შოუბიზნესი

ეკა ჩხეიძე: ვცდილობ, არ დავკარგო ადამიანი, დისტანცია შევინარჩუნო და აღარ ვენდო

№9

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 04.03

ეკა ჩხეიძე
დაკოპირებულია

ტელეკომპანია „პირველზე“ ახალი პროექტი დაიწყო, რომელსაც „პირველი სტუდია“ ჰქვია და მისი წამყვანი მსახიობი ეკა ჩხეიძეა. როგორც თავად ამბობს, ეს გადაცემა ადგილია უთქმელი ამბების მოსაყოლად, სადაც ტელეეკრანიდან სტუმრები გულღიად მოჰყვებიან და გაგვიზიარებენ თავის ისტორიებს.

ეკა ჩხეიძე: ახალი გადაცემის წამყვანობა შარშან, ჯერ კიდევ მაშინ შემომთავაზეს, როდესაც მამაჩემი ცუდად იყო. ვუთხარი, რომ ცუდი პერიოდი მაქვს, ვნერვიულობ და ვერ შევძლებ-მეთქი. დამიცადეს და ერთი წლის მერე ისევ შემომთავაზეს, გამესაუბრნენ პროდიუსერები და წელს დავთანხმდი. უკვე რამდენიმე გადაცემა ჩავწერეთ, პრომო გადავიღეთ და იმედი მაქვს, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. ვცდილობთ, ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რაზეც ნაკლებად უსაუბრიათ და მოუყოლიათ რესპონდენტებს. პოლიტიკოსიც რომ იყოს, ვცდილობთ, ეს ადამიანი სხვა კუთხით დავანახვოთ ხალხს და არ იყოს პოლიტიკაზე საუბარი.

– ეს შენთვის მეორე სატელევიზიო გამოწვევაა წამყვანის ამპლუაში. პირველი გამოცდილება როგორი იყო, რა ემოცია და განცდა გქონდა, როცა ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემა „ყვითელი ყუთი“ დაიხურა?

– ჩემთვის „ყვითელი ყუთი“ იყო პირველი გადაცემა, სადაც მაყურებელმა წამყვანის როლში მიხილა. ის გადაცემა დღემდე მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ დაიხურა, ეს ჩემი პირველი გამოწვევა იყო, მანამდე მხოლოდ რესპონდენტი ვიყავი. პირველი ნაბიჯები იყო და წამყვანობის დიდი გამოცდილება მომცა. დღემდე მაქვს ჩემს გუნდთან ურთიერთობა და ახალი გადაცემის წამყვანობაც მომილოცეს.

– იყავი თავისუფალი, თამამი წამყვანი. იმ გადაცემით სატელევიზიო სივრცეში შენებური ქცევა და ემოცია შემოიტანე. ამის გამო, საზოგადოების მხრიდან შენ მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულებაც კი გაჩნდა. ახლა, ახალ გადაცემაში როგორ ეკას უნდა ველოდოთ?

– ახალ გადაცემაში ფეხებშემოწყობილი აღარ ვზივარ, რადგან ეს გამეორება იქნება და თან, ასეთი ქცევა იმ ტახტს და სიტუაციას უხდებოდა. ახლაც თავისუფალი ვიქნები, მაგრამ ცოტა აკადემიური, ჩაცმითაც. ვცდილობ, მოვერგო რესპონდენტს და იმის მიხედვით, თუ ვინ იქნება, შესაძლოა, ჯინსიც მეცვას, მაისურიც და ლამაზი კაბაც. სამოსს სტუმრისგან გამომდინარე შევარჩევ. ტიპაჟურად რომ კომფორტულად იგრძნოს თავი არა პიჯაკში გამოწყობილ წამყვანთან, არამედ თავისნაირ „ტიპთან“. ეს გულღიაობა და გულწრფელობა უფრო „ხსნის“ რესპონდენტს, მოდის ნდობა და ღიად იწყებენ საუბარს. „პირველი სტუდია“ აპოლიტიკური გადაცემაა, საინტერესო სტუმრებითა და ამბებით და ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ყოველ კვირა დღეს, 22:00 საათზე გავა.

– მინდა, წარმატებები, რეიტინგი და საინტერესო რესპონდენტები გისურვო. ეკა, ბევრი ქალი, როცა წლები ემატება, ასაკს მალავს, რასაც შენზე ვერ ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურები. როგორ ფიქრობ, რა მოაქვს მომატებულ წლებს შენთვის?

– წლებთან ერთად, გამოცდილებაც მოდის, ყველაფრის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა: რაღაცები ხდება მთავარი, რაღაცები – ნაკლებმნიშვნელოვანი. ახალგაზრდობაში სისულელეებზე რომ ნერვიულობ, ასაკში რომ შედიხარ, ხვდები არ ღირდა ნერვიულობად. ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამ ხდება და ამას ჭკუის სწავლებით ვერ განსაზღვრავ, ამას გამოცდილება სჭირდება. დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება შვილების ბედნიერი თვალების ყურებაა. რაც შეეხება ასაკს, არასოდეს ვმალავ – 56 წლის ვარ. ბებიაჩემი მედიკო ყოველთვის იმატებდა 2-3 წელიწადს და რომ ვკითხე: 83-ის რომ ხარ, გეცოტავება? 86-ს რატომ ამბობ-მეთქი, მიპასუხა: იმიტომ რომ ყველა შოკში ვარდებაო (იცინის). მოსწონდა ყველა რომ შოკში ვარდებოდა: ვაიმე, არ არსებობს მაგხელა ხარო? (იცინის) თბილისი პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს და რას დამალავ? ყველამ ვიცით, ვინც მალავს და ცოტა სასაცილოა. როცა არ მალავ ასაკს, ესე იგი, არაფერი გაქვს დასამალი. ხოლო, როცა მალავ, ესე იგი, რაღაც არ მოგწონს, რაღაცით უკმაყოფილო ხარ, რაღაცის კომპლექსი გაქვს ან ვიღაც ასაკით პატარას ეპრანჭები (იცინის). მე მინდა, ადამიანს გავეცნო ისეთი, როგორიც ვარ.

– წლების მატება არ გაშინებს?

– არა, წლების მატება არ მაშინებს, მთავარია, ჯანმრთელად ვიყო. სამწუხაროდ, გარეგნობას მიხედავ, ჯანმრთელობას კი შესაძლოა, ვერ მოერიო და ამიტომ, მთავარია, ისეთი არაფერი დამემართოს, რასაც ვერ მოვერევი, თორემ წლების მატება ახალი გამოცდილება და ახალი შეგრძნებებია.

– გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, ადამიანების გადაფასებაც ხომ ხდება?

– რა თქმა უნდა, ვცდილობ, არ დავკარგო ადამიანი და დისტანცია შევინარჩუნო, აღარ ვენდო. ხანდახან ისეთ ელემენტარულ რაღაცებზე „იყიდება“ ხოლმე ძალიან ახლობელი ადამიანი, რომ არ ელოდები. როცა ახლობელ ადამიანში ხედავ შურს და ბოღმას, საწყენია. ალბათ, ეს შეუმდგარ ადამიანებს ახასიათებს და რაღაცის კომპლექსებიდან გამომდინარეა. ჩვენს საზოგადოებას ვაკვირდები და სხვისი კარგი არ უხარია, ამიტომ ვცდილობ, ჩემს ცხოვრებაში რაღაც კარგი რომ ხდება, გარკვეულ ახლობელ ადამიანებს არც ვუთხრა და დავმალო. ბედნიერი და შემდგარი ადამიანი სხვას არასოდეს უყურებს შურის თვალით, არ აკრიტიკებს და არც ბოღმით ივსება. ვისაც შენი კარგად ყოფნა უხარია, თავადაც კარგადაა. ხოლო, ვინც წარუმატებელია, სხვა წარმატებული ადამიანი არ უყვარს. ალბათ, ამიტომ არ უნდა გააღიზიანო და ის შენი კარგად ყოფნა დამალო. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში მძიმე ეკონომიური მდგომარეობაა, დეპრესიული ფონია, უიმედოდ არიან, პრობლემებში. პერსპექტივაში ვერ ხედავენ კარგს და სხვის ბედნიერებაზე ამიტომ არ ხარობენ. ესეც მესმის. ბოლო პერიოდია, ვცდილობ, არაფერი ვთქვა, იმიტომ რომ სხვა არ გავაღიზიანო. გამიმართლა, რომ ასეთი ოჯახის წევრები მყავს. მყავს ისეთი შვილები, როგორიც მინდოდა, მყოლოდა, საუკეთესო დედა, ქმარი... მჯერა, რომ მყავს ძლიერი მფარველი ანგელოზი, რომელმაც ბევრ ცუდ რამეს ამაცილა, დამიცვა. ბევრჯერ ამარიდა იმ ადამიანებს, სიტუაციას და მოვლენას, სადაც საფრთხე მელოდა. განსაცდელი და სანერვიულო ყველას გვაქვს, ისე ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ უნდა შევეცადოთ, დეპრესიაში არ ჩავვარდეთ, პესიმიზმმა არ მოგვიცვას და ის კარგიც დავინახოთ. ყველას ვურჩევ, სხვისი ბედნიერებით იხაროს, გულწრფელად მიულოცოს სხვას წარმატება და თავადაც ბედნიერი და წარმატებული იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი