საზოგადოება

10 საჭირო ხელსაწყო რომელიც სარემონტო პროცესს გაგიმარტივებს

ავტორი: „თბილისელები“ 17:19 15.04

რემონტი
დაკოპირებულია

ნებისმიერი სახის რემონტი შეიძლება დამთრგუნველად გამოიყურებოდეს, მით უმეტეს თუ ეს პირველი ასეთი პროექტია, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღეთ. მეტიც, გამოცდილი ადამიანებისთვისაც კი, სარემონტო სამუშაოები ხშირად უსიამოვნებასთან არის დაკავშირებული, რადგან ის ასოცირდება გაუთვალისწინებელ ხარჯებთან, რთულ გადაწყვეტილებებთან და ქაოსთან, რომელსაც შეიძლება ბოლო არ უჩანდეს. საბედნიეროდ, დღეს ტექნიკის და ხელსაწყოების მრავალფეროვანი არჩევანია, რაც ერთი მხრივ სარემონტო სამუშაოების უმტკივნეულოდ გადატანაში დაგეხმარებათ, მეორემხრივ კი მნიშვნელოვნად დაგაზოგინებთ ხარჯებს. სარემონტო პროცესის წარმატება დამოკიდებულია არამხოლოდ პროფესიონალიზმზე, არამედ ხელსაწყოებზეც, რომელთა გამოყენებასაც გადაწყვეტთ. სარემონტო სამუშაოს შესრულებისას აუცილებელია იქონიოთ სანდო და გამძლე ტექნოლოგიები, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯის დიდი ნაწილი ხშირად გაუმართავი ტექნიკით ან ხელსაწყოებით არის ხოლმე განპირობებული. აქ, ჩვენ განვიხილავთ ხელსაწყოებს, რომლებიც აუცილებლად გაგიმარტივებთ სარემონტო პროცესს.

კუთხ-სახეხი (ბარგალკა)

კუთხ-სახეხი ერთ-ერთი ისეთი ხელსაწყოა, რომელსაც სპეციფიკური გამოყენება აქვს და ხშირად მისი ჩანაცვლება სხვა ხელსაწყოთი შეუძლებელია. ამის გათვალისწინებით, ხარისხიანი ბარგალკის შერჩევა მნიშვნელოვანია, რადგან უხარისხო ბარგალკამ შეიძლება საქმე არამარტო გაგირთულოთ, არამედ გაგიფუჭოთ კიდევაც. კუთხსახეხის, ანუ ეგრეთწოდებული ბარგალკის პირველადი გამოყენებაა ზედაპირების გასუფთავება და სხვადასხვა სამშენებლო მასალების დაჭრა. მშენებლობისას, მოპირკეთებისას თუ ავეჯის დამზადებისას, ბარგალკა ხშირად აუცილებელი ხელსაწყოა. კუთხსახეხები განსხვავდება ფორმის, ზომის და სიმძლავრის მიხედვით, ამიტომ ის თუ რომელ მოდელს შეარჩევთ, მთლიანად დამოკიდებულია თქვენს პრეფერენციებზე, თუმცა როგორც წესით ბარგალკის შერჩევისას რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინოთ; პირველ რიგში, რა არის თქვენი ბიუჯეტი და რამდენად ხშირად დაგჭირდებათ კუთხსახეხის გამოყენება. ამასთანავე, მოდელის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ძაბვა და ბრუნვათა რიცხვი, სწორედ ამ ორი ნიშნულით განსხვავდება კუთხსახეხთა უმეტესობა.

ჩაქუჩი

ჩაქუჩი არამარტო სარემონტო პროცესებისთვის, არამედ ნებისმიერი სახლისთვის და ოჯახისთვის საჭირო ხელსაწყოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაქუჩს საკმაოდ სწორხაზოვანი გამოყენება აქვს, მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი ხელსაწყოს შერჩევისას, აარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი, რომლის გმაოყენებასაც წლების მანძილზე, შეუფერხებლად შეძლებთ.

თარაზო

თარაზო ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი ხელსაწყოა ნებისმიერი სარემონტო თუ სამუშაო პროცესისთვის. ის საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ რამდენად სწორია ზედაპირი და შემდგომ ამის გათვალისწინებით იმუშავოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, უმეტესობა სამუშაოებისთვის ჩვეულებრივი, მექანიკური თარაზო ძალიან ხელსაწყრელია, ხანდახან უფრო მძლავრი ხელსაწყოა საჭირო, რომელიც ზედაპირის სისწორეს დიდ მანძილზე გაზომავს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ლაზერული თარაზოები. ლაზერული თარაზოს დადებითი მხარე კიდევ ისაა, რომ ის ხშირად თვითსწორებადია და “თავისით” მიგითითებთ როგორ უნდა წარმართოთ სამუშაო.

ელექტრონული ბურღი-სახრახნისი (დრელი)

დიდი ხნის მანძილზე ელექტრო-ბურღები მხოლოდ რაღაცების “გასაბურღად” გამოიყენებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მას მრავალი სხვა ფუნქცია დაემატა. ელექტრო-ბურღით, გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ რაღაცები “გახვრიტოთ”, მათ შორის საკმაოდ მყარი მატერიები, ის გამოიყენება მასალების დასამაგრებლად, ავეჯის დასაშლელად და ასაწყობად, იქნება ეს მაგიდები, სკამები, ლოგინები, თაროები თუ კარადები. დღეს, სარემონტო სამუშაოებში ძირითადად უსადენო ბურღ-სახრახნისს იყენებენ. უსადენო ბურღების უმეტესობას, მათ შორის საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასის მოდელებს, მძლავრი ბატარეა აქვთ, რომელიც საშუალებას გაძლევთ სამუშაო პრაქტიკულად პაუზის გარეშე შეასრულოთ. ელექტრონული ბურღი-სახრახნისი ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყოა ნებისმიერ ოჯახში, რადგან მისი მეშვეობით უამრავი ტიპის პრობლემის გადაჭრა შეიძლება, რომელიც დაკავშირებულია ავეჯთან, ელექტრო და წყალ-გაყვანილობასთან და ა.შ.

ხელის ხერხი

ხერხი ბევრნაირი არსებობს და ცხადია მისი გამოყენება პრაქტიკულად ყველამ იცის. თუმცა, სხვადასხვა საქმეს შეიძლება სხვადასხვა ტიპის ხერხი დასჭირდეს. ხელის ხერხიც კი ბევრნაირი არსებობს. მოდელები განსხვავდება სიგრძით, დრეკადობით და კბილანების ტიპით. ის თუ რომელ ხელის ხერხზე შეაჩერებთ არჩევანს, სამუშაოს ბუნებაზეა დამოკიდებული. მეორემხრივ, სარემონტო სამუშაოებისას ხელის ხერხი ხშირად არასაკმარისია თუ დიდი რაოდენობის ან მკვრივი მასალა გაქვთ დასაჭრელი. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია გამოიყენოთ ელექტრო ხელის ხერხი, რომელიც ხშირად უსადენოა, რაც მას ძალიან მოქნილ ხელსაწყოდ აქცევს. იმის გათვალისწინებით, რომ მასალების გადახერხვა ხშირად ხანგრძლივი პროცესია, ზოგ უსადენო ელექტრო-ხერხს ორი ბატარეაც კი მოყვება ხოლმე. თუ რაღაც უფრო ძლიერს ეძებთ და თუ ხშირად ნედლ მასალებზე, მაგალითად ხეზე გიწევთ მუშაობა, ასეთ შემთხვევაში იდეალურია ჯაჭვიანი ხერხი, რომელიც ყველაზე ხშირად ბენზინზე მუშაობს და შესაბამისად, ჯაჭვი ძალიან მაღალ ბრუნვის სიჩქარეს აღწევს. უფრო მყარი მასალებისთვის, მაგალითად მეტალისთვის ხშირად გამოიყენება ციკლური ხერხი, რომელიც ხშირად მჭრელი დისკი აქვს. ასეთი მოდელების გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ პროფესიონალებისთვის.

მაგიდის ხერხი

თუ ხშირად გიწევთ სამშენებლო მასალებთან, განსაკუთრებით კი ხესთან მუშაობა და გესაჭიროებათ ფილების ან ფიცრების დამზადება, ძალიან გამოსადეგი იქნება ინვესტიცია ჩადოთ ხარისხიან მაგიდის ხერხში. ბევრ მოდელს რეგულირებადი სიმაღლე და გამოცვლადი საჭრელები აქვს, ეს მოდულარული სტრუქტურა კი საშუალებას მოგცემთ მაგიდის ხერხით წლების მანძილზე ისარგებლოთ. მეორემხრივ, თუ სარემონტო სამუშაოების შესრულება ხშირად არ გიწევთ, უმჯობესია შედარებით კონვეცნიური ხერხი შეარჩიოთ.

კემპის აპარატი

თუ მეტალის მასალასთან გიწევთ მუშაობა, ალბათ იცით რამდენად მნიშვნელოვანია კარგი კემპის აპარატი. ამ ელექტრონული ხელსაწყოს მუშაობის პრინციპი მარტივია; კემპის აპარატში მოთავსებული მეტალის მავთულის გალღობით, შესაძლებელია მეტალისგან დამზადებული სხვადასხვა ზედაპირების შედუღება. ხარისხიანი კემპის აპარატების უმეტესობა, flux მავთულს იყენებს და “ელექტრული თაღის” ტექნოლოგიის მეშვეობით მუშაობს. სწორედ ამ თაღით გალღობილი მეტალის მეშვეობით ხდება მეტალების უხილავი შერწყმა. კემპის აპარატის შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისიწნოთ რა ტიპის მავთულს იყენებს ის, რადგან შეუსაბამო მავთულის გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს თქვენი აპარატი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი საქმეც.

შალაშინი

ხე, გარდა იმისა, რომ დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი სამშენებლო მასალაა, მასზე მუშაობა ხშირად შეიძლება მნიშვნელოვანი სიამოვნების და შთაგონების წყარო იყოს. თუმცა, ხეზე მუშაობა ძალიან უსიამოვნოც კია თუ შესაბამისი ხელსაწყოები არ გაქვთ. კარგად შერჩეული შალაშინი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის საშუალებას მოგცემთ ხეს მისცეთ ზუსტად ისეთი ფორმა, როგორიც გსურთ. თუ სარემონტო პროცესისას ხეზე მუშაობა ხშირად გიწევთ, მაშინ აუცილებელია სწორად შეარჩიოთ შალაშინი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე გაგიძლებთ და რომელიც დაგეხმარებათ სამუშაოს იდეალურად შესრულებაში, რადგან ხე, როგორც სამშენებლო მასალა შეიძლება ძალიან რთული დასამუშავებელი იყოს.

კარგი სახაზავი

ერთობ მაღალ-ტექნოლოგიური ხელსაწყოების განხილვის შემდეგ, სახაზავზე გადასვლა შეიძლება უცნაური იყოს, თუმცა ხშირად ყველაზე მარტივ ხელსაწყოებს აქვთ ყველაზე ფართო გამოყენება. ძალიან ძალინა მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი სახაზავი იქონიოთ, რადგან ზოგი, მათ შორის უხარისხო პლასტმასისგან დამზადებული სახაზავები დროთა განმავლობაში დეფორმირდებიან და არასწორ ზომას აჩვენებენ. სახაზავის აკურატული ზომის აღების უნარზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიას ტემპერატურამ, ამიტომ აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი მასალისგან დამზადებული სახაზავი. ამასთანავე, თანამედროვე მულტიფუნქციურ სახაზავებს მრავალმხრივი გამოყენება აქვთ, მათ შორის ბევრს აქვს ჩაშენებული კუთხსაზომი, ამოსაჭრელი ფორმები, თარაზო და სხვა მრავალი რამ.

ხელსაწყოების ნაკრები

თუ მცირე სარემონტო სამუშაოს თქვენს სახლში აკეთებთ ან იმ შემთხვევაშიც კი თუ დიდ პროექტს შეეჭიდეთ, მაშინ მნიშვნელოვანია იქონიოთ სანდო ბრენდის ხელსაწყოების ნაკრები. ხშირად რაღაცები ფუჭდება, იქნება ეს ელექტროგაყვანილობა, წყლის მილი, ავეჯი თუ სხვა და საჭიროა სარესტავრაციო, შესაკეთებელი სამუშაოები. ასეთ შემთხვევაში, ერთი კარგი ხელსაწყოების ნაკრები შეიძლება სავსებით საკმარისი აღმოჩნდეს. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ სახლში და ოჯახში იქონიოთ ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც წლების მანძილზე გამოგადგებათ და თან საშუალებას მოგცემთ თავიდან აირიდოთ უაზრო დანახარჯები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი