პოლიტიკა

რა გავლენას ახდენს მოზარდ თაობაზე სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსთა ბილწსიტყვაობა, აგრესია და ერთმანეთთან დაპირისპირება

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:49 23.11, 2020 წელი

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

ზოგადად, სამხრეთელებისთვისაა დამახასიათებელი ემოციების ბატონობა გონიერებაზე. ჩვენც სამხრეთელები ვართ და ამიტომ ხშირად გვიწოდებენ „ცხელთავიანებს“ და მართლაც ვერც სიდინჯით დავიკვეხნით და ვერც ცივი გონებით. შედეგიც შესაბამისია (და ეს ნათლად ჩანს ჩვენს ქცევებში და აისახება ჩვენი სახელმწიფოს მდგომარეობაზეც). უფრო მეტიც, თუკი ადრე ზრდილობა დასაფასებელი თვისება გახლდათ, დღეს ბილწსიტყვაობა, აგრესიულობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში ლამის პოპულარობის გარანტად იქცა. არათუ სატელევიზიო ეთერებში იგინებიან მიწვეული სტუმრები (არადა – ამ პრობლემის მოხსნა მარტივადაა შესაძლებელი – არ უნდა მიიწვიო ამაში შემჩნეული რესპონდენტი), თვით ჟურნალისტებიც და ტელევიზიის მფლობელებიც კი. მეორე მხრივ, საზოგადოება ამას უყურებს და არც აპროტესტებს. ამიტომაც მედია აქტიურად უთმობს ეთერს აყალმაყალის მომწყობ რესპონდენტებს რეიტინგის აწევის მიზნით. მეორე მხრივ, იგივე საზოგადოება, მედიის აკომპანირების ფონზე, ჩივის, რომ ახალგაზრდები აგრესიულები არიან და ხშირია როგორც მკვლელობები, ისე თვითმკვლელობები და არავინ უფიქრდება, რომ ახალგაზრდების აგრესიულობა, სწორედ, უფროსების დამსახურებაა: რა მაგალითსაც უყურებენ, იმავეს უფრო მძიმე ფორმით იმეორებენ. უფროსების მაგალითის ძალაზე ვისაუბრებთ ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან.
– ყველა, სოციალური სტატუსის მქონე თუ არმქონე, მიუხედავად სქესისა და განათლების დონისა, თავის მოვალეობად მიიჩნევს საჯაროდ ლანძღვას, ყვირილს, მუშტების ქნევას. ამას უყურებენ ბავშვები, ახალგაზრდები. რა გავლენას ახდენს მათზე, ანუ როგორი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს? მოზარდი ხედავს, რომ შეურაცხადობა პოლიტიკოსის აუცილებელი თვისებაა.
– მიბაძვას გვერდს ვერ ავუქცევთ, ოღონდ ესეც რაღაც ფარგლებშია. გარკვეულ ასაკში მშობლებს ჰბაძავენ, სხვა ასაკში – თანატოლებს და ძალიან ხშირად, როდესაც მშობლებს უკვირთ, ასე რატომ იქცევიან ჩვენი შვილებიო, იქცევიან იმიტომ, რომ ისინი ჰბაძავენ თანატოლებს და არა თავიანთ მშობლებს. როდესაც თავიანთ მშობლებს ჰბაძავენ, იქ მშობლის გავლენა მეტია, მაგრამ, სხვას როდესაც ჰბაძავენ, იქ უკვე სხვაგვარადაა საქმე. როდესაც დიდია ძალადობის ხარისხი ეკრანიდან, ამის გავლენაც დიდია. თავის დროზე მთელი რიგი თეორიები შეიქმნა მარტივი ექსპერიმენტის საფუძველზე. ბავშვს აყურებინებდნენ, როგორ ურტყამდნენ თოჯინას, შემდეგ ამ თოჯინას აძლევდნენ ბავშვს და ისიც აგრესიას გამოხატავდა თოჯინის მიმართ. ანუ მიბაძა იმას, რასაც აყურებინეს. ასე ვართ ადამიანები მოწყობილი. როდესაც ეკრანზე ბევრი აგრესიაა, იმისდა მიხედვით, თუ ვინ მეტად ესიმპათიურება აგრესიის გამომვლენთაგან ბავშვს და ვინ – ნაკლებად, შეიძლება, ივარაუდო, ვის მეტად მიბაძავს და ვის – ნაკლებად. ჩვეულებისამებრ, რადიკალურებს ახალგაზრდები უფრო სიმპათიით უყურებენ. ახალგაზრდა თავისთავად რადიკალური ტიპია. ეს რადიკალიზმი, მოგეხსენებათ, ძალიან ხშირად არღვევს საზღვრებს და, მათ შორის, საუბარშიც გამოიხატება ისეთ გამოთქმებში, რომლებიც აკადემიურობისგან შორსაა.
– ბავშვი გარკვეულ ასაკში ჰბაძავს მშობლებს, შემდეგ – თანატოლებს და ახალგაზრდა უკვე – აღიარებულ ავტორიტეტებს, ასე მახსოვს. ავტორიტეტი კი ისაა, ვინც ხშირად ჩანს ეკრანზე. 
– გააჩნია, რომელ საზოგადოებაშია აღიარებული ავტორიტეტად. ერთი ვარიანტია, ვისაც ხშირად უყურებს და შეიძლება, რომელსაც ხშირად უყურებს და თან, რომელიც მისი ასაკის ხალხის მიერაა მიღებული, რადგან არის ასაკი, როდესაც ტელევიზორს არ უყურებენ. ამ დროს ერთმანეთზე ახდენენ გავლენას ახალგაზრდები და, ამდენად, ერთმანეთზე გავლენა გადამწყვეტია. არჩევნებმა ჩაიარა და ვნახეთ, რომ მოულოდნელად მაღალი პროცენტი აიღო „გირჩმა“ და რატომ?!
– სწორედ „გირჩზე“ მინდოდა, მეკითხა, კიდევ კარგი, 60 000-ზე მეტიც არ არის ისეთი, ვინც მათ იდეოლოგიას იზიარებს.
– ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ახალგაზრდებმა აიტაცეს მისი პოპულარობა. ხშირად გვგონია, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს ადამიანი იღებს პიროვნულად, ამ დროს კი ძალიან ხშირად, სწორედ, ჯგუფების გავლენით ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ანუ კონფორმულად. ასეთი კონფორმული გადაწყვეტილებებია უმეტესწილად ჩვენი მიბაძვების წყარო.
– როგორი უცნაურია, ყველას თითქოს უყვარს ვაჟა, მაგრამ ვაჟას ფილოსოფიას, ბალახი ვიყო სათიბიო, არ იზიარებენ და ყველას ცელობა უნდა, მეორის გადათელვა. ეს განსვლები სიტყვასა და ქცევას შორის საიდან იღებს სათვეს?
– ბევრია გაორება, იმიტომ რომ ვაჟას მკითხველსა და მომწონებელს გაზრდა უნდა, ამიტომ ჩვენთან ხშირად იმიტომ ამბობენ, მომწონსო, რომ სხვებიც ამბობენ. ჩვენთან-მეთქი, იმიტომ დავაყოლე, რომ უცხოეთში ამასაც არ აკეთებს ახალგაზრდა და თავისსავე კლასიკოსზე ამბობს, არ მაინტერესებსო.
– მეც წავწყდომივარ ამას რუს და სხვა უცხოელ ახალგაზრდებს შორის, თავიანთ კლასიკოსებს აბუჩად იგდებენ.
– ამერიკის პროცესებმაც გვაჩვენა, რომ რეკულტურიზაცია მიდის. როგორიც უნდა იყოს პროტესტის მუხტი, სერვანტესის ძეგლი რატომ უნდა ჩამოაგდო?! ესე იგი, იმ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, ვინ არის სერვანტესი. კლასიკიდან მოწყვეტის პროცესი, ზოგადად, მთელ მსოფლიოშია და განსაკუთრებით ძლიერი, ალბათ, ამერიკაში. ევროპა უფრო ცდილობს კლასიკასთან კავშირის შენარჩუნებას. აშშ-ს კი საპირისპირო ორიენტაცია აქვს: ყველაფერი ახალი კარგია, ყველაფერი ძველი – ცუდი. ამდენად, კულტურისგან მოწყვეტა იდეოლოგიადაა ჩამოყალიბებული, რის შედეგიც იყო, რაც ვნახეთ ამერიკულ სინამდვილეში საპროტესტო აქციებზე. ამ საპროტესტო აქციებმა მთელი ამერიკული ცივილიზაციის წყალში გადაყრა განიზრახა, სხვაგან საეჭვოა, ასეთი შედეგი მივიღოთ.
– პირადად მე ყველაზე მეტად გამიკვირდა ძეგლებთან ბრძოლა ბრიტანეთში.
– დიახ, ასეთი ტენდენციები დასავლეთში, ზოგადად, არის. ასე რომ, როგორც ჩანს, რაკი დასავლეთს ვბაძავთ, გაგვიჭირდება გადარჩენა და მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საკუთარ კულტურასთან. ოღონდ ეს ისეთი გასაჭირი არაა, რომ მისი დაძლევა შეუძლებელი იყოს. მცირე ქვეყანა ვართ და კავშირის შენარჩუნება ჩვენს კულტურასთან კარგი იქნებოდა.
– ახალგაზრდები, ალბათ, გეგმავენ თავიანთ მომავალს და აქვთ მიზნები. ჩართავენ ტელევიზორს და ხედავენ – წარმატებულად მიჩნეული პოლიტიკოსი, ბიზნესმენი იგინება, იმუქრება, მუშტებზე იყურება. მაგალითად, ერთ-ერთი ტელევიზიის მფლობელი, ერთ დროს განათლების მინისტრიც კი იყო, ისე მეტყველებს პირდაპირ ეთერში და ისეთებს წერს სოციალურ ქსელში – ვერც კი გავიმეორებ. ამ მაგალითების ძალა როგორია? ისინი ხომ ქმნიან თანამედროვე წარმატებული ადამიანის მოდელებს?
– რა თქმა უნდა, ქმნიან. ადამიანის გონებაში ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება, რომ არც უნდოდეს ადამიანს, მისი გონებაა ისე მოწყობილი, რომ ერთმანეთს უკავშირებს ყველაფერს და ამ კავშირებში ხედავს გამოსავალს. თუკი საზოგადოებისთვის იდეალურია დიდი ქონება, ბუნებრივია, დიდი ქონების მფლობელის თვისებები წამოვა წინა პლანზე. ესეც რომ არ იყოს – როდესაც „ბითლზების“ სიმღერა ხიბლავდა ახალგაზრდობას, მათი ვარცხნილობაც მომხიბვლელი აღმოჩნდა და მთელმა მსოფლიომ მათი ვარცხნილობა გაიკეთა. ანუ, თუ ერთი თვისება მოსწონს, იმ ადამიანის დანარჩენ თვისებებსაც გადაიღებს. ეს დამახასიათებელია ყველა ასაკის ადამიანისთვის, უბრალოდ, ახალგაზრდები უფრო მგრძნობიარენი არიან. რადგან ისინი თავიანთ შინაგან ბუნებას, სწორედ, ახალგაზრდობის პერიოდში აგებენ, ამიტომ ახალგაზრდებზე უფრო მეტად ახდენს გავლენას გარემო, ვიდრე სხვა ასაკის ადამიანებზე, რომელთა შინაგანი სამყარო უკვე ჩამოყალიბებულია და უკვე გააზრებული აქვთ თავიანთი იდეალები. როგორც წესი, ახალგაზრდობის ასაკში უყალიბდება ადამიანს იდეალები, მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკისაა ესა თუ ის ადამიანი. ხანდაზმულობაშიც ახალგაზრდობის იდეალები მოგვყვება. ვერ ვიტყვით, რომ ახალგაზრდა ყველაფერს მიბაძვით აკეთებს, მაგრამ, თავისი თავიდან გამომდინარე რომ ინტერესი გაუჩნდეს რამისადმი, ამის საძირკველსაც ის ადამიანები აშენებენ პიროვნებაში, რომელსაც ახალგაზრდა ბაძავს და უყურებს. ეს ირიბი გავლენაა. პირდაპირი გავლენა თანატოლებისაა. ჩემს ახალგაზრდობაში რაღაც თუ არ გქონდა წაკითხული, ცუდ ტონად ითვლებოდა. მაშინ „ინოსტრანნაია ლიტერატურა“ იყო უცხოური ლიტერატურის წყარო და რაღაც რომ დაიბეჭდებოდა, იყო დევნა იმ ნომრის, რომ ყველას წაგვეკითხა ახალი რომანი და არ ჩამოვრჩენოდით ჩვენს კამპანიას. ეს ძლიერი ბერკეტია, რაც დღეს ბერკეტი აღარაა. დღეს ძალიან გახშირდა ფილმების ციტირება... ასეთ კულტურაში შევდივართ, როდესაც წიგნის წაკითხვაზე მნიშვნელოვანი ფილმის ნახვაა.
– ფილმებიც საკმაოდ პათოლოგიურია, დღევანდელი კინოც აღარ არის, რაც იყო ნამდვილი კინოკლასიკა.
– დიახ, ყოფითი ფილმებიდან მოჰყავთ ციტატები ძალიან სერიოზულ თემებზე საუბრისას. 
– გარემოსგან როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები? თუ ესეც გამოწვევაა და თითოეული ინდივიდუალურად თუ შევინარჩუნებთ ადამიანის სახეს?
– ის, რომ ადამიანები კარგავენ კულტურასთან კავშირს, ერთხანს კულტურულ ადამიანებს ადარდებდათ, დღეს ვინ უნდა იდარდოს?!
– შედეგიც შესაბამისია. ეს ნიშნავს, რომ ისევ გამოქვაბულისკენ მივდივართ, ოღონდ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილები?
– შეიძლება, გამოქვაბულში შევდივართ, მაგრამ სხვა მხრიდან, რა მხრიდანაც გამოვედით, იქიდან არ ვბრუნდებით. ამ შემთხვევაში უფრო რთულ პრობლემას აყენებთ, ვიდრე მე შეიძლება, გადავწყვიტო: ანუ საით მიდის ცივილიზაცია. არ არის გამორიცხული, ცალ-ცალკე სამსჯელო იყოს ევროპული და აზიური ცივილიზაციები. რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, უფრო ევროპული ცივილიზაციის პრობლემაა. აღმოსავლეთი უფრო წინაპრებსა და უფროს თაობაზეა ორიენტირებული. დასავლეთი კი, განსაკუთრებით, ამერიკა ორიენტირებულია მხოლოდ მომავალზე, მაგრამ მომავალზე სწორად რომ იყო ორიენტირებული, წარსული გჭირდება, ეს დასავლეთს ნაკლებად ახსოვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი