კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა მსხვილი ჯაშუშობის საქმე თბილისში

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 08.02

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„ტელეგრეიკა“

1972 წლის იანვარი თბილისში უხვთოვლობით იყო გამორჩეული. თოვლის საფარმა 120 სანტიმეტრს გადააჭარბა, ტემპერატურა მინუს 12 გრადუსამდე დაეცა და ისეთი ყინვები დაიჭირა, რომ ქუჩებში კანტიკუნტად დადიოდნენ ადამიანები. 16 იანვარს ღამის თორმეტ საათზე დიღმის მასივის მილიციის განყოფილებაში 36 წლის ჯემალ ხელაძე მივიდა. ის უკიდურესად აღშფოთებული იყო და ემოციებს ვერ მალავდა. მორიგე მილიციელს განუცხადა, რომ სულ რაღაც ნახევარი საათის წინ დიდუბის ხიდთან ის ორმა უცნობმა გაძარცვა. ხელაძის თქმით, მას მძარცველებმა ძვირფასი ბეწვის ქურქი და 70 მანეთი წაართვეს. სანაცვლოდ კი, ეგრეთ წოდებული, „ტელეგრეიკა“ ჩააცვეს, რომ ყინვაში არ გაყინულიყო. „ტელეგრეიკა“ თბილი, ბამბაგამოკერებული სამოსი იყო და მართალია, ძვირი არ ღირდა, მაგრამ ძალიან თბილი იყო და მას ციმბირში იცვამდნენ. მილიციის მორიგე ხუმრობის ხასიათზე იყო და მძარცელები შეაქო: თქვენზე უზრუნიათ, რომ არ გაციებულიყავითო. თუმცა, ხელაძეს არ ეხუმრებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მორიგეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ უნდოდა, ხელაძე დაჟინებით მოითხოვდა ამას და საქმეც აღიძრა. გამომძიებელმა, რომელიც გააღვიძეს, „ტელეგრეიკა“ ფორმალურად დაათვალიერა, ყოველი შემთხვევისთვის ხელებითაც მოსინჯა და პაუზის შემდეგ, ნაკერი დაარღვია და ბამბის სქელ ფენაში შეხვეული მიკროსქემები აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ამირან ზარქუას მიკროსქემების არაფერი გაეგებოდა, მან შესაბამისი ოქმი შეადგინა. აღმოჩენილი მიკროსქემები და „ტელეგრეიკა“ შესაბამისი ზომის ცელოფნების პაკეტებში შეინახა და დალუქა. დილით კი, როდესაც დანაშაულის ნივთმტკიცებები მაიორ პეტრე დარსაძეს წარუდგინეს, გამოცდილმა მილიციელმა „კაგებეში“ დარეკა და თანამშრომლის გამოგზავნა მოითხოვა.

მძარცველთა ჩვენებები

„კაგებემ“ ჩვეული პროფესიონალიზმით მოჰკიდა ხელი ამ საქმეს. მიკროსქემები საბჭოთა ბალისტიკური რაკეტის მნიშვნელოვანი დეტალები აღმოჩნდა. ამ დეტალებს კი დიდუბეში მდებარე რადიოქარხანაში ამზადებდნენ. აშკარა იყო, რომ რადიოქარხანაში უცხო ქვეყნის აგენტი მუშაობდა, რომელსაც ეს მიკროსქემები გარეთ გამოჰქონდა და დიდი ალბათობით, უცხოეთის დაზვერვის რეზიდენტს გადასცემდა. უშიშროებამ მუშაობა ორი მიმართულებით დაიწყო. რადიოქარხანაში თანამშრომელთა ფარული შემოწმება ხორციელდებოდა. პარალელურად კი ღამის მძარცველებს ეძებდნენ. ხელაძის ჩვენებით, ორ მძარცველთაგან ერთ-ერთი ბგერა „რ-ს“ ვერ გამოთქვამდა და „ლ-ს“ ამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალი იყო, ამ კვალიფიკაციის ბოროტმოქმედთა შორის მსგავსი დეფექტის მქონე მძარცველი არ აღმოჩნდა. გადაამოწმეს სხვა კრიმინალებიც, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო. თუმცა, 48 საათის შემდეგ კონტრდაზვერვამ ღამის 2 საათზე დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ორი ახალგაზრდა, მურმან ხვადაგიანი და ომარ კიკლიაშვილი, დააკავეს. ისინი მოქალაქისთვის ძვირფასი „დუბლიონკის“ წართმევას ცდილობდნენ. ეს მოქალაქე კი კონტრდაზვერვის ოპერატიული თანამშრომელი იყო და შემუშავებული სქემით მოქმედებდა. მან მანამდე დაადო ხელბორკილები მძარცღველებს, სანამ მის დასახმარებლად იქვე ჩასაფრებული ოპერჯგუფი მივიდოდა. სწორედ კიკლიაშვილს აღმოაჩნდა ვერბალური დეფექტი. „კაგებეში“ დაკითხაზე მძარცველებმა აღიარეს, რომ „ტელაგრეიკა“, რომელიც გაძარცვულ ხელაძეს ჩააცვეს, დიდუბის რადიოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში წაართვეს მოქალაქეს, რომელსაც თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს იმის გამო, რომ ის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. ჩვენების შედეგად უცხოეთზე მომუშავე ჯაშუშის ძებნა მნიშვნელოვნად გაადვილდა.

რიგითი მუშა

კონტრდაზვერვამ ჯაშუშის ძებნა რადიოქარხნის მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებში დაიწყო და შედეგმაც არ დააყოვნა. ერთ-ერთი სახლის ოროთახიან ბინას ამ ქარხნის რიგითი მუშა, ჯონდო ივანიძე ქირაობდა. შემოწმებით დადგინდა, რომ ივანიძეს არანაირი შეხება არ ჰქონდა მიკროსქემების საიდუმლო ცეხთან. ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ მის უკან უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა ეძებნათ და ასეც იყო. ივანიძე მისსავე ბინაში დააკავეს, სადაც კონტრდაზვერვის ოპერატიული ჯგუფი იყო ჩასაფრებული. მან მაშინვე აღიარა, რომ ის საიდუმლო ცეხის ერთ-ერთი ინჟინრის, კარლო პაპასკირის დავალებით მოქმედებდა. სწორედ პაპასკირი აწვდიდა ივანიძეს საიდუმლო მიკროსქემებს და ამ უკანასკნელს ის ქარხნიდან უპრობლემოდ გამოჰქონდა. შემდგომ კი კვლავ პაპასკირს უბრუნებდა. ამ საქმეში თვეში 300 მანეთს იღებდა და მეტი ინფორმაცია ივანიძეს არ გააჩნდა. როდესაც პაპასკირს მიაკითხეს, ის გაქცეული აღმოჩნდა და მასზე ძებნა გამოაცხადა. კარლო პაპასკირი კონტრმზვერავებმა 2 დღის შემდეგ ქუთაისში, ერთ-ერთი ნათესავის ბინაში აღმოაჩინეს და თბილისში ჩამოიყვანეს. როგორც გაირკვა, პაპასკირი 2 წლით ადრე ბულგარეთში ყოფნისას ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა და ჯაშუშობაში მას ყოველთვიურად 4 ათას ფუნტს უხდიდნენ. პაპასკირი 15 წლით გაამწესეს ციხეში, ივანიძეს კი 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც აღმოჩნდა მათმა საქმიანობამ სახელმწიფო ათეული მილიონი მანეთით აზარალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი