მედიცინა

ექიმის რჩევები

№17

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.05

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემს 7 წლის ბიჭს, დაახლოებით, ორი თვეა, შევამჩნიე, რომ მარცხენა ფეხის ტერფი შეშუპებული აქვს. თავიდან შეშუპებულ ადგილს იტკივებდა, ახლა - ტერფისა და თითების სახსრის შეერთებასთან. რენტგენულად რამე ტრავმა არ ფიქსირდება, რევმატული სინჯიც – C რეაქტიულიც ნორმაშია. ექიმმა კი – გულმა და თირკმელმა ასე არ იცისო და იქნებ მირჩიოთ, შემდეგი რა კვლევა ჩავუტარო და რომელი პროფილის ექიმთან მივიდეთ?

პასუხი: შესაძლოა, ეს პრობლემა გამოწვეული იყოს არაკომფორტული ფეხსაცმლით ან ტერფის ორთოპედიული პრობლემით/ბრტყელტერფიანობით, ბავშვი მიიყვანეთ ორთოპედთან – ტერფის სპეციალისტთან.

კითხვა: მარცხენა იღლიის ქვეშ პერიოდულად მაქვს ტკივილი, რომელიც მარცხენა ძუძუმდე ვრცელდება. ჩავიტარე ლიმფური კვანძებისა და მუცლის ღრუს ექოსკოპია. აღმოჩნდა, რომ მარცხენა იღლიის ქვეშ და კისრის მიდამოში ლიმფური კვანძები მაქვს გადიდებული. სხვა კვლევებში ყველაფერი ნორმაა. მინდა, გავარკვიო რა იწვევს ამ ტკივილს და ლიმფური კვანძების გადიდებას.

პასუხი: თუ მამოლოგმა გამორიცხა სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები, მაშინ ინფექციონისტთან ვიზიტს გირჩევთ. ექიმთან ვიზიტამდე კი, არ გამოიყენოთ იღლიის დეზოდორანტები. ლიმფური კვანძების გადიდება არის რეაქცია ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესზე.

კითხვა: ყელში მუდმივად მაქვს ბურთის გაჭედვის შეგრძნება. რისი ბრალი შეიძლება, იყოს ან რა კვლევები უნდა ჩავიტარო?

პასუხი: ეს ჩივილი სხვადასხვა პათოლოგიამ შეიძლება, გამოიწვიოს: საყლაპავის სპაზმმა, კუჭის მჟავა წვენის რეფლუქსმა, ნერვული სისტემის ზოგიერთმა დაავადებამ (მიასთენია, პარკინსონიზმი), საყლაპავის ნაწიბურმა (ქიმიური დამწვრობის შემდგომ) ან ჰქონდეს ნევროზული ხასიათი, ეგრეთ წოდებული „ისტერიული ბურთი“. დიაგნოზის დაზუსტებისთვის სხვა თანმხლებ ჩივილებზე მეტი ინფორმაციის მიღებაა აუცილებელი, ამიტომ პირველადი შეფასებისთვის ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ, რიგი დეტალების დაზუსტების შემდეგ ექიმი გეტყვით, რა დახმარებას საჭიროებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი