პოლიტიკა

რა დილემის წინაშე დგება კრემლი სამხრეთ კავკასიაში, თუკი აზერბაიჯანი თურქეთის დახმარებით შეძლებს დაკარგული ტერიტორიების ნაწილის დაბრუნებას

ავტორი: ლუკა ნემსაძე 14:53 12.11, 2020 წელი

ექსპერტი ვაჟა ბერიძე
დაკოპირებულია

„კომსომოლსკაია პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვი დაუბრუნდება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის ეთნიკური რუსებისა და ეთნიკური ქართველების საკუთრების საკითხს.“ ნომერ პირველი დიპლომატის ამ მოულოდნელ განცხადებას დე-ფაქტო აფხაზეთის ეგრეთ წოდებული „საგარეო საქმეთა მინისტრიც“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ კვლავ ის ერთადერთი მოთხოვნა აქვთ, რაც ჰქონდათ – მთავარია, მესაკუთრეს საომარ მოქმედებებში არ ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული. ასეა თუ ისე, ყარაბაღის განახლებული ომის გათვალისწინებით, თითქოს უადგილოა სერგეი ლავროვის განცხადება, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები, სწორედ, სამხრეთ კავკასიაში გავლენის გასაძლიერებლად სჭირდება რუსეთს, თანაც – აფხაზეთში დიდია თურქული გავლენაც, შესაძლოა, სწორედ ყარაბაღის ომმა გაახსენა რფ-ის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელს აფხაზეთში ეთნიკური ქართველების ქონებრივი უფლებები. მეორე მხრივ, ეს ერთგვარი ანკესიც შეიძლება, იყოს: მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირში დაბადებულებს აქვთ საშუალება, გამარტივებულად მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა და შესაძლოა, ეს რუსეთის მოქალაქეობის შეთავაზებაცაა აფხაზეთიდან დევნილი ქართველებისთვის. პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ რუსეთის ამ დიპლომატიური განაცხადის კონტექსტს.
– ლავროვს თითქოს უდროო დროს გაახსენდა ეთნიკური ქართველების ქონებრივი უფლების დაცვა აფხაზეთში. ეს შეიძლება, განვიხილოთ, როგორც აფხაზეთში თურქული გავლენის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაკი ყარაბაღის ომმა გამოავლინა თურქეთის დაუფარავი ამბიციები სამხრეთ კავკასიაში გავლენების მოსაპოვებლად? ფაშინიანის მსგავსად უპირებს დასჯას ბჟანიას?
– რუსეთის ნეოიმპერიული პოლიტიკა ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკებისადმი და ამჟამად დამოუკიდებელი სახელმწიფოებისადმი მარტივია, მას სურს, აღიდგინოს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი უკვე გასულიცაა რუსეთის გავლენის სივრციდან, მაგალითად, ბალტიის ქვეყნები. რუსეთმა განაცხადა ევრაზიული სივრცის შექმნის შესახებ და ამ იდეას თანმიმდევრულად მიჰყვებიან. ტაქტიკური მანევრები და წინსვლა-უკუსვლა რაღაც თემებში სავსებით ლოგიკურია და მინისტრ ლავროვის ეს კონკრეტული განაცხადიც უნდა აღვიქვათ საერთო სურათის კონტექსტში, რაც გულისხმობს მათთვის მიუღებელი პოლიტიკოსებისა და რეგიონული ლიდერების დასჯას, რასაც ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ სომხეთის შემთხვევაში. რუსეთი თავის სტრატეგიულ მოკავშირეს, ფაქტობრივად, მკაცრად სჯის და იმიტომ, რომ მრავალვექტორული პოლიტიკის წარმოება დაიწყო მასობრივი საპროტესტო მოძრაობის ტალღაზე ხელისუფლებაში მოსულმა ნიკოლ ფაშინიანმა. თუმცა ეს დასჯაც არ გულისხმობს იმას, რომ კრემლი უახლოეს პერსპექტივაში დათანხმდება სომხეთის სრულ დრეიფს რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობიდან ევროკავშირისკენ, „ნატოს“ გარეშეც კი.
– ოღონდ უფრო დაყოვნებულად იმოქმედა რუსეთმა სომხეთში, ვიდრე უკრაინაში.
– კრემლი სხვადასხვანაირად მოქმედებს სხვადასხვა მიმართულებით. ჩემთვის ცალსახაა, რომ სჯის ფაშინიანს და იმავდროულად, იმ იმედით, რომ, მეორე მხრივ, იქნებ გაწყვიტოს თურქეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული ღერძი. ამდენად, ცალკე პოლიტიკას აწარმოებს ალიევთან, რომელიც თავისი მამის ღირსეული შვილი და მემკვიდრეა და არც მისთვისაა უცხო აღმოსავლური პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ცბიერება, ისევე, როგორც ჰეიდარ ალიევისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება იყო „კაგებეს“ თანამშრომელი და „კაგებეს“ გენერლობიდან რბილად გადაეწყო დამოუკიდებელი აზერბაიჯანის შექმნამდე და დასავლეთის ვექტორზე გადაყვანამდე. თუმცა იმავე სომხურ ლობიში, რომლებიც, მათ შორის, მარგარიტა სიმონიანის პირით მოითხოვდნენ სომხეთის დასჯას, რაკი ფაშინიანმა დასავლეთისკენ დრეიფი დაიწყო, გაჩნდა უკმაყოფილება, როგორც კი ალიევმა გარკვეულ სამხედრო წარმატებებს მიაღწია. ამიტომ ბოლო დღეებში, ვინც ადევნებდა თვალს რუსულ საინფორმაციო საშუალებებსა და კრემლის იდეოლოგების გამოსვლებს, რუსულ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში ვექტორი გადავიდა ერდოღანის მძაფრ კრიტიკაზე.
– ძალიან აშინებენ სომხეთს თურქეთით რუსული საინფორმაციო საშუალებები.
– დიახ, ამიტომ აქ საუბარია იმაზე, რომ კრემლმა დასაჯა ფაშინიანი, რითაც რეალური გახდა მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ახლა მოსკოვს მანევრიც კი უჭირს. თუ ის აზერბაიჯანს მისცემს უფლებას, თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს ყარაბაღის საკითხი, გამოდის, რომ რუსეთი ნებას აძლევს თურქეთს, კიდევ უფრო გაძლიერდეს რეგიონში, ეს კი კრემლის გეოპოლიტიკურ ზრახვებს აშკარად არ შეესაბამება, იმიტომ რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან წასვლას არ გეგმავს და დასარჩენად ყველაფერს გააკეთებს. კრემლის რუპორები და იდეოლოგები უკვე პირდაპირ სამხედრო ჩარევაზე ლაპარაკობენ – მშვიდობის ძალით დამყარებაზე, აზერბაიჯანის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებაზე, მშვიდობისმყოფელების ჩაყენებაზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ფრონტის მთელ ხაზზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბუნებრივია, გარკვეული თვალსაზრისით, ასეთი დამოკიდებულება იგულისხმება ყველა იმ ლიდერის მიმართ, რომლებიც არ ჯდებიან რუსული პოლიტიკის კონტექსტში.
– მაგალითად, ბჟანიას მიმართ.
– მათ შორის, ასლან ბჟანიასადმი, მეორე მხრივ, ყირგიზეთშიც იყო შურისძიების ელემენტი. რაც შეეხება აფხაზეთს: ხაჯიმბა მათთვის იყო გასაგები, მარტივი და ცალსახად რუსეთის ინტერესების მომსახურე. მაგრამ აფხაზები მცირერიცხოვანი ერია, დამოუკიდებლობის ძალიან დიდი სურვილი აქვთ და მათ საკმაო ნაწილს საქაართველოსგან დამოუკიდებლობაც უნდათ და, იმავდროულად, არ უნდათ რუსეთის წიაღში სრული ინტეგრირება და მიერთება, იმიტომ რომ კარგად ხედავენ რუსეთის დამოკიდებულებას თავისი ავტონომიებისადმი. საერთოდ, რუსეთს არც აქვს უფლება, რომელიმე ქვეყნის ავტონომიებზე ილაპარაკოს, იქიდან გამომდინარე, რომ თავის ავტონომიებს, რომლებიც ფედერაციის სუბიექტები არიან, განიხილავს, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებს. ამას აფხაზების ნაწილი, ძალიან გონიერი და პრაგმატული, ხედავს და არ უნდათ, იქცნენ რუსეთის ფედერაციის სუბიექტად. ეს კრემლისთვის ცუდი სიგნალია, იმიტომ რომ ბჟანიასთან მდგომი ადამიანების ხედვა არ არის ცალსახად მორჩილი კრემლის პოლიტიკისადმი და ბუნებრივია, ისინი ხან ფინანსური რესურსით უტევენ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს, ხან ექსცესებს აწყობენ დაპირისპირების პროვოცირების მიზნით. ბჟანია მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ფიგურაა და ამიტომ უნდა იგრძნოს მან, რომ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ მომავალი არ აქვს. მეორე ასპექტი ისაა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრი სეპარატისტული და ეთნიკური კონფლიქტია, მათი დიდი ნაწილი ხშირად მოსკოვის მიერაა პროვოცირებული, თუ ორგანიზებული არა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ახალ, დამოუკიდებელ ქვეყნებს. აქამდე კრემლი ამას იყენებდა საბჭოთა კავშირიდან გამოსული ქვეყნების წინააღმდეგ, რადგან, მოგეხსენებათ, იქ, სადაც შეიარაღებული კონფლიქტია, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა მცირეა, თუნდაც, გაყინული კოფლიქტი იყოს. მაგრამ, როგორც კი პუტინის რეჟიმი მომძლავრდა, რუსეთში დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ ამ გავლენის აღდგენის პროცესში და ყველა მიმართულებით აპირებენ გავლენის შენარჩუნებას: კავკასიაშიც, აზიაშიც, ხომ არ ჯობია, რომ რაღაც მომენტში ამ კონფლიქტების დამრეგულირებლის მანტია მოისხას კრემლმა. გამოჩნდა, რომ შეიძლება, რომელიმე კონფლიქტის დარეგულირებამ მოსკოვს უფრო მეტი ბენეფიტი მისცეს.
– ამიტომ გამოთქვა ლავროვმა კონსტრუქციული წინადადება და ქართველების ქონებრივი უფლებები გაიხსენა?
– არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს გარკვეულწილად ორმაგი ანკესის გადმოგდება: ერთი აფხაზებისა და, მეორე ქართველი საზოგადოებისადმი, რომ ასეთი რამის დაშვება შეუძლია კრემლს. ისევე, როგორც ასეთივე ორლესულია კრემლის მიდგომა ყარაბაღისადმი. თან, რა გამოდის? მოსკოვი არის კონფლიქტების გამჩაღებელი და ეს მას აძლევს დამოუკიდებელი სახელმწიფოებით მანიპულირების საშუალებას, თუმცა ეს მათ უკარგავს ხალხებსაც. მათ დაკარგეს ქართველი საზოგადოება, სომეხი საზოგადოება, რომელიც აქამდე ლოიალური იყო მოსკოვისადმი, აზერბაიჯანის საზოგადოება... რეალურად, მოსკოვს უნდა, რომ რომელიმე კონფლიქტის დარეგულირებაში მაინც შეიტანოს წვლილი. თუმცა ბოლომდე ჯერ არ იციან, როგორ შეხვდება ამას თავად რუსი საზოგადოება და ის ხალხები, რომლებსაც ეს კონფლიქტი აქვთ. გლობალურად, ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ძალიან ცოტა ეთნოკონფლიქტი დარეგულირებულა მთელ მსოფლიოში. თუ არ ჩავთვლით კოსოვოს დამოუკიდებლობასა და სერბეთის „ნატოს“ მიერ დაბომბვას, რამაც ერთობ ცუდი პრეცედენტი შექმნა ტერიტორიული პრინციპის საწინააღმდეგოდ მსოფლიოში და რუსეთს ხელ-ფეხიც გაუხსნა. გამოდის, რომ თანამედროვეობაში ძალისმიერი გზის გარეშე კოფლიქტები არ წყდება. 30 წელს ისხდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ატყდა ბათქა-ბუთქი. რუსეთი იძულებულია, რაღაც შესთავაზოს ხალხებს, იმიტომ რომ ხელისუფლებები კი არ არის პრობლემა, არამედ ხალხები. რუსეთი ვერაფერს სთავაზობს ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ ხალხს, გარდა სამხედრო ალიანსისა და რუსული ბაზრისა, რაც საკმარისი არ არის სამომავლო პერსპექტივისთვის, ამიტომ ელემენტარულია, რომ ყოფილი ქალანთაროვი, ამჟამად ლავროვი, რომელიც, ასევე, ახლოსაა სომხურ ლობთან, რამდენადაც თბილისელი სომხის შთამომავალია, ასეთ მახვილგონივრულ სვლებს აკეთებს. თან, აფრთხილებს აფხაზებს, თან – სიგნალს გვიგზავნის ჩვენ და ამას ჩვენ მკაფიო პასუხი უნდა გავცეთ. უნდა განვაგრძოთ მკაფიო სამშვიდობო გზა. სამწუხაროდ, დღეს „პატროტთა ალიანსის“ გარდა არავინ ამბობს, რომ რუსებთან ლაპარაკი აუცილებელია, რომ აფხაზებთან და ოსებთან ლაპარაკი აუცილებელია; არადა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც მალე დაიწყება ეს დიალოგი, მით უკეთესია. საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა კარასინი-აბაშიძის ფორმატს და ამის იქით ვერ წავიდა, იმიტომ რომ ხელისუფლებას ეშინია ოპოზიციის, არ აქვთ შესაბამისი კონტაქტები საკმაოდ არეულ შტატებთან და ევროკავშირთან, რომ შეათანხმონ რუსეთთან საუბრის პოლიტიკა. იქნებ და, შვიდობიანი გზით ისევ გახადონ შესაძლებელი რუსეთმა, ირანმა, თურქეთმა და დასავლეთმა ამ კონფლიქტების გადაწყვეტა, თუ არადა მაშინ ჩვენც უნდა ვიფიქროთ სამხედრო გზით ამ კონფლიქტის გადაწყვეტის აუცილებლობაზე. ჩვენ ყველა შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტისთვის. ამისთვის აუცილებელია ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება. გინდა მშვიდობა – ემზადე ომისთვის! იმიტომ რომ სუსტებთან არავინ არასდროს ლაპარაკობს. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტისას ჩვენ გარკვეულწილად უნდა გვქონდეს თურქეთისა და რუსეთის მიერ ჩვენი ნაბიჯების თუ მხარდაჭერა არა, გაგება მაინც. ამის გათვალისწინების გარეშე, ნებისმიერი პოლიტიკა – სამშვიდობოც და საომარიც იქნება ავანტიურა, გაუაზრებელი და უნიადაგო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი