ისტორია

რა საიდუმლოებები გამჟღავნდება, როდესაც ინგუშეთი დამოუკიდებლობას მოიპოვებს

№8

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 01.03

ისტორია
დაკოპირებულია

თამარ მეფის შესახებ ლექსები, სიმღერები, თქმულებები და ლეგენდები მის სიცოცხლეშივე ვრცელდებოდა. ბასილი ეზოსმოძღვარი წერს: „ერაყს მყოფნი მეებნენი, გინა მეჩანგენი თამარის შესხმათა მუსიკელობდიან; ფრანგნი და ბერძენნი ზღუასა შინა მენავენი, ნიავ-კეთილობათა შინა თამარის ქებათა იტყოდიან. ესრეთ ყოველი სოფელი სავსე იყო მის-მიერითა ქებითა, და ყოველი ენა ადიდებდა, რომელსაცა ოდენ სახელი მისი ასმიოდეს“.

გარდაიცვალა თამარ დედოფალი და „მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, და მერმე უკანასკნელ თჳთ მუნვე გელათს დაამკვდრეს თჳსსა შინა სამარხოსა“.

გარდაცვალების შემდეგაც, საუკუნეების განმავლობაში, არაერთი ლეგენდა და ზღაპრული ამბავი გავრცელდა მის შესახებ. ზოგიერთი ლეგენდა გვიამბობს, თითქოს, მტრების შიშით, ქართველებმა, გადამალეს თამარ მეფის საფლავი, გაასაიდუმლოეს, რათა არავის გაეძარცვა.

ამ ლეგენდების გაჩენას ხელი შეუწყო თამარ მეფის საფლავის გაუჩინარებამ. გელათში, თამარ მეფის საფლავის სახელით არსებულ ეკვდერში მისი ნეშტი არ აღმოჩნდა. ალბათ, როგორც წმიდანის წმიდა ნაწილები, შემდეგში საკურთხეველში გადააბრძანეს. საკურთხეველის ქვეშ ძიება არ ყოფილა.

ერთი ევროპული ლეგენდის მიხედვით, ევროპელ ჯვაროსანს, დე ბუას წმიდა მიწიდან წერილი გაუგზავნია ევროპაში, ახლანდელი საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონის მთავარეპისკოპოსისთვის (1195-1220), ამადე დე ტრემლესადმი, მრევლისთვის გასაცნობად: თითქოს, თამარ მეფის წმიდა ძვლებს მისი 16 წლის ვაჟი, ალექსანდრეს ბადალი, სამხედრო კამპანიით, მიასვენებდა, თამარისვე ანდერძით, წმიდა მიწაზე დასაკრძალავად.

თამარის დაკრძალვის ადგილის გასაიდუმლოების ლეგენდა არსებულა ჩრდილოეთ კავკასიაშიც, რომელიც მამიდან შვილს გადაეცემოდა, თურმე, თხზულების მიხედვით, ჩვენი ხელმწიფის დედის ნათესავების შთამომავალთა შორის.

ათიოდე წლის წინ, შემთხვევით, ინგუშეთში მივიწყებული თუ გასაიდუმლოებული გამოქვაბული-სარკოფაგი გამოჩნდა, სადაც ზოგიერთი ინგუში მეცნიერის აზრით, შესაძლოა, თამარის საფლავი ყოფილიყო.

მკითხველს ვთავაზობთ ინგუშეთში გავრცელებულ ლეგენდას თამარ მეფის საფლავის შესახებ, რომელიც ძალიან საინტერესოა, ვინაიდან სხვა ინფორმაციებსაც შეიცავს. კერძოდ, ინგუში ხალხის იმედს, ოცნებას, რომ ისინი მიაღწევენ თავისუფლებას და იმ ბედნიერ დროს გამოჩნდება წინაპრების მიერ შთამომავლებისთვის დატოვებული განძი და ასევე, მათთვისაც ძვირფასი, დედით ინგუში თამარ მეფის საფლავი:

„ზოგი ამბობს, რომე ეს მითია, ზოგი კი მის ნამდვილობას ირწმუნება. სრული სიმართლე ღმერთმა იცის.

რაც მოვისმინე, იმას ვამბობ.

ამის შესახებ მამაჩემმა მომიყვა.

იმას თავის მამისგან გაუგონია.

ასე რომ, თაობიდან თაობამდე, შორეული წარსულიდან მოაღწია ამ ამბავმა ჩვენამდე.

ვისაც უნდა, მოისმენს და სარგებელს ჰპოვებს – ისწავლის, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი ძველ დროში...

ოდესღაც, უძველეს ეპოქაში, ჩვენს მეზობელ ქართველებს მმართველობდა თამარ მეფე, რომელიც ჩვენი ღილღველების დის შვილი იყო.

მის თანამედროვეთ თუ ვერწმუნებით, მეფე უწყალო იყო ქვეყნის მტრებისადმი, თანამემამულეთა მიმართ კი – სათნო და კეთილი.

მაგრამ, ყველა ამ წუთისოფელში – მეფე, მხვნელი თუ მწყემსი – უზენაესის მიერ განსაზღვრულ წუთამდე ცოცხლობს და როცა მისი ამქვეყნად ყოფნის დრო ამოიწურება, მასთანვე ბრუნდება.

ამგვარად, თავის დროზე თამარ მეფემაც სხვა სამყაროში გადაინაცვლა.

როდესაც ეს ამბავი მთებში მოვიდა, ღილღველებმა ყველა თეიფის წარმომადგენელი მოიხმეს და სამძიმარზე წარგზავნეს.

სამი დღე იმყოფებოდნენ ისინი იქ, შემდეგ კი ქართველებმა იხმეს და უთხრეს: „ეს თქვენი გარდაცვლილი დისშვილია. ჩვენ გვეშინია, რომ მტრებმა, შურისმაძიებლებმა, არ ააოხრონ და ხელჰყონ მისი განსასვენებელი. ამიტომ გადავწყვიტეთ სასახლე თქვენ გადმოგცეთ, რათა ფარულად დაკრძალოთ იგი თქვენს მიწაზე. დაბრუნდით სახლში, შვიდი დღის თავზე კი ბაშ-ლოამის (მყინვარწვერის) თავზე, იქ, სადაც ჯვარი დგას, შეგხვდებით“.

ღილღვები სასწრაფოდ გაემართნენ შინისკენ. როცა დათქმული დრო მოვიდა, ქართველებმაც თამარ მეფის სასახლე მცხეთიდან წაიღეს. შვიდჯერ შვიდი კაცი იყვნენ:

დედოფლის ოჯახის შვიდი წევრი,

შვიდი უმაღლესი წოდების თავადი,

მთავრობის შვიდი წევრი,

შვიდი ვაჭარ-სოვდაგარი,

შვიდი ხელოსანი,

შვიდი მხვნელ-მთესველი,

შვიდი მეომარი – ყველა ნამდვილი ქართველი.

ღილღველთა ქვეყნიდან კი ორჯერ შვიდი კაცი გამოვიდა მათ შესახვედრად. აქედან შვიდი დედოფლის დედის ნათესავი იყო, დანარჩენი შვიდი კი – ღილღველური თეიფების წარმომადგენელი.

მყინვარწვერთან შეხვდნენ ერთმანეთს. „თქვენი დისშვილი თამარი ოქროს სასახლეში განისვენებს. მის თავზე ვერცხლის სასახლეა, ხოლო იმის თავზე – ბრინჯაოსი. წაიღეთ ეს სასახლე თქვენს ქვეყანაში და დამარხეთ ისე, რომ მტერმა ვერ მიაკვლიოს“ – უთხრეს ქართველებმა ღილღველებს და გამობრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში, ხოლო ღილღველებმა სასახლე წაიღეს.

ამბობენ, ბნელი ღამე იყო.

„ – მაშ, – უთხრეს ღილღველთა თეიფების წარმომადგენლებმა თამარის დედის ნათესავებს, – დამარხეთ ჩვენი დისშვილი ისეთ ადგილას, სადაც მას ვერავინ იპოვის. ყველას შევატყობინებთ, რომ სასახლე თამარის ცხედრით ჩვენს მიწაზეა დაკრძალული“.

დედის ნათესავებმა სასახლე მიწას მიაბარეს. მხოლოდ სამმა ყველაზე ერთგულმა ადამიანმა იცოდა დაკრძალვის ადგილის შესახებ.

მამები თამარ მეფის სამარხის საიდუმლოს ღირსეულ შთამომავლებს გადასცემდნენ.

უხუცესების გადმოცემით, დედოფლის სამარხის ბოლო ინფორმატორი იუსუფ-მოლა იყო, რომელიც სამასი წლის წინ ცხოვრობდა. ამ იუსუფ-მოლას ღილღვეთის დიდი განძის საიდუმლოც ებარა. მეტად პატიოსანი, სუფთა კაცი იყო.

როდესაც იგი ამ სოფლიდან გადიოდა, ღილღველთა თეიფების უხუცესებმა მას უთხრეს: „ოჰ, იუსუფ-მულა, შენ გვტოვებ. სანდომიანი კაცი იყავი. ვინმეს უნდა მიანდო ღილღვეთის დიდი განძის საიდუმლოცა და თამარის განსასვენებლის ცნობაც“.

მიმაკვდავმა მათ უპასუხა: „დღეს სიხარბემ სძლია ხალხს. ამ ორ საიდუმლოს ღვთის განმგებლობაში დავტოვებ. ის დაიფარავს მათ. როცა ჩვენი ხალხი დამოუკიდებლობას მოიპოვებს, უზენაესის ნებით, ორივე გამჟღავნდება. მანამდე კი, სასტიკად დაისჯება ყველა, ვინც შეეცდება ამ საიდუმლოს ფარდა ახადოს.

და გარდაიცვალა იუსუფ-მულა.

ის, რაც მან იწინასწარმეტყველა, ღვთის ნებით, ახდება“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი