მედიცინა

როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პატარების იმუნიტეტი და დავიცვათ ისინი სეზონური ვირუსებისგან

№11

ავტორი: „თბილისელები“ 16:20 14.03

ნიგარ ჭელიძე
დაკოპირებულია

ყველასთვის საყვარელი პედიატრი ნიგარ ჭელიძე აჭარის რეგიონში გამორჩეული ექიმია. 38-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ქალბატონს უამრავი ბავშვის ჯანსაღად აღზრდაში აქვს საკუთარი წვლილი შეტანილი. დატვირთული სამუშაო განრიგის მიუხედავად, ცოტა დრო ჩვენთვისაც გამონახა და მშობლებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე გვესაუბრა.

ნიგარ ჭელიძე: ექიმის პროფესია პატარა ბავშვმა ავირჩიე. ბიძაჩემი (დედაჩემის ძმა) ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ექიმი არჩილ ირემაძეა. ბავშვობის ცნობიერებიდან კადრებად დამრჩა, თუ რა დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდნენ მის მიმართ ირგვლივ მყოფნი, ამიტომ მეც ყოველთვის მქონდა სურვილი, მას დავმსგავსებოდი. 14 წლის ასაკში მწვავე აპენდიციტის გამო ოპერაციული ჩარევა დამჭირდა... მახსოვს, როგორ ამშვიდებდა ქირურგი აღელვებულ მამაჩემს. ამ ყველაფრის გავლენით გადავწყვიტე, ექიმი პედიატრი გავმხდარიყავი.

ინსტიტუტისა და ინტერნატურის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ მთაში, ხულოს რაიონში მომიწია წასვლა, საიდანაც ჩემი წინაპრები არიან წამოსული, გამოუცდელი გოგონასთვის სრულიად უცხო გარემოში ფეხის ადგმა და თავის დამკვიდრება საკმაოდ რთული იყო. ადგილობრივი პედიატრი ამირან მგელაძე, საოცარი მზრუნველობით მეხმარებოდა პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. 2016 წლიდან დღემდე ვარ საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ხარისხის მენეჯერი და კონსულტანტი პედიატრი.

– ზამთარში და გაზაფხულზე ვირუსები განსაკუთრებით აქტიურობს, როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები რესპირაციული დაავადებებისგან?

– საერთოდ, წლის განმავლობაში ბავშვი რესპირაციულ-ვირუსული ინფექციებით შეიძლება, 7-10 ჯერ გახდეს ავად. მთავარია, თითოეული ეს ეპიზოდი არ გართულდეს და 7-8 დღეში გამოჯანმრთელებით დასრულდეს. თუ ბავშვი იავადებს, არ მოხდება გართულება და აღნიშნულ პერიოდში გამოჯანმრთელდება, ასეთ შემთხვევაში იმუნიტეტი ძლიერდება, ორგანიზმში წარმოიქმნება ანტისხეულები და ავადობის შემდეგ ეპიზოდს უფრო იოლ ფორმაში გადაიტანს და განმეორებითი დაინფიცირების შემთხვევაში ადვილად გამოჯანმრთელდება, ვინაიდან ორგანიზმის იმუნური სისტემა უკვე იცნობს ამ ვირუსს და იცის როგორ ებრძოლოს.

– რა განსხვავებული მიდგომები გაქვთ პაციენტებთან მიმართებით?

– ჩემს ერთ–ერთ განსხვავებულ მიდგომად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ როდესაც ახალშობილის დედა მე მირჩევს პედიატრად, პირველ რიგში, ვცდილობ, მქონდეს სრული ინფორმაცია ოჯახზე, სადაც პატარა უნდა გაიზარდოს. ხშირ შემთხვევაში ვახერხებ და მივდივარ ოჯახში, რათა ვნახო, რა გარემოში იზრდება ბავშვი, სად შეიძლება მის იმუნიტეტს გაუჭირდეს და როგორ შეიძლება დავეხმარო. მაგალითად: რამდენიმე ოჯახში არ მომეწონა საწოლის მდებარეობა და შევაცვლევინე ადგილი, იყო შემთხვევები, როცა სახლს ჰქონდა კარგი აივანი და მშობლებს ვურჩიე, გამოეყენებინათ დღის განმავლობაში სუფთა ჰაერზე ძილისთვის, რადგან გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ ბავშვის სუფთა ჰაერზე ხშირად გასეირნებას. გარდა ამისა, განსაკუთრებულად ვამახვილებ ყურადღებას მეძუძური ქალის სრულფასოვან კვებაზე, ვაძლევ რეკომენდაციებს და ოჯახის წევრებს მოვუწოდებ, ყველამ ერთად იზრუნოს ახალშობილისა და დედისთვის მყუდრო, კომფორტული გარემოს შექმნისათვის. გარდა ამისა, ვცდილობ, ბავშვი დისტანციურად ვაკონტროლო, გავუწიო კონსულტაცია სატელეფონო ზარებით ან სხვა ინტერნეტ-კომუნიკაციებით ავადობის პერიოდის დასრულებამდე. და რაც მთავარია, მუდმივად ვცდილობ, სიახლეების მოძიებას მედიცინაში. დღეს უახლეს ინფორმაციებთან წვდომა გაიოლებულია ინტერნეტ-სივრცის, გაიდლაინების, პროტოკოლების, გზამკვლევების წყალობით და ვმუშაობ ამ სიახლეების დანერგვაზე.

– როდის უნდა აიცრას ბავშვი გრიპის ვირუსებზე?

– ვაქცინაცია ჩვენთვის, ყველაზე დიდი დახმარებაა. ბავშვთა ასაკში მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური აცრების დროული ჩატარება ეროვნული კალენდრის მიხედვით და სეზონურად გრიპის საწინააღმდეგო აცრები. სასურველია ბავშვი აიცრას გრიპის ვაქცინით შემოდგომაზე – სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე, რათა მოხდეს ორგანიზმში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება და როცა ეპიდემია დაიწყება, ბავშვის იმუნური სისტემა მომზადებული შეხვდება ვირუსებს.

– როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს?

– სასურველია განვმარტოთ, რა ითვლება მაღალ ტემპერატურად. მაღალია ტემპერატურა, როდესაც ბავშვს იღლიის არეში, ანუ აქსილარულად, გაზომვის დროს 37.5 გრადუსზე მეტი და რექტალურად 38 გრადუსზე მეტი უფიქსირდება. თუმცა, 0-5 წლამდე ბავშებში ორალური და რექტალური გაზომვის მეთოდი არ გამოიყენება. ცხელებას შეიძლება ახლდეს, კუნთების, თავის, სახსრებისა და ძვლების ტკივილი, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სიცხის დამწევი პრეპარატი, რომელსაც ასევე, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს. მაღალი სიცხის დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს სითხის მიღებაზე და ბავშვი თუ ბუნებრივ კვებაზეა, ხშირად უნდა იკვებებოდეს ძუძუთი. შეიცვალა მიდგომები და ახლა არ არის რეკომენდებული სხეულის დაზელვა გრილი სითხით ან ალკოჰოლით, არც ცხელებიანი ბავშვის სრულად გაშიშვლებაა მიზანშეწონილი. თუმცა, დაუშვებელია შეფუთულ მდგომარეობაში ყოფნაც. ბავშვებში არ შეიძლება ასპირინის ან ანალგინის გამოყენება.

– როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი?

– კარგი იმუნიტეტის საწინდარია სწორი, ბალანსირებული კვება, ძილის ნორმალური რეჟიმი, სტრესის მართვა, ნორმალური ფიზიკური აქტივობა. მისი გაძლიერება, პირველ რიგში, დამოკიდებულია სულიერ სიმშვიდეზე, ბავშვის კვებისა და ძილის რეჟიმის მოწესრიგებაზე, გარკვეულწილად, ბავშვის აქტიურობაზე. ძალიან კარგია ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე გასეირნება. ბავშვი უნდა გაიზარდოს წამლის გარეშე, ბუნებრივი კვებით, დროული იმუნიზაციით და ფიზიკური აქტივობით. ხაზი მინდა გავუსვა სრულფასოვან კვებას, ანუ ყველა იმ აუცილებელი ინგრედიენტის მიღებას, რათა ბავშვი მაქსიმალურად განვითარდეს გონებრივად და ფიზიკურად. თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება, აუცილებელია, რომ დედა იკვებებოდეს სრულფასოვნად, ბავშვის რაციონში, ასაკობრივად, დროულად უნდა დაემატოს ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ხორცი, ბურღულეული, თევზი, კვერცხი. თუ ბავშვი ზამთრის პერიოდში ხშირად ავადობს, სასურველია, გაზაფხულზე პოლივიტამინების მიცემა. განსხვავებით ბევრი სხვა სამხრეთის ქვეყნიდან ჩვენთან, საბედნიეროდ, ადრე შემოდის ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, უხვად გვაქვს რძის პროდუქტებიც და ვიტამინების დეფიციტიც იშვიათია.

– და ბოლოს, ამბობენ ლამის მთელი აჭარა ნიგარ ჭელიძის გამოზრდილიაო, რას ნიშნავს თქვენთვის ეს?

– 38 წელი ცოტა დრო არ არის ადამიანის ცხოვრებაში, 26 წლის ასაკში, ახალგაზრდა, გამოუცდელმა გოგონამ მთაში დავიწყე მუშაობა და როდესაც პაციენტთან პირველად დავრჩი მარტო, შიშის გრძნობა დამეუფლა. კვირაში ორი დღე გავდიოდი სოფლებში და ვეცნობოდი მოსახლეობას, ბავშვების მდგომარეობას, მათ სოციალურ გარემოს და ახლა, წლების შემდეგ ვხვდები, რომ ამან შეუწყო ხელი ჩემს პოპულარიზაციას. მეამაყება, რომ ვიყავი და დღესაც ვარ ხულოს რაიონის საყვარელი ექიმი, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა იმისთვის, რომ მუდამ მოწოდების სიმაღლეზე ვიყო და ჩემს საყვარელ პატარებს გავუწიო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი