მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ მაგნიუმის დეფიციტზე

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.03

მაგნიუმის დეფიციტი
დაკოპირებულია

სხეული მაგნიუმს იყენებს ძვლებისა და კბილების გასაძლიერებლად და ახალი ცილების შესაქმნელად. მაგნიუმი ისეთი ძლიერი მინერალია, რომ დეფიციტმა შეიძლება, გამოიწვიოს კრუნჩხვები, კუნთების სპაზმი და არითმია.

მაგნიუმს შეიცავს ბანანი, გარგარის ჩირი, ავოკადო, ნუში და კეშიუ, ბარდა და ლობიო, ყავისფერი ბრინჯი, სოია, რძე, ზოგიერთი სახის მინერალური წყალი.

დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს დიეტა და ქრონიკული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი – რადგან ამ დაავადებას ხშირად თან ახლავს ხშირი შარდვა და, შესაბამისად, მაგნიუმის გამოყოფა. მაგნიუმი შეიძლება დაიკარგოს ინტენსიური ვარჯიშის, სტრესისა და გარკვეული მედიკამენტების საშუალებით.

რისკის ქვეშ არიან, ასევე, ხანდაზმული ადამიანები, ქრონიკული ალკოჰოლიკები.

მაგნიუმის ნაკლებობა ხშირად იწვევს შემდეგ სიმპტომებს: ფეხის კრუნჩხვებს, თვალის თამაშს, ტუჩის კანკალს, ხელების კანკალს. როდესაც ამ მინერალის დეფიციტია, კალციუმის ნაკადი შედის ნერვულ უჯრედებში, რაც ზედმეტად ასტიმულირებს კუნთების ნერვებს. „არაფრის ძალა არ მაქვს“ – თუ ყოველ დღეს ამ ფრაზით იწყებთ, დროა ექიმთან წახვიდეთ. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს აპათიას და ხშირად კუნთების სისუსტეს. ეს სიმპტომები დაკავშირებულია ნერვული იმპულსების გადაცემის დარღვევასთან. მინერალის დეფიციტი პოტენციურად დაკავშირებულია დეპრესიის რისკთან.

ყველაზე სერიოზულ სიმპტომებს შორის არის არითმია. ამ მდგომარეობაში ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ძლიერი გულისცემა, ქოშინი, თავბრუ და ხშირად გულმკერდის ტკივილიც.

მაგნიუმის დეფიციტის დროს მცირდება კალციუმის დონეც, რისგანაც ორგანიზმი ძვლებს აშენებს. შედეგად, ძვლის მასა მცირდება და იზრდება მოტეხილობების რისკი.

მიირთვით მრავალფეროვანი, ახალი ნატურალური საკვები: ხილი, ნიგოზი, პარკოსნები, მარცვლეული. ეს არა მხოლოდ ამცირებს მაგნიუმის დეფიციტის რისკს, არამედ აუმჯობესებს ჯანმრთელობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი