შოუბიზნესი

ნინო მუმლაძე: დედ-მამის ქორწილს ბავშვიც დაესწრება

№18

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 06.05

ნინო მუმლაძე
დაკოპირებულია

სულ მალე მსახიობი ნინო მუმლაძე დედა გახდება. ის 39 წლის ასაკში პირველ შვილს, ვაჟს ელოდება და ამ სიხარულის მოლოდინში არცერთი წუთი უქმად არ დაუკარგავს – დიდი მუცლით სცენაზე იდგა და სპექტაკლში თამაშობდა. საჭესთანაც ზის, საყიდლებზეც დადის და პატარისთვის უკვე ყველაფერი შეიძინა. ნინოს მეუღლეს, გუგა გოგინაშვილს, პირველი ქორწინებიდან ჰყავს პატარა გოგონა, რომელიც დიდი ინტერესით ელოდება პატარა ძამიკოს დაბადებას.

ნინო მუმლაძე: რომ გავიგე, დედა უნდა გავმხდარიყავი, ამ სიხარულს ვერ გადმოგცემთ. მართლა მოულოდნელი იყო, არ დაგვიგეგმავს. ყოველთვის ვოცნებობდი შვილზე, მაგრამ რომ გავიგე, ორსულად ვიყავი, ერთდროულად დამემართა გაორება, გაასმაგებული სიფრთხილის შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ იმ ასაკში ვარ, როცა ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც მზად უნდა ვიყო, დიდ სიხარულთან ერთად დიდი გაურკვევლობაც მოვიდა. მოკლედ, მაინც დიდი შოკი იყო (იცინის).

– ბავშვის მამა და შენ ოფიციალური ცოლ-ქმარი ხართ თუ ვერ მოასწარით ჯერ ხელის მოწერა და ჯვრისწერა?

– მე და ჩემს მეუღლეს ჯერ დაკანონებული ურთიერთობა არ გვაქვს და შემოდგომისთვის ვგეგმავთ. როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მაშინ შემომთავაზა ხელის მოწერა, მაგრამ სანამ ამ ყველაფრის ორგანიზებას მოვაბამდით თავს, მუცელიც გამეზრდებოდა და წონაშიც მოვიმატებდი და ამიტომ უარი ვთქვი. გადავწყვიტე, რომ დავიკლებ და გავლამაზდები, მერე გადავიხდი ქორწილს-მეთქი. ორსულობის პერიოდში, 17 კილო მოვიმატე. კი მეუბნებიან, კარგად გამოიყურები, ლამაზი ხარო, მაგრამ მინდა, რომ ქორწილში ბევრად გამხდარი ვიყო. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და მინდა, ისეთი ლამაზი ვიყო, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდეს და ფოტოს რომ შევხედავ, არ ვნანობდე. წონაში მომატება რომ დავიწყე, ვამბობდი, ადრე მუცლის გაქრობა მიხაროდა და ახლა – მისი ზრდა-მეთქი (იცინის).

– გამოდის, დედ-მამის ქორწილს შვილიც დაესწრება.

– რა თქმა უნდა, დაესწრება (იცინის). ჩვენ ასე ვგეგმავთ და ღმერთმა ქნას, რასაც ვგეგმავთ, არ შეიცავლოს ისე სპონტანურად, როგორც აქამდე იცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში. მოკლედ, გვინდა, ნათლობა, ჯვრისწერა და ქორწილი, ერთად გადავიხადოთ. ბევრი ამბობს, სიყვარულს რად უნდა დაკანონებაო. ჩემთვის კი, ამას სიმბოლური სახე აქვს და მიმაჩნია, რომ უბრალოდ, მჭირდება ის ლამაზი დღე, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. თორემ, ის, მოვაწერთ თუ არა ხელს ფურცელზე, ნამდვილად არაფერს გვიწყვეტს მე და გუგას ურთიერთობაში. სიყვარულს ქაღალდზე დაკანონება ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ ის ერთი ლამაზი დღე – ქორწილი, როცა უზომოდ ბედნიერი ხარ, ყველას გვახარებს და გვინდა. სწორედ ამიტომ გადავდე, რომ არ მინდოდა, მოვალეობის მოხდა ყოფილიყო, პირიქით, მინდა, რომ ეს დღე იყოს ყველაზე ლამაზი ჩემს ცხოვრებაში. პატარამ კი ჩვენს გეგმებს დაასწრო, ჩაისახა, დაიბადება და დედიკოსა და მამიკოს ქორწილსაც დაესწრება (იცინის).

– შენ და შენი მეუღლე ცალკე ცხოვრობთ თუ ოჯახის წევრებთან ერთად?

– რაღაც პერიოდი ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ახლა დედა გადმოვიდა ჩემთან, რადგან უკვე მიჭირს სახლის საქმეებთან გამკლავება. ხან გუგას მშობლების სახლში გვიწევს ყოფნა. ასე რომ, ორ სახლზე ვართ გადანაწილებული (იცინის). სხვათა შორის, გუგა არაჩვეულებრივი ადამიანია, ზრუნავს ჩემზე და ცდილობს, ყველაფერში დამეხმაროს. დიდი მუცელი მაქვს, ფიზიკურად ვერ ვწვდები ფეხს და უკვე ორი თვეა, წინდას და ფეხსაცმელს გუგა მაცმევს (იცინის). სიამოვნებს დაუგეგმავად ჩემი გახარება, სპონტანურად მიკეთებს საჩუქრებს და მანებივრებს. ძალიან თბილი ადამიანია, უყვარს ჩემ გვერდით დიდი დროის გატარება. მეც მზრუნველი ადამიანი ვარ და გუგაც, ამაში ვგავართ ერთმანეთს. შვიდი თვის ჩათვლით, თეატრის სცენაზე ვიდექი, ბოლოს მიჭირდა კოსტიუმის გამოცვლა და გუგა მეხმარებოდა. თითქოს ელემენტარულია, მაგრამ ამ ელემენტარულისგან შედგება სიყვარული. სხვათა შორის, ვცდილობ, არ მოვდუნდე და სადამდეც ენერგია მწვდება, ყველაფერს ვაკეთებ. თქვენ წარმოიდგინეთ და პროფილაქტიკაშიც მე მიმყავს მანქანა (იცინის). გაოგნებულები მიყურებენ ხელოსნები, მანქანიდან ამხელა მუცლით რომ გადმოვდივარ, მაგრამ ჩემს ქმარს არ აქვს მართვის მოწმობა და სხვა გზა არაა. ის გვერდით მიზის და მანქანას მე ვმართავ.

– როდის ელოდებით პატარას და სად აპირებ მშობიარობას?

– თავიდან ჩემი ბიჭის დაბადების სავარაუდო თარიღად 2 ივნისი დაასახელეს. თუმცა, მერე მითხრეს, წონით ცოტა დიდია და შესაძლოა, ცოტა ადრე დაიბადოსო. იმ კლინიკაში რომ მივედი, სადაც უნდა ვიმშობიარო, ლიფტის კარი გაიღო, მივიხედ-მოვიხედე და გამიელვა, საიდან მეცნობა ეს გარემო-მეთქი. ბევრი ვიფიქრე და გამახსენდა: „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემი მშობიარობის სცენა სწორედ იქ იყო გადაღებული. ვამბობდი, ბედმა მომიყვანა ისევ აქ-მეთქი. ექიმს რომ შევხვდი, მოვუყევი ეს ამბავი და მითხრა: მახსოვს ეგ გადაღება, მეუბნებოდნენ, კადრში შემოდი და დავიმალეო (იცინის). ახლა მახსენდება, ორსულობის თამაში არა, მაგრამ მშობიარობის სცენა გამიჭირდა და ვთვლი, რომ ყველაზე ცუდად ეგ ვითამაშე. არ მინდოდა გადაჭარბებული კივილ-წივილი ამეტეხა, არ მინდოდა, ეს ყველაფერი ხელოვნური ყოფილიყო და მერე რომ ვნახე, არ მომეწონა. კომენტარებშიც კი მიწერდნენ: ასეთი წყნარი ორსული ცხოვრებაში არ გვინახავსო. გამოუცდელი ვიყავი, დოზები დავაკელი და ნამეტანი წყნარი მშობიარე ვითამაშე. ჩვილი კი, რომელიც ხელში უნდა დამეჭირა, ერთ-ერთი მშობლის ნებართვით მომიყვანეს. სერიალში გოგო მყავს, სალომე და ეს სახელი რომ ვახსენე, გადაირია იმ ბავშვის მამა: რა სალომე, ბიჭიაო (იცინის). ვაჟკაცის გამოჩენა უნდოდა კადრში და მე ვეძახე სალომე, სალომე-მეთქი (იცინის).

– სახელი შერჩეული გაქვთ?

– მე და ჩემი ქმარი დიდხანს ვარჩევდით ბავშვის სახელს. რაღაც ვერსია გვაქვს, რაზეც ჩამოვყალიბდით, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით (იცინის). სხვათა შორის, უკვე მზად ვარ – ბავშვისთვის ყველაფერი შევიძინე და მოვამზადე – წინდები, ბოდეები, საწოვარა, ბოთლი, პლედები...

თან, ისეთი საყვარლები და პაწაწუნებია, მეცინება, რომ ვუყურებ. მაბედნიერებს ბავშვისთვის რომ ვყიდულობ, ყოველი ახალი შენაძენი სიხარულის საბაბია.

– შენთვის პირველი შვილია, მეუღლეს კი პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს. მასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს და რა განცდით ელოდება პატარა ძამიკოს დაბადებას?

– დიახ, ჩემთვის პირველი შვილია, ჩემს მეუღლეს კი ჰყავს არაჩვეულებრივი გოგონა, უსაყვარლესი, 4 წლის ელი. ძალიან მიყვარს და ვუყვარვარ, არაჩვეულებრივი დამოკიდებულება გვაქვს. დაიკო დიდი ინტერესით ელოდება ძამიკოს დაბადებას. ჩემს ოჯახში კი პირველი შვილიშვილია, დიდი ხნის ნანატრი და ხომ წარმოგიდგენიათ, მის დაბადებას როგორ ელოდებიან, ალბათ, გაგიჟდებიან.

– რას ფიქრობ, როგორი დედა იქნები?

– ყველა დედას უნდა, საუკეთესო იყოს შვილისთვის, მაგრამ მერე როგორ გამოსდის, მეორე საკითხია. არ ვიცი როგორი დედა ვიქნები, თუმცა, დიდი სურვილი მაქვს, ჩემს შვილს გვერდში დავუდგე, მივცე სწორად განვითარების, საკუთარი სურვილების რეალიზების საშუალება და განათლება. გიჟი დედა არ ვიქნები – ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მგონია, რომ ყურადღების დაკლება ისე არ ვნებს ბავშვს, როგორც გადამეტებული და გადაჭარბებული მზრუნველობა, რადგან ამით ზღუდავ ბავშვს, უზღუდავ ინტერესის სფეროებს, არ აძლევ განვითარების საშუალებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი