ისტორია

როგორი იყო თამარ დედოფალი, ინგუშური გადმოცემების მიხედვით

№5

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 09.02

თამარ დედოფალი
დაკოპირებულია

რამდენიმე თვის წინ, ინგუშური კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, გამოიცა შესანიშნავი წიგნი – „ინგუშური (ღლიღვური) თქმულებები თამარ მეფეზე”. წიგნის შემდგენელია ინგუში ერის საამაყო შვილი, ქართველების დიდი მეგობარი, ზვიად გამსახურდიას ძმადნაფიცი თანამებრძოლი, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ისა ქოძოევი (ქოაძოი). წიგნში შეტანილია შემდგენლის წინათქმა და 11 ინგუშური გადმოცემა თამარ მეფეზე, რომლებიც წარმოდგენილია ოთხ ენაზე: ინგუშურად, ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ინგლისურად თარგმნა ხავა განტემიროვამ, ქართულად – მარიამ ბეჟიტაშვილმა, რომელიც ცენტრის ხელმძღვანელია ქართული მხრიდან (ინგუშური მხრიდან – სარაჟდინ სულტიგოვი).

თანამედროვე ქართველი და კავკასიელი ხალხების მეგობრობის განმტკიცებაში, კავკასიური ენების, კავკასიური პრობლემატიკის შესწავლისა და კავკასიის ერთიანობის იდეის პოპულარიზაციის საქმეში დიდი როლი მიუძღვის ადიღეური (ჩერქეზული) კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, ენათმეცნიერ მერაბ ჩუხუას, რომლის წვლილიც დიდია ინგუშური კულტურის ცენტრის შექმნაში.

წიგნი შესანიშნავადაა გაფორმებული მხატვარ ლიდა ოზდოევას მიერ (სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ტირაჟი მცირეა). მასში გადმოცემულია ძალიან საინტერესო თქმულებები, ინგუშების დიდი სიყვარული ჩვენი საყვარელი ხელმწიფისადმი და საქართველოსადმი: ერთი გადმოცემა ასე იწყება: „იყო ბედნიერი დრო, ჩვენი ქვეყანა ქართველთ მეფე თამარის გამგებლობაში იყოო“.

ზოგიერთი გადმოცემა ისტორიკოსებს გამოადგება დამატებითი კვლევისათვის. წიგნიდან რამდენიმე ნაწყვეტს დღეს შევთაზებთ „თბილისელების“ მკითხველს.

წინასიტყვაობის შემდეგ, ისა ქოაძოი გვიამბობს მისი დედის პაპის ნაამბობს ჩვენს საყვარელ ხელმწიფეზე:

„დედაჩემის პაპამ ბევრი ძველისძველი ისტორია იცოდა. თამარ მეფეზე ხშირად მოგვითხრობდა. ჩვენ მას ვკითხეთ: „როდის ცხოვრობდა იგი“?

„ოო! – წამოიძახა მოხუცმა, – შორეულ წარსულში მეფობდა იგი. სათნო და კეთილი იყო მათ მიმართ, ვისაც მმართველობდა, მტრებთან კი – უწყალო.

თანამემამულეები მას სიყვარულით წმინდა თამარს ეძახდნენ, მისი მეფობის პერიოდს კი „ოქროს ხანა“ (თამარ მეფის მმართველობის ოქროს ხანა) ეწოდა.

სხვადასხვა კუთხის მმართველებს ამგვარად შთააგონებდა: „თუ გავიგებ, რომ შიმშილისგან ობლები სტირიან, ან ავადმყოფი დარჩენილა უყურადღებოდ, მაშინ დაკარგავთ თანამდებობას. ებრძოლეთ ბოროტებას, გააძლიერეთ სიკეთე და მყარად ისხედით თქვენს ადგილებზე“.

ასეთი იყო თამარ მეფე, ქვეყნის დედამთავარი.

ერთი მოხუცი ქალი ამბობდა ზარის ძეთა გვარიდან: „ჩვენს წინაპარს თამარ მეფის ნაბოძვარი ფაიფურის თასი ჰქონდაო, ოქროს არშიით შემოქობილი“.

დედაბერ ზარის ასულის ნაამბობი (1958, ანგუშტი):

„ბევრი მეფე-მმართველი ჰყოლია ამ ქვეყანას, მაგრამ თამარზე უკეთესი არცვინ ყოფილა და არც შეიძლება, ყოფილიყო. ღილღვების მიმართ ის გამორჩეულად კეთილისმყოფელი, სათნო და მწყალობელი იყო.

იცით, როგორ იქცეოდა? არ იცით! ასე რომ, მომისმინეთ. ერთ ჩვენს ღილღველ ქალს ვაჟი შეეძინა. როცა ბავშვს შვიდი წელი შეუსრულდა, თამარმა მისი დედა ვერცხლეულით დაასაჩუქრა.

წმინდა წყლის სიმართლეა.

ხოლო როცა ჭაბუკი თხუთმეტის წლისა შეიქმნა, დედოფალმა ქალს ოქროული უბოძა.

რატომ გააკეთა მან ეს? დიახ, იმიტომ, რომ კეთილგონიერი იყო და იცოდა, რთულ პერიოდში ქვეყანას უბედურების თავიდან ასაცილებლად კაცები სჭირდებოდა.

ჭკვიანური ქმედებაა.

საკმარისი არ არის ძალაუფლების ქონა. მისი გონივრულად განკარგვაა მთავარი. თამარი კი გონიერების დედა იყო.

ღმერთმანი, ღილღვებად თავი მოგაქვთ და ასეთი ამბები არ გსმენიათ! და რაღას ასწავლით თქვენს შვილებს?“

მოხუცი ცაროèს ნაამბობი (1961 წ. გალაშქე)

„თამარ მეფის მმართველობის პერიოდში ჩვენს მხარეში მიწისძვრა მოხდა, რამაც დიდი ტრაგედია დაატრიალა. მეფე მოვიდა სამძიმრის სათქმელად და თან მოიყვანა დიდგვაროვან ქალთა კრებული.

სამგლოვიარო ღონისძიებები თარგიმთან ახლოს, ფხეგეზე გაიმართა. თამარმა ოქრომკედით ნაქარგი ფეხსაცმელები გაიხადა და უხუცესების წინაშე უâამური წარდგა.

უხუცესმა მას ფეხქვეშ ცხვრის ტყავი გაუფინა, რომელზეც თვითონ იჯდა და უთხრა: „შვილო, მიწა გაყინულია, ხომ შეიძლება, გაცივდე?!“

სამი დღე დარჩა მეფე თამარი ჩვენს მთებში ჭირისუფლად. საქართველოში დაბრუნებისთანავე დიდი ქარავანი გამოაგზავნა ჩვენთან, ტანსაცმლით, ქვეშაგებითა და საკვებით დატვირთული“.

ღილღველი უხუცესები

და მეფე თამარი

„იყო ბედნიერი დრო, ჩვენი ქვეყანა ქართველთა მეფე თამარის გამგებლობაში შედიოდა: ის მეფობდა ამიერ და იმიერ მხარეშიც. ყოველ კუთხეს თავისი მმართველი ჰყავდა. შესაბამისად, ერთი მთავარი ღილღველთა ქვეყანაშიც იყო დანიშნული. მეტად უხეში პიროვნება გახლდათ: არ ცდილობდა ღილღვებთან თანხმობის მოპოვებას, სურდა ჩვენი ხალხი თავის ერთპიროვნულ ნებას დაემორჩილებინა: „მე ვარ თქვენი მთავარი, თქვენ კი ჩემი ქვეშევრდომნი!“-ო – აცხადებდა. საბოლოოდ, ყველას თავი მოაძულა. ღილღველებმა იფიქრეს: მასზე ხელის აღმართვა შეუძლებელია, არ იქნება ლამაზი დედამთავრის წინაშეო. ამიტომ მეფესთან მმართველის შეცვლის მოთხოვნით უხუცესები გაგზავნეს.

– დედა! - უთხრეს მათ მეფეს, – მას შემდეგ, რაც უზენაესმა ეს სამყარო შექმნა, ჩვენი ადათ-წესები თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ კაცს კი მათი განადგურება სურს. მას ჩვენი არ ესმის. გაიწვიე იგი და გამოგვიგზავნე სხვა, რომელიც შეგვეთვისება – ამ თხოვნით მოგვავლინა შენთან, დედაო ჩვენო, ღილღველთა ქვეყანამ.

– ოიჰ, ღილღველებო! - გაუკვირდა თამარს, – ჭარმაგი ხალხი ხართ, მაგრამ ნანას (დედა) მეძახით. ეს როგორ აიხსნება?

უხუცესებმა უპასუხეს:

– რაკი მთელი ქვეყნის დედა ხარ, ეს ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანის დედადაც ითვლები. და ჩვენ უნდა გცეთ პატივი შესაბამისად.

თამარ დედოფალს მოეწონა პასუხი.

მან გაიწვია მმართველი და მის ადგილას სხვა დანიშნა, ამასთან, მკაცრად გააფრთხილა: „კეთილგანწყობა მაქვს ამ ხალხის მიმართ, გულისყურით განაგე მათი საქმენი და ზედმეტი არაფერი უთხრა“-ო.

ზედიზედ სამ წელიწადს საქართველოდან ქარავნებს უგზავნიდა ღილღველთა ქვეყანას:

პირველ წელს გაუგზავნა ქსოვილები ბავშვებისათვის ტანსაცმლის დასამზადებლად;

მეორე წელს – აბრეშუმი დიაცთა კაბებისათვის;

მესამე წელიწადს გაუგზავნა მაუდი, მამაკაცის შესამოსლის დასამზადებლად.

აი, როგორი იყო თამარ დედოფალი!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი