რომანი და დეტექტივი

ტომარა

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.03

ტომარა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #8 (1208)

ამირანი რომ მოვკალი 33 წლის ვიყავი და მასზე შური 25 წლის შემდეგ ვიძიე. თუმცა, ბევრად უფრო ადრე გავშიფრე ის. მაგრამ შურისძიებისგან თავს ვიკავებდი. ამირანის და, ჩემი აღმზრდელი კლარა ჯორჯაძე ლოგინად იყო ჩავარდნილი და არ მინდოდა, მისთვის სიცოცხლე მომესწრაფა ძმის სიკვდილით. ხოლო, როდესაც კლარა უფალს მიებარა, ხელ-ფეხი გამეხსნა შურისძიებისთვის და ჩემი ჩანაფიქრი აღვასრულე. კლარა ჯორჯაძე ძალიან სათნო, ღვთისნიერი ქალი იყო. მთელ თავის ენერგიას ჩემს აღზრდასა და მოვლა-პატრონობას ახმარდა და ცდილობდა პატიოსან და ღვთისნიერ ადამიანად აღვეზარდე, მაგრამ ამირანმა იმძლავრა და თავის გზაზე წამიყვანა. კლარამ დანამდვილებით არ იცოდა თუ რა საქმიანობას ვეწეოდით მე და მისი ძმა. მაგრამ ხვდეოდა, რომ ცუდ გზაზე ვიდექით და საშინლად განიცდიდა ამას. ჩემი აზრით, სწორედ ჩვენზე დარდმა დააავადა კლარა და მოუსწრაფა სიცოცხლე. კლარას სულს დღემდე პატივს ვცემ და როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა, მის საფლავზე ცოცხალი ყვავილებით ავდივარ და სანთელს ვუნთებ. ამირანიც მის გვერდით დავასაფლავე, მაგრამ მისთვის არც ყვავილები მიმიტანია და არც სანთელი ამინთია.

კლარასთან რომ მიმიყვანა, ამირანმა თავის დას უთხრა, რომ თითქოს შემთხვევით შეესწრო ჩემი ოჯახის აფეთქებას და სიკვდილს გადამარჩინა. და-ძმამ გადაწყვიტა, რომ ჩემი უსაფრთხოების მიზნით უკეთესი იქნებოდა, ჩემთვის ვინაობა შეეცვალათ და გარკვეული პერიოდი არსად გამოვეჩინეთ. ამიტომ ამირანის დაღუპული შვილის საბუთებით ვიცხოვრე 25 წლამდე და მხოლოდ მაშინ დავიბრუნე ჩემი ნამდვილი გვარი, როდესაც სიმონ ხიტირზე ვიძიე შური. მასზე გასვლა კი არ გამჭირვებია, რადგან მეხსიერებაში მქონდა ჩაბეჭდილი ფარულად მოსმენილი საუბარი, რომელიც ჩემს მშობლებს შორის გაიმართა და იმაშიც იოლად დავრწმუნდი, რომ სწორედ ამირანი იყო ამ ნაძირალას შეკვეთის შემსრულებელი. იმ დროისთვის, როდესაც ხიტირის მოხელთებაზე ვმუშაობდი, ამქვეყნად ახლო ნათესავი არ მყავდა. მამიდაჩემი თამრიკო ჩადუნელი ჩვენი ოჯახის ტრაგედიამ შეიწირა და იმ საშინელი ღამიდან ორ კვირაში გაუსკდა გული. ჩემი ნათლიის, ვამეხ გერლიანის შესახებ კი არაფერი ვიცოდი და მისი მოძებნა სამომავლოდ გადავდე. მახსოვდა, ეგრეთ წოდებული, ტომარაც, რის გამოც მოხდა ეს საშინელება, მაგრამ არ ვჩქარობდი მის მოძებნას. მით უმეტეს,რომ მამიდაჩემის სიკვდილის შემდეგ მისი ბინა და სარდაფი ერთ-ერთ მეზობელს გაუფორმეს და ასე იოლად იქ შეღწევა არ გამოვიდოდა. ერთადერთი, რაც იმ დროს მსურდა, შურისძიება იყო და ნელ-ნელა მივდიოდი დასახული მიზნისკენ. ხიტირი, ეს ნაძირალა იმ პერიდისთვის საკმაოდ მსხვილ ბიზნესს ფლობდა და ცნობილი ადამიანი იყო. მას მრავალრიცხოვანი პირადი დაცვა ჰყავდა და მისი მოხელთება იოლი არ იყო. მე, რა თქმა უნდა, სნაიპერული შაშხანიდან შემეძლო მისი გაგორება, მაგრამ არ მინდოდა. მსურდა, რომ ეს ნაძირალა მარტო მომეხელთებინა და მისთვის წამებით ამომეხადა სული. ამის გაკეთება კი ურთულესი საქმე იყო და სწორედ ამ გეგმის განხორციელების გზებს ვეძებდი და ხელსაყრელ მომენტს ველოდებოდი. თვალთვალით დავადგინე, რომ ხიტირი ყოველ კვირა დღეს ერთ ფეშენებელურ საცხოვრებელ კორპუსში მიდიოდა თავის საყვარელთან, სადაც მისთვის ბინა ჰქონდა დაქირავებული და 3-4 საათს ჩერდებოდა. დაცვა კი მას ორი მანქანით სადარბაზოსთან ელოდებოდა. კორპუსი ერთსადარბაზოიანი იყო და სათადარიგო გასასვლელიც არ ჰქონდა. ამიტომ მისი იქიდან გატაცება გამორიცხული იქნებოდა. მე კი მისი მარტო მოხელთება მინდოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ის ნაძირალა საყვარლის ბინაში უნდა მომეხელთებინა და იქვე ამესრულებინა ჩემი ჩანაფიქრი. ამიტომ, ხიტირის საყვარელს წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლად, შესაბამის უნიფორმაში გამოვეცხადე და მიღების შემოწმების მიზნით ბინაში შევაღწიე. საკეტიდან ანაბეჭდი აიღე და გასაღები დავამზადე. შიგნიდან ჩასაკეტი ურდული კი იმგვარად მოვუშალე, რომ ძლიერი მიწოლის შემდეგ კარი გაიღებოდა. როდესაც ყველაფერი მზად მქონდა, კვირა დღეს დაველოდე და სანამ ის ნაძირალა მოვიდოდა, ბინაში შევედი და ხიტირის საყვარელი გავკოჭე. პირზე „სკოჩი“ ავაკარი და ნიღაბჩამოფარებულმა ვუთხარი – შენ არაფერს გერჩი, მაგრამ გაფრთხილებ, რომ თავის გათავისუფლებას არც კი ეცადო და დაყვირებაც არ დააპირო. მაინც ვერავინ გაიგონებს, შენ კი დაზარალდები. ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. მე ის აბაზანაში გამოვკეტე, მაყუჩიანი პისტოლეტი მოვიმარჯვე იმ შემთხვევისთვის, თუკი ხიტირს მცველი ამოჰყვებოდა ბინაში და იმ ნაძირალას მოსვლას დაველოდე. ერთი საათის შემდეგ ისიც მოვიდა. მარტო იყო. კარი გავუღე და სანამ აზრზე მოვიდოდა, ოთახში შევათრიე, კარი გადავრაზე. პირველ რიგში, „სკოჩი“ ავაკარი, რომ არ ეყვირა. შემდეგ გავაშიშვლე, ოთახის ბოძზე მივაბი, ნიღაბი მოვხსენი და ვუთხარი:

– დაყვირებას არც ეცადო, თორემ აქვე გაგათაებ. „სკოჩი“ უნდა მოგხსნა და დაგელაპარაკო.

„სკოჩი“ რომ მოვხსენი, მითხრა:

– ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა?

– ვერ მიცანი?

– ვერა.

– რეზო ჩადუნელი ვარ. იმ ოჯახის წარმომადგენელი, ვინც შენ ცოცხლად დააწვევინე.

ხიტირი გაფითრდა და მითხრა:

– ტყუილია. ვიღაცამ შეცდომაში შეგიყვანა.

– თუ ტყუილია, მაშინ არაფერს გერჩი, თუ არადა უფრო უარეს დღეში ჩავარდები, ვიდრე შენ დამართე ჩემებს, – ვუთხარი ხიტირს. შემდეგ კვერცხის გულისოდენა შეკვრა დავანახვე, რომელიც ცელოფანში იყო გახვეული, ამას გადაყლაპავ და თუ მართალი კაცი ხარ, ცოცხალი გადარჩები, თუ არა და სამაგიერო მოგეზღება.

– კალიუმციანიდი გინდა დამალევინო?

– არა, ნუ გეშინია, ეს კალიუმციანიდი არაა, გააღე პირი და გადაყლაპე.

ხიტირს პირის გაღება არ უნდოდა, მაგრამ ვაიძულე. შემდეგ ცელოფნის პაკეტი გადავაყლაპე. პირზე საიმედოდ ავაკარი „სკოჩი“. შემდეგ სკამზე ჩამოვჯღექი და დაველოდე, სანამ ცელოფანი გაიხსნებოდა და პაკეტის შიგთავსი ამოქმედდებოდა. პაკეტში კი კარბიდის ნამსხვრევები იყო მოთავსებული. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ გახსნილი ცელოფნიდან გამოვარდნილი კარბიდის ნატეხებმა კუჭში დუღილი დაიწყო და სიმონ ხიტირის ტანჯვა-წამებაც დაიწყო, რასაც მე მშვიდი კმაყოფილებით ვუმზერდი. ეს ნაძირალა შიგნიდან იწვოდა, დუღდა და ყმუოდა, მაგრამ „სკოჩი“ ახშობდა მის ხმებს. კარბიდით წამება თხუთმეტიოზე წუთს გაგრძელდა და ხიტირს მთელი შიგნეულობა ჰქონდა გამობუგული. შემდეგ კარი გავაღე, უნიფორმაზე ჩანთა გადავიკიდე და საქმიანი ნაბიჯებით ჩავუარე ცხვირწინ სიმონ ხიტირის პირად დაცვას. ჩემი მშობლებისა და ძმის გამანადგურებელს რომ სამაგიერო მივუზღე, ამირანი ორი კვირით საზღვარგარეთ იყო წასული და ხიტირის ამბავი მოგვიანებით შეიტყო. მე უკვე ვიცოდი, რომ ხიტირის დავალების შემსრულებელი ამირანი იყო და მაინტერესებდა, თუ რა რეაქცია ექნებოდა მის მკვლელობაზე, თუმცა ან არაფრით გაამჟღავნა თავი. ვერც კი მიხვდა, რომ ეს ჩემი ნამოქმედარი იყო და თქვა:

– ეტყობა, ვიღაცას დიდი მაყუთი მოუღუნა და არ აპატიეს. ძველი კრისა იყო და დასაჯესო.

ამ სიტყვების გამო ამირანის განადგურების დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა და იქვე შემეძლო ამის შესრულება. მაგრამ კლარა ცოცხალი იყო და რვა წლით გადავუდე განაჩენის აღსრულების ვადა. იმ რვა წლის განმავლობაში კი მე და ჩემმა აღმზრდელმა არა ერთი საქმე გავაკეთეთ ერთად და საკმაოდ გავიწაფე ამ საქმეში. შეკვეთების შესრულება სხვადასხვა ქვეყნებში გვიწევდა. ძირითადი მოთხოვნა კი ჩვენს პროფესიაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იყო და ლომის წილი რუსეთზე მოდიოდა. ამ საქმით ბევრი ფული ვიშოვეთ. ერთ-ერთი საზღვარგარეთის ბანკში ანგარიში მქონდა გახსნილი და ფულის ნახევარს იქ ვინახავდი. ნახევარს კი ანონიმურად ვრიცხავდი სხვადასხვა მძიმე ავადმყოფობით დასნეულებული ბავშვების ანგარიშებზე და ამით შვებას ნაწილობრივ მაინც ვიღებდი იმ მცნების დარღვევისთვის, რომელიც ასე იკითხებდა – არა კაც კლა... რა თქმა უნდა, დიდი ცოდვილი ვარ და არც ის მათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან რომ ხიტირზე არანაკლებ ნაძირალებს ვხოცავდი. თუმცა, შემკვეთთა უმრავლესობაც იმავე კალიბრის ნაძირალა იყო, როგორიც მსხვერპლი და ისინიც კილერის ტყვიის რიგში იდგნენ. არე თუ გვიან ჩემს რომელიმე კოლეგასაც მიუვიდოდა მათზე შეკვეთა და ძალადობრივი სიკვდილი არ ასცდებოდათ. ახლა ამ საქმით უკვე აღარ ვარ დაკავებული. რომ იტყვიან „კვანძი შევკარი“ და ამის მიზეზი ის გახდა, რომ მეც კილერის სამიზნე გავხდი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ შევამჩნიე, რომ მითვალთვალებდნენ. რამდენიმე მანევრი გავაკეთე ჯერ ფეხით, შემდგომ მანქანით და როდესაც ამაში მყარად დავრწმუნდი, კილერის მოხელთების ოპერაცია წამოვიწყე. კილერი ახალბედა ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც პირველად იყო ასეთ საქმეზე. ის მე ერთ-ერთ ჩემს ნაქირავებ, კონსპირაციულ ბინაში შევიტყუე. მაყუჩიანი პისტოლეტი ავართვი. რადიატორზე მივაბი და გავარკვიე, რომ ჩემი ლიკვიდაცია მას ერთ-ერთი ჩემი მსხვერპლის ძმამ დაავალა. ჩვენი კანონებიდან გამომდინარე, კილერი უნდა მომეკლა, მაგრამ 19 წლის ბიჭი შემეცოდა და ვუთხარი:

– ჩათვალე, რომ ქუდბედიანი ხარ. ცოცხალს გტოვებ. გაგიშვებ და იცოდე, არასწორად ვიქცევი, მაგრამ ამ კანონს დავარღვევ. შენ კი გირჩევ, რომ აქაურობას გაეცალო და ძალიან შორს გადაიკარგო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენც მოგკლავენ. არავინ გაპატიებს შეკვეთის ჩაგდებას.

ბიჭს კოტე ერქვა. ობოლი ყოფილა და არც სახლ-კარი გააჩნდა და საკრედიტო ბარათზე 900 მანეთი ჰქონდა. გამეცინა. კოტე გავათავისუფლე. შემდგომ სათადარიგო გასასვლელიდან გავიპარეთ და ოთხი დღის შემდეგ უკვე ერთ-ერთ შორეულ ქვეყანაში ჩავედით ყალბი საბუთებით. მე არ გამჭირვებია იმის მიხვედრა, რომ კოტე მხოლოდ სატყუარა იყო და ნამდვილი კილერი მხოლოდ შემდეგ მოვიდოდა და არც კოტეს დატოვებდა ცოცხალს.

ახლა მე და კოტე კვლავ შორეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მშვიდად ვართ და ვცდილობთ, არ გავიშიფროთ. ჩემთან ერთადაა ის ტომარაც, რომელსაც ძველი სამფეროვანი დროშა ახატია და საქართველოს ძველი გერბია გამოსახული. მებრძოლი წმინდა გიორგით. შიგთავსი, რა თქმა უნდა, ხელუხლებელია და მწამს, მოვა დრო და ეს ტომარა თავის ადგილს დაიკავებს დამოუკიდებელი საქართველოს ბანკის საცავში.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი