პოლიტიკა

როგორ დაემსგავსა დემოკრატიის აკვნის - აშშ-ს არჩევნები განვითარებადი ქვეყნების არჩევნებს

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:26 23.11, 2020 წელი

აშშ-ს არჩევნები
დაკოპირებულია

დემოკრატიის აკვნად წოდებული და აღიარებული აშშ, თავისი არსებობის განმავლობაში პირველად, არც თუ სახარბიელო მაგალითს აძლევს დანარჩენ როგორც დემოკრატიულ, ისე დემოკრატიისკენ მიმავალ მსოფლიო თანამეგობრობას. აღმოჩნდა, რომ ლაქები არა მხოლოდ მზეს, აშშ-ის დემოკრატიასაც აქვს. ჯერ კიდევ საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ ადამიანი, მთელი თავისი მანკიერებით, ისეთივეა დემოკრატიულ გარემოში, როგორც ავტორიტარულში, ამერიკულმა არჩევნებმა კი ცეცხლზე ნავთი დაასხა და პოლიტიკური ბრძოლის ისეთი ფორმებიც ვიხილეთ (გაყალბებების ჩათვლით), რაც მხოლოდ განვითარებადი და ტოტალიტარული ქვეყნების სავიზიტო ბარათი გვეგონა. დემურ გიორხელიძესთან ერთად ვიმსჯელებთ პროცესზე, რომელიც აშშ-ში ხდება და ამ პროცესის გავლენაზეც დანარჩენ მსოფლიოზე.
დემურ გიორხელიძე: მოდი, ცოტა სხვანაირად გიპასუხებთ. ყველა იმ სისტემას, რომელიც კაცობრიობამ დღემდე გაიარა, ჰქონდა თავისი სასიცოცხლო ვადა. ეს გარდაუვალია, რადგან მარადიული ვერაფერი იქნება: იყო მონათმფლობელობა, კაპიტალისტური, სოციალისტური წყობები, შემდეგ ეს მოდერნიზებული წარმომადგენლობითი დემოკრატია და, როგორც ჩანს, მასაც ყავლი გაუდის. და ეს საკმაოდ მიზანმიმართულად მოხდა: ორი მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს იმას, რაც დღეს ამ წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრობლემად იქცა და რამაც უკვე თავი იჩინა. მეოცე საუკუნის ორმა ტოტალიტარულმა სახელმწიფომ, ფაქტობრივად, კლასიკური დასავლური სამყარო იდეოლოგიურად დაანგრია, რადგან ეს ორი დიდი ექსპერიმენტი ვერაფრით გაქრებოდა და გონიერმა ხალხმა ფსიქოლოგიური, საინფორმაციო ტექნოლოგიებით ადამიანების მართვის მეთოდები გადაიღო, რამაც, ბუნებრივია, კორექტივები შეიტანა. კლასიკურმა დასავლურმა სისტემამ ფანტასტიკურ წარმატებას მიაღწია სწორედ მკაცრი საკანონმდებლო ბაზით, მაგრამ, როდესაც ადამიანის ფარდობითი და არა აბსოლუტური თავისუფლების (როგორც ეს საქართველოში ესმით) დაცვის მიზნით ძლიერი ფინანსური ჯგუფების ბლოკირებითა და ძალიან მკაცრი ანტიტრესტული, ანუ ანტიმონოპოლიური კანონებით შეზღუდვა შესუსტდა, ამით დაიწყო დასავლეთის ნგრევა. ფაქტობრივად, რეიგანის პრეზიდენტობიდან, როდესაც ძალიან კარგად მოფიქრებული დერეგულაციის პროცესი დაიწყო და სწორედ მაშინ მიეცა კორპორაციებს ყველაფრის უფლება. იმ დროს უკვე ვითარდებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიები, სილიკონის ველზე წარმოიქმნა წარმოუდგენელი გიგანტები: იგივე „ინტელი“, „მაიკროსოფტი“, „გუგლი“, „ფეისბუქი“... ეს არის არანორმალური სიძლიერის, გავლენისა და ფინანსურად არანორმალურად გაძლიერებული სტრუქტურები, რომლებიც სახელმწიფოს ჩარჩოში ვერ ეტევიან და ყველას აქვს ლიბერალურ შეხედულებათა სისტება. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ის, რომ რეალური ძალაუფლების კონცენტრაცია მოხდა ამ დიდი ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელში.
– ყველა ტექნოლოგია, როგორც ძალიან სანდო წყაროები ამბობს, იქნება ეს ინტერნეტი თუ სოციალური ქსელი, თუ გნებავთ, მარსზე გაფრენა, არის სახელმწიფოს მიერ თავისი სპეცსამსახურებისთვის შექმნილი და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ტექნოლოგიები იყიდება და შემოსავლის წყარო ხდება. ანუ სახელმწიფომ თავად შექმნა და გააძლიერა ეს ტრანსნაციონალური კორპორაციები. ანუ, მაგალითად, ცუკერბერგი მართლაც ასეთი ფენომენალური მოვლენაა?
– სწორია ის, რომ უზარმაზარ ფულს მეცნიერების დასაფინანსებლად გაიღებს სახელმწიფო. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობილ ლაბორატორიაში ჩაისახა ინტერნეტი, თუმცა, რეალურად, ინტერნეტი უფრო ადრე საბჭოთა კავშირში შეიქმნა. სამწუხაროდ, საბჭოთა სისტემის გონებრივი სიდამპლის გამო აკადემიკოს გლუშკოვს არ მიეცა საშუალება, ინტერნეტი ამერიკელებზე თითქმის 20 წლით ადრე გაეკეთებინა. ინტერნეტი საჭირო იყო იმისთვის, რომ არ ყოფილიყო მართვის ერთი ცენტრი. მაშინ ყველაფერი აგებული იყო ბირთვული ომის საფრთხეზე და ამ დროს, თუ მართვის ერთი ცენტრი არსებობს, მაშინ, ბუნებრივია, ბირთვული დარტყმის შემთხვევაში ყველაფერი დარჩება მართვის გარეშე. ამიტომ დეცენტრალიზებული უნდა ყოფილიყო, რომ მართვა ყველა წერტილიდან გამხდარიყო შესაძლებელი. რასაკვირველია, ეს ყველაფერი დამუშავდა სახელმწიფო ფულით და შემდეგ მიეცა გასაქანი სხვა მიმართულებებით. რაც შეეხება ინფორმაციულ ტექნოლოგიებს: ადამიანზე ზემოქმედებას, ნეიროლინგვისტურ მიგნებებს, რაც მეცნიერებას უკავშირდება – ქვეცნობიერის დონეზე ადამიანის ცნობიერების კორექციას, ისინი პირველად ორ ტოტალიტარულ სახელმწიფოში გაჩნდა: საბჭოეთსა და ნაცისტურ გერმანიაში, თუმცა ისინი სხვადასხვა მეთოდით მოქმედებდნენ. 1943 წელს ამერიკელებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ ამ სისტემას, პირველად გამოიყენეს ზემოქმედების ეს მეთოდი ადამიანების მობილიზაციისთვის. ისინი ემზადებოდნენ ომში ჩასართველად და თქვენ იცით, რომ ადამიანები საკუთარი ნებით უნდა წავიდნენ ომში. ამერიკელებმა დაიწყეს მძლავრი პროპაგანდა და გაოგნებულები იყვნენ იმ შედეგით, რაც მიიღეს. ამის შემდეგ, სახელმწიფო დაფინანსებით, შექმნეს ნორბერტ ვინერის ცნობილი ჯგუფი. ნორბერტ ვინერმა გაისროლა ის რევოლუციური მონოგრაფია, რომელსაც კიბერნეტიკა ჰქვია. ჩემს ბიბლიოთეკაშიცაა ეს წიგნი და 1955 წლისთვის შეერთებულ შტატებს უკვე ჰქონდა ინფორმაციული ტექნოლოგიებით საზოგადოების მართვის კონცეფცია, მაგრამ არ იყო საამისო ტექნიკური საშუალებები. მაგრამ გაჩნდა პერსონალური კომპიუტერი. ეს არანაირი ინდივიდუალური ტვინების გარღვევა არ არის. მათ, რა თქმა უნდა, თავიანთი წვლილი შეიტანეს, მაგრამ ეს ყველაფერი შეიქმნა სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფოს მონდომებით, სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე კონცეფციებიდან. რეიგანი, როგორც მსახიობი და ნამდვილად არაპროფესიონალი, ფარდად გამოიყენეს ნეოლიბერალური განწყობის ჯგუფებმა. სხვათა შორის, ნეოლიბერალები რეალურად არიან ტროცკისტები და ჩვენ მივედით იქამდე, რომ ამან დაშალა მკაცრი დასავლური სისტემა და მოახდინა ძალაუფლების უზარმაზარი კონცენტრაცია, ფაქტობრივად, ხელის თითებზე ჩამოსათვლელი კომპანიების ხელში. ისინი აშკარად ვერ ანგრევენ სახელმწიფოს, მაგრამ დაიწყო გლობალიზაცია. სხვათა შორის, გლობალიზაციაც ტროცკის იდეაა. დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან რთული საქმის წინაშე: ისინი, რომლებსაც საქართველოში თითქოს დემოკრატები ჰქვიათ, სინამდვილეში მამალი ტროცკისტები არიან. ისინი ამბობენ, რომ, თურმე, ჩვენ დასავლეთიდან უნდა წამოვიღოთ დემოკრატიული ფასეულობები. ეს სისულელეა, რადგან დემოკრატიას არანაირი ფასეულობები არ გააჩნია, ის ცარიელი სივრცეა, მას აქვს მხოლოდ პროცედურები, ერთი ჯგუფიდან ძალაუფლება როგორ გადაეცეს მეორე ჯგუფს. ეს პროცედურები მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ელიტები, რომლებიც სხვადასხვანაირად უყურებენ მიზნის მიღწევის გზებს, შეთანხმებულები არიან ამ პროცედურებზე. რა მოხდა აშშ-ში? განხეთქილებაა პოლიტიკურ ელიტაში, განხეთქილებაა საზოგადოებაში. 1864 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკული საზოგადოება სამოქალაქო ომამდე მივიდა, ასეთი გახლეჩვა შეერთებულ შტატების პოლიტიკურ ელიტაში არასდროს ყოფილა. მოისპო პროცედურებისადმი ნდობა.
– კატასტროფული იყო მარტივი მაგალითი, როდესაც ABC-მ 55-ე სკოლაში საარჩევნო პროცესი გაასაღა, როგორც ჯორჯიაში საარჩევნო პროცესი. ჩვენ აშშ-ში გვხიბლავს პროფესიონალიზმი, სანდოობა და აი, ამ ერთმა კადრმა აჩვენა, რამდენად არასანდო შეიძლება, იყოს ეს სისტემა.
– ეს ერთი კადრია, რეალობა კი ძალიან მძიმეა. მე ძალიან ყურადღებით ვადევნებდი თვალს საარჩევნო ტაბლოს: ყველაფერი შესანიშნავად ითვლებოდა, მაგრამ, როდესაც ბოლოს დარჩა 9 შტატი, 4 ნოემბერს, თბილისის დროით 14 საათზე გაქრა მონაცემები. როგორ?! ამერიკელებს დათვლა გაუჭირდათ?! არ მინდა განზოგადება, მაგრამ შემდეგ მთელი ერთი დღის განმავლობაში მონაცემები აღარ იყო და ეს უკვე ნიშნავდა იმას, რასაც ნიშნავდა. თქვენ ნახეთ ერთი კადრი, მაგრამ არ გინახავთ ბევრი კადრი.
– მე ვნახე ბევრი კადრიც, უბრალოდ, მოვიტანე ყველაზე მარტივი და თვალსაჩინო მაგალითი.
– კიდევ უფრო გასაკვირია ის, რომ ფოსტით მიცემული ხმები მხოლოდ ბაიდენის ხმებია, რაც ალბათობის თვალსაზრისით, ნულის ტოლია. ცხადია, ამერიკელები თავიანთ თავს მიხედავენ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს გეოპოლიტიკა. რაც საქართველოში ხდება, იმის მიზეზია, რომ ჩვენ დავიბრმავეთ თვალი და არასწორად ვაფასებთ მოვლენებს, რომლებიც მოხდა უკანასკნელი 170 წლის განმავლობაში საქართველოში. ყველაფერი, რაც საქართველოში, კავკასიაში, ახლომახლო თუ შორეულ რეგიონში მოხდა, არის იმ დროისთვის ორი დიდი იმპერიის, რუსეთისა და ბრიტანეთის, სასიკვდილო დაპირისპირების შედეგი. ბრიტანელებს უნდოდათ, გადაეკეტათ რუსები, რომ ინდოეთს საფრთხე არ შექმნოდა, ამას მოჰყვა ექსპანსია და ურთიერთგანეიტრალება. შემდეგ უკვე – ყირიმის ომი, რომელშიც ოსმალეთის იმპერიის მხარეს იბრძოლეს ინგლისმაც და საფრანგეთმაც. რუსებს მოაწერინეს ხელი საკმაოდ დამამცირებელ ზავზე, მაგრამ პროცესებს უკვე ამ ორი ქვეყნის დაპირისპირება განსაზღვრავდა, რაც საქართველოში 1921 წელს მოხდა, ეს იყო გეოპოლიტიკა და არა მეთერთმეტე არმიის შემოჯლიგინება. შემდეგ ბრიტანეთის იმპერია უკვე დასავლეთმა დაშალა და ბოლო 100 წელია, რაც საქართველოში ხდება აშშ-სსრკ-სა და ახლა აშშ-რუსეთის დაპირისპირების შედეგია. ევროპა მონაწილეობს ნომინალურად, იმიტომ რომ უსაშველოდ სუსტია. სამი ძლიერი გეოპოლიტიკური ძალაა დღეს ერთმანეთთან ძალიან არაკონსტრუქციულ ურთიერთობაში: აშშ, ჩინეთი და რუსეთი, რომელიც ეკონომიკურად წინა ორს ჩამორჩება, მაგრამ სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებით უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ ხელშეუხებლობა გარანტირებული აქვს. რაც დღეს ხდება საქართველოში, სომხეთ-აზერბაიჯანსა და სირიაში, არის აშშ-რუსეთის დაპირისპირება. ამდენად, თუ ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო და მომავალი გვქონდეს, უნდა გვესმოდეს გეოპოლიტიკური კონტექსტი. ბოლო 100 წლის განმავლობაში საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიების ნახევარი! და ჩვენს გონებაში არაფერი იცვლება, საკუთარი თავის გამოსათხრელ პოლიტიკას ვეწევით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი