რომანი და დეტექტივი

მოცეკვავე კაცუნები

№9

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 03.03

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #6-7 (1207)

– გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ამ ფაქტს, – უთხრა ჰოლმსმა ინსპექტორ მარტინს, – ახლა კი, ჩემი აზრით, საჭიროა შევუდგეთ იმ ოთახების შემოწმებას, სადაც დანაშაული მოხდა.

უბედურების ადგილი სრულიად პატარა ოთახი აღმოჩნდა. მისი სამი კედელი წიგნის თაროებს ეჭირა. ფანჯარასთან, ბაღს რომ გადაჰყურებდა, საწერი მაგიდა იდგა. ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, უბედური სკვაირის გვამმა მიიპყრო. მისი სამოსის უწესრიგობა მოწმობდა, რომ მოულოდნელად მოუხდა ლოგინიდან წამოვარდნა. ტყვიას მისთვის გული გაეგმირა და სხეულში ჩარჩენილიყო. კაცი მოკვდა წამიერად და უმტკივნეულოდ. არც ხალათზე, არც ხელებზე თოფის წამლის არანაირი კვალი არ აღმოაჩნდა. სოფლის ექიმი ამტკიცებდა, მისის კუბიტს დენთის ლაქები სახეზე ჰქონდა, მაგრამ ხელებზე არ შემინიშნავსო.

– ხელებზე ლაქების უქონლობა არაფერს არ ამტკიცებს, ხოლო ლაქები სახეზე – ეს უტყუარი საბუთია, – თქვა ჰოლმსმა, – თუ ცუდად მორგებული ვაზნიდან დენთი შემთხვევით არ გამოიყარა, რამდენიც არ უნდა ისროლოთ, ხელს არ გაისვრით. ახლა შეიძლება გაიტანოთ მისტერ კუბიტის გვამი. ექიმო, ხომ არ გიპოვნიათ ტყვია, რომლითაც ის მოკლეს?

– ამისთვის რთული ოპერაციის გაკეთება დამჭირდებოდა. მაგრამ რევოლვერში კიდევ დარჩა ოთხი ვაზნა. სულ ორჯერ ისროლეს, ჭრილობაც ორია, მაშასადამე, ორივე ტყვიის ბედის გარკვევა იოლია.

– ეს მხოლოდ ერთი შეხედვით გვეჩვენება, – თქვა ჰოლმსმა. – რას იტყვით იმ ტყვიაზე, რომელმაც ფანჯრის ჩარჩო გახვრიტა? აქ უეცრად შებრუნდა და თავისი მოგრძო, წვრილი თითით გვიჩვენა ნახვრეტი ფანჯრის ჩარჩოს ქვედა ძელზე.

– ეშმაკმა დალახვროს! – შეჰყვირა ინსპექტორმა.

– როგორ მიაგენით ამას?

– მივაგენი, რადგანაც ვეძებდი.

– გასაოცარია! – თქვა სოფლის ექიმმა. – თქვენ სავსებით მართალი ბრძანდებით, სერ. გამოდის, რომ სამჯერ უსვრიათ და, მაშასადამე, აქ ვიღაც მესამეც ყოფილა. მაგრამ ვინ არის ეს მესამე და სად გაქრა?

– ამ კითხვაზე ახლავე უნდა გავცეთ პასუხი, – თქვა შერლოკ ჰოლმსმა, – თუ გაგონდებათ, მისტერ მარტინ, როცა მოსამსახურეებმა განაცხადეს, ოთახიდან გამოსვლისთანავე დენთის სუნი ვიგრძენითო, მე გითხარით, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ-მეთქი. ეს იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ კარიც და ფანჯარაც მთლიანად ღია ყოფილა. სხვა შემთხვევაში დენთის სუნი მთელ სახლში ასე სწრაფად ვერ გავრცელდებოდა. მხოლოდ გამჭოლ ქარს შეეძლო სუნის ასე შორს გატანა. ამ ოთახში ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, კარიცა და ფანჯარაც გაღებული ყოფილა.

– რატომ ცოტა ხნით?

– იმიტომ რომ ამ სანთლიდან სტეარინი არ ჩამოღვენთილა. საქმეში გარეულია მესამე პირი, რომელიც გარეთ მდგარა და იქიდან ფანჯარაში უსვრია. ამ მესამე კაცისთვის ნასროლი ტყვია კი შეიძლება ფანჯრის რაფას მოხვედროდა. კარგად დავათვალიერე და მართლაც აღმოვაჩინე ნატყვიარი.

– მაგრამ სარკმელი ვინღა დახურა?

– უსათუოდ ქალმა ინსტინქტურად მიჰკრა ხელი და მიხურა... მაგრამ ეს რა არის? აჰ! კაბინეტის მაგიდაზე იდო ნიანგის ტყავის, მშვენიერი, ვერცხლით მოჭედილი, ქალის პატარა ჩანთა. ჰოლმსმა ჩანთა აიღო და გადმოაპირქვავა. მაგიდაზე ზონრით შეკრული ოცი ორმოცდაათგირვანქიანი საკრედიტო ბილეთი გადმოვარდა. ჩანთაში სხვა არაფერი აღმოჩნდა.

– აიღეთ, ეს საჭირო იქნება სასამართლოზე, – თქვა ჰოლმსმა და ინსპექტორს ჩანთა ფულთან ერთად გადასცა.

– ახლა აუცილებელია იმის გარკვევა, თუ ვის ესროლეს მესამე ტყვია. ფანჯრის ჩარჩოს ნახვრეტის მიხედვით, ნასროლი ოთახიდანაა. მინდა ისევ მზარეულ ქალს მისის კენგს გამოველაპარაკო.

– მისის კინგ, თქვენ თქვით, გამაყრუებელმა სროლის ხმამ გამომაღვიძაო. ამით ის გინდოდათ გეთქვათ, რომ პირველი გასროლა მეორეზე უფრო მჭექარე იყო?

– მეძინა, სერ და ამიტომ მიჭირს ამისი განსჯა. მეჩვენა, რომ ძალიან მაგრად იჭექა.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ ორივე გასროლის ხმა თითქმის ერთდროულად შემოგესმათ?

– ვერაფერს მოგახსენებთ, სერ.

– დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იყო. მე მგონია, მისტერ მარტინ, ამ ოთახში მეტს ვეღარაფერს გავიგებთ. თუ თანახმა ხართ, გამომყევით, ბაღში შევიხედოთ და ვნახოთ, ხომ არაფერია იქ საინტერესო.

კაბინეტის ფანჯრის ქვეშ ყვავილნარი აღმოჩნდა. როცა იქ მივედით, ხმამაღლა შევყვირეთ. ყვავილები გათელილი იყო. რბილ მიწაზე აშკარად ჩანდა ნაკვალევი. ეს იყო მამაკაცის ძალზე წვრილცხვირიანი და გრძელი ფეხსაცმლის კვალი. ჰოლმსი ისე იქექებოდა ბალახსა და ფოთლებში, როგორც მაძებარი ძაღლი, რომელსაც დაჭრილი ფრინველის პოვნა უნდა. უეცრად შეჰყვირა და მიწიდან პატარა სპილენძის ცილინდრი აიღო.

– ასედაც ვფიქრობდი! – თქვა მან. – აი, მესამე მასრა, მე მგონია, ინსპექტორო მარტინ, რომ ძიება დასრულებულია.

პროვინციელი ინსპექტორის სახეზე გაოცება აღიბეჭდა. ის აშკარად აღტაცებული იყო ჰოლმსის ოსტატობითა და სწრაფი მოსაზრებულობით.

– ვისზე გაქვთ ეჭვი? – ჰკითხა პოლიციელმა.

– ამ საქმეში არის რამდენიმე ისეთი მომენტი, რომელთა თქვენთვის გადმოშლა და ახსნა ჯერ კიდევ არ შემიძლია. უფრო გონივრული იქნება, თუ დროებით გავჩუმდები და მერე კი ყველაფერს ერთბაშად მოგახსენებთ.

– როგორც გენებოთ, მისტერ ჰოლმს, ოღონდ მკვლელი არ გაგვექცეს.

– ამ დანაშაულის ყველა ძაფი ჩემს ხელთაა. თუნდაც ლედი გონს აღარასოდეს მოვიდეს, ჩვენ მოვახერხებთ წუხანდელი ღამის ყველა მოვლენის აღდგენასა და დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წაყენებას. უწინარეს ყოვლისა, მინდა, დავადგინო, სადმე ახლომახლო ხომ არაა სასტუმრო „ელრიჯი“.

მოსამსახურეთა ჯვარედინი დაკითხვა მოვაწყვეთ და საჯინიბოში მომუშავე ბიჭუნამ უეცრად გაიხსენა, რომ სოფლიდან რამდენიმე მილის დაშორებით, ისტ- რესტონის მახლობლად ცხოვრობდა ფერმერი, გვარად ელრიჯი.

– იმ კაცის ფერმა სხვებისგან განცალკევებულია?

– დიახ, მოშორებით გახლავთ, სერ.

– და იქნებ, იქ ჯერ კიდევ არ იციან ის ამბავი, რაც აქ წუხელ ღამით მოხდა? – ჰოლმსი ჩაფიქრდა და უეცრად სახეზე ცბიერი ღიმილი გამოეხატა.

– შეკაზმე ცხენი, ჩემო ბიჭუნა! – თქვა მან სწრაფად, – ძალიან მინდა, რომ ელრიჯის ფერმაში წერილი წაიღო. ამ სიტყვებზე ჰოლმსმა ჯიბიდან ამოიღო რამდენიმე ქაღალდი, რომელზედაც მოცეკვავე კაცუნები იყო გამოხატული. კაბინეტში შევიდა, მაგიდას მიუჯდა, წინ კაცუნებიანი ქაღალდები დაილაგა და საქმეში ჩაეფლო. ბოლოს ბარათი ბავშვს ჩააბარა, უბრძანა, სწორედ იმ პირისათვის გადაეცა იგი, ვისთვისაც განკუთვნილი იყო და ამასთან არავითარ შემთხვევაში არ გაეცა პასუხი კითხვებზე. ბარათზე წარწერილ მისამართზე წარწერა უსწორმასწორო, მოქცეული ხელით იყო შესრულებული, რაც ჰოლმსის ჩვეულებრივ ლამაზ ნაწერს სრულიად არა ჰგავდა.

– მე მგონია, ინსპექტორო, – შენიშნა ჰოლმსმა, – რომ თქვენ გმართებთ დეპეშით ბადრაგის გამოძახება, რადგან თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა, საგრაფოს ციხეში ძალიან საშიში დამნაშავის წაყვანა მოგიხდებათ. ყმაწვილს, რომელსაც წერილს ვატან, შეუძლია, დეპეშაც წაიღოს. საქმე, რამაც ჩვენ აქ მოგვიყვანა, დასასრულს სწრაფად უახლოვდება.

როცა ბავშვმა ბარათი გააქროლა, შერლოკ ჰოლმსმა მსახურებს უხმო და უბრძანა, ვინც მისის კუბიტის ნახვას მოისურვებს, დაუყოვნებლივ გაატარეთ სასტუმრო ოთახში, ისე რომ, არ შეატყობინოთ, რაც აქ მოხდაო. ჰოლმსმა დაჟინებით მოითხოვა ამ ბრძანების განუხრელად შესრულება. შემდეგ სასტუმრო ოთახში შევიდა და დასძინა, ახლა ყველაფერი უჩვენოდ მოხდება და ისღა დაგვრჩენია, დავსხდეთ და ვუცადოთ, ჩვენს კაკანათში რა ფრინველი მოხვდებაო.

– მე დაგეხმარებით იმაში, რომ ეს ერთი საათი უფრო საინტერესოდ და სასარგებლოდ გაატაროთ, – თქვა ჰოლმსმა, სკამი მაგიდასთან მისწია და ზედ უამრავი მოცეკვავე კაცუნებიანი ქაღალდი გაშალა, – თქვენ წინაშე ეს გასართობი ნახატებია, რომელთაც შეეძლოთ ღიმილის გამოწვევა, რომ ასეთი საშინელი ტრაგედიის მაუწყებელნი არ იყვნენ. ზედმიწევნით ვიცნობ საიდუმლო დამწერლობის ყველა სახეობას და თვითონ ვითვლები იმ წიგნის ავტორად, სადაც ას სამოცი შიფრის ანალიზია მოცემული, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს შიფრი ჩემთვის სრულიად ახალია. ამ სისტემის გამომგონებლის მიზანი, ალბათ, ის იყო, რომ ამ შიფრის ნამდვილი მნიშვნელობა დაეფარა და ნიშნები დამწერლობად კი არა, ბავშვის ნახატებად გაესაღებინა. მაგრამ ყველა, ვინც მიხვდება, რომ ეს ნიშნები ასოებს შეესაბამება, განსაკუთრებული სიძნელის გარეშეც ამოიცნობს მათ, თუ შიფრის ამოცნობის ჩვეულებრივ წესებს გამოიყენებს. პირველი ჩანაწერი ძალზე მოკლე იყო და მხოლოდ ერთი ისეთი ვარაუდის დაშვების საშუალება მომცა, რაც, ჩემი აზრით, სიმართლესთან ახლოს იყო, და რაც მერე სავსებით სწორი აღმოჩნდა. მე ვლაპარაკობ დროშებზე. ეს დროშები გამოყენებულია მხოლოდ იმისთვის, რომ აღნიშნონ სიტყვების დასასრული. ამის გარდა, პირველი წერილიდან სხვა ვეღარაფერი გავარკვიე, მესაჭიროებოდა ახალი მასალა. მისტერ ჰილტონ კუბიტმა მეორედ რომ მინახულა ახალი ბარათები გადმომცა, რომელთაგან უკანასკნელი უდავოდ შეიცავდა მხოლოდ ერთ სიტყვას, რადგან მასში დროშები აღარ იყო. ორი სხვა ბარათი უეჭველად იწყებოდა ერთი და იმავე სიტყვით, რომელიც ოთხი ასოსგან შედგებოდა. აი, ეს სიტყვა. როგორც ხედავთ, ეს სიტყვა მთავრდება იმავე ასოთი, რომლითაც იწყება. აქ ბედნიერმა აზრმა გამიელვა. წერილები ჩვეულებრივ იწყება იმ ადამიანის სახელით, რომლის მისამართითაც წერენ. კაცი, რომელიც ამ წერილს უგზავნიდა მისის კუბიტს, უსათუოდ ახლოს იცნობდა მას. სრულიად ბუნებრივია, რომ უბრალოდ, სახელს ეძახდეს. მისი სახელი კი სწორედ ოთხი ასოსაგან შედგება და მთავრდება იმავე ასოთი, რომლითაც იწყება: ქალის სახელია ილსი. ამრიგად, მე აღმოვჩნდი სამი ასოს მფლობელი: ი, ლ და ს. ამგვარად, ორ წერილში სახელით მიმართავს მისის კუბიტს და, ეტყობა, რაღაცას ითხოვს მისგან. რა უნდა მოსთხოვოს? ხომ არ უნდა, რომ ქალი მივიდეს სადმე ისეთ ადგილას, სადაც შეძლებს მასთან ლაპარაკს? ყურადღება მივაქციე მესამე წერილის მეორე სიტყვას. აი ისიც: აქ რვა ასოა: მეოთხე და უკანასკნელი ასოებია „ი“. მე ვივარაუდე, რომ აქ წერია, „მოდი, გელი“ და უეცრად კიდევ რამდენიმე ასოს მფლობელი გავხდი. მაშინ მივუბრუნდი იმავე ბარათს, რომელშიაც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა. როგორც თქვენთვის ცნობილია, ეს სიტყვა გამოჩნდა ფარდულის კარის ქვედა პანელზე, დანარჩენი წარწერისაგან მოშორებით. ვივარაუდე, რომ ეს იყო პასუხი და ის დაწერა მისის კუბიტმა: ცნობილი ასოები ჩავსვი უცნობ ადგილზე და მივიღე: „არაოდეს“. რა უნდა ეპასუხა მისის კუბიტს მის თხოვნაზე, მოდი, გელიო? ქალმა უპასუხა: „არაოდეს“. ახლა უკვე ვიცოდი იმდენი ასო, რომ შემეძლო, დამეხედა პირველი ბარათისათვის. თუ ამ წარწერაში ჩავსვამთ ჩვენთვის უკვე ცნობილ ასოებს, მივიღებთ: „მე აქ ვარ. აბ ლენი“. დავუშვათ, რომ მეორე სიტყვაა „აქ“. მაშინ ბოლო სიტყვაა „ლენი“. ეს გვარი ძალიან გავრცელებულია ამერიკაში. ორი ასოსგან შემდგარი სიტყვა, რაც გვარის წინ ეწერა, ალბათ, სახელი იქნებოდა. რომელი სახელი შედგება ორი ასოსაგან? ამერიკაში ძალიან გავრცელებულია სახელი „აბ“. ახლა გამოსაცნობი რჩება მხოლოდ ფრაზის პირველი სიტყვა. ის მხოლოდ ორი ასოსგან შედგება. ესაა ნაცვალსახელი „მე“. ამრიგად, პირველ წერილში წერია: „მე აქ ვარ. აბ ლენი“. აი, ახლა კი საკმაოდ ბევრ ასოს ვიცნობ, სრულიად იოლად შემიძლია წავიკითხო მეორე წერილიც: „ვცხოვრობ ელრიჯისას“.

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი