ისტორია

როგორი სამეფო გვქონდა თამარ მეფის დროს და რა დაემართა ჩვენს სახელმწიფოს რუსუდანის მეფობისას

№4

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 02.02

ისტორია
დაკოპირებულია

თამარ მეფის გარდაცვალება მწარედ იგლოვეს ქართველებმა, ძალიან უყვარდათ და ალბათ, ინტუიციურად ხვდებოდნენ – მისნაირი პატრონი ქვეყანას აღარ ეყოლებოდა.

ბრძენი თამარის დროს სამეფოში გამართულად მუშაობდა ყველა უწყება. მისი ქმარიც, დავით სოსლანი ძალიან გონიერი ადამიანი გახლდათ და ყველანაირად ეხმარებოდა მეფე-მეუღლეს.

სამხედრო უწყებას ხელმძღვანელობდა ზაქარია მხარგრძელი. მაგრამ, რეალურად, დიდი ბრძოლების დროს, ჯარს მეთაურობდა დავით სოსლანი, რომელიც ძალიან ნიჭიერი სარდალი ყოფილა.

1202 წელს იკონიის სულთანმა რუქნადინმა თავხედური წერილი მოსწერა ჩვენს წმინდა თამარ მეფეს და მოსთხოვა დამორჩილება. ქართული სახელმწიფოს დაზვერვას არ გამოჰპარვია რუქნადინის საომარი სამზადისი. ამას გარდა, ქართველებმა ხერხი იხმარეს: სულთნის ელჩი არ გაუშვეს უკან, ჩაკეტეს საზღვარი და გზები, შეაჩერეს ქარავნებისა და ვაჭართა მიმოსვლა, რათა სულთანს არ მისვლოდა ინფორმაცია ქართველთა საომარი მზადების შესახებ. ჯარი სასწრაფოდ შეიკრიბა ჯავახეთში.

ქართველები რუქნადინის ბანაკს რომ მიუახლოვდნენ, გაუშვეს სულთნის ელჩი, რომელსაც თან ჰქონდა ჩვენი მეფის წერილი, რომელიც ასე მთავრდებოდა: „წარმოვგზავნე ქრისტეს მხედრობა არა თაყვანისცემად, არამედ შენს დასამხობად და აი, ისინი შენი კარვის წინ დგანან...“

ჩვენი წინაპრები მოულოდნელად მიადგნენ თურქებს და შეუტიეს. ჯარს დავით სოსლანი სარდლობდა. ჯარი სამ ნაწილად გაყო. წინამებრძოლები იყვნენ ზაქარია მხარგრძელი – ამირსპასალარი, შალვა მანდატურთუხუცესი და მისი ძმა ივანე ახალციხელი, ჭიაბერი და სხვა თორელები. მაჰმადიანებმა ქართველთა მოულოდნელი შეტევის გამო მიატოვეს სადგომები და გამაგრებულ ადგილებს შეეფარნენ. თურქთა იმ ნაწილებს უკანა ეშელონი წამოეშველა. ხანგრძლივ ბრძოლაში ცხენები დაუხოცეს ივანე მხარგრძელ-მსახურთუხუცესს, ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალციხელებს და სხვა მეთაურებს.

დავით სოსლანის ბრძანებით, დანარჩენი ქართველები ჩამოქვეითდნენ, რათა ქართველთა ცხენებს არ დაეზიანებინათ ქვეითი თანამებრძოლები. დადგა კრიტიკული მომენტი. დავით სოსლანმა ხერხი იხმარა, თურქთა წინააღმდეგ დატოვა ჩამოქვეითებული ქართველები. მან და ზაქარია მხარგრძელმა, ცხენოსანი მოლაშქრეებით, შემოუარეს მაჰმადიანების ჯარს და დავით სოსლანი მარცხნიდან, ხოლო ზაქარია მხარგრძელი მარჯვნიდან, მოულოდნელად ეკვეთნენ მტრის ფლანგებს. სოსლანის გეგმამ წარმატება მოიტანა, რუქნადინის ჯარი აირია, გაიფანტა და გაიქცა...

... გავიდა დრო, სამეფო ტახტზე ავიდა თამარის ძე გიორგი მეოთხე ლაშა, რომელიც კარგი მეომარი იყო და კარგი ორგანიზატორი, თუმცა, მამამისივით ბრძენი სარდალი არ გახლდათ. განჯის აღებისას და მონღოლებთან ბრძოლაში ემოციებს აჰყვა, გაეკიდა გაქცეულებს და ხაფანგში მოექცა ჯარიანად. განძაში გადარჩა, მაგრამ, მონღოლებმა დაჭრეს. თუმცა, მოახერხა ჯერ ჯარის გადაჯგუფება და მონღოლები ქვეყნის სიღრმეში ვერ შემოვიდნენ. მერე შეძლო ვასალთა ჯარის მობილიზებაც. მონღოლებმა შებმა ვეღარ გაუბედეს და უომრად გაეცალნენ.

გიორგი მეოთხე ლაშა მალე გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა რუსუდანი. სიბრძნე არ მიამადლა ღმერთმა. ქმარიც უქნარა, სუსტი ნებისყოფის ჰყავდა, რუმის სულტნის, არზრუმის მფლობელის თოღრილ-შაჰის ძე მოღის-ედინი. სამხედრო უწყება მთლიანად მოხუცებული ამირსპასალარ-ათაბაგის, ივანე მხარგრძელის ხელში აღმოჩნდა, რომელსაც ძალაუფლება, უკვე, მთავარ ვაზირზე, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელზე მეტი ჰქონდა.

ჩვენს მოსაზღვრე რეგიონს მონღოლები დაეპატრონნენ. ხორეზმის შაჰი ჯალალედინი ერანისკენ გამოექცათ თავისი ჯარის ნაწილებით და ახალ ძალებსაც მოუყარა თავი. ქართული სახელმწიფოს მესვეურებს ისიც კი ვერ გაუგიათ, თუ ვინ იყვნენ მონღოლები. ჯერ ქრისტიანები ეგონათ. მათი ჯარის მხოლოდ ერთი, პატარა ნაწილი, რომელიც ლაშას შეებრძოლა, მონღოლების მთლიან ლაშქრად წარმოიდგინეს.

ერთი მაჰმადიანური ცნობით, საქართველოზე შეტევის წინ ჯალალედინს რუსუდანისთვის გამოუგზავნია წერილი და დამორჩილება მოუთხოვია. როგორც ივანე ჯავახიშვილი წერს: „ჯალალედინმა საქართველოს მთავრობისაგან მედიდურობით სავსე, დამცინავი პასუხი მიიღო: მამა შენი შენზე ძლიერი იყო და რაც მას მონღოლებისაგან დაემართა, შენც კარგად იცი. იგივე მონღოლები ჩვენც შეგვებრძოლნენ, მაგრამ მიზანმიუღწევლივ გაგვეცალნენ და გაიქცნენო.“

წერილიდან კარგად ჩანს, ივანე მხარგრძელს და რუსუდან მეფეს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა ხდებოდა მეზობელ რეგიონში, ვინ იყვნენ მონღოლები და რა ძალა შეიძლება, ჰქონოდათ. ასევე, თუნდაც, მონღოლებისგან დამარცხებულ ჯალალედინს რამხელა ლაშქარი შეიძლება ჰყოლოდა. ამიტომ, არც დრო გაწელეს, არც ხერხი იხმარეს, თამარის მსგავსად. ივანე მხარგრძელის უწყება ჯეროვნად არც მოემზადა, არც ვასალების ჯარი გამოიძახა, არც დაქირავებული ყივჩაღები მოიხმო და არც ქართული ჯარის მთელი კონტინგენტი დაახვედრა წინ ჯალალედინს. იმდენად სწრაფად მოქმედებდა ჯალალედინი და იმდენად გაუმართავად ჩვენი სამეფო კარი, რომ მთლიანი შესაძლო ძალების მოკრება ვერც შეძლეს.

როცა ორი ჯარი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა, როგორც ჩანს, ივანე მხარგრძელი შიშმა შეიპყრო ჯალალედინის ჯარის მრავალრცხოვნობის გამო. კარგა ხანს არც ერთი მხარე არ იწყებდა ბრძოლას. ბოლოს, ჯალალედინმა დაძრა თავისი ნაწილები და ჩვენს მეწინავეებს, შალვა და ივანე ახალციხელის მესხებს შეუტია. ივანე მხარგრძელის ძირითადი ნაწილები უომრად იდგნენ. უყურებდნენ მხარგრძელის გვერდით მდგომ მედროშეს, რომელსაც სეფე დროშა ეკავა. თუ სეფე დროშა წინ წავიდოდა, ეს იქნებოდა ნიშანი შეტევაზე გადასვლისა.

ამასობაში, მესხებს გააფთრებული უტევდნენ ჯალალედინის მრავალრიცხოვანი ნაწილები. შალვა ახალციხელმა რამდენჯერმე მაცნე გაუგზავნა ივანე მხარგრძელს და დახმარება სთხოვა, მაგრამ ამაოდ. ვეღარ გაუძლეს მესხებმა, მათი დიდი ნაწილი გაწყდა, ნაწილმა უკან დაიხია. ეს რომ ქართველთა სარდლობამ დაინახა, მოატრიალეს სეფე დროშა და უკან დახევა დაიწყეს, ამის გამო, ძირითადმა ნაწილებმა უწესრიგოდ დაიხიეს უკან. ჯარის ნაწილი უცნობ ხეობაში დაიბნა და ქარაფებიდან ქვებთან ერთად ჩაშვავდა უფსკრულში.

ჯალალედინის მრავალრიცხოვანი ჯარის მიერ შევიწროებული მესხები დამარცხდნენ, ივანე დაიღუპა, შალვა ტყვედ ჩავარდა.

ასეთი განსხვავება იყო თამარისა და რუსუდანის სამეფო კარს შორის. ასეთი ვითარების გამო დაეცა დიდი საქართველო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი