შოუბიზნესი

ლოლა წერეთელი: სახლში რომ ავდივარ, სულ მეშინია, ვიღაც არ დამხვდეს

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 06.05

ლოლა წერეთელი
დაკოპირებულია

როგორია ფინანსებთან ურთიერთობაში ლოლა წერეთელი, რა დაეხმარა მას რთული მდგომარეობის შემდეგ ფეხზე წამოდგომაში და რაში არ ენანება თანხის გადახდა, ამაზე თავად მოგვიყვება.

ლოლა წერეთელი: ყველამ იცის, რომ ცხოვრებაში ფულის გარეშე არაფერი გამოდის. ადამიანს ყველაფრის ყიდვა გჭირდება, რაც თუ ფული არ გაქვს, წარმოუდგენელია. ფული კი მუშაობის გარეშე არ იშოვება და ამიტომ ბევრი შრომაა საჭირო, ძალიან ბევრი. ადამიანებს სხვადასხვა ხედვა აქვთ ფულთან მიმართებით. ზოგი ფიქრობს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი. პირველ ადგილზე აყენებენ და სხვა რამე არ აინტერესებთ. ვიღაცისთვის ფული მხოლოდ სიამოვნების საშუალებაა და რა თქმა უნდა, ასეცაა, უფულოდ ცხოვრება ცოტა ძნელია (იცინის). ცოტა კი არა, წარმოუდგენელია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ფულზე მნიშვნელოვანი არაფერია. ფულს პირველ ადგილას არ ვაყენებ, მაგრამ ცუდია, რომ ასეა. სხვანაირად რომ ვიქცეოდე, მგონი, უკეთესი იქნებოდა (იცინის).

– ეს გინანიათ?

– სიმართლე რომ ვთქვა, კი, მინანია. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც ძალიან არასასიამოვნო. შეიძლება, ერთხელ მაინც, უცებ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდე. მეც შემექმნა ასეთი პრობლემა, დაახლოებით ხუთი წლის წინ, საერთოდ ნულზე დავრჩი და მივხვდი, რომ ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. აღარაფერი გამაჩნდა და როგორც პატარა ბავშვი იწყებს სიარულს და საუბარს, დაახლოებით, მეც ასე დამჭირდა, რომ ცხოვრების გაგრძელება შემძლებოდა. ფული საერთოდ აღარ მქონდა, აღარაფერი გამაჩნდა, მაგრამ ნელ-ნელა ფეხზე წამოვდექი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, რომლებიც ახალი სიმღერების შექმნაში დამეხმარნენ. მადლობა მათ და ჩემს მეგობრებს, რომლებიც რამდენიმე წელი ერთგულად მედგნენ გვერდში. მთავარია, ამ დროს შენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დახმარების ხელს გამოგიწვდიან. სხვანაირად ფეხზე წამოდგომა ძალიან რთულია. მე მადლობელი ვარ, ასეთები ჩემ გვერდით, ცოტანი, მაგრამ საბედნიეროდ, არიან.

– როცა მდგომარეობა შეიცვალა და ყველაფრის გარეშე დარჩით, მეგობრების ნაწილი ჩამოგშორდათ?

– დიახ, დიახ, სამწუხაროდ, ასეც ხდება. ამიტომაც ვამბობ, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, ვისთვისაც ყველაფერზე მაღლა ფული დგას და ამის მიღმა არაფერი აინტერესებთ, მათ შორის, არც მეგობრობა.

– ფსიქოლოგიურად როგორ გაუმკლავდით ამ ყველაფერს?

– ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იყო. მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი. არ ვიცოდი, რა მექნა, საერთოდ როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება. ვიყავი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ბევრი ჰქონდა. როცა ასე იყო, მე არავინ მავიწყდებოდა, ყველასთან ხელგაშლილი ვიყავი. ხოლო, როცა ჩემი მდგომარეობა შეიცვალა და ცარიელი დავრჩი, აღმოვაჩინე, რომ გვერდით ძალიან ცოტა ერთგული ადამიანი დამრჩა. ადამიანები, რომლებიც გასაჭირის დროს ჩემ გვერდით არ აღმოჩნდნენ, ჩემს გონებაში დავბლოკე.

– რთული იყო, თუმცა, როგორც ვხვდები, ნამდვილად შეგიძლიათ სირთულეებთან გამკლავება.

– ასე გამოვიდა. ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობ. საერთოდ, სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ დავიწყე მუშაობა და მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ. მაშინ ასე იყო, ორწლიანი გამოცდილება გჭირდებოდა მუსიკალურში ჩასაბარებლად. სტაჟი უნდა გქონოდა. მდივნად დავიწყე მუშაობა და დღემდე მახსოვს, რა სასწაული შეგრძნება მქონდა, პირველი ხელფასი რომ ავიღე და სახლისთვის რაღაცების საყიდლად გავიქეცი. 85 მანეთი იყო ჩემი ხელფასი და მაშინ ეს კარგი ანაზღაურება იყო.

– რამდენად კარგად გამოგდით შემოსავლის სწორად განაწილება?

– ძალიან მიყვარს მოგროვება. შავი დღისთვის ფული ყოველთვის მაქვს გადადებული. მგონია, რომ ყველა ადამიანმა ასე უნდა გააკეთოს. გარდა ამისა, ჩემს შემოსავალს ისევ ახალ სიმღერებში ვდებ, ამის გარეშე გამორიცხულია, წინ ვერ წახვალ, ვერც ფინანსურად და ვერც კარიერულად. სულ ვმუშაობ და შემოსავალს საჭიროებებზე ვანაწილებ. რაღაცებს წინასწარ ვგეგმავ და ვიცი, რაზე რამდენი უნდა დავხარჯო. ბავშვობიდან ასეთი ვარ.

– რა ხდება, თუ ხვდებით, რომ ფული გიმთავრდებათ?

– პანიკაში არ ვვარდები. თუ ეს დაგემართა, მაშინ ყველაფერს დაკარგავ. ამ დროს ჩემს თავს ვეუბნები, ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად გამოჩნდება შეკვეთები და ვიმუშავებ. ასეც ხდება ხოლმე. როცა ფორმაში ხარ და საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობ, სხვანაირად გამორიცხულია.

– ოდესმე რამე მოგიგიათ?

– არა, არასოდეს. ერთხელ ტაქსით მივედი სახლში და მძღოლს რომ ფული მივაწოდე, მერე დაბლა დავიხედე და ორდოლარიანი დავინახე. უი, ფული ვიპოვე-მეთქი, გამიხარდა. სახლში რომ ამოვედი და საფულე გავხსენი, მერე მივხვდი, რომ სინამდვილეში ის ორდოლარიანი ჩემი იყო, უბრალოდ ფულის ამოღების დროს ამომივარდა და დაბლა დაგდებული რომ დავინახე, მეგონა, ვიპოვე (იცინის).

– დიდი დანაკარგი...

– ასეთიც იყო, როცა გამქურდეს... ეს 2011 წელს მოხდა, მაისის თვეში. ორი ბიჭი დამხვდა სახლში ნიღბებით და იარაღით და დამაყაჩაღეს. ძალიან ბევრი რამ წაიღეს, ოქრო, ფული. დღესაც კი, სახლში რომ ავდივარ, სულ მეშინია, ვიღაც არ დამხვდეს.

– რაში გიყვართ ფულის დახარჯვა?

– ახალ სიმღერებში. ახალი სიმღერა შვილის დაბადებასავითაა. ძალიან მიხარია ხოლმე და ამაში ფულს მართლა დიდი სიამოვნებით ვხარჯავ. გარდა ამისა, მიყვარს ლამაზი ტანსაცმელი. პირველ რიგში, სცენაზე რომ დგახარ, ეს საჭიროცაა. მიყვარს სამკაულებიც, ეს ქალისთვის აუცილებელია. შეიძლება, ყოველდღე ახალი კაბა არ გეცვას, მაგრამ ლამაზი აქსესუარებით: კარგი ჩანთით, ფეხსაცმელებით და სათვალეებით გააცოცხლო და გაალამაზო. სხვათა შორის, სათვალეზე ვგიჟდები, ძალიან ბევრი მაქვს. ჩემს მეგობარს აქვს მაღაზია ძალიან გემოვნებიანი არჩევანით და სულ სასწაულად ლამაზი სათვალეებით მამარაგებს.

– ყველაზე კარგი დაბანდება...

– ბინა ბათუმში, ძალიან სწორად მოვიქეცი, რომ ვიყიდე. მე მიყვარს ყველაფერი კარგის ყიდვა. თუ ვყიდულობ, ხარისხიანს ვყიდულობ. მირჩევნია, მოვიცადო, ფული მოვაგროვო და კარგი შევიძინო. ადამიანი ძუნწი არ უნდა იყო. კარგში ფული არ უნდა დაგენანოს. არც სხვა მხრივ უნდა იყო ძუნწი, საერთოდ, საკუთარი სიამოვნებისთვის ფული არ უნდა დაინანო. მე მეგობრებისთვისაც სიამოვნებით ვხარჯავ ფულს. მათ რომ უხარიათ, მეც მიხარია და ბედნიერი ვარ. მგონია, რომ საკმაოდ ხელგაშლილი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი