რომანი და დეტექტივი

უპატრონო ძაღლი

№17

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 05.05

უპატრონო ძაღლი
დაკოპირებულია
  • ჟორჟ სიმენონი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-16 (1216)

– გადმოტვირთვის შესახებ ზუსტი ინსტრუქციები მქონდა მიღებული. ნაპირთან მიდგომაც კი ვერ მოვასწარით, რომ ნავსადგურში სამი საპოლიციო კატერი დაგვიხვდა... კატერებზე ტყვიამფრქვევები იდგა და პოლიციელები შეიარაღებული იყვნენ. მიზანში ამოგვიღეს და გემბანზე ამოვიდნენ. ყველაფერი ეს ისე ჩქარა მოხდა, რომ რაიმეს გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარით. არ ვიცი, ვინ მიიყვანა ორანძა ნავი პორტში და როგორ შეგვტენეს სატვირთო ავტომანქანაში. ერთი საათის შემდეგ აღმოვჩნდით ციხე სინგ-სინგში, თითოეული – ცალ-ცალკე გალიაში. აქ კი კინაღამ გადავირიეთ. ამერიკელთა შორის ფრანგულად არავინ ლაპარაკობდა. სატუსაღოს დარაჯები, როგორც კი შეეძლოთ, აბუჩად გვიგდებდნენ. დილით სასამართლოში წაგვიყვანეს. ვიღაც ყმაწვილი ვექილს განასახიერებდა, მაგრამ არც ერთ ჩვენგანს არც კი დაელაპარაკა. როდესაც ყველაფერი დამთავრდა, ამიხსნეს, რომ მისჯილი მაქვს ორი წლით საკატორღო მუშაობა და დაჯარიმებული ვარ ასი ათასი დოლარით და რომ ჩემი ორანძა ნავი კონფისკაციაქმნილია. ჯარიმის გადაუხდელობის გამო, კიდევ რამდენიმე წელი მომიმატეს. თმა მთლად გადამპარსეს და ყოველდღე გავყავდი სამუშაოდ – ქვის სამტვრევად. შედარებით მდიდარ პატიმრებს თითქმის ყოველ საღამოს უშვებდნენ ქალაქში. ღარიბები კი მათ ემსახურებოდნენ. მაგრამ მთავარი ეს კი არ იყო. დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, როცა ერთ-ერთ პატიმარს მისიანებმა მოაკითხეს, მე დავინახე სწორედ ის ამერიკელი, რომელიც ბრესტში მელაპარაკა. მაშინვე ვიცანი. შევეხმიანე. მან საკმაოდ დიდხანს ვერ გამიხსენა, შემდეგ კი გადაიხარხარა. დარაჯებს უთხრა, რომ მისაღებში გავეყვანე. ის მეტად უბრალოდ მესაუბრებოდა, ძველი ამხანაგივით, არც მეტად და არც ნაკლებად... მან მითხრა, რომ დიდხანს იყო ნარკოტიკებით ვაჭრობის მეთვალყურე სამსახურის აგენტი. ის მუშაობდა საზღვარგარეთ – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში – და იქიდან ატყობინებდა ამერიკულ პოლიციას აკრძალული ტვირთით ზღვაში გასული გემების შესახებ. ასე მოიხელთა მან კოკაინის ის პარტია, რომელიც ერთ მილიონ მოგებას ჰპირდებოდა. ამერიკელი მოელაპარაკა ფრანგებს, რომ მათ ეპოვათ ორანძა ნავი და შეიტანეს ფულის ნაწილი... ეს ფრანგები სწორედ ის სამნი იყვნენ... და, ცხადია, მოგებას ისინი ოთხ კაცზე გაანაწილებდნენ. სწორედ იმ დღეს, როცა მე „ლამაზმან ემას“ კოკაინით ვტვირთავდი, ამერიკელმა მიიღო ამერიკიდან ცნობა: მათ განყოფილებაში ახალი უფროსი დაენიშნათ. ახალი ცოცხი კარგად გვის. მუშტრები შეყოყმანდნენ, შესაძლებელი იყო, საქონელი ტრიუმში ჩარჩენილიყო. გაჩნდა ახალი ბრძანება: ის, ვინც შეძლებს აკრძალული ტვირთის გადაზიდვას, პრემიად მიიღებს მისი ღირებულების ერთ მესამედს. ყველაფერი ეს მოგვიანებით, უკვე ციხეში ყოფნისას გავიგე. იქვე, სანაპიროზე გაიმართა საჯარო ვაჭრობა. სამი ფრანგი და ამერიკელი განიხილავდნენ საკითხს: წასულიყვნენ რისკზე თუ არა? და მე ვიცი, რომ ექიმი ყველაზე მეტად იჩემებდა დაბეზღებას. იგი ამბობდა, რომ უკეთესია, ყოველგვარი რისკის გარეშე კაპიტალის მიღება, ვიდრე ხელისუფლებთან უსიამოვნების ლოდინი... ამერიკელმა მხარი დაუჭირა მას: იგი უკვე მოელაპარაკა თავის ერთ კოლეგას, რომ კონფისკაციაქმნილი კოკაინის ნაწილი ცოტა მოგვიანებით უნდა გაყიდულიყო. ფიქრიც კი მიძნელდება, თუ სადამდე დაეცნენ…

„ლამაზმანი ემა“ უკვე შავ წყალზე მისრიალებდა. მე შევცქეროდი ჩემს საცოლეს და ვფიქრობდი, რომ მალე დავბრუნდებოდი და ცოლად შევირთავდი. ამ ვაჟბატონებმა კი, რომლებიც კვალდაკვალ გვაყოლებდნენ თვალს, უკვე იცოდნენ, თუ როგორ დაგვხვდებოდნენ ჩვენ ამერიკაში. მათ შესანიშნავად იცოდნენ, რომ ორანძა ნავის ფული ჯერ კიდევ არ მქონდა გადახდილი და თუ მას ჩამომართმევდნენ, მეორეს ჩემს სიცოცხლეში ვერასოდეს შევიძენდი, მათ იცოდნენ, რომ მე ცოლის თხოვაზე ვოცნებობდი და სრულიად მშვიდად გვიცქეროდნენ, როგორ ვშორდებოდით ნაპირს!.. ყველაფერი ეს სინგ-სინგში მიამბეს. იქ ისევე გავპირუტყვდი, როგორც სხვები. იქ ბევრი რამ ვისწავლე. ამერიკელი, რომელმაც ყველაფერი ეს გამაგებინა, ბარკლებზე ხელებს იტყაპუნებდა, გულიანად ხარხარებდა და თან ამბობდა: „ოჰ, რა თაღლითები არიან ეგ შენი ძმაბიჭები!“ არ ვიცი, მგონი, კიდევ ათიოდე წელი მქონდა დარჩენილი. იმათ ხელში ვერაფერს გაიგებ. საკმარისია შინაგანაწესის სრულიად უმნიშვნელო წესის დარღვევა, და კიდევ რამდენიმე წელს მოგიმატებენ, თანაც, კეტის ცემით სიკვდილის პირას მიგიყვანენ. საშინელი სათქმელია, თუ რამდენჯერ მცემეს და არა მარტო პოლიციელებმა, არამედ პატიმრებმაც. მერე კი ჩემი ამერიკელი სინდისმა შეაწუხა. მე მგონია, მას შერცხვა ამ სალახანების, ჩემი „ძმაკაცების“ მაგიერ, როგორც იგი უწოდებდა. მე არავინ მყავდა, გარდა ჩემი მეგობარი ძაღლისა. ის ჩემს ორანძა ნავზე გაიზარდა და ერთხელ, როცა ქიმს იქით გადავვარდი, გადამარჩინა. მიუხედავად რეჟიმისა, იგი დამიტოვეს. მე უკვე უბრალოდ აღარ ვიცოდი, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი, რომ ერთ მშვენიერ დილით, კარი გამიღეს, წელს ქვემოთ კონდახი მითავაზეს და ცივილიზებულ სამყაროში დამაბრუნეს... მაშინ იქვე, ტროტუარზე, გულწასული დავვარდი... მე გადავეჩვიე ცხოვრებას, თან არაფერი გამაჩნდა...

მეგრე უშფოთველად აბოლებდა, თან თვალს არ აშორებდა ექიმს, რომელიც წერას განაგრძობდა.

– დავიფიცე, ანგარიში გამესწორებინა მათთვის, ვინც ასე სულმდაბლად დამიგო მახე! მე არ მინდოდა მათი მოკვლა, არა! რა არის სიკვდილი? ერთი წამია. სინგ-სინგში ჯდომისას ათასჯერ მინატრია ის. გადავწყვიტე, ციხით გადამეხადა მათთვის სამაგიერო. ბრუკლინზე დავეთრეოდი და ცხენივით ვმუშაობდი, სანამ ბილეთის ფული არ შევაგროვე. ორი ბილეთი ავიღე – ჩემთვის და ძაღლისთვის. ემასგან წერილებს არ ვიღებდი და არ ვიცოდი, რა დღეში იყო. კონკარნოში გავიგე, რომ ემა ოფიციანტად მუშაობს და ბატონ ექიმ მიშუსთან დაწანწალებს. თავს ვიტეხდი, როგორ ჩამეგდო ციხეში ეგ არამზადები. მე ეს უნდა მომემოქმედა, ეს იყო ჩემი ერთადერთი სურვილი. ჩემს ძაღლთან ერთად ჯერ მიგდებულ ორჩხომელში ვცხოვრობდი, შემდეგ კი – კაბელუს კონცხზე, ქვის პატარა სახლში. დასაწყისისათვის ექიმ მიშუს გამოვეცხადე, რათა მას დაენახა ჩემი საძაგელი, კატორღული ფიზიონომია. ხომ გასაგებია? მე ვიცოდი, რომ ის მხდალია და მინდოდა, შემეშინებინა. მინდოდა, ისეთ მდგომარეობამდე მიმეყვანა, რომ ვეღარ აეტანა და ჩემთვის ესროლა! მერე ის კატორღაში მოხვდებოდა და ფეხებითა და კონდახებით სცემდნენ ხოლმე. მისი ვილის გარშემო ხეტიალი დავიწყე, განზრახ თვალში ვეჩხირებოდი. მიცნო და მას შემდეგ ქუჩაში თითქმის აღარ გამოდიოდა. ამ ხნის განმავლობაში მათი ცხოვრება არ შეცვლილა. ისინი უწინდებურად თამაშობდნენ ბანქოს და სვამდნენ აპერიტივებს.

კომისარმა ჩიბუხიდან ფერფლი გამობერტყა და თქვა:

– ახლა მე ვილაპარაკებ. ჯერ ორიოდე სიტყვა ემას შესახებ. მან შეიტყო, რომ ამერიკაში მისი საქმრო დააპატიმრეს. ის გამოაგდეს იმ მაღაზიიდან, სადაც მუშაობდა. ასე გახდა კაფე „ადმირალის“ ოფიციანტი. ამ უბედურმა ქალმა დაკარგა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. კაფეს მუშტრები აცივდებიან მას, მიაჩნიათ, რომ ოფიციანტი ქალები სწორედ ამისთვის არიან გაჩენილი. გადის სამი წელი. მან არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა როლი შეასრულა მის ბედ-იღბალში ექიმმა მიშუმ. ცხოვრება მიედინება. ექიმს ჰყავს სხვა ქალები, მაგრამ ხანდახან იგი ჰოტელში ათევს ღამეს, ხანდახან კი, როცა დედამისი სადმე გაემგზავრება, ის თავის სახლში პატიჟობს ემას. ეს არის სიყვარულის გარეშე მბჟუტავი სიყვარული… და ემას მთელი ცხოვრებაც ასეთივე მბჟუტავია. ზარდახშაში შენახული აქვს ადრინდელი შეყვარებულის წერილი და ფოტოსურათი, მაგრამ ეს მხოლოდ ნახევრად დავიწყებული სიზმარია.

ერთხელ ღამით მიშუმ უკარნახა ემას წერილი. წერილში დანიშნულია პაემანი საღამოს თერთმეტ საათზე ცარიელ სახლში. და ქალი წერს, მაგრამ ვერაფერს ხვდება... ლეონ ლე-გერეკი არ შემცდარა: მიშუ დაფრთხა! ის მიხვდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და სურს, მოიშოროს მტერი, რომელიც სადღაც მახლობლად დაძრწის, მაგრამ მიშუ მშიშარაა! მან ემას წერილი ძაღლის საყელოს გამოაბა, თვითონ კი პისტოლეტით ხელში კარს უკან დაიმალა. ყველაფერი უბრალოდ უნდა მოხდეს: როცა კარზე დააკაკუნებენ, საფოსტო ყუთის ღრიჭოდან უნდა გაისროლოს და მაშინვე ჩიხით გაიქცეს. მსხვერპლის გვამს ვერავინ შეიცნობს, და ბოროტმოქმედება გაუხსნელი დარჩება. მაგრამ აქ ჩაერია ბრმა შემთხვევა, სწორედ იმ დროს კაფედან გამოდის მუსიე მოსტაგენი, იგი ოდნავ შეზარხოშებულია და სიგარას უნდა მოუკიდოს. იგი ადის ცარიელი სახლის პარმაღზე, კარგავს წონასწორობას, ეჯახება კარს და მაშინვე ღებულობს ტყვიას მუცელში. აი, პირველი ტრაგედიის განმარტება, მიშუმ უხეიროდ გაისროლა და შინ წაეთრია. გოიარი და ლე-პომერე საქმის კურსში არიან. მათ უნდათ, გააქრონ ლე-გერეკი, რადგან ფიქრობენ, რომ სამივეს სიცოცხლეს მისგან საფრთხე ემუქრება. ისინი დათრგუნული და დაფეთებული არიან. ახლა კი მიხვდა ემა, რა ბინძურ თამაშში აიძულეს მონაწილეობის მიღება. იქნებ მან დაინახა ლეონი? ან ყვითელ ძაღლში პატარა ლეკვი ამოიცნო. მეორე დღეს ჩამოვედი მე. ეს სამი ვაჟბატონი რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ შიშისგან მისიკვდილებული იყვნენ, ისინი ტრაგედიებს მოელოდნენ. გადავწყვიტე, გამეგო, საიდან მოელოდნენ დარტყმას. არაერთხელ შევამოწმე ჩემი ვარაუდი, რომ შეცდომა არ მომსვლოდა. პერნოს ბოთლში სტრიქნინი მე ჩავყარე. რა თქმა უნდა, არავის მივცემდი უფლებას, რომ დაელია.

ექიმმა მიშუმ თავი ასწია, მეგრეს თვალებში შეხედა და ისევ ციებცხელებიანივით შეუდგა რაღაცის ჩაწერას.

– ესეც თქვენი მეორე ტრაგედია, ბატონო მერო! ჩვენი სამი ვაჟბატონი კი უწინდებურად შიშისაგან ძაგძაგებს. გოიარი მათ შორის ყველაზე შთაბეჭდილებიანი და ყველაზე რიგიანია. მოწამლულმა პერნომ მას წონასწორობა დააკარგვინა, იგრძნო, რომ საქმე ცუდად წარიმართა და რომ მე კვალს მივაგენი. გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გამქრალიყო და მოაწყო თავდასხმისა და მკვლელობის ინსცენირება. ჟურნალისტია და კარგად იცის, რაოდენ შთაბეჭდილებიანია ბრბო. მას ესმის, რომ სანამ ლე-გერეკი ცოცხალია, ის ვერსად ჰპოვებს მოსვენებას. გოიარი აკეთებს გენიალურ სვლას: მარცხენა ხელით წერს ინფორმაციას და მიუგდებს „ფარ დე ბრესტის“ რედაქციას. ცნობაში ნათქვამია ყვითელი ძაღლისა და დიდტერფა მაწანწალას შესახებ... ყოველი ფრაზა გამიზნულია იმისათვის, რომ კონკარნოს მცხოვრებთა შორის საშინელების განცდა დათესოს. ამას გარკვეული აზრი აქვს: იმედოვნებს, რომ მაწანწალასთან შეხვედრისას ვინმე შიშისგან ტყვიას მიარტყამს შუბლში... და ძაღლს ესროლეს, მაგრამ ხომ შეეძლოთ, ადამიანისთვის ესროლათ? კვირას მოქალაქეთა შიშმა აპოგეას მიაღწია. მიშუ სასტუმროდან არ გამოდის, ის ავადაა. შიშითაა დაავადებული. მე მას ვტოვებ ლე-პომერესთან ერთად. ზუსტად არ ვიცი, თუ რა მოხდა მათ შორის. ლე-პომერე პატივსაცემ არისტოკრატულ ოჯახს ეკუთვნოდა. მას უთუოდ უნდა მიემართა პოლიციისათვის და მფარველობა მოეთხოვა. ერჩივნა ყველაფერში გამოტეხილიყო, ვიდრე ამ კოშმარში ეცხოვრა, ბოლოს და ბოლოს, ისეთი რა ემუქრებოდა, ძირითადი ბოროტმოქმედება ხომ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოხდა? მიშუ გრძნობს, რომ ლე-პომერემ ფარ-ხმალი დაყარა. მის სინდისზეა მოსტაგენის დაჭრა, მან გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან და ლე-პომერეს მოწამვლის წინაშეც არ შეჩერებულა. შიში ამ საქმის ზამბარაა. მიშუ შეშინებულია. და მიშუს თავისი შიშის დამარცხება თავისი მოწინააღმდეგის დამარცხებაზე ნაკლებად როდი უნდა. იგი იცნობს ლეონ ლე-გერეკს, იცის, რომ ის ასე ადვილად როდი მისცემს თავისი ციხეში ჩასმის უფლებას. მიშუ რომელიმე მოუთმენელი ჟანდარმისა ან დაფეთებული მოქალაქის ტყვიაზე ამყარებს იმედებს. ლე-გერეკს პოლიცია პოულობს, თუმცა ის უსხლტება და გარბის, ვინაიდან მტკიცედ გადაუწყვეტია, აიძულოს მიშუ, გადავიდეს აქტიურ მოქმედებაზე. მე ვაპატიმრებ მიშუს, თან ვარწმუნებ, რომ ეს კეთდება მისივე უშიშროების უზრუნველსაყოფად. და ეს სიცრუე როდია. იმავე დროს მე მინდა, ხელი შევუშალო მას ახალ ბოროტმოქმედებათა ჩადენაში. ექიმი საკმაოდ ჭკვიანია, რომ მიხვდეს: ლოგიკური იქნებოდა გვეფიქრა, რომ ყველა მომხდარი ამბავი როგორღაც დაკავშირებულია მასთან. აქაც, ამ საკანში, იგი თავს იტეხს ფიქრით, თუ როგორ აიცდინოს მასზე მიტანილი ეჭვი. ხოლო თუ მისი პატიმრობისას ახალი ბოროტმოქმედება მოხდება, განა ეს შესანიშნავი ალიბი არ იქნება? მის სანახავად მოდის დედამისი, რომელმაც ყველაფერი იცის. მას უნდა გადაარჩინოს თავისი ვაჟი, მაგრამ ეს ისე უნდა მოიმოქმედოს, რომ ბოროტმოქმედების ადგილზე არ წაასწრონ და ეჭვიც კი არ მიიტანონ. იგი სადილობს მერთან, შემდეგ სახლში ინთება ლამფა და მთელ საღამოს ანთია. იმ ღამეს ყველას სძინავს. საკმარისია დამალვა და მოცდა, სანამ ვინმე არ გამოვა. ხოლო მსხვერპლი რომ არ გაიქცეს - ფეხში უნდა ესროლო. ეს უაზრო ბოროტმოქმედება ფრიად მძიმე ბრალდება იქნებოდა მიშუს წინააღმდეგ, თუნდაც ამას გარდა სხვა არა გვქონოდა რა. დილით, როცა აქ მოვედი, მიშუ მოუთმენლად ელოდა ამბის გაგებას. მან არ იცოდა, რომ გასროლის იმ მომენტში, როცა მებაჟე დაჭრეს გოიარი პარიზში იყო დაპატიმრებული. მე თვალს არ ვაშორებდი ლე-გერეკს. ვინაიდან პოლიციისა და ჟანდარმერიისაგან დევნილმა ლე-გერეკმა გადაწყვიტა ცარიელ სახლში დამალულიყო, რომ მიშუსთან უფრო ახლოს ყოფილიყო. მას იატაკზე სძინავს და ემა ფანჯრიდან დაინახავს. ღამით ემა მოდის მასთან და თავის უმანკოებაში ეფიცება... ლე-გერეკი მრავალი წლის შემდეგ პირველად ხედავს მას და მრავალი წლის შემდეგ პირველად ესმის მისი ხმა... მას გული მოულბა. იგი უხეშად დაითრევს ქალს, თითქოს უნდა მოკლასო, და... კოცნის. მან აპატია, იგი უკვე მარტოხელა და აკვიატებული ფიქრით შეპყრობილი კაცი აღარაა. ემას ცრემლების დანახვაზე იგი მიხვდა, რომ ბედნიერება შესაძლებელია და ცხოვრების თავიდან დაწყებაც შეიძლება და ისინი ორივენი უგზო-უკვლოდ გარბიან წყვდიად ღამეში... ისინი შიშის ხახაში ჩაგდებულს ტოვებენ მიშუს. მათ უნდათ სადმე სხვა ადგილას სცადონ ბედი...

– მომიტევეთ, ბატონო მერო, რომ ძიების საქმის კურსში ვერ შეგიყვანეთ... ლე-პომერე თავისი თანაგანმზრახველის მიერ მოწამლული მოკვდა, მაგრამ ამან არაფერი შეცვალა: ის დაპატიმრებისას – ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგანაც საკმარისად შევისწავლე – აუცილებლად მოიკლავდა თავს. შემდეგ ფეხში დაჭრეს მებაჟე. ჭრილობა მსუბუქია, ერთი კვირის შემდეგ დაავიწყდება კიდეც. მაგრამ მე შემიძლია ხელი მოვაწერო ექიმ ერნესტ მიშუს დაპატიმრების ორდერს, მუსიე მოსტაგენზე მკვლელობის მიზნით თავდასხმისათვის და მისთვის მიყენებული ჭრილობისთვის, აგრეთვე, მისი მეგობრის მუსიე ლე-პომერეს მოწამვლის მცდელობისათვის. აი, კიდევ მეორე ორდერი მადამ მიშუს სახელზე. მას ბრალი ედება მებაჟეზე თავდასხმისა და მისთვის ჭრილობების მიყენებისთვის. რაც შეეხება ჟან გოიარს, იმავე სერვიერს, მას ბრალდებად წავუყენებთ ხელისუფლების შეურაცხყოფას კომედიით, რომლის გათამაშებასაც ის ცდილობდა.

მადამ მიშუ ნახევრად გულწასული გადაესვენა სკამის საზურგეს, სამაგიეროდ, მის ვაჟს არ დაუკარგავს გულგრილობა.

– რაიმეს ხომ არ დაუმატებთ? – ჰკითხა მას მეგრემ.

– მე მხოლოდ ჩემი ვექილის თანდასწრებით გიპასუხებთ... – ექიმმა თავისი გაძვალტყავებულ მამალივით გრძელი კისერი დაძაგრა. მისი ცხვირი უფრო მრუდედ მოჩანდა, ვიდრე ჩვეულებრივ. ხელებით კვლავ უბის წიგნაკი ჩაებღუჯა.

– ამათ რაღა ვუყოთ?.. – წამოდგომისას დაიჩურჩულა მერმა და თვალებით ემაზე და ლე-გერეკზე ანიშნა.

– მათ წინააღმდეგ სრულიად არავითარი ბრალდება არ არსებობს. ლეონ ლე-გერეკმა აღიარა, რომ უნდოდა აეძულებინა ექიმი მიშუ, რომ მისთვის ესროლა. იგი მხოლოდ თვალში ეჩხირებოდა ექიმს და სხვა არაფერი. არ არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც შეიძლება მისი პასუხისგებაში მიცემა...

* * *

მერმა კომისარს შესთავაზა თავისი მანქანა, რომლის ფარდები თითქმის ჰერმეტულად იბურებოდა. პირველად მანქანაში ჩასხდნენ ემა და ლე-გერეკი. მათ შემდეგ – მეგრე. ის უკანა სავარძელში ჩაჯდა ემას გვერდით, მეზღვაურმა კი ასაკეც დასაჯდომზე მოიკალათა.

ლე-გერეკმა მორცხვად, ისე, რომ კომისრისათვის არც კი შეუხედავს, იკითხა:

– ეგ რატომ თქვით? – ვითომც პერნო თქვენ მოწამლეთ...

ემამ აღშფოთებით წამოიძახა:

– გეფიცებით, ბატონო კომისარო, მე თვითონ არ ვიცოდი, რას ჩავდიოდი! მიშუმ მაიძულა ბარათის დაწერა. შემდეგ კი ძაღლი ვიცანი. კვირა დილით შორიდან დავინახე ლეონი და ყველაფერს მივხვდი – მან ისე ჩამიარა, რომ ზედაც არ შემომხედა და ჩემკენ გადმოაფურთხა. თვითონაც არ ვიცი, თუ რა მინდოდა, ლამის ჭკუიდან შევიშალე. მე ვიცოდი, რომ მათ ლეონის მოკვლა უნდოდათ. მე კი იგი უწინდებურად მიყვარდა და მთელი დღეები ვფიქრობდი, თუ როგორ შემეშალა ხელი მათთვის. გეფიცებით, რომ თქვენ არ დაგაცდიდით დალევას. ყოველ შემთხვევაში, მე არ მეგონა, რომ... – ემა ქვითინებდა. ლეონი ხელით ტლანქად ეფერებოდა ემას მუხლებს, ამშვიდებდა ქალს.

– ვერასოდეს, ჩემს სიცოცხლეში ვერ გადაგიხდით სიკეთისთვის სამაგიეროს, კომისარო! – გაიძახოდა ქვითინით გულამომჯდარი ქალი, – ორივე თქვენ გადაგვარჩინეთ, სასწაული მოახდინეთ!.. პირდაპირ არ ვიცი...

მეგრე უსიტყვოდ შესცქეროდა ხან კაცს და ხან ქალს. ლე-გერეკის გახლეჩილი ტუჩი, მისი მოკლედ შეკრეჭილი თმა, ადამიანად გახდომის მსურველი ნადირის გამოხედვა... და ფერწასული ემა.

– ახლა რას აპირებთ?

– ჯერ ვერ გადაგვიწყვეტია... სადმე შორს გავემგზავრებით.

პროცესმა მთელ წელიწადს გასტანა. ექიმი მიშუ გახდა და უფრო მეტად მოტყდა, უფრო გაყვითლდა. მაგრამ არ დანებდა. გასაოცარი სიჯიუტით იცავდა თავს. მიაგნო თავის თავზე უფრო გესლიანსა და ღვარძლიან ვექილს, რომელიც წარმატებით ცვლიდა მას პროცესის მსვლელობისას. მიუხედავად ამისა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ექიმ მიშუს ოცი წლით საკატორღო სამუშაო მიუსაჯა. ყველა გაზეთში გამოჩნდა ფოტოსურათი: ექიმი ერნესტ მიშუ, ისევ ისეთი გამხდარი და კაეშნიანი, პატიმრის ქუდით, ადის გემის კიბეზე ილ-დე-რეს ნავსადგურში. ეს არის „მარტინიერა“, რომელიც ასოთხმოც კატორღამისჯილ ბოროტმოქმედთან ერთად კაიენაში წაიყვანს.

ლეონ ლე-გერეკი ორანძა ნავზე „ფრანსეტა“ ჩრდილოეთის ზღვაში იჭერს ქაშაყს, მისი ცოლი ემა კი ბავშვს ელოდება..

დასასრული

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი