რომანი და დეტექტივი

ყინულის დედოფალი

№10

ავტორი: არდაშელ თაქთირიძე 15:55 14.03

ყინულის დედოფალი
დაკოპირებულია

მე, პოლიციის გამომძიებელ ვიცე-პოლკოვნიკ ვალერი ჯიბლაძესა და ჟურნალ „თბილისელების“ მთავარ რედაქტორს ზაზა ახობაძეს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. 1993-ში საგაზეთო სტამბის დირექტორი ვიყავი. იმ ავბედით პერიოდში საგაზეთო ქაღალდი არ იშოვებოდა და გაზეთები შპალერის ქაღალდზე იბეჭდებოდა. შპალერის ქაღალდიც რომ გამოილია, მე და ირაკლი – ჩემი კომპანიონი, ვლადიკავკაზში გადავედით, იქ გავიცანით იქაური ქაღალდის საწყობის დირექტორი, ვინმე კოზანოვი და 80 ტონა საგაზეთო ქაღალდი ოთხი ტრაილერით გადმოვიტანეთ. აი, მაშინ საქართველოში გამოსული ყველა გაზეთი და ჟურნალი ჩემს სტამბაში იბეჭდებოდა. იქ გავიცანით ერთმანეთი მე, ვალერამ და ზაზამ. ზაზას გაზეთი „ეს საინტერესოა“ ჰქონდა დასაბეჭდად მოტანილი. ვალერა იმ პერიოდში უშიშროებაში მუშაობდა და გაზეთ „სრულიად საიდუმლოს“ ქართულ ვერსიას ედგა სათავეში.

სტამბა 24-საათიან რეჟიმში, მთელი დატვირთვით მუშაობდა. მისაღებში დღედაღამ იდგა რედაქციების წარმომადგენელთა რიგი. ბეჭდვის განრიგი კი გვქონდა, მაგრამ ზოგჯერ გაუთვალისწინებელი გაზეთი შემოეჩხირებოდა, გაზეთი გაზეთს „დააჯდებოდა“ და გეგმას გვირევდა. ასე „დააჯდა“ ვალერას გაზეთი – „სრულიად საიდუმლოდ“ ზაზას „ეს საინტერესოას“ და საქმის გასარჩევად ორივემ ჩემს კაბინეტში ამოჰყვეს თავი. ვალერა – წარმოიდგინეთ, გაბარიტებში შემცირებული, მორგუნოვი („კავკასიელ ტყვე ქალში” დიდი, „ვერზილა“ რომ თამაშობს ნიკულინთან და ვიცინთან ერთად) ახლომხედველის ფართოლინზებიანი სათვალით, ყვიროდა, ხელებს იქნევდა, თახთახებდა და ყველას იდიოტს გვეძახდა, მაგრამ ისეთი საყვარელი არსება იყო, არ შეიძლებოდა არ „დაგვასებოდა“. სრულიად საპირისპირო ზაზა ახობაძე – ელეგანტური, დინჯი, მოზომილი, სიბრაზისგან აჭარხლებულ ვალერას წყნარად უხსნიდა, რომ მისი გაზეთის რიგი იყო და ერთ წამსაც არ დაუთმობდა. სამი ღამის უძილომ ორივე დავისვი, დავაწყნარე, წარმოების უფროსს გაზეთი „შანსი” ცოტა გადავაწევინე, ცოტა სპორტული გაზეთი „სარბიელი“ გადმოვაწევინე და ვალერას „სრულიად საიდუმლოდ“ შუაში ჩავაკვეხებინე. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მერე, ვალერას ბიჭი მოვუნათლე – საბა. მერე, ზაზამ ჩემი ანა მონათლა და ასე შეიკრა სამკუთხედი.

რადგან ენერგიული ვალერას ხასიათში არ ზის კაბინეტში ჯდომა და ოპერატიულ სამუშაოს ეტრფის, უშიშროებიდან პოლიციაში გადავიდა გამომძიებლად. უშიშროებაში ნასწავლი ხლართები ოპერატიულ მუშაობაში გამოიყენა და ისეთი საქმეები გახსნა, რომ მოგვიყვა, მე და ზაზას პირები დაგვაღებინა.

ზაზამ ჟურნალი „თბილისელები“ დააფუძნა და ვალერას ტკიპასავით აეწება, ყოველ კვირას, საღამოს, ვალერასთან ავდივართ ბოლნისში აგარაკზე, ბუხართან ვსხედვართ, კონიაკ „სარაჯიშვილს“ ვწრუპავთ და ვალერას გამოძიებულ საქმეებს ვარჩევთ. მეორე დღეს კი ჟურნალ „თბილისელებში“, სპეციალურად ვალერასთვის გამოყოფილ გვერდზე დეტექტიური მოთხრობა იბეჭდება. დარწმუნებული ვარ, ამ საღამოს მონათხრობსაც გააქანებს და პირველსავე ნომერში დაბეჭდავს.

ვალერას მოწმის დაკითხვის საკუთარი მეთოდი აქვს, რომელიც ცნობილი ქართველი ფსიქიატრის – დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიაზე“ არის დამყარებული. კერძოდ, რაღაც ფაქტის თვითმხილველი იმ მომენტში მოვლენას აღწერს ისე, როგორც დაინახა. მაგრამ მან ყველაფერი ვერ აღიქვა, ამიტომ პირველი შთაბეჭდილების გასვლის შემდგომ, მთლიანი სურათის შესავსებად შემოაქვს დეტალები, რომელიც ვერ დაინახა, მაგრამ ლოგიკურად უნდა არსებობდეს. ესე იგი, მოწმის თხრობაში შემოდის მისი ფანტაზია. მეორე დღეს კი სრული თავდაჯერებით ყვება ამ მოვლენაში თავის უშუალო მონაწილეობის ამბავს. ამიტომ, ვალერა მოწმის დაკითხვის დროს, ითვალისწინებს რა დროა გასული მოვლენიდან დაკითხვამდე, ამის მიხედვით უსვამს მოწმეს კითხვებს, რომ მის მონაყოლს შემოაცალოს ფანტაზიის გარსი და დატოვოს პირველადი აღქმის სურათი.

***

მისრიალებენ თავდაუზოგავად, ახალგაზრდული ჟინით, ბიჭი და გოგო, ერთად შეკრულნი, ერთმანეთს მიტმასნილნი, ერთ სხეულად ქცეულნი, მისრიალებენ. ყინულზე უსასრულო ზოლებს ტოვებს მათი ციგურები. ერთმანეთს სცილდებიან, მაგრამ დაცილება ხანმოკლეა, თითქოს ერთმანეთი მოენატრათო, ისევ ერთდებიან. ბიჭი ხელში აიტაცებს გოგონას, დააბზრიალებს და მოისვრის, გოგონა რბილად ეშვება ყინულზე, თითქოს ღრუბლის ქულაზე დასრიალდაო, წინ მიილტვის, სულ წინ, ამას მოჰყვება ნახტომი ბრუნით, ორი ბრუნით, ორბრუნნახევრით... ეს ანამარიაა, ყინულის დედოფალი.

***

მერაბ გერსამია სოხუმში დაიბადა. მეორე კლასში იყო, გულიას ქუჩაზე ყინულის დარბაზი რომ ააშენეს და ფიგურული სრიალის წრეზე ბავშვები მიიწვიეს. მშობლებს შეუჩნდა და წრეზე ჩააწერინა თავი. მართალია, სწავლას მოუკლო, სამაგიეროდ ფიგურულ სრიალში ჰქონდა მიღწევები. მალე მესამე თანრიგი აიღო, მერე მეორე, მეცხრე კლასში უკვე პირველთანრიგოსანი იყო. სკოლა რომ დაამთავრა, სპორტის ოსტატობის კანდიდატის თანრიგი ჰქონდა და როგორც სპორტსმენი, თან საქართველოსთვის სპორტის ისეთ არატრადიციულ სახეობაში, როგორიც ფიგურული სრიალია, უგამოცდოდ დასვეს სოხუმის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

რადგან საქართველოში ფიგურულ სრიალში შეჯიბრებები არ ტარდებოდა, მერაბი როსტოვის საქალაქო ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას. მესამე კურსზე იყო, ვარჯიშზე რთული ილეთის შესრულების დროს ყინულზე წაქცევისას ფეხი უხერხულად რომ დაჰყვა და მუხლის მყესი გაუწყდა. ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მუხლი „დაუშინდა“ და სრულად ვეღარ გაშალა, დიდი ფიგურისტობა აუხდენელ ოცნებად დარჩა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ქვემო ეშერის საშუალო სკოლაში გაანაწილეს მათემატიკის მასწავლებლად. აქვე გაიცნო ქართული ენის მასწავლებელი მარიკა და ცოლადაც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მარიკას თანდაყოლილი გულის მანკის გამო ექიმმა ორსულობა აუკრძალა, მაინც გარისკა. რისკმა გაუმართლა, მალე ბავშვი შეეძინათ – ანამარია.

2 წლის იყო ანამარია, აფხაზეთში ცნობილი ამბები რომ დაიწყო. მთელი სოხუმის ახალგაზრდობა, ქართველებიც და აფხაზებიც მერაბის ძმაკაცები იყვნენ, ზედმეტს ვინ რას გაუბედავდა, ამიტომ აფხაზეთიდან ბოლომდე არ წამოსულა, მაგრამ ქართველები რომ წამოვიდნენ და აფხაზმა ძმაკაცმა თავისი „კოლხოზნიკი“ მისცა, „დროზე წადი, თორემ ჩვენ ვეღარ გიშველით, რუსები ან ჩეჩნები დაგხოცავენო“, ჩაისვა ცოლ-შვილი მანქანაში და დაადგა სვანეთის გზას. გაიარეს მერხეული, წებელდა, ლათა, აჟარა და საკენს მიადგნენ. აქ მანქანა დატოვეს და მთებს ფეხით შეუდგნენ. დაიწყო საკენ-ჭუბერის უღელტეხილი, ალპური ზონა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გაუძნელდათ მოძრაობა, ცალ ხელში ბავშვი ეჭირა, მეორეთი მარიკას ეხმარებოდა სიარულში. ჭუბერს თითქმის მიღწეულები იყვნენ, ღამით რომ დაიძინეს და

დილით მარიკამ ვეღარ გაიღვიძა. მიცვალებული ზურგზე მოიკიდა, სოფელში აასვენა და იქ მიაბარა მიწას.

დილით ვერტმფრენი ჩამოფრინდა, მოხუცები და ბავშვები უნდა გადაეყვანა ზუგდიდში. ვერტმფრენთან ხალხის ზედახორა იყო, მაგრამ მერაბს, როგორც ბავშვიანს, გზა დაუთმეს და ვერტმფრენში შეუშვეს.

ზუგდიდიდან თბილისში წამოვიდა, მაგრამ ახლობელი არავინ ჰყავდა. ლტოლვილები სასტუმროებში განათავსეს. მერაბსაც მისცეს ერთი ოთახი „დეზერტირების“ ბაზართან, სასტუმრო „კოლხეთში“. მეზობლად აფხაზეთიდან ლტოლვილი გოგონა ცხოვრობდა, პატარა ბავშვით. მასაც პატრონი არავინ ჰყავდა. მერაბი მას უტოვებდა ანამარიას, თვითონ კი „დეზერტირების“ ბაზარში მტვირთავად დაიწყო მუშაობა. აღებულ თანხას იმ გოგონას თანაბრად უყოფდა.

მეუღლის სიკვდილმა, გაჭირვებამ, გადატანილმა სტრესმა ნერვიული აშლილობა დაუტოვა მერაბს. უბრალო რამეზე ღიზიანდებოდა, ჩხუბობდა, თავს ვერ იკავებდა. ერთხელ, ერთი კლიენტის ცემისთვის ფსიქიატრიულშიც მოხვდა. თუმცა, ერთ კვირაში გამოუშვეს, რადგან უპატრონოდ დარჩენილი ბავშვის მოვლის თავი სახელმწიფოსაც არ ჰქონდა.

დრო გადიოდა, მერაბი ბაზარში მუშაობდა, უკვე საკუთარი კლიენტებიც ჰყავდა, მხოლოდ მას რომ ანდობდნენ ბარგის გადატანას, ანამარია იზრდებოდა, მისი სხვასთან დატოვება აღარ სჭირდებოდა, ბავშვი თვითონ უვლიდა თავს. არსებულ მდგომარეობას თითქოს შეეჩვია, მაგრამ ერთ დღეს მისმა მუდმივმა კლიენტმა, მექანიკური ქარხნის დირექტორმა, თავის ქარხანაში მუშა-მტვირთავის ადგილი რომ შესთავაზა, სიხარულით დათანხმდა. მალე მძღოლად გადაიყვანეს მომარაგების განყოფილებაში. ერთ-ერთი მომმარაგებელი პენსიაზე რომ გაუშვეს, მერაბი გადაიყვანეს მომმარაგებლად. ხოლო, მომარაგების განყოფილების უფროსი „ატკატზე“ რომ გამოიჭირეს და გააგდეს, მერაბის კანდიდატურა ერთხმად დაასახელეს განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

სამსახურში დაფასებამ, საზოგადოების ახალმა წრემ, სტაბილურმა მაღალმა ხელფასმა მთლიანად შეცვალა მერაბის ცხოვრება. ბანკიდან აღებული კრედიტით ოროთახიანი ბინა შეიძინა მოსკოვის პროსპექტზე, მშენებარე კორპუსში. ავტომობილი იყიდა, მართალია, მეორადი, მაგრამ არაფერი დაეწუნებოდა. ერთ წელიწადში ბინაში შევიდა. ანამარია სკოლაში შეიყვანა. მოგვიანებით, ისან-სამგორის რაიონის ახლადგახსნილ ყინულის დარბაზში ჩაწერა ფიგურული სრიალის წრეზე. მთლიანად გოგონას აღზრდაზე გადაერთო. მასში ხედავდა თავის დაუკმაყოფილებელ სპორტულ განგრძობადობას. ვარჯიშზე დაჰყავდა, შეჯიბრებებს ესწრებოდა, ილეთების დახვეწაში ეხმარებოდა. ცოლი აღარ მოიყვანა. ქმრის მოღალატე ცოლებთან იკმაყოფილებდა მამაკაცურ ვნებებს.

იზრდებოდა ანამარია, მაგრამ რაც დრო გადიოდა, სულ უფრო და უფრო უნელდებოდა სპორტისადმი ინტერესი. მე-9 კლასში ვარჯიშებს აცდენდა, ილეთები არ გამოსდიოდა, შეჯიბრებებში ათეულშიც ვერ ხვდებოდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ანამარიას მწვრთნელმა, იაგო მასწავლებელმა, მამამისი დაიბარა და გოგონას წრიდან გარიცხვა აუწყა.

მერაბი გაშრა. თვითონაც ხვდებოდა, რომ გოგონას სპორტული მომავალი არ ჰქონდა, მაგრამ თავს ინუგეშებდა და ყველაფერს გარდამავალ ასაკს აბრალებდა. ახლა კი მისი ოცნება ერთბაშად დაინგრა, ჩამოიშალა. რისთვისაც იწვალა, ყველაფერი წყალში ჩაეყარა. მწვრთნელს დაუწყო ვედრება, რომ მის შვილს ნუ გაწირავდა და ერთი შანსი კიდევ მიეცა. მწვრთნელს მოამაგე მამა შეეცოდა, ანამარია წყვილებში გადაიყვანა და საუკეთესო მოციგურავეს – 16 წლის ოთარს დაუწყვილა.

ამ დღიდან სასწაული მოხდა, ანამარია ვარჯიშებს აღარ აცდენდა, ბოლომდე იხარჯებოდა, ყველა ილეთი გამოსდიოდა, კი არ სრიალებდა, დაფრინავდა, შეჯიბრებებში იმარჯვებდა. ანამარიასა და ოთარის წყვილს ყინულის მეფე-დედოფალი შეარქვეს. რა მოხდა, რამ შეცვალა ანამარია? დიახ, სწორად მიხვდით, გოგონას მეწყვილე შეუყვარდა.

მერაბი სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. შვილით ამაყობდა, წარმოიდგინა მისი გოგონა, დიდი ფიგურისტი, მსოფლიოს გააოცებდა, ჩემპიონებს ტოლს არ დაუდებდა.

ერთ დღეს უჩვეულო ფუსფუსს შეამჩნევდით ყინულის დარბაზში. ყველა, კარისკაცით დაწყებული და მწვრთნელებით დამთავრებული, ახალთახალ ფორმებში გამოწკეპილები დაიარებოდნენ. მოციგურავეები ხომ, ნუ იკითხავ, თეთრ, შავ, წითელ, ყვითელ, ლურჯ, ნარინჯისფერ, ზურმუხტისფერ და ცისარტყელას ყველა ფერის სპორტულ ფორმებში გამოწყობილები გადიოდნენ გენერალურ რეპეტიციას. მეორე დღეს ელოდნენ მოვლენას, რომლის მსგავსი არ ენახა საქართველოს. ახალგაზრდა ტალანტების ასარჩევად და თავის გუნდში გადასაყვანად ყინულის დარბაზში შეჯიბრებას უნდა დასწრებოდა უნგრეთის გუნდის „ფერენცვაროშის“ მწვრთნელი, ლეგენდარული უნგრელი ფიგურისტი ქალი ჟუჟა ალმაში, რომელიც უკვე „შერატონში“ იყო დაბინავებული და მეორე დღის საღამოს 6 საათზე ყინულის დარბაზში საჩვენებელ გამოსვლებს ელოდა.

ტრიბუნა ხალხითაა გაჭედილი. დედები, მამები, პაპები, ბებიები, ბიძები, დეიდები, მამიდები, ბიცოლები, საგულშემატკივროდ არიან მოსული. თავის კერპს ეფერებიან, ამხნევებენ. მხოლოდ ანამარია და ოთარი დგანან განმარტოებით. ოთარის მშობლები სოფელში ცხოვრობენ, ვერ ჩამოვიდნენ. ანამარიას მამა მოულოდნელად ქუთაისში გაგზავნეს მივლინებით, არადა, როგორ უნდოდა დასწრება...

მოკლე პროგრამით წარსდგნენ კონკურსანტები. გამოდიან ერთეულები ბიჭები, გოგონები, ცდილობენ, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. გამოდიან წყვილები, ყინულზე დასრიალებენ, ილეთები ილეთებს ცვლის. აგერ, ანამარიასა და ოთარის ჯერიც დადგა. შავ-თეთრი კომბინეზონებით წარსდგნენ, გამოსრიალდნენ, მოედნის ცენტრში დადგნენ, ერთმანეთს ჩაეკვრნენ, ჩაეკონნენ. მუსიკა ჩაირთო, „ამაპოლა“, მათი საყვარელი მუსიკა. ადგილიდან დაიძრნენ, გასრიალდნენ ილეთისთვის მოემზადნენ. ბიჭმა გოგონა მაღლა ასწია, ხელში დააბზრიალა და მოისროლა. გოგონამ დაშვებამდე რამდენიმე ბრუნი გააკეთა, რბილად დაეშვა, მაგრამ ეს რა ხდება?! მარჯვენა ციგური წინ გაექცა, წონასწორობა ვეღარ შეიკავა და ყინულზე გაგორდა. წამოხტა, ამას უნდა მოჰყვეს ნახტომი ბრუნით, ორი ბრუნით, ორბრუნ-ნახევრით, ათასჯერ აქვთ შესრულებული. ისევ დაეცა, ისევ. ბოლოს მეწყვილის მხარზე დაყრდნობილმა დატოვა მოედანი. ციგურები გაიძრო, გასახდელში შევარდა, კარადიდან პალტო და სპორტული ჩანთა გამოიღო და ციგურები შეყარა. ამ დროს ჩანთიდან მობილურმა დარეკა, მამამისი იყო, „გამოდი, ქუჩაში გელოდები!” – დაუღრიალა. ქუთაისიდან ჩამოსულა, მაინც მისულა საგულშემატკივროდ. როგორ არ უნდა მამამისთან შეხვედრა, რა გაუძლებს მის ჩხუბს?! ქუჩაში გავარდა. ქარი ქროდა, ციოდა. სიცივე ესიამოვნა, ცოტა დაწყნარდა. მამამისის მანქანა დაინახა, მოშორებით იდგა. მისკენ გაიქცა. ნერვიულობისგან ყელი გაუშრა. საშინლად მოსწყურდა. გაახსენდა, რომ ჩანთაში თხევადი იოგურტი ედო. ბოთლს თავი მოხსნა და ნახევრამდე ჩაცალა ისე, რომ არ შეჩერებულა. მანქანასთან მიირბინა. მამა გაფითრებული იყო, ნერვიულობისგან კანკალებდა. შვილი შეანჯღრია, სილა სტკიცა და მუჯლუგუნით მანქანაში შეაგდო.

ოთარი ანამარიას გამოეკიდა, ქუჩაში გამოჰყვა, მაგრამ მამამისის მანქანა რომ დაინახა, შედგა.

***

– ჰოდა, ჩემო ზაზა, პარასკევს საღამოს აგარაკზე ამოვედი ბოლნისში. იმედი მქონდა, რომ შაბათს დილით ცოტას გამოვიძინებდი, მაგრამ ვინ მაცალა, დილის რვის ნახევარზე მობილურმა წამომაგდო ლოგინიდან. მორიგე მირეკავდა: „სასწრაფოდ მოდი, შეტყობინება შემოვიდა, ნავთლუხის სადგურთან ლიანდაგზე გვამი უნახავთო”. მიჩვეული ვარ ასეთ რეჟიმს, შაბათი მე არ ვიცი და კვირა. სასწრაფოდ ტანზე გადავივლე, წვერი გავიპარსე, საღამოს დარჩენილი ლორის ნაჭრით სენდვიჩი გავიკეთე, დავჯექი საჭესთან და ლუკმვა-ლუკმვით თბილისისკენ დავეშვი. ათ საათზე უკვე ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში, ჩემს მაგიდასთან ვიჯექი და შემოსულ შეტყობინებას ვეცნობოდი. მეისრეს უნახავს ლიანდაგის გვერდით მოსროლილი დასახიჩრებული გვამი და 112-ში დაურეკავს. სასწრაფოდ დავურეკე მოწმეს მითითებულ მობილურზე, შემთხვევის ადგილზე დავიბარე და მეც იქ გავემართე.

***

გამომძიებელმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერა. გვამი ნავთლუხის სადგურიდან, დაახლოებით, 50 მეტრში, ლიანდაგიდან მარჯვნივ, 4-5 მეტრში პირაღმა იწვა. გვამი ახალგაზრდა გოგონას ეკუთვნოდა, ასაკი 14-15 წლის, ქერა, თავზე თეთრი პომპონიანი ნაქსოვი ქუდი ეხურა, შავ სპორტულ კომბინეზონზე მოკლე, წელში გამოყვანილი, ნაცრისფერი პალტო ეცვა. კარგად დააკვირდა. პალტოზე გაურკვეველი წარმოშობის ლაქები აღენიშნებოდა. სისხლს არ ჰგავდა, უფრო ცხიმის ლაქები უნდა ყოფილიყო. გვამი საშინლად იყო დასახიჩრებული.

აღმოსავლეთის მიმართულებით მატარებლები ხშირად არ მოძრაობს, მით უმეტეს, ღამით. მეისრეს ჰკითხა და დაადნგინა, რომ ღამით თბილისის ცენტრალური სადგურიდან გამოსულა თბილისი-ბაქოს მატარებელი.

მოწმე მეისრე ადგილზე გამოჰკითხა. მოწმემ იგივე გაიმეორა, რაც შეტყობინებაში ეწერა. მხოლოდ დაამატა, რომ თვითონ დაინახა, გოგონას მატარებელი როგორ დაეჯახა და მარჯვნივ მოისროლა. გამომძიებელმა ეს უკანასკნელი ჩვენება მოწმის ფანტაზიის ნაყოფად ჩათვალა და დაინტერესდა, სად იდგა მოწმე შეჯახების დროს. მოწმემ ადგილი რომ აჩვენა, გამომძიებელი იმ ადგილზე მივიდა და დარწმუნდა, რომ მოწმე შეჯახების მომენტს ვერ დაინახავდა. როცა აუხსნა, რომ ცრუ ჩვენება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება, მოწმემ აღიარა, რომ შეჯახების მომენტი არ დაუნახავს და დილით მორიგეობიდან ბრუნდებოდა, გვამს რომ გადააწყდა.

ლიანდაგს გაუყვა ნავთლუხის სადგურის მიმირთულებით. გვამიდან მოშორებით გვერდზე დაგდებული სპორტული ჩანთა იპოვა. ჩანთაში ნახევრად დაცლილი თხევადი იოგურტის ბოთლი იდო. გვერდზე განყოფილებაში კი მობილური ტელეფონი და ანამარია გერსამიას სახელზე გამოწერილი ყინულის დარბაზის საშვი აღმოაჩინა. გზა განაგრძო. ლიანდაგებზე გადასასვლელი ხიდის ქვეშ, „შპალებზე“ ცხიმის წვეთები იყო. თითი ამოაწო და დასუნა. მზესუმზირის სუნი ეცა. გაახსენდა ცხიმის ლაქები გოგონას პალტოზე. ხიდზე ავიდა. ვიღაცას სამლიტრიანი მზესუმზირის ზეთიანი ქილა გასტეხოდა და იქიდან წვეთავდა ზეთი ლიანდაგზე. ალბათ, ვიღაცამ ნავთლუხის ბაზარში იყიდა შინაური ზეთი და გზაში გაუტყდა.

გოგონას მობილური გახსნა, პირველი მამის მობილურის ნომერი „ამოვარდა“. დაურეკა, მამა ქუთაისში აღმოჩნდა მივლინებით. განყოფილებაში დაიბარა. მამის მისვლამდე ანამარია გერსამიას საცხოვრებელი ბინის მისამართი, სკოლა და სპორტდარბაზის ადგილმდებარეობა დაადგინა. მამა ოთხ საათში მივიდა. პოლიციის განყოფილებაში გაიგო შვილის დაღუპვის ამბავი. მორგში წაიყვანეს ამოცნობაზე, ისტერიკაში ჩავარდა, შეურაცხადი გახდა. იმ დღეს დაკითხვას აზრი არ ჰქონდა, მეორე დღისთვის გადადო.

მორგიდან განყოფილებაში რომ მივიდა, შეტყობინება დაახვედრეს. გარდაცვლილი გოგონას მეზობელი იტყობინებოდა: „ვიღაც სპორტულებში ჩაცმული კაცი გოგონას ბინაში ქუჩის მხრიდან სამზარეულოს შეღებული ფანჯრიდან გადაძვრა“. ჯგუფი უკვე გასული იყო აღნიშნულ მისამართზე, მაგრამ მამაკაცს ვერ მიუსწრეს. თვითონაც მივიდა, ბინა დაათვალიერა. გაქურდულს არ ჰგავდა, მტვრის ფენის მიხედვით, არაფერი იყო გადაადგილებული. ბინიდან გამოსვლისას საკიდზე მამაკაცის კეპიანი ქუდი მოხვდა თვალში. სავარაუდოდ, ანამარიას მამის. ჩამოხსნა, შეათვალიერა. ქუდზე ისეთივე ცხიმის ლაქები შენიშნა, როგორიც გოგონას პალტოზე იყო.

იქიდან პირდაპირ ყინულის დარბაზში მივიდა. ანამარიას მწვრთნელი და მეგობრები გამოკითხა. გოგონა ყველამ დადებითად დაახასიათა, „ლამაზი, კეთილი პეპელა“, მტერი ვინ უნდა ჰყოლოდა?! მეწყვილე ვერ ნახა, დილით ყოფილა, მაგრამ საღამოს ვარჯიში გააცდინა. დანარჩენებმა უთხრეს, რომ წინა საღამოს ოთარი ყვებოდა, როგორ გაარტყა ანამარიას მამამ სილა და მანქანაში შეტენა.

გასახდელში გოგონას კარადა დაათვალიერა. კარადის საკეტი გატეხილი დახვდა, კარადა – ცარიელი.

უკვე გვიანი იყო, პოლიციის განყოფილებაში რომ მივიდა. თავის მაგიდასთან დაჯდა, ფურცელი და კალამი აიღო და მომხდარის ანალიზს შეუდგა. აქ წყნარად შეეძლო ფიქრი, ხელს არავინ უშლიდა. ამ მაგიდასთან მჯდომს რამდენი ბურუსით მოცული საქმე აქვს გახსნილი.

ჯერ ჩამოწერა ხელთ რა ფაქტები ჰქონდა:

1. დასახიჩრებული გვამი;

2. გოგონას ჩანთა იოგურტით, მობილურით და სპორტული დარბაზის საშვით;

3. ცხიმის წვეთები გოგონას პალტოზე;

4. ხიდზე გატეხილი მზესუმზირის ზეთის ქილა;

5. გოგონას ბინის ფანჯარაში გადამძვრალი კაცი;

7. ცხიმის წვეთები გოგონას მამის ქუდზე.

რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ ფაქტებიდან? მხოლოდ ერთი: გოგონას პალტოზე ცხიმის წვეთები მიგვანიშნებს, რომ გოგონას მატარებელი ხიდის ქვეშ დაეჯახა. ხოლო, მკერდის მხარეს ცხიმის წვეთები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდებოდა, თუ გოგონა ლიანდაგზე იწვა. ეს კი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ გოგონა ლიანდაგზე ან თვითმკვლელობის მიზნით დაწვა, ან იქ უკვე გარდაცვლილი მიიტანეს. და კიდევ, ცხიმის ლაქები მამის ქუდზე მიანიშნებს, რომ მამა ხიდის ქვეშ იმყოფებოდა.

კომპიუტერით მერაბ გერსამიას პირადი საქმე გამოიძახა. ორი წლის წინ ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე თავისი კლიენტი უმოწყალოდ უცემია, ახრჩობდა, ძლივს გააგდებინეს ხელიდან. ამის გამო ერთი კვირით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წოლილა.

პირველადი დასკვნა ასე ჩამოაყალიბა: კაცს აქვს იდეა ფიქსი, რომ მისი შვილი გახდება ცნობილი მოციგურავე. გადამწყვეტ შეჯიბრებაზე გოგონას მარცხი მოსდის. მამა მივლინებით ქუთაისშია წასული, მაგრამ იქიდან იპარება და ჩამოდის. გოგონას მობილურით მანქანასთან იხმობს, სილას ურტყამს და მანქანაში ტენის. მანქანაში მოსდით ჩხუბი, გოგონა აუტლიკინდა, ყველაფერს მამას აბრალებს. ფსიქიკურად გაუწონასწორებელი კაცი ვერ ზომავს და გოგონას ახრჩობს. მერე მანქანით მიჰყავს რკინიგზის სადგურიდან მოშორებით და გვამს ლიანდაგზე აწვენს. თვითონ, დარწმუნებული, რომ თბილისში არავის დაუნახავს, ალიბის შესაქმნელად ქუთაისში ჩადის.

უნდა დაელოდოს გვამის ექსპერტიზის დასკვნას, ხომ არ არის გვამზე მატარებლის დაჯახებამდე ძალადობის ნიშნები. და კიდევ, ექსპერტიზა, ხიდზე აღებული მზესუმზირის ზეთის და გოგონას მკერდზე და მამამისის ქუდზე ცხიმის წვეთების იდენტობაზე.

დასასრული შემდეგ ნომერში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი