ისტორია

ვინ დააჩოქა ბასიანის ბრძოლაში დატყვევებული ამირა თამარ მეფის წინაშე

№6

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 16.02

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

დაახლოებით, 1202 წელს რუმის (იკონიის) სასულთნოს ჯარი საქართველოსკენ დაიძრა. სულთან რუქნადინის შიშით თუ საკუთარი სურვილით, რუმის ჯარს შეუერთდნენ სხვადასხვა საამიროსა და ბეილიქების მთავრები თავიანთი ჯარით.

სულთანმა რუქნადინმა მედიდური, შეურაცხმყოფელი წერილი მოსწერა ჩვენს ხელმწიფეს, თამარს და დამორჩილებისკენ მოუწოდა. წერილი ასე იწყებოდა: „ყოველი დიაცი რეგვენია“... ელჩმა რომ წაიკითხა წერილი, ზეპირად დაამატა: თუ დამორჩილდები ჩემს სულთანს და მიიღებ მაჰმადიანობას, ცოლად შეგირთავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარჭად დაგისვამსო, რისთვისაც ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა გაარტყა და უგონოდ დააგდო ძირს.

თამარ მეფემ საპასუხო წერილი მისწერა თავხედ სულთანს: ძალსა უფლისა მინდობილს წარმომივლენია „ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნება ღმრთისა, ნუ შენი! სამართალი მისი, ნუ შენი!“

იმ დროს საქართველოს კავკასიურ თანამეგობრობაში შემოდიოდა ყველა კავკასიური ქვეყანა და ხალხი, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიელები და მათ შორის, ინგუშების ქვეყანა და ინგუშების წინაპრები, ღილღვები.

ინგუშებს შორის არსებობს გადმოცემა, რომელიც ამ ამბავს მოგვითხრობს.

ძველი ინგუშური, ღილღვური გადმოცემებით, იმ დროს, ინგუშები საკუთარ თავს საქართველოს ნაწილად წარმოიდგენდნენ. განა დაპყრობილად, განა დამორჩილებულად, არამედ ღვიძლ ნაწილად. გადმოცემებში თამარ მეფეს „ჩვენს დედოფალს“ და დედას („ნანას“) უწოდებენ. ერთი გადმოცემა ასე იწყება: „იყო ბედნიერი დრო, ჩვენი ქვეყანა ქართველთ მეფე თამარის გამგებლობაში იყოო“.

ერთი თქმულებით, თამარ მეფეს დაცვაში ჰყოლია ღლიღვი ახალგაზრდა ბორძ კაზა, წარმოშობით ხამხოეს თეიფიდან (თემიდან), რომლისთვისაც თავისი რემის ერთ-ერთი საუკეთესო ცხენი, „ქარიშხალა“ უბოძებია. სხვა გადმოცემით, ღილღვების, ინგუშების ქვეყნის მთავარს თამარ მეფე ნიშნავდა, თურმე, ალბათ, ადგილობრივთაგან. სავარაუდოდ, უფრო ამტკიცებდა. რადგან ჩვენ ვიცით, საქართველოში შემომავალი სხვა ეროვნების წარმომადგენელთა შორს ჩვენი ხელმწიფეები წარმოაჩენდნენ ადგილობრივ დიდებულებს და მათ ეკავათ მმართველების თანამდებობები. სომხურ მიწებზე სომხური სარწმუნოებრივი წიაღიდან გამოსული მხარგრძელები, გასომხებული ორბელები, სომეხი ხაჩენელები და სხვები ერისთავობდნენ. ცხადია, ასევე, იქნებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ხუნძეთში, ღილღვთა ქვეყანაში და სხვაგანაც.

ინგუშური თქმულება ბასიანის ბრძოლის ამბისა, „ბერიკაც ცოროèს ნაამბობი თამარ მეფის შესახებ (ს. გალაშქე, 1961 წ.)“, ასე იწყება:

„გარდასრულ დროში ქართველებს სხვა სამეფოებთან მრავალი ომი გადახდათ.

ერთხელ საქართველოს საზღვრებს ვინმე სარდალი მოსდგომია ურიცხვი მხედრობით.

შეტევის დაწყებამდე მას თამარ მეფისთვის ელჩის ხელით წერილი გაუგზავნია, რომელშიც ეწერა: „თუ შენი ნებით ჩამბარდები, მესამე ცოლის პატივს გიბოძებ და შენს ქვეყანას ჩემსას შევუერთებო. თუ უარს იტყვი, ომით მოვალ, შენს ლაშქარს გავანადგურებ, შენ კი ტყვედ ჩაგიგდებ და ჩემს მსახურად გაქცევო“. წერილში კიდევ ბევრი რამ უსიამოვნო ეწერა.

თამარმა ელჩის პირით შეუთვალა: იყავ ნება ღვთისა, ნუ შენი!

სულთნის წერილი, დედოფლის ბრძანებით, წაიკითხეს ყველგან, სადაც მისი განმგებლობა ვრცელდებოდა.

კაცები ამხედრდნენ. ღილღველთაგან გამოვიდა ყველა გვარის მამაკაცი. ასევე სხვებიც“.

ჩვენი სახელმწიფოს მესვეურებისთვის ცნობილი იყო რუმის სულთნის გეგმები და ამიტომ, მოლაშქრეთა წვევის წერილები ქვეყნის ყველა კუთხეში უკვე დაგზავნილი იყო.

მსწრაფლ შეიკრიბა ჯარი.

საქართველოს კუთხეების შვილებთან ერთად ჩვენს ჯარში ირიცხებოდნენ სომხები, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოში შემოდიოდა სომხეთის დიდი ნაწილი. ჩვენს ჯარში უნდა ვიგულისხმოთ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების წარმომადგენლებიც, რომლებიც, როგორც ზემოთ ვთქვით, თამარ მეფეს საკუთარ ხელმწიფედ მიიჩნევდნენ.

საქართველოს ჯარი მიადგა მრავალრიცხოვნობით გაბუდაყებული სულთნის ჯარს და შეუტია. სასტიკი ბრძოლა გაიმართა. გაუჭირდათ ჩვენს წინაპრებს აურაცხელ მტერთან, ცხენები გამოუკლეს წინამბრძოლებს. მაშინ, ხერხი იხმარა დავით სოსლანმა, თვითონ ერთი მხრიდან მოუარა მტერს, ჩვენი ჯარის ნაწილებით, ზაქარია მხარგრძელი მეორე მხარეს გაგზავნა და ფლანგებზე, გვერდიდან შეუტიეს სულთნის ჯარს.

ვეღარ გაუძლო საქართველოსა და კავკასიის დასაპყრობად წამოსულმა მრავალრიცხოვანმა ჯარმა ქართველ-კავკასიელების შეტევას და განსქდა და გაიქცა.

მთელი დღე სდევდნენ ჩვენი წინაპრები გაქცეულ თურქებს, ხოცავდნენ ან ატყვევებდნენ. ხელში ჩაიგდეს სულთნის დროშა, სულთანმა ძლივს გაასწრო. ტყვედ აიყვანეს არაერთი სარდალი და ამირა: „მოასხნეს სულტანნი და ამირანი ტყუედ ერზინკიელი, შამელი და ბივრიტელი“. შემდეგ, ერთი ამირა ცხენის ნალის ფასად გაჰყიდა მეფემ.

ძველი ინგუშური თქმულება ამას ასე გვიამბობს:

„და იქმნა ომი ძლიერი და ფიცხელი. ჩვენმა თანამემამულეებმა გატეხეს მტრის წინააღმდეგობა, დაამარცხეს და უკუაგდეს ის. სარდალი შეიპყრეს და თამარ მეფის წინ მოსთხოვეს მუხლის მოდრეკა. მან მტკიცედ და მედიდურად იუარა, გულზვაობდა, ილანძღვიდა.

მაშინ მოსწყდა ადგილიდან ღილღველთა წინამძღოლი თოვბოტი (ცოროè), იშიშვლა ხმალი მტრის თავზე და დაიყვირა:

დაუჩოქე ჩვენს დედოფალს, ძუკნა ძაღლო, თორემ შუაში გაგჭრიო!

საშინელი მგლური ღრჭენისა და მის თავზე მახვილის დანახვისას მტერს ფეხები მოეკეცა და მუხლებზე დაეცა.

დედოფალს, როგორც ამბობენ, გაეცინა და თქვა:

– თოვბოტ, იმოქმედე შენი ნება-სურვილისამებრ.

თოვბოტმა სარდალი ხევსურებს მიჰყიდა ცხენის გაცვეთილი საჭედურის ფასად, იმ პირობით, რომ მათ ის, ვიდრე მის აღსასრულამდე, ცხვრის მწყემსავად ეყოლებოდათ“.

შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ამ თქმულებას „ქართლის ცხოვრების“ ჩანაწერი დაედო საფუძვლად.

შეიძლება, თუმცა ვფიქრობ, სავსებით რეალურია ინგუშების წინაპრების მონაწილეობა დიდი საქართველოს ცხოვრებაში და ჯარში, ბასიანის ბრძოლაში, მით უმეტეს, კონკრეტული პიროვნების სახელიც (თოვბოტი) კია შემონახული თქმულებაში, ვინც დატყვევებული ამირა დააჩოქა თამარ მეფის წინაშე, რაც ცოროèს თემში შემოუნახავთ, მის შთამომავლებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი