საზოგადოება

როგორ იბრძოდა ლიკა სიმონიშვილი ერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ მეორის სიცოცხლისთვის

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:46 23.11, 2020 წელი

შატილის ტრაგედია
დაკოპირებულია

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარმა ტრაგედიამ 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გადარჩენილ სამ ადამიანს შორის ერთ-ერთი ხატია დევსურაშვილია, რომელმაც იმ დღეს და – მედეა და მეგობარი – მაკა კუდარავა დაკარგა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გოგონას გადარჩენისთვის ლოცვამ მთელი საქართველო გააერთიანა. 
ლიკა სიმონიშვილი (დედა): შატილის ტურზე სამი ადგილი იყო დარჩენილი, ამის შესახებ გოგონებმა სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყვეს. ხატიამ დაქალს – მაკა კუდარავას დაურეკა და სამივე შეთანხმდნენ, რომ წასულიყვნენ. ამ თემაზე რომ ლაპარაკობდნენ, დიდად არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვიფიქრე, მშობელი ყოველთვის ნერვიულობს, შვილს რომ სადღაც უშვებს და ალბათ, ამიტომ განვიცდი-მეთქი. მეორე დილით, ჩანთაში რომ ლობიანები ჩავუწყვე, სიტყვით ვერ აგიწერთ, ისე ცუდად გავხდი. გეგონებოდა, გულზე ქვა დამადესო. ასეთი უცნაური შეგრძნება მანამდე არ მქონია. მაშინ ვერ მივხვდი, რომ თურმე, ჩემი გული მედეას ემშვიდობებოდა. ძალიან ცუდად გავხდი, მაგრამ ხმაც ვერ ამოვიღე, ბავშვები უკვე გზას ადგანან და არ დავთარსო-მეთქი. ვფიქრობდი, მედეა ბოლო რამდენიმე თვეა, სახლიდან არ გასულა, ბებიას უვლიდა და მისთვის კარგი იქნება ეს ექსკურსია-მეთქი. ძალიან ცუდი წინათგრძნობა მქონდა, მაგრამ თავს ვაჯერებდი, მშობელი ყოველთვის ასეა-მეთქი.
მთელი დღე მიწერ-მოწერა მქონდა მედეასთან. ბოლოს ხუთს აკლდა თხუთმეტი წუთი, რომ მომწერა, დედა, დათვიჯვრის უღელტეხილი გადმოვიარეთ და მოვდივართო. ჩემი ჭკუით, დავმშვიდდი, მაგრამ, ერთ საათში რომ რეკვა დავიწყე, მედეასთან გადიოდა და არ მპასუხობდა, ამათი ტელეფონები კი გათიშული იყო, აღარ ვიცოდი, რა მექნა. მაკას ოჯახშიც დავრეკე, პოლიციაც გამოვიძახე. მათ შეიძლება, იცოდნენ კიდეც, რაც მოხდა და არ მითხრეს. საღამოს რვა საათისთვის ჩემი მული მოვიდა და მითხრა, რაღაც ექსკურსიის „მარშუტკა“ გადავარდნილა გზიდანო. საინფორმაციო გამოშვება ჩავრთე და მესმის, შატილის ტურის „მარშუტკაა“ გადავარდნილი 80 მეტრის სიმაღლიდანო... მაშინვე შატილში გავიქეცით და გზაში მოგვაწოდეს ინფორმაცია, მგზავრები უკვე ამოყვანილი ჰყავთ და პროზექტურებსა და საავადმყოფოებში არიგებენო. პირველად საუნივერსიტეტო კლინიკაში მივედით, იქ სამი გადარჩენილი ჰყავდათ მიყვანილი და ერთ-ერთი, თურმე, ხატია იყო, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, 35 წლის ქალი ეგონათ, ჩვენ კი ახალგაზრდა გოგოს ვეძებდით. შემდეგ სამხარაულის პროზექტურასთან ველოდით და იქ მითხრეს, დევსურაშვილებს და კუდარავას მალე მოასვენებენო. რას ჰქვია მოასვენებენ, გარდაცვლილები არიან-მეთქი და კიო. ჩემი ხმა ცას წვდებოდა. საშინელი ამბავი ტრიალებდა იქ. მერე თქვენც იცით, რაც მოხდა. მედეა და მაკა დაიღუპნენ, ხატია სიკვდილს გამოვგლიჯეთ ხელიდან
ხატია დევსურაშვილი: ღვთის წყალობით, უკეთ ვარ, უკვე ყველაფერი ნორმაში მაქვს. ერთადერთი, ფეხი მტკივა და ცოტას ვკოჭლობ, თუმცა ესეც დროის ამბავია და მალე მოგვარდება. დღე, როცა ეს ყველაფერი მოხდა, საერთოდ არ მახსოვს. გონს საავადმყოფოში მოვედი. თავიდან რომ მეკითხებოდნენ, რამდენი წლის ხარო, ვპასუხობდი ოცის-მეთქი, როცა 24 ის გავხდი. ეგონათ, რომ გონებრივი პრობლემები მქონდა, რეალურად მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო. მიკვირდა, რატომ ვიყავი იმ მდგომარეობაში, დალურჯებული, გასიებული. ვფიქრობდი, რომ რამე დავაშავე და ვინმემ მცემა და დედას ვეკითხებოდი, ეს ვინ გამიკეთა-მეთქი?!
ლიკა: ხატიას ბევრი რამ არ ახსოვს. გონს უფრო ადრე მოვიდა, მაგრამ წამლების ზემოქმედების ქვეშ ჰყავდათ, ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მისი ტვინისთვის დატვირთვა არ შეიძლებოდა და ამიტომ აძინებდნენ. ქალა-ფუძის მოტეხილობით იწყებოდა მისი დიაგნოზი და ძალიან გრძელი ჩამონათვალით გრძელდებოდა. უამრავი დაზიანება ჰქონდა. მე და ჩემი და მის ამოსაცნობად რომ აგვიყვანეს, ისეთ მდგომარეობაში იყო, ვერ ვიცანით. ძალიან რომ დავაკვირდი, მხოლოდ ხალებით ამოვიცანი ჩემი შვილი. სახე – სხვადასხვაფერი, დასიებული, ნაოპერაციები ცხვირი – გატეხილი, შუბლი – გადაგლეჯილი, თავში – შუშები, სისხლიანი თმები. იმ მომენტში უკვე გაწმენდილი და გასუფთავებული ჰყავდათ, მაგრამ კიდევ ამ მდგომარეობაში იყო. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი რომ დავინახე, მუხლები მომეკეცა, ეს ხატია როგორაა, დიდი ქალია-მეთქი, მაგრამ სხვა რამეზე ფიქრი უარესი იყო. ეს თუ ხატია არ იყო, ესე იგი, ხატია გარდაცვლილებში უნდა მეძებნა. ამ დროს მედეას ამბავი უკვე ვიცოდით. 
მადლობა ღმერთს, ხატია აღმოჩნდა, საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ ცოცხლებს შორის იყო. შიშისგან მისმა გონებამ ის დღე მთლიანად დაბლოკა. იქ მყოფი ოცი ადამიანიდან მხოლოდ მედეას ტელეფონი გადარჩა და იმ დღის ფოტოები და ვიდეოები ვნახეთ. მათში მედეასთან ერთად, ხატია და მათი მეგობარი – მაკა კუდარავაც ჩანს. ხატია ამ კადრებს უყურებს და საერთოდ ვერ იხსენებს, თუ შატილში იყო. ცოტა ხნის წინ, ქალბატონი დამიკავშირდა, იმ კაცის მეუღლე, რომელმაც პირველმა ამოიყვანა ესენი იმ ხრამიდან. იქ მაცხოვრებლები არიან. მითხრა, ჩემი ქმარი ამ უბედურების ნახვის შემდეგ, ერთი კვირა ვერც ჭამდა და ვერც იძინებდაო. 
ხატია რომ გონს მოვიდა, მასთან ჭრელი კაბით ავდიოდი. არაფრით არ შეიძლებოდა მისთვის იმის თქმა, რომ მედეა ცოცხალი აღარ იყო. ერთ მომენტში, ექიმმა მითხრა, ხატია გონს მოვიდა, მედეას კითხულობს და ტირისო. ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი გაახსენდა, მაგრამ მის სანახავად რომ აგვიყვანეს, უკვე აღარაფერი ახსოვდა. მეკითხებოდა, დედა, მედეა სადაა, რატომ არ მოდისო? პირველად რომ ვუპასუხე, ფეხი აქვს მოტეხილი-მეთქი, გაოცებულმა მკითხა, სად მოიტეხა ფეხიო? მაშინ მივხვდი, რომ არაფერი ახსოვდა. მერე კითხვების დასმა რომ გააგრძელა, ნელ-ნელა ვაწვდიდით ინფორმაციას. ვუთხარი, რომ ავარიაში მოყვნენ, მედეა ცუდადაა, გათიშულია და სხვა კლინიკაში წევს-მეთქი. ასე გრძელდებოდა ორი თვე. მერე, როცა სიმართლე გაიგო, გვითხრა, ვეჭვობდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერებაო. 
– ორად იყავით გახლეჩილი, როგორ გაუმკლავდით ამ ყველაფერს?
– სხვა გზა არ იყო. თავიდან გვითხრეს, რომ ორივე გარდაცვლილი იყო. ორ შვილს ვგლოვობდი, შემდეგ მეუღლემ დამირეკა და მითხრა, ლიკა არ იტირო ხატიაზე, ხატია ცოცხალი გვყავს, წარბებით ვიცანიო, მისი სურათი უნახავს. მერე უკვე სიხარულით ვღრიალებდით, ვერ აგიწერთ, რა ხდებოდა ჩვენ თავს. ვიცი, რომ ერთი შვილი ცოცხალი აღარ მყავს, მეორე მკვდრეთით აღდგა და სიხარული, ტკივილი, ტირილი, სიცილი, ყველაფერი ერთად იყო. მოსისხლე მტერს არ ვუსურვებ, ეს გამოსცადოს. არ ვიცი, როგორ ვარ ნორმალური. ალბათ, ღმერთმა ასე იმიტომ მოაწყო, რომ ხატიას მდგომარეობაზე გადავრთულიყავი. ძალიან ცუდად იყო, ფიზიკურადაც და გონებრივადაც. გადარჩენილი ბავშვი ძლივს გამოვტაცეთ სიკვდილს ხელიდან. ხან საჭმელზე ამბობდა უარს, ხან მედიკამენტზე, სულ ტიროდა, ამდენი ნერვიულობით თმები სცვიოდა. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ შეიძლებოდა, ჩემს გადარჩენილ შვილს რამე დამართნოდა. წინ გარდაცვლილი შვილი მესვენა და ტელეფონს ხელის კანკალით ვიღებდი, რომ მეორე შვილის მოსაკითხად ექიმთან დამერეკა. ახლახან მული მეუბნებოდა, მეზობელმა მითხრა, მედეა ისეთი ლამაზი იყო, გარეთ რომ გამოვიდოდა, ბიჭები ვჩერდებოდით და ვუყურებდითო. მართლა ძალიან ლამაზი და საოცრად სამართლიანი შვილი მყავდა. წელს მაგისტრატურაზე ჩააბარა და სტუდენტობისთვის ემზადებოდა. 
ყოველ წუთს მადლობას ვწირავ ღმერთს, თუნდაც იმისთვის, რომ ჩემი მედეა 25 წლის წაიყვანა თავისთან, ოღონდ ნათელში იყოს ჩემი შვილი და კარგად იყოს იქ. ყოველთვის მადლობას შევწირავ იმისთვის, რომ ჩემი შვილი ანგელოზად გაიხმო თავისთან და ჩემი ხატია კიდევ მეორედ დაბადა. ეს ხილული სასწაულია, რომელსაც ჩემი თვალით ვუყურე. ქალა-ფუძის მოტეხილობა, დაჟეჟილი ღვიძლი, თირკმელი, გული, იმხელა ჩამონათვალია, რომ ნახო გული გაგისკდება და ამის შემდეგ ხატია დღეს ჩვეულებრივადაა, მხოლოდ ის დღე არ ახსოვს. სწავლაც კი გააგრძელა, ჩვეულებრივად აზროვნებს. ქირურგიული ჩარევაც არ დასჭირვებია. მედიკამენტების და მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყო. 
– მისი ექიმი ლევან რატიანი იყო…
– დიახ. უძვირფასესი გუნდი ჰყავს ლევან რატიანს. მათთვის ჩვენი მდგომარეობა უცხო არ იქნებოდა, მაგრამ მათ თვალებში იმხელა თანაგრძნობასა და გვერდში დგომას ვხედავდი, ამან გადამარჩინა. ნუნუკა ლაბაძე იყო ხატიას პირადი ექიმი და მარტო მისი ხმის ტემბრი საოცრად მამშვიდებდა. მიუხედავად იმისა, რომ ხატია კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და თვითონაც არ სჯეროდათ მისი გადარჩენის, ისე ტკბილად დამელაპარაკებოდა, რომ მაცოცხლებდა.
ლევან რატიანი, როგორც საკუთარ შვილს, ისე უდგებოდა ხატიას. გვეუბნებოდა, ხატიას რომ ვუყურებ, ან ვტირი, ან ვიცინიო. პირველ დღეს მკითხა, რამდენი შვილი გყავთ, ქალბატონოო? სამი მყავდა, ერთი გორის პროზექტურაშია, მეორე თქვენთან და მესამე პატარაა და სახლშია-მეთქი. ხატიას მდგომარეობას შეხედა და რა ვქნა, ქალბატონო, ღმერთს ციდან ვერ ჩამოვიყვანო, კისერმოტეხილ ადამიანზეა საუბარი. თვალებში ცრემლები ადგებოდა, როცა მასზე გველაპარაკებოდა. მის ამაგს ვერასდროს გადავიხდით. ღმერთს ვთხოვ, უბედნიერესად დააბეროს ეს ადამიანი თავის ოჯახთან ერთად. ფინანსურადაც დაგვეხმარა. სარეაბილიტაციო კლინიკა გაიხსნა ცოტა ხნის წინ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან ახლოს და თვითონ ლევან ექიმმა გვითხრა მის შესახებ. სახლში ხატიას მოვლა ძალიან გვიჭირდა, სპეციალისტების გარეშე ჩვენ მას ფეხზე ასე მარტივად ვერ დავაყენებდით, მაგრამ იქ რეაბილიტაციის ღირებულება ჩვენთვის ძალიან ძვირი აღმოჩნდა. ათასი ლარი მაინც უნდა გადაგვეხადა წინასწარ და უკან წამოსვლას ვაპირებდით იმ იმედით, რომ სხვა გამოსავალს მოვძებნიდით. ლევან ექიმს დავურეკე, რომ საქმის კურსში ჩამეყენებინა და სანამ ამას ვეტყოდი, მითხრა, ერთი წუთით მოიცადეთო. ამ კლინიკის დირექტორისთვის დაურეკავს და მითხრა, მანდ დარჩებით და არაფერს გადაიხდით, მაგ საქმეს მე მივხედავო. ღირებულების რაღაც ნაწილის დაფარვაში მერია დაგვეხმარა, დანარჩენი ლევან ექიმმა საკუთარ თავზე აიღო. 
ლევანმა გვითხრა, თანხაზე რომ გელაპარაკებოდით, ამ საუბარს, ერთი ჩემი პაციენტი შეესწრო და თქვენი დახმარების სურვილი გამოთქვაო. ათასი ლარი გადმოგვცა მისგან. ექიმებში კი არ გადაიხადოთ ეს ფული, გადასახადებს მე მივხედავ, ამით ხატიას რაც უნდა, ის იყიდოსო. მე სამი შვილის მამა ვარ და ვიცი, რა არის შვილის სიყვარულიო. მერე მივხვდი, რომ ეს თანხა თვითონ მოგვცა. სიცილ-ტირილი ამივარდა. ხატიამ იმ თანხით ტელეფონი იყიდა. ხატიას თუთიყუში აჩუქეს, რომელიც პირველივე წამიდან არ შორდება გვერდიდან და მას ლევანი ექიმის სიყვარულით რატი ლეონიძე დაარქვა. 
ხატია კომპანია „ბაგში“ მუშაობდა მერჩენდაიზერად. ეს ამბავი რომ მოხდა, ორი ახალგაზრდა მოვიდა ჩვენთან კლინიკაში და ხატიას ხელფასი გადმოგვცეს. სანამ ხატია ფეხზე არ დადგება, ხელფასი, ჩვეულებრივ დაერიცხება და როცა შეძლებს, შეუძლია, დაბრუნდეს, ჩვენ ველოდებითო. ხატია დღემდე იღებს მათგან ხელფასს და ორ-სამ კვირაში, ალბათ, გავა კიდეც სამსახურში. 
ხატია: უნივერსიტეტში სწავლაც გავაგრძელე. ისტორიულზე ვსწავლობ თსუ-ში და უფლება მომცეს, ერთი თვის დაგვიანებით დავრეგისტრირებულიყავი. ერთ-ერთი ლექტორისგან შევიტყვე, რაც ჩემს დას დაემართა. საგნების არჩევსას მომწერა, გისამძიმრებ შენი დის ამბავსო. სხვებიც მწერდნენ, ვიზიარებო, მაგრამ ვფიქრობდი, მედეა რომ მძიმე მდგომარეობაშია, ალბათ, ამას გულისხმობენ-მეთქი. არ მინდოდა, ის მეფიქრა, რაც სინამდვილეში იყო, მაგრამ გისამძიმრებო, რომ მომწერეს, მერე უკვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. საშინელება იყო, მედეას სურათი მეჭირა ხელში და მთელი დღე ვტიროდი. 
არ ვიცი, როგორ გადავუხადო მადლობა ადამიანებს, მთელ საქართველოს. ძალიან ბევრი მწერს, რომ ჩემთვის ლოცულობდა და ლოცულობს, მადლობა მათ, მადლობა ბატონ ლევანს და თითოეულ ექიმს, მათ ამაგს ვერასდროს გადავიხდით. 

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი