჟღენთილი. რომ დაწურო, მათგან ისევ წყალი გამოიწურება. რას ნიშნავს ადამის სამოთხიდან განდევნა? ჩვენ ჩვენს თავს მოვიხსენებთ, როგორც ადამი, რადგან ვართ ადამის დავიწყებული მდგომარეობა, რომელსაც დაავიწყდა, რომ სამოთხის შვილია, ღვთის ძეა, ცისა და მიწის გამამთლიანებელია. მას შემდეგ, რაც პირველწყაროს, სინათლეს მოვწყდით, გაჩნდა საფენები, რომლებიც გარს გვახვევია და გვიბინდავს სამოთხეს. ჩვენ, ყველას, გვენატრება სამოთხე, ანუ ყოფნის მდგომარეობა და მისკენ მივისწრაფით, მაგრამ იმის გამო, რომ გზაში ვართ, ბოლოში ვაღწევთ სიმწიფით. ამიტომ შინაგანად, გარეგნულად რაც უნდა აღგზნებული და ცოდვით დამძიმებული იყოს თითოეული ჩვენგანი, თავის თავში ატარებს ადამს, იმ პირველ ხსოვნას. სამოთხეს ყველანი გულში ვატარებთ, ხოლო ჩვენი ცხოვრება შეშფოთებული სამოთხის მდგომარეობაა. სამოთხე ერთია, მდგომარეობაა, ღმერთთან დიალოგია, როდესაც ზეცასთან, სამყაროს შემოქმედთან პირისპირ ხარ, ის მამაა, შენ კი – ძე. როდესაც ეს დიალოგი იკარგება, ხსოვნაში რჩება, რეალობაში კი აღარაა და მთელი ჩემი არსება ორადაა გაყოფილი. ერთი მხრივ, ისევ მივისწრაფვი იმ სიწმიდისა და ნეტარებისკენ, რომლის შვილიც ვარ, მაგრამ, მეორე მხრივ, რადგან ქერუბიმი დადგა სამოთხის კართან, უკვე ჩემი შიშის, ეჭვების, ურჩობის გამო გამიფუჭდა ტვინი და ვცდილობ, ის სიმშვიდე, ის ნეტარება დედამიწაზე, მატერიაში განვახორციელო. შესაბამისად, ვიბრძვი სიმდიდრისთვის. სიამოვნებისა და ბედნიერების ნამცეცებს ვეძებ, მაშინ, როდესაც სამოთხეში ყოფნა, ნეტარება ჩემი თვისება იყო. ადამიანის სულის ბუნებაა ნეტარება. ნეტარებისთვის არ იბრძვიან. პირიქით, რამაც ნეტარება გადაგიფარა და დაგაჯერა, იბრძოლე მიწიერი ბედნიერებისთვის, სიამოვნებისთვისო, აი, ის უნდა ჩამოშალო და რაც დარჩება, უკვე ნეტარებაა. ნეტარებას ვერ მიაღწევ, ნეტარებამდე უნდა ჩამოაღწიო. სამოთხე და ნეტარება შენ იქ დატოვე. წუთისოფელი შენი ტვინით შექმნილი ნანგრევებია, რომლებმაც გადაგიფარა ნეტარება და რაკი გამოშრი, სული გეხუთება. რადგან ნეტარების შვილი ხარ, ცდილობ, ნამცეცებით გაიქარვო ეს მონატრება: კარგი მანქანა, კარგი სამსახური, კარგი ნარკოტიკი, კარგი მოგზაურობა... გგონია, ამას თუ მიაღწევ, ბედნიერი იქნები, მერე სხვა მიზანი ჩნდება და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ქავილს ჰგავს, გსიამოვნებს, მაგრამ ამის შემდეგ ორჯერ მეტი ძალით გინდა, მოიქავო. არადა ექიმი კატეგორიულად გაფრთხილებს, არ მოიქავოო, მაგრამ რომ ვერ ძლებ?! ბოლოს, ვიფიტებით და ვკვდებით! რატომ? ნუთუ ღმერთმა სატანჯველად მოგვავლინა?! პეპლები, ჩიტებიც კი ნეტარებენ. გაზაფხულია, ნახე, ხეები რა ბედნიერები არიან?! ადამიანი კი დილით ბოღმით დასერილი დგება. გათენება რომ არ გიხარია, სირცხვილი და ღმერთის შეურაცხყოფა არაა?! ღვთის ქმნილებას მზის დანახვა არ უხარია – ეს უკვე ავადმყოფობაა და უნდა მოვინანიოთ. ღმერთმა სამეფოდ მოგვცა ეს დედამიწა და ყველა სულიერი გარბის ადამიანის დანახვაზე. უნდა გვემეფა და არათუ ფრინველები და ცხოველები, ადამიანებიც კი გაურბიან ადამიანებს. ისმის კითხვა: ნუთუ სამუდამოდ დავკარგეთ ნეტარება, ანუ სამოთხე?! ნუთუ გამოსავალი არ არსებობს?! ნუთუ სულ უნდა მივტიროდეთ?! მაშინ რა აზრი აქვს?! თუ აზრი არ ჰქონია, მივეძალოთ ამ წუთისოფლის სიამეებს. მაგრამ არც ასეა საქმე. როგორ შეიძლება, რომ ღმერთს, მოსიყვარულე მამას, ვინც სიცოცხლისთვის გაგვაჩინა, თუნდაც, ოდნავ მაინც დაეშვა ჩვენში ისეთი რამ, რაც მისი სახლიდან სამუდამოდ გამოგვყრიდა და დაუსრულებელ ბოროტებასა და ტანჯვაში დაგვტოვებდა?! შეუძლებელია, ასე იყოს, ამიტომ მოდის ქრისტე, ძე ღვთისა და გვაჩვენებს სიყვარულს! ქრისტემ ჯვარცმით წუთისოფელი გააუქმა. რა არის წუთისოფელი? მე ვარ წუთისოფელი, ჩემი შეშფოთებული მდგომარეობაა წუთისოფელი, შეშინებული ღმერთია წუთისოფელი. ვიმეორებ, სამოთხე ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ღმერთთან დიალოგი ბუნებრივი მდგომარეობაა; ბუნებრივია, მე რომ ღვთის ხატი ვარ, უბრალოდ, ჩემმა ტვინმა გადაფარა და დამავიწყა. ამიტომ, მათხოვარი მგონია საკუთარი თავი. მგონია, რომ სხეული ვარ, უნდა ვჭამო, ვსვა, ბავშვი გავაჩინო და მოვკვდე. აი, ესაა ტყუილი. ამიტომ სამოთხეში ვბრუნდებით გახსენებით. იესო ჩვენი დიდი გახსენებაა. ქრისტეში სარკე მოვიდა და სამოთხე ისევ წინ დაგვიდგა. ღმერთმა გვაპატია ყველაფერი, იესომ ჩვენი სიზმრიდან გამოგვაღვიძა. მაცხოვარი გვეუბნება, წუთისოფელი თქვენი სიზმარია, თქვენმა ტვინმა დაჩეხა სამოთხე და თქვენ დაიჯერეთ თქვენივე წარმოსახვა, შიშებისგან შექმნილი. არ გინატრია, ნეტავ, სახლში დამასვენაო?! არადა არავის გვაქვს სახლი აქ. ვერავინ იტყვის, მოვედი, უკვე სახლში ვარ, იმიტომ რომ ყოველ წამს რაღაცას ელოდები, ან ტელეფონი დარეკავს და ჩაგიმწარებენ ყველაფერს. იმიტომაც იწუნებდა ყველა, რუსთაველით დაწყებული, ამ წუთისოფელს. წუთისოფელი ეს არის ჩემივე ტვინით ღმერთისადმი უნდობლობით გამოწვეული შიშების სისტემა, რომელსაც თავის თავში არსებობა არ აქვს. ღმერთი, სამოთხე, სასუფეველი ისევ იქაა. მას ვერაფრით გააქრობ და ვერც დაამცრობ, ისევე, როგორც მზის სხივი, რაც უნდა დაიმტვეროს, მაინც სუფთაა. წუთისოფლის მინდობაშია პრობლემა: მატყუარა ზიზილ-პიპილოებს რატომ ენდობი, როდესაც პირველწყაროს მოწყვეტილი ხარ?! იმიტომ რომ გოიმი ხარ. „გოი“ ებრაულად წარმართს ნიშნავს და ვინ არის გოიმი? ვინც დასდევს მანქანას, სახლს, სკამს, თანამდებობას. განა ესენი საჭირო არ არის?! საჭიროა, მაგრამ ეს არ არის ბედნიერება. შენ კი ბედნიერება გგონია. ეს ხომ გოიმობაა?! მთელი სამყარო შენია, მეფის შვილები ვართ და ნასუფრალს მივსდევთ, არადა მატერიის მიღმა მამაა და შენ სიცოცხლის შვილი ხარ. რას აგროვებ თხუნელასავით და იფიტები?! რატომ ვიჭაჭებით?! მერე თავზე გვატყდება ცხოვრება და ვიღაცას ვაგინებთ, დამნაშავეებს ვეძებთ. წუთისოფელი ჩვენი გაჭაჭვაა. სამოთხეში კი სახლში ვიყავით, შინ სიმშვიდეა. სამოთხე უზრუნველობაა. შესაბამისად, რა ყოფილა ჯოჯოხეთი? ზრუნვა, როდესაც შფოთავ, ხვალ რა იქნება, რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ?! ჩვენივე შფოთით გავაფუჭეთ ჩვენი უზრუნველი მდგომარეობა და სამოთხის მდგომარეობა არ დაბრუნდება, თუ არ გავიღვიძეთ და არ გავიხსენეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი