ისტორია

როგორ მოახერხა ივანე მხარგრძელმა სახელმწიფოში მეორე პირად ქცეულიყო

№50

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 22.12, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1206 წელს, თამარ მეფის ბრძანებით, ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა სომხური პროვინცია სივნიეთი მაჰმადიანთაგან გაათავისუფლეს და შემოუერთეს ჩვენს სახელმწიფოს.

სივნიეთის სომეხმა ეპისკოპოსმა მოისურვა დის შვილიშვილის, ლიპარიტ ელიკუმის ძე ორბელიანის გამოხსნა მძევლობიდან. შესაძლოა, ამის ინტერესი ჰქონდათ საქართველოს ამირსპასალარს, ზაქარია მხარგრძელსა და მის ძმას, ივანე მსახურთუხუცესს. ისინი ორბელების დიდების ხანაში ფეოდალურ კიბეზე ორბელებზე დაბლა იდგნენ. ფაქტობრივად, ორბელების ყმად ითვლებოდნენ (ფეოდალური პრინციპით, მეფის გარდა, ყველა ვიღაცის ყმა იყო, მეფე კი ღვთის ყმა იყო). ორბელებისა და დემნა უფლისწულის აჯანყების დამარცხების მერე ორბელების ნაწილი სიკვდილით დასაჯა მეფე გიორგი მესამემ. მხოლოდ სიკვდილით დასჯილი ივანე ორბელის უმცროსი ძმა, ლიპარიტი, მისი ორი ვაჟი ელიკომი (ელიგუმ, ელიკუმ) და ივანე გადარჩნენ, რადგან უცხოეთში იყვნენ წასული აჯანყებულთათვის სამხედრო დახმარების სათხოვნელად.

შემდეგ ივანე ორბელიანი თამარმა შეიწყალა და დააბრუნა საქართველოში. ელიკუმი უცხოეთში გარდაიცვალა. მისი მცირეწლოვანი ვაჟის, ლიპარიტის დედა მაჰმადიანმა მოიყვანა ცოლად და პატარა ლიპარიტი ციხესიმაგრეში გამოკეტა.

საქართველოს სამეფო კარზე უკვე მხარგრძელთა გვარი გახლდათ ყველაზე გავლენიანი, განსაკუთრებით მათი განდიდების შემაკავებელი მეფე დავით სოსლანის გარდაცვალების მერე. მხოლოდ ძმები, შალვა და ივანე ახალციხელები არ ეპუებოდნენ განდიდებულ მხარგრძელებს. თუმცა, თანამდებობრივად მხარგრძელები უფრო მაღლა იდგნენ, მეტ ტერიტორიებსაც ფლობდნენ და ქონებაც მეტი ჰქონდათ.

იქნებ მხარგრძელებს არ უნდოდათ მათი შესაძლო კონკურენტის, ორბელიანის, დატოვება უცხოეთში. ან, იქნებ უნდოდათ, ყველა გადარჩენილი ორბელიანის ზემოთ ყოფილიყვნენ ფეოდალურ იერარქიაში. არ გამოვრიცხავ, ყოფილ ვასალებს გარკვეული ვალდებულების ადამიანური განცდაც ჰქონოდათ და ამიტომ ნდომებოდათ გადარჩენილი ორბელიანის ქვეყანაში დაბრუნება.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თამარ მეფეთა მეფისგან ჰქონდათ დავალება, პატარა ორბელიანის მოძებნისა. თამარ მეფე ძალიან ჰუმანური ადამიანი იყო და ალბათ, ეცოდებოდა პატარა, ობოლი ორბელიანი.

მცირეწლოვანი ლიპარიტ ორბელიანის მაჰმადიანი მამინაცვლისგან გამოხსნის სურვილი მისი ბებიის ძმას, სივნიეთის ეპისკოპოსს ჰქონდა, რა თქმა უნდა და ალბათ, სთხოვა ჩვენს ხელმწიფეს.

სტეფანოს ორბელიანი ამის შესახებ წერს: „ხოლო ოდეს დაიპყრეს ესე ქუეყანა ზაქარია და ივანე და უღონო იქმნა სპარსეთი, მაშინ იწყეს ძიება და იტყოდენ:

– არისა ვინმე სპარსეთში ორბელიანი ნათესავისა?

აუწყა ამათ ეპისკოპოსმან სივნელთამან, სიმამრმან ელიკუმისამან, რამეთუ:

– არის ყრმა ერთი ნახჩევანს, რომელი დაჰშთა დისა ჩემისაგან, რომელსა ეწოდება ლიპარიტ, გარნა კრძალვით დაცულ ჰყავსთ.

რომლისათვის დიდად განიხარეს ზაქარიამ და ივანემან და ევედრნენ ეპისკოპოსსა, რათამცა გამოეყვანა იგი რომლითამე მანქანებითა“.

სტეფანოს ორბელიანის თქმით, ყველაზე მეტად მხარგრძელები იყვნენ დაინტერესებული პატარა ლიპარიტის გამოხსნით. აქ, ალბათ, სტეფანოსს უნდა, ხაზი გაუსვას საკუთარი ოჯახის მნიშვნელობას და თამარ მეფის დავალებაზე მიუთითებს.

ასეა თუ ისე, მხარგრძელებმა გადაწყვიტეს, ეს ვითარება – თამარის მხრიდან ლიპარიტ ელიგუმის ძე ორბელის გამოხსნის ბრძანება, საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ, რასაც სხვა დროს განვიხილავთ. ასეც მოხდა და სპეცოპერაციით გამოიხსნენ ორბელიანი.

რამდენიმე წელიწადში ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა თამარ მეფეს შესთავაზეს ირანისა და ხორასნის დალაშქვრა. გასცა ბრძანება მეფეთა მეფემ და დალაშქრეს ირანის ქალაქები ქართველებმა. ლაშქრობიდან დაბრუნებული ზაქარია მხარგრძელი მალე გარდაიცვალა. თამარ მეფემ ზაქარიას უმცროსი ძმა, ივანე მხარგრძელი დაიბარა და უბრძანა, ამირსპასალარობას გიბოძებო.

მაგრამ ივანე მხარგრძელს უფრო მეტი უნდოდა და შეეწყალა პატრონს, დიდი საქართველოს ხელმწიფეს, თამარს – რაღაც სთხოვა.

ფეოდალური სამყაროსთვის დამახასიათებელი იყო შეწყალების თხოვნა ყმისგან და პატრონის პასუხი. ვასალი რაიმეს სთხოვდა, შეეწყალებოდა პატრონს, პატრონიც ან შეიწყალებდა და შეუსრულებდა თხოვნას ან არა. მაგრამ, ძირითადად, ყმამ იცოდა, თავისი პატრონის ხასიათი, საკუთარი დამსახურებების მნიშვნელობა სუზერენთან და ამის საფუძველზე აყალიბებდა ხოლმე სათხოვარს პატრონთან.

იცოდა ივანე მხარგრძელმა თამარის გულმოწყალების ამბავი, იცოდა საკუთარი მნიშვნელობაც მის კარზე. იცოდა, როგორ გაეძლიერებინა გავლენა სახელმწიფოში, იცოდა, როგორ ეთქვა და სწორედ ისე უთხრა: უხერხულია, ჩემი ძმის მაგიერ ამირსპასალარობა მივიღო, ხალხი რას იტყვის, გევედრები, ათაბაგობით განმადიდე, რომ მხოლოდ ამირსპასალარად არ მომიხსენიებდნენო. ათაბაგობა სულთანთა წესია. მათთან ათაბაგი მეფეთა და სულთანთა მამად და გამზრდელად იწოდება. ამგვარად განადიდე შენი ჩემდამი წყალობაო.

ამ თხოვნაში, იქნებ, სხვა, სამომავლო სურვილიც იმალებოდა. ათაბაგი, ზოგიერთ შემთხვევაში, ტერიტორიულ მმართველსაც ნიშნავდა. ასე იყო, მაგალითად, იმდროინდელ თურქთა სასულთნოში. ათაბაგები ხშირად დამოუკიდებელ მმართველად აცხადებდნენ თავს. რა ვიცით, რას უმიზნებდა საქართველოს სომხური ტერიტორიების დიდი ნაწილის გამგებელი, სომხური სარწმუნოებიდან, ალბათ, გულწრფელად ქართულზე გადმოსული ივანე მხარგრძელი.

გარდა ამისა, ივანე მხარგრძელს ახალციხელებისთვისაც უნდოდა რაღაც ეჩვენებინა. რამდენიმე ხნით ადრე თამარ მეფის ჯარმა დაიკავა ადრე სომეხთა სამეფოს ყოფილი ქალაქი ყარსი და საქართველოს შემოუერთა. მეფე თამარმა ქალაქი სამართავად ივანე ახალციხელს გადასცა, უბოძა კარის ათაბაგობა და ამირთა-ამირობა და მონაპირეობა დაავალა. ამგვარად, ყოფილ სომხურ ტერიტორიაზე მხოლოდ ივანე ახალციხელი აღარ იქნებოდა ათაბაგი. გარდა ამისა, ივანე ახალციხელი თუ ყარსის (კარის) ათაბაგი გახდა, ივანე მხარგრძელი სამეფო კარის, მთელი საქართველოს ათაბაგობას მიიღებდა, რაც, თავისთავად, უფრო მაღალი რანგი იყო, თან, ამირსპასალარობასთან ერთად.

ვერ უთხრა უარი თამარ მეფემ დამსახურებულ ყმას და ამირსპასალარობასთან ერთად ათაბაგობაც უბოძა.

ამგვარად, საქართველოს სამეფო კარზე, სავაზიროში, მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მანამდე მეფეთა მამად და მზრდელად ჭყონდიდელი ეპისკოპოსები, ანუ პოლიტიკური ამბიციისგან და ქონების დაგროვების სურვილისგან თავისუფალი ბერები ითვლებოდნენ. რომელთაც დავით აღმაშენებლის დროიდან სავაზიროში მწიგნობართუხუცესის თანამდებობა ეკავათ, ანუ ვაზირთა უპირველესის სახელო.

ივანე მხარგრძელმა, ფაქტობრივად, ცვლილება მოახდინა მთავრობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი