რომანი და დეტექტივი

მრუდე სისწორე

№9

ავტორი: ნია დვალი 20:00 08.03

მრუდე სისწორე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #4-8 (1208)

– რამდენს ბედავთ? – კიდევ უფრო აღშფოთდა ელენე, ახლავე პოლიციაში ვრეკავთ, – მიმართა დაცვის უფროსს. ბექამ ვერ მოითმინა და დედამისს ჩაეხუტა:

– დედა, უკანა კარიდან გავედი გარეთ და ამ ბიძიამ გადამარჩინა, მანქანამ კინაღამ გამიტანა, – ამის გაგონებაზე ელენე დაბარბაცდა და ცრემლები წამოსცვივდა. ბავშვს მაგრად ჩაეხუტა:

– რამე ხომ არ იტკინე, მანახვე. გტკივა?! – ელენე შვილს მთელ სხეულზე უსვამდა ხელს და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.

– არაფერი მიტკენია, – უთხრა ბავშვმა ჩუმად და უცნობს გახედა.

ელენეს ახლაღა გაახსენდა თავისი შვილის გადამრჩენელი:

– ძალიან დიდი ბოდიში. არასწორად გავიგე, მადლობა, შვილი რომ გადამირჩინეთ. არადა წყნარი, დამჯერე ბავშვია, ვერც წარმოვიდგენდი, რომ გაიპარებოდა. ჩემი ბრალია. მაპატიეთ, მაპატიეთ... – ატირებული ელენე ახლა უცნობს გადაეხვია. შემდეგ ისევ შვილს მოეხვია:

– როგორ შემეშინდა?! დამპირდი, რომ უკითხავად აღარ გახვალ გარეთ. დამპირდი, – ბექა ენერგიულად უქნევდა თავს დედამისს და თავადაც აეტირა.

ბოლოს ელენე წამოდგა და უცნობს მიუტრიალდა:

– რა შემიძლია, თქვენთვის გავაკეთო?! ნებისმიერი რამ მთხოვეთ, თუ შემიძლია, ჩათვალეთ, რომ გაკეთებულია.

უცნობმა მხრები აიჩეჩა და უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა:

– რა უნდა გთხოვოთ?! არაფერი.

– გამორიცხულია. მე თქვენ ასე ვერ გაგიშვებთ, – ელენემ ხელები გაასავსავა, – დღეს თქვენ მე შვილი მაჩუქეთ.

უცნობი ჭოჭმანობდა და ყველა ფიქრი, რომელიც თავში უელავდა თითქოს სახეზე ეწერებოდა, ბოლოს, როგორც იქნა, ამოთქვა:

– იქნებ რამეში გამოგადგეთ. სამუშაო გქონდეთ ჩემთვის რამე.

ელენე მაშინვე დაცვის უფროსს მიუტრიალდა:

– გუშინ არ მეუბნებოდი, რომ ერთი წასვლას აპირებს. აი, შემცვლელიც.

დაცვის უფროსს აშკარად არ ესიამოვნა შეფის შეთავაზება:

– დაცვა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, ქუჩიდან ვერ ავიყვანთ ვერავის, – უთხრა გადაჭრით.

– მესმის, მაგრამ რამე საქმე გამოუნახე აუცილებლად, – მერე კი უცნობს მიუტრიალდა:

– ხვალ მობრძანდით დილის 9 საათზე. ხვალ შეძლებთ? – უცნობმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, ელენემ კი განაგრძო:

– მოიტანეთ თქვენი პირადობის მოწმობა, რამე დიპლომი თუ გაქვთ ან CV, – ბოლო ორი სიტყვა ელენემ ცოტა გაუბედავად წარმოთქვა.

– დიახ, მოვიტან, – უთხრა უცნობმა.

– ძალიან კარგი, გამოსაცდელი ვადით დაიწყეთ მუშაობა და, თუ საქმე კარგად გამოგივათ, შტატშიც აგიყვანთ... სახელი არ მიკითხავს თქვენთვის, რა გქვიათ?

– პაატა.

– კარგი, პაატა, ხვალ გელოდებით, ნახვამდის, – ელენე მაშინვე შვილისკენ მიტრიალდა და შენობაში შევიდა.

დაცვის უფროსმა ამრეზით აათვალიერ-ჩაათვალიერა უცნობი, მაგრამ არაფერი უთქვამს, იმიტომ რომ კამერები არა მხოლოდ გამოსახულებას, ხმასაც იწერდა. ელენეს კი ჩვევად ჰქონდა ჩანაწერების ნახვა, იმიტომ რომ ყოფილ ქმარს არ ენდობოდა და სწორადაც იქცეოდა.

მეორე დღეს პაატა სუფთად გამოწყობილი და გაპარსული ზუსტად 9 საათზე გამოცხადდა ელენეს ატელიე-საამქროში. დაცვის უფროსმა თავდაპირველად ვერც კი იცნო და გაოცებულმა შეათვალიერა, მაგრამ შემდეგ თვალებით მიხვდა, ვინ იქნებოდა და მაშინვე ელენეს დაურეკა:

– ქალბატონო ელენე, მოვიდა.

– ამოუშვი ჩემთან, აუხსენი... ან ჯობია, ამოჰყვე.

სხვა რა გზა ჰქონდა, დაცვის უფროსი ვაჟა უცნობს წინ გაუძღვა. ახალ თანამშრომელს უკვე ვერ იტანდა, იმიტომ რომ იმ ადგილს თავისი ბიძაშვილისთვის ინახავდა და ახლა უკვე იმაზე ფიქრობდა, რა მახე დაეგო ახალი თანამშრომლისთვის, რომ გზიდან ჩამოეშორებინა. მით უმეტეს, რომ ელენეს ყოფილი ქმარიც სთავაზობდა გვარიან თანხას ინფორმაციისთვის, რასაც, თუ თავისი ხალხი არ ეყოლებოდა დაცვაში, ვერ მოიპოვებდა. მართალია, ვაჟას ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ითანამშრომლებდა თუ არა ელენეს ყოფილ ქმართან, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, სამსახურში თავისი ხალხი არ აწყენდა.

– მოიტანე საბუთები? – აგდებით ჰკითხა ვაჟამ ახალგამომცხვარ თანამშრომელს.

– მოვიტანე. – უთხრა პაატამ. ვაჟამ ქედმაღლურად გადახედა და ჩაიცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

ამასობაში ელენეს კაბინეტამდეც მივიდნენ. თანაშემწემ თავი დაუქნია, შედითო.

ელენე ტელეფონით ლაპარაკობდა და ორივეს ხელის მოძრაობით ანიშნა, დასხედითო, თავად კი საუბარი განაგრძო.

– რა თქმა უნდა, ბატონო ბორის. მამაჩემს არ გაუკეთებია ჩემთვის იმდენი, რამდენიც თქვენ... რა თქმა უნდა, ვიცი, რომ საქმე უპირველესია და საქმეში მოგება კი უპირველესზე უპირველესი, – შემდეგ ელენე გაჩუმდა, როგორც ჩანს, თანამოსაუბრე რაღაც მნიშვნელოვანს ეუბნებოდა, ვინაიდან ელენე ქაღალდზე რაღაცას იწერდა. ბოლოს სახე გაებადრა და ღიმილით დაემშვიდობა თანამოსაუბრეს.

– გამარჯობა, – დაიწყო ელენემ და გაჩუმდა, ვინაიდან სტუმარი ვერ იცნო და გაკვირვებულმა გადახედა თავისი დაცვის უფროსს. პაატაც მიხვდა და გაიღიმა:

– მე ვარ, უბრალოდ, წვერი გავიპარსე.

ელენეს შერცხვა და მაშინვე მოიბოდიშა:

– გუშინ ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ დავიმახსოვრე თქვენი სახე, – ელენე მიხვდა, რომ არც სახელი დაუმახსოვრებია. ამას პაატაც მიხვდა და შეაშველა:

– პაატა...

– დიახ, დიახ, პაატა, უკაცრავად, იმდენი საქმე მაყრია თავზე, ცოტა დაბნეული ვარ, მოიტანეთ საბუთები?

– დიახ, – პაატამ ელენეს საქაღალდე გაუწოდა. ელენემ საქაღალდე გახსნა და საბუთების კითხვა დაიწყო. რაც მეტს კითხულობდა, მით მეტად უფართოვდებოდა თვალები. შემდეგ პაატას CV ვაჟას გადასცა:

– აი, ეს ნახე. – პაატამ დამცინავი ღიმილით გამოართვა, მაგრამ ღიმილი მაშინვე სახეზე შეეყინა.

– ესე იგი, თქვენ ზუსტად ის კადრი ხართ, ვინც ჩვენ გვჭირდება დაცვაში, – გაუღიმა ელენემ პაატას.

– მაგრამ გადასამოწმებელია მაინც, – არ გაიზიარა შეფის აღტაცება დაცვის უფროსმა.

– მერე შეამოწმე, რა პრობლემაა?! როგორც წესი და რიგია, ისე მოიქეცი. ჩვენთან წესები ყველასთვის ერთნაირია.

– ჯარიდან რატომ წამოხვედი? – მოულოდნელად ჰკითხა ელენემ პაატას.

– იმიტომ რომ იქ აღარავის აღარ ვჭირდებოდი. მე კიდევ გამიმართლა, რომ არ დავხეიბრდი, სამაგიეროდ... – პაატამ წინადადება აღარ დაასრულა და ელენე მიხვდა, რის თქმას აპირებდა, იმიტომ რომ გუშინ პაატასგან მძაფრად მოდიოდა ალკოჰოლის ლამის სხეულში გამჯდარი სუნი.

– ვაჟა ყველაფერში გაგარკვევს, არაფერია რთული და გამოსაცდელი ვადა უბრალოდ ფორმალობაა. ჩვენ ჩვენებური წესები გვაქვს. ერთთვიანია გამოსაცდელი ვადა, ანაზღაურება დღეიდან გამოგეწერებათ და ვნახოთ. ვფიქრობ, კარგად ვითანამშრომლებთ, – ელენე წამოდგა, რითაც მამაკაცებს აუწყა, რომ აუდიენცია დასრულებული იყო. ორივენი წამოდგნენ და ოთახიდან გავიდნენ.

***

ელენეს საქმეები კარგად მიდიოდა და ეს დიდწილად, გარდა ელენეს ნიჭისა და შრომისმოყვარეობისა, ბორის ბარნოვის დამსახურებაც იყო. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ელენე ქმარმა მიატოვა და ბიზნესი წაართვა, თავად მივიდა ელენესთან და ფული შესთავაზა. ელენემ ჯერ იუარა, ვინაიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო შოკიდან და არათუ მუშაობის თავი არ ჰქონდა, ისიც არ იცოდა, ბექას როგორ მოუვლიდა, მაგრამ იმითაც კმაყოფილი იყო, რომ ბინა მაინც დაუტოვა ლადომ და მცირეოდენი ფულიც ჩაურიცხა ბარათზე.

– მე შენში პოტენციალს ვხედავ, ბევრ ფულს მაშოვნინებ, ასე რომ, ეს ჩემი ინვესტიციაა და შენი მოვალეობაა, არ გამიფუჭო ინვესტიცია, – უთხრა ბორისმა ელენეს, რომელიც ცივ უარზე იყო.

– მეშინია, რომ არაფერი გამომივა.

– ის, რაც ერთხელ უკვე გამოგივიდა, გამოგივა ყოველთვის. აბა, დოყლაპია ლადო რის გამკეთებელი იყო?! – ჩაიცინა ბორისმა და ელენეს მაინც ეტკინა გული, როდესაც ლადო ასე მოიხსენიეს. ბორისს ეს არ გამოჰპარვია.

– მე შენ სერიოზული ქალი მგონიხარ. ის კაცი არის დოყლაპია და მიკვირს, შენნაირი ქალი ცოლად როგორ გაჰყვა.

– თქვენ ყველაფერი არ იცით, – შეეწინააღმდეგა ელენე.

– მე ყველაფერი ვიცი და იმიტომაც ვამბობ. შენნაირ ქალს კარგი კაცი სჭირდება, თუ არადა, არანაირი არ სჭირდება. ვიცი, რასაც ვამბობ. მოკლედ, გადაწყდა: მე ფულს გირიცხავ და შენ იწყებ მუშაობას ახალ ხაზზე. ფული – ჩემი, იდეა და შესრულება – შენი. ყველაფერი სწორადაა დალაგებული...

– მაგრამ ლადოსთან რომ გქონდათ კონტრაქტი...

ბორისმა ელენეს გაუღიმა.

– არაფერზე არ მომიწერია ხელი. მაშინვე არ მომეწონა, რომ შეხვედრაზე შენც წამოგიყვანა, თუმცა ხელშეკრულებაზე მხოლოდ მისი ხელმოწერა იყო საჭირო.

ელენეს თავზარი დასცა ამ სიტყვების გაგონებამ: ესე იგი, ლადოს გაცილებით ადრე ჰქონია დაგეგმილი მისთვის ბიზნესის წართმევა და გული დასწყდა. ელენეს დღემდე ვერ აეხსნა, რატომ მოექცა ლადო ისე, როგორც მოექცა და, რაც მთავარია, რას ერჩოდა ბექას?! რატომ აღარ უნდოდა ბექას ნახვა?! უცნაური ის იყო, რომ ბექას მოსაკითხად თავს არც ლადოს მშობლები იწუხებდნენ. ელენეს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჰქონდა, რომლებზეც დილიდან დაღამებამდე იტეხავდა თავს, მაგრამ, როგორც კი ბორისთან ერთად საქმე დაიწყო, ამაზე ფიქრისთვის აღარ ეცალა. მხოლოდ იმ აზრით იყო შეპყრობილი, რომ პარტნიორი არ დაეღალატებინა, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ ბორისმა, უბრალოდ, ბონუსად მისცა ფული, მით უმეტეს, რომ ის თანხა მისი დონის ბიზნესის მქონე ადამიანისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა. მაგრამ ელენესთვის იყო მნიშვნელოვანი, საკუთარი თავი დაეჯერებინა, რომ დამოუკიდებლადაც შეეძლო მუშაობა და შექმნა.

– ქალბატონო ელენე, გცალიათ, თქვენთან კონფიდეციალური საქმე მაქვს? – ვაჟას ხმამ ელენე ფიქრებიდან გამოარკვია.

– ხომ მშვიდობაა? ნახევარ საათში ამოდი, – უთხრა ელენემ და ტელეფონი გათიშა.

– ნეტავ, რა უნდა მომხდარიყო? – გაიფიქრა თავისთვის, მაგრამ ჩვევად ჰქონდა, პრობლემაზე მხოლოდ მაშინ იწყებდა ფიქრს, როდესაც მის გადასაწყვეტად ემზადებოდა, ამიტომ ვაჟას ნათქვამი დაივიწყა და ესკიზების თვალიერებას შეუდგა.

ზუსტად ნახევარ საათში ვაჟა მის კაბინეტში იდგა შეწუხებული სახით.

– რა მოხდა? – ჰკითხა ელენემ მშვიდად.

– თქვენი პროტეჟე უკვე ორი თვეა, მუშაობს ჩვენთან და ამ პერიოდის განმავლობაში სულ ვაკვირდები. შემოწმებით არაფერი გამოვლინდა. კარგი მებრძოლი იყო, სამხედრო ჯილდოებიც აქვს მიღებული, მაგრამ კონტუზიის შემდეგ ცოტა გონება აერიასავით და გერმანიაში იმკურნალა.

– ეს ხომ უკვე ვიცი, ვაჟა, საქმეზე გადადი, – შეაწყვეტინა ელენემ დაცვის უფროსს გრძელი მონოლოგი.

– დიახ, ოღონდ მაშინ ვერ დავადგინე, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ დედა ადრე მოუკვდა, მამამისი კი ახლახან გარდაიცვალა საეჭვო ვითარებაში.

– ვინ დაადგინა, რომ ვითარება საეჭვო იყო? – ელენეს ხმაში გაღიზიანება ეტყობოდა.

– პაატამ დარეკა პოლიციაში, მამამისი სვამდა, სახლში ცეცხლი გაჩნდა და დაიწვა.

– ამის სათქმელად მოხვედი? – ელენემ ვაჟას თვალებში შეხედა.

– არაა. მოკლედ, ვაკვირდები ეს პერიოდია. ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით თქვენს ვაჟთან დაახლოებას ცდილობს და გამოსდის. ყველას უყვარს, მოკლედ.

– და მერე? – ჰკითხა ელენემ.

– ეს ძალიან საეჭვოდ მეჩვენა, მით უმეტეს, რომ რამდენიმე თვის წინათ ბატონმა ლადომ მთხოვა, მეთვალთვალა თქვენთვის, რაზეც უარი ვუთხარი...

– მაშინვე რატომ არ მითხარი ეს? – ელენე აილეწა.

– არ გაგანერვიულეთ ზედმეტად. უარი ვუთხარი.

ელენე დაცვის უფროსის სიტყვებმა გააბრაზა:

– მე თავად გადავწყვეტდი. შენ ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გეთქვა. მერე, რის თქმას ცდილობ?

– იმის, რომ პაატას ვუპოვე მაგიდის უჯრაში მიმდინარე პროექტის ესკიზები.

– როგორ?! – ელენე მაშინვე სეიფთან მივიდა და გააღო. ესკიზები არ იყო.

– გამორიცხულია. აქ როგორ შემოვიდა? შენ სად იყურებოდი?! – ელენემ ხმას აუწია.

– მე ვუთვალთვალებდი. კამერების ჩანაწერები ვნახე, ერთ დღეს ნახევარი საათითაა გამორთული, ჩანაწერი არ იძებნება. როგორც ჩანს, მაშინ შემოვიდა და აიღო. ახლა უჯრაში უწყვია, მაგრამ უჯრას ვერ გააღებს, იმიტომ რომ რაღაც საქმეზე გავგზავნე. ოთახში კი სხვებიც არიან და უჯრას ვერ მიეკარება.

– ახლავე გამოიძახე, – უთხრა ელენემ ვაჟას და არ იცოდა, ვისზე იყო უფრო გაბრაზებული, პაატაზე თუ თავის ყოფილ ქმარზე. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ელენე პაატას საქციელმა უფრო გააბრაზა, იმიტომ რომ ლადოსგან უკვე ყველაფერს მოელოდა, მით უმეტეს, ბორის ბარნოვთან ერთობლივი პროექტის გაფორმების შემდეგ ლადო საერთოდ აღარ კითხულობდა შვილის ამბავს და მისთვის თანხის გადმორიცხვაც შეწყვიტა.

– შენ გადი, – უთხრა ელენემ ვაჟას, – მე თვითონ დაველაპარაკები.

ვაჟას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ელენემ არ დააცადა;

– გადი, მე უნდა დაველაპარაკო.

ელენე კაბინეტში ბოლთას სცემდა. პაატამ ჯერ თავი შემოყო და იკითხა:

– შეიძლება?!

ელენემ სკამისკენ მიუთითა. თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:

– რატომ მომპარე ესკიზები?

– მე არაფერი მომიპარავს, – გაეღიმა პაატას.

– აბა, რა დევს შენს უჯრაში? – არ შეეპუა ელენე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი