ისტორია

რატომ ჭამდნენ მშობლიურ მიწას ქართველი მეომრები ბრძოლის წინ ზიარების ნაცვლად

№2

ავტორი: ეკატერინე პატარაია 21:00 19.01

მეომრები
დაკოპირებულია

საქართველოს წარსული უამრავი ძალზე საინტერესო ისტორიით არის სავსე და ამ ამბების მოყოლა ან წაკითხვა ყოველ ჯერზე გიჩენს სურვილს უფრო მეტი გაიგო. საქართველო ნამდვილად მეომრების ქვეყანაა და ჩვენ ვალდებულებიც ვართ, ვიცნობდეთ, პატივს ვცემდეთ ჩვენს გმირებს, რომელთა მეშვეობითაც აქამდე მოვედით. ალეკო ელისაშვილი თავის გადაცემაში ამჯერად 1795 წლის 11 სექტემბრის, ქართლ-კახეთისა და ირანის ლაშქარს შორის ბრძოლაზე გვიამბობს, რომელიც თბილისთან, კრწანისის ველზე გაიმართა.

ალეკო ელისაშვილი: მას შემდეგ, რაც აღა-მაჰმად-ხანი ირანის სრული მბრძანებელი გახდა, ერეკლე მეორეს ირანთან ძველი, ვასალური დამოკიდებულების აღდგენა და რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. რთულ ვითარებაში მყოფმა ერეკლე მეორემ რუსეთის მხარეს რამდენჯერმე მიმართა სამხედრო დახმარებისთვის. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი მთელი თავისი ძალებით – 35 000-კაციანი ჯარით საქართველოსკენ დაიძრა.

სულ ვიმეორებ ხოლმე, რომ ძალიან არასწორი სტერეოტიპი დამკვიდრდა ფილმ „მაია წყნეთელის“ შემდეგ. ბოლო ეპიზოდში კრწანისის ბრძოლა რომ იწყება, ვითომდა, ამ ბრძოლაში მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავდა და თითქოს ჯაშუში ამას ატყობინებს ირანულ მხარეს. სინამდვილეში ერეკლე მეფეს ძალიან ცოტა ჯარი ჰყავდა, რეზერვები არ ჰყავდა, მაგრამ მეზარბაზნეები ნამდვილად ჰყავდა. შემდეგ გავრცელდა ცნობა ერეკლე მეფეზე მეტ-ნაკლებად აღრენილი ქართველი ისტორიკოსებისგან, რომ თითქოს ერეკლე მეფე ბრძოლის ველზე მოუწესრიგებელი არტილერიით გამოვიდა და გაუმართავი ზარბაზნები გამოიტანა, რაც დიდი ტყუილია. ერეკლემ მთელი თავისი მეფობის განმავლობაში ძალიან კარგად იცოდა, რომ არტილერიას გადამწყვეტი როლი ჰქონდა, ამიტომ, ის თავს დაჰკანკალებდა საარტილერიო საქმეს, ამისთვის მას ევროპელებიც ჰყავდა ჩამოყვანილი, ინგლისელები, გერმანელები, რუსები. რუსეთში (მაშინ ჩვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ევროპა რუსეთი იყო) გაგზავნილი ჰყავდა საკუთარი შვილიც, ლევან ბატონიშვილი, მასთან ერთად დელეგაცია, ვინც საარტილერიო საქმეს სწავლობდა. საარტილერიო საქმის ერთ-ერთი გამორჩეული მცოდნე თავადი გიორგი გურამიშვილი იყო (ამაზე ალექსანდრე ორბელიანი და თეიმურაზ ბატონიშვილი თავიანთ ცნობებში წერდნენ). გიორგი გურამიშვილი საარტილერიო საქმეს რუსეთში სწავლობდა. ის ერეკლე მეფის ნათლული გახლდათ. როგორც ახასიათებენ, იყო არტილერიის დიდი მცოდნე, მოყვარული და ამ საქმის მეცნიერი. როგორც ჩანს, თეორიაშიც ძალიან განსწავლული კაცი ყოფილა. მართალია, კრწანისის ბრძოლას მთლიანად ერეკლე მეფის შვილიშვილი, დავით ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა, მაგრამ მანამდე ეს ყველაფერი გიორგი გურამიშვილმა მოამზადა. როგორც ვიცით, 1795 წლის სექტემბერში საქართველოში შემოიჭრა აღა-მაჰმად-ხანი, ირანის საჭურის ხანი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კაცური ორგანოები მოჭრილი ჰქონდა, ძალიან თავზე ხელაღებული კაცი იყო, ვაჟკაცი, კარგი სარდალი და ორგანიზატორი. რაც მართალია, მართალია. ერეკლე მეფემ, იმის გამო, რომ მცირე ჯარი ჰყავდა (აღა-მაჰმად-ხანი დაახლოებით 35 000-კაციანი არმიით შემოვიდა. მეფემ კი იმერლების, მათ შორის თავის სიძის, სოლომონ მეორის დახმარებითაც ძლივს შეაკოწიწა 3 000-კაციანი ჯარი) და გაშლილ სივრცეებში მტერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, უკან დახევა დაიწყო და საბოლოოდ სამდღიანი შეტაკება გაიმართა კრწანისის ველზე, ახლანდელ ორთაჭალის ციხეების ადგილას, თუმცა, კრწანისის ველს ირანული ჯარის ერთი დიდი შემადგენლობა უტევდა, დანარჩენი ჯარი ფერდობებზე გადმოდიოდა და ტაბახმელა, შინდის-წავკისის მხრიდან უტევდა. ჩვენი არტილერია თაბორის ქედზე იყო განლაგებული. როგორც ამბობენ, ამ ფერდობებზე, დაახლოებით, ორმოცამდე სრულად გამართული ზარბაზანი იდგა, დავით ბატონიშვილი, ერეკლეს შვილიშვილიც და გიორგი გურამიშვილიც ამ საარტილერიო ქვედანაყოფებს სხვადასხვა მიმართულებებზე ხელმძღვანელობდნენ და ძალიან ზუსტი დარტყმებით არ აძლევდნენ მოწინააღმდეგეს ახლოს მოსვლის საშუალებას, მაგრამ აი, რა მოხდა: მაშინ, როგორც ვიცით, ჯარის მართვა გაცილებით რთული იყო. ბუნებრივია, რაციები და მობილური ტელეფონი არ არსებობდა. ამიტომ, იმისათვის, რომ დავალებები მიეცათ, მეფე თავის შიკრიკებს გზავნიდა. არტილერისტებს, რომლებიც დამიზნებით, გადატენვით და სროლით არიან დაკავებულნი აუცილებლად სჭირდებოდათ მცველი რაზმი და ასეთი რაზმი იყო იმერლების ხუთასკაციანი რაზმი, რომელიც ამ მიდამოებში იყო განლაგებული. მათ ერეკლე მეფემ ძალიან მკაცრად უთხრა: რა დავალებასაც მოგცემთ, იმას გააკეთებთო. ერთ მომენტში, როცა ძალიან შეავიწროეს, გიორგი გურამიშვილის, მეტსახელად ქუმელას, რაზმის დივიზიონი, იქიდან მოძრავ ძალიან დიდ რაზმებს, აჩერებდა, მაგრამ ქუმელამ შეატყო, რომ სპარსელებმა ისეთი შეტევა დაიწყეს, აშკარად ჩვენი მეზარბაზნეების დახოცვა კი არა, ტყვედ ჩავარდნა უნდოდათ, იმიტომ, რომ მაშინ ძალიან ძვირად ფასობდნენ არტილერისტები. ნებისმიერი მოწინააღმდეგე ცდილობდა, რომ ჩვენი არტილერისტები არ დაეხოცათ და ტყვედ ჩაეგდოთ, რათა მერე თავის რიგებში ჩაეყენებინათ და ბრძოლებში გამოეყენებინათ. ძალიან დიდი დრო, ცოდნა და ენერგია იყო საჭირო, რომ კარგი მეზარბაზნე დამდგარიყო. გიორგი გურამიშვილმა ერეკლე მეფესთან გაგზავნა შიკრიკი: დამხმარე რაზმი გვჭირდება, თორემ დაგვატყვევებენო. ერეკლე მეფემ შიკრიკები იმერლების ხუთასკაციან რაზმთან ერთად გამოგზავნა, აუცილებლად მიეშველეთო, მაგრამ ეს შიკრიკები – ერთი, მეორე, მესამე... ირანელებმა ყველა ჩაიგდეს ხელთ და დახოცეს. თურმე, იმერლები ძალიან დაიბნენ. ერთი მხრივ, თვითონაც ხედავდნენ, რომ არტილერისტებს დახმარება სჭირდებოდათ, მაგრამ მეორე მხრივ, ერეკლეს ბრძანება არ ჰქონდათ, ბრძანების გარეშე ვერაფერს გააკეთებდნენ. ამასობაში დაინახეს და ხმაც გავრცელდა (ჯარს პირველი, პანიკა ანგრევს), რომ იოანე აბაშიძე, იმერლების ერთ-ერთი მეთაური მოუკლავთ, ზოგი მოკლულის სანახავად წავიდა, ზოგი, უბრალოდ, პანიკამ შეიპყრო, ზოგი დაიბნა და მხოლოდ გიორგი გურამიშვილი და მისი მეზარბაზნეების რაზმი დარჩნენ ათჯერ, ორმოცდააცჯერ უფრო დიდი მოწინააღმდეგე ირანული რაზმების პირისპირ. მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება მეფისა და საქართველოს ერთგულმა არტილერისტმა გიორგი გურამიშვილმა მიიღო.

...მოკლედ, როგორც ვიცით, გადამწყვეტი ბრძოლის დღე 1795 წლის 11 სექტემბერი იყო. ქართველები სამი დღე ებრძოდნენ აღა-მაჰმად-ხანს, რომელსაც შვიდჯერ უფრო მეტი არმია ჰყავდა (დაახლოებით, 35 000-ათასიანი, ჩვენ – 3 000-იანი) და მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ძალიან სჭარბობდნენ, სამი დღის განმავლობაში ამარცხებდნენ აღა-მაჰმად-ხანს. ბოლო და გადამწყვეტი იერიში კი 11 სექტემბერს დაიწყო. ამ ბრძოლაში გიორგი გურამიშვილს ძალიან გაუჭირდა. როგორც უკვე გითხარით, იმერლები დაიქსაქსნენ, ზოგი დაპანიკდა, ზოგი დაიბნა და ჯარი მაშველი რაზმის გარეშე დარჩა. მაშინ გიორგი გურამიშვილს ასეთი რამ უთქვამს თავისი რაზმისთვის: ხომ ხედავთ, უნამუსო საქმეს გვიპირებენ (ანუ დატყვევებას) და მე პირადად არ ვაპირებ ცოცხალი ჩავბარდე. ამიტომ, ვინც გადაწყვეტთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ, აგერ ვარ და გამომყევით! მაშინ, მთელ რაზმს, ქართულ საარტილერიო დივიზიონს უთქვამს – ვიბრძოლოთ ბოლომდე, არ დავნებდეთ ცოცხალი თავითო. მაშინ, ზარბაზნებისთვის თავი მიუნებებიათ, იმიტომ რომ ვეღარ ახერხებდნენ გადატენვას და სროლას და ჩვენები ხმალდახმალ წასულან. ერთ-ერთი ყველაზე გულის ამაჩუყებელი, რაც არის ამ ისტორიაში, იმ დროს სირცხვილი იყო უზიარებელი სიკვდილი და ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ბრძოლის წინ ეზიარებინათ, მაგრამ თუ ზიარება ვერ მოხერხდებოდა, მაშინ ასე იყო დაშვებული ეკლესიისგან – სამი თითით (ზიარების სამაგიეროს უწოდებდნენ) ქართულ მიწას აიღებდნენ ხოლმე, შეჭამდნენ და პირჯვარს გადაიწერდნენ. ეს მიიჩნეოდა ზიარებად. თურმე, მათაც ასე გააკეთეს – ეს იყოს საიდუმლო ზიარების ნაცვალი, ღმერთი შეგვეწიოსო და ხმლებით ეკვეთნენ მტერს, რა თქმა უნდა, თავგანწირულ შეტაკებაში, იმიტომ რომ ათჯერ და გაცილებით მეტჯერ დიდი რაზმი უტევდა ქართველ მეზარბაზნეებს. ისე არ მოკვდა თითო ქართველი, რომ თითო არ მოეკლა ხმლითო. გიორგი გურამიშვილმა სამის აჩეხვა მოასწორო, სამი ჩამოაგდო ცხენიდან და როდესაც მეოთხეს გადაარტყა ხმალი, ხმალმა უღალატა – გადატყდა. მაშინ მიხვდა, რომ უკვე არანაირი ღონე აღარ იყო. თავის ზარბაზანს გადაეხვია, ჩაეხუტა და თქვა: ღმერთი გვეწეოდეს! ღმერთმა ბრძოლის ველიდან ცოცხლად გაიყვანოს ერეკლე მეფეო. მაშინაც კი მეფეზე ფიქრობდა. ზედ ზარბაზანზე დააკლეს და აკუწეს გიორგი. ამ ბრძოლაში მხოლოდ თითო-ოროლას დატყვევება შეძლეს, რადგან მისი რაზმი მთლიანად ირანელებს შეაწყდა. დანარჩენი ამბავი იცით, თუ როგორ დასრულდა კრწანისის ბრძოლა, როგორ განვითარდა მოვლენები, მაგრამ ყოველთვის გულსატკენი ის არის, რომ ჩვენს ისტორიაში ასეთი დაუფასებელია უცნობი გმირები. ასეთი უცნობი გმირია ჩვენი გიორგი გურამიშვილი. მისი სახელი არსად არის ნახსენები. ალბათ კარგი იქნება, დაფასდეს მისი სახელი, ისტორია და ამბავი ყველამ იცოდეს. ჩვენი თავდაცვის სამინისტროს აქვს უწყებრივი მედლები – კვინიტაძის, მაზნიაშვილის, გორგასლისა და სხვების ორდენები და კარგი იქნება, თუ საგანგებოდ დაწესდება ქართული არტილერიის, ერეკლე მეფის არტილერისტების მეთაურის, სამშობლოსთვის და მეფისთვის თავგანწირული, ბრძოლის ველზე ასე გმირულად დაღუპული გიორგი გურამიშვილის მედალიც. უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, ჩვენი გმირები და უპირველესად ის, რომ საქართველო არის მეომრების ქვეყანა!

ალეკო ელისაშვილის გადაცემათა ციკლიდან „მეომრების ქვეყანა“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი