რელიგია

რატომ არ გააჩნია ადამიანს საყრდენი წუთისოფელში და როგორ ჰყავს ის ტყვედ თავისსავე ტვინს

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 02.05

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანები ვართ და არა მხოლოდ ვიცით, საკუთარ თავს განვიცდით ქრისტიანებად. დავდივართ ეკლესიაში და ვცდილობთ, როგორც გვესმის, ისე ვემსახუროთ ღმერთს. თუმცა კითხვა კითხვად რჩება: სჭირდება თუ არა ღმერთს ჩვენი მსახურება და რატომ გვიადვილდება მორჩილება და სიყვარული ხატების და არა ადამიანების წინაშე? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რიტორიკულ კითხვას დავსვამ: რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი?

- ცოტა შორიდან დავიწყებ: რატომ ჰქვია ღმერთი?! ღრმა ერთი?! რატომ გახდა ღრმა ერთი?! ღმერთი, რომელიც ნათელია, რატომ უნდა იყოს ღრმა?! იმიტომ რომ მე დავმარხე; ჩემი ტვინით დავაყარე ზემოდან ყველაფერი და, ჩემი ჭკუით, ის ძალიან ღრმად წავიდა. მაშინ, როდესაც ის კი არ წავიდა ღრმად, არამედ მე ვარ ღრმა აპათიაში; მე ვარ ღრმად განდგომილებაში. თორემ ღმერთი ისევ იქ მელოდება, მას შუქი არ აკლდება. ვისაც ჰგონია, რომ ადამი სამოთხიდან ღმერთმა გააგდო, იმიტომ რომ გაუბრაზდა, ცდება. ადამმა დაიჯერა, რომ ღმერთი ასეთია: გაუბრაზდებოდა და გამოყრიდა სამოთხიდან. ადამის დასკვნაა ასეთი და, შედეგად, შეშფოთებული მდგომარეობა მივიღეთ – ტვინისგან, თორემ აქ ახლაც სამოთხეა ამიტომ, რომ შეჩერდები, იმას, რაც ღრმა ერთია, შენში აღმოაჩენ. ის ერთი ერთზე მიხვალ. შეერთება არის ერთთან მისვლა. მეგრულად ერთი არის ართი და სიტყვა სიტყვით ნიშნავს, დაბრუნდე. ანუ ვისაც უნდა დაუბრუნდე, იმას ატარებ შენ შიგნით, მაგრამ ტვინის ტყვეობაში ხარ. ამიტომ წაართვი თავი ტვინის ტყვეობას, გაუშვი ხელი ყველაფერს, ყველა ტოტს, რომელსაც მოჭიდებული ხარ მაიმუნივით. ჩამოხტები და იქვე ერთში დადგები. ადამიანს საყრდენი არ აქვს. აბა, დაფიქრდით, თუ აქვს?! შვილია საყრდენი?! რამე რომ დაემართოს, სად წახვალ?! თანამდებობა? ფული? ბინა? ჯანმრთელობა? ოჯახი?! ყველაფერი მერყევია – სულ იშფოთებ, სანამ ესენი საყრდენი გგონია, იმიტომ რომ მათ მიღმაა ყველაფრის საყრდენი. შენი თავი ისაა, რაც მატერიამდე არსებობდა. შესაბამისად, შენს თავს რომ ხვდები, იქ უშფოთველობაა, უზრუნველობა მოდის და იწყება მარადიული ნეტარება.

თუ ინებებ, ხელის ერთ გაწვდენაზეა სამოთხე. ასე რომ, ვინც იტანჯება, მას ღმერთიც ვერ უშველის, იმიტომ რომ ნებაყოფლობით იტანჯება. მაზოხისტები გავხდით. სიხარულის უფლებასაც კი არ ვაძლევთ საკუთარ თავს. უბრალოდ რომ გავიხაროთ, მიზეზი გვინდა – აბა, გიჟი ვარ, ისე მიხაროდესო?! ადამიანს ჰგონია, დაიმატებს სიმდიდრეს და მერე იქნება ბედნიერი. პირიქით – ჩამოყარეთ ყველაფერი. ფიზიკურად გადაყრას არ ვგულისხმობ: გაუშვით ხელი ყველაფერს, რაც გგონიათ, თქვენი სიმყარეა. ადამიანს ჰგონია, რომ რაღაცის ფლობაა ბედნიერება. ბედნიერება ყოფნაა. თუ შენ არ ხარ, რაც გაქვს, გამძიმებს – იმიტომ რომ, ჯერ ერთი, უნდა შეინარჩუნო, მეორეც – უნდა გაამრავლო და ამაოდ გეხარჯება ენერგია. რა გიშლის ხელს, გათავისუფლდე?! ოხერი ტვინი! ტვინს რომ აჰყვები, აქაც ხომ ჯოჯოხეთში გამყოფებს და იქაც ჯოჯოხეთში ჩაგიყვანს. ტვინმა შეგაძულა მოყვასი: ის კი არ არის შენი მტერი, ვისაც მტრად ხედავ, არამედ ტვინმა დაგანახვა მტრად. მაგრამ ამას ხომ არ დაიჯერებ?! ხშირად მეუბნებიან, როგორ, მამა გურამ, მე ვარ მტყუანი?! კი ბატონო, იყავი მართალი. დარჩი შენს ჯოჯოხეთში... ღმერთს ისევ ჯვარზე ვაკრავთ, თორემ სიცოცხლე ისევ ცოცხალია; სამოთხე ისევ აქ არის – ახლაც შეგიძლია, ისუნთქო სამოთხის ნეტარებით, მაგრამ ტვინი გიშლის ხელს, ამიტომ პირველია, რომ უნდა შეჩერდე. ჩამოიფერთხო მტვერი და რომ გამოიხედავ – უკვე სამოთხეს ხედავ. შენი წილი ჯოჯოხეთი შენვე უნდა გარდაქმნა შენს წილ სამოთხედ. კაციშვილი არ დაგილაგებს. თუ გგონია, რომ მოკვდები და იქ გაგითვალისწინებენ, ტყუილია, ვერავინ გაგითვალისწინებს. თუ აქ ჯოჯოხეთში იქნები, იქაც ჯოჯოხეთი გექნება და ასჯერ მეტად ჯოჯოხეთი. ხოლო, თუ აქ სამოთხეში იქნები, ანუ გონს მოხვალ და ამაღლდები შიშებზე, ყველგან სამოთხე იქნება.

ორმაგობებია ჩვენ გარშემო და ჩვენ ამის შესახებ ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ ესეც ტყუილად – არანაირი ორმაგობა არ არსებობს, ის ჩვენს ტვინშია. ყველგან ღმერთია, მაგრამ მასთან ურთიერთობა, სიცოცხლესთან ურთიერთობა შენზეა დამოკიდებული, ამიტომ ეს სიცოცხლე მტანჯველი იქნება თუ სამოთხედ გექცევა, შენს მიდგომაზეა. იესო კი გეხმარება იმით, რომ ახალი შესაძლებლობა მოგცა. ახალ საკონტროლოს გაწერინებს, სუფთა ფურცლიდან გაწყებინებს, მთელი წარსული, რაც არის, არ ვარგა, დაივიწყეო, გეუბნება. მიტევებაა, რომ სხვაში სხვა კი არა, საკუთარი თავი დაინახო. ჩვენ კი მიტევების დღე გვაქვს და ფორმალურად ყველა ერთმანეთს მივუტევებთ ხოლმე. პატიება მაპატიეს თქმა არაა. პატიება გაცნობიერების გარეშე არ არსებობს, დანარჩენი ფორმალობა და ფარისევლობაა, ვიღაცისთვის თავის მოჩვენებაა. პატიება შენგან დაკნინებულის პატივში აყვანაა. შეიძლება, სულაც, არ მომწონდეს ის გარსი, რომელშიც ადამიანია გახვეული: მისი პროფესია, რელიგია, სქესი, კულტურა, ასაკი, ეროვნება, მაგრამ პატივში აყვანაა, როდესაც ამ ჩენჩოს მიღმა ერთიან სულს ვხედავ, ღმერთს ვხედავ. თუ ასე არ არის, მაშინ არც ღმერთის მწამს. მოუკლებლადაა ღმერთის ხატება ყველა ადამიანში; არათუ ადამიანში – ქვაშიც კი. ისიც ღმერთს უჭირავს. ქვა ისე კი არ შეიქმნა, როგორც ადამიანი ქმნის, თვითონ რომ აქაა და მისი ნაკეთობა – სხვაგან. ღმერთმა რომ თავისი სული წაიღოს, ყველაფერი გაქრება, ქვიდან დაწყებული და გალაქტიკით დამთავრებული. ღმერთი მუდმივადაა ყველაფერში. მატერიალური სამყარო ჩვენი თვალისთვისაა. ეს სიმკვრივეები რომ არ ყოფილიყო, ღმერთის ნათელს ვერ გავუძლებდით, თვალსაჩინოებებია და არ მოტყუვდეთ. ყველაფერში, ქვიდან დაწყებული, ღმერთია და როგორც ექცევი ხეს, ყვავილს, ქვას, ისე ექცევი ღმერთს. დავანებოთ თავი ყველაფერს: ხატებთან ისე ხომ არ მიხვალ, თუ არ მოიკუნტე?! მაშინ ადამიანთან რატომ არ იკუნტები? ადამიანი ღვთის ხატი არ არის?! პარაკლისებს იხდი ხატების წინ, გადაუხადე ადამიანს პარაკლისი შენი თვალებით, დაინახე მასში მოყვასი, დაინახე მასში ღმერთი! აი, ეს არის პატივში აყვანა. ცოცხალ ადამიანში იმას ვერ ხედავ, რომ ცოცხალი ღმერთია და ამ დროს ხატებს კოცნი?! ხატებს იმიტომ ვცემთ თაყვანს, რომ, ვინც მათზეა გამოსახული, ისინი განსაკუთრებით მივიდნენ ამ შეგნებამდე და არა იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ. იქიდან იქნებ მომეცეს ძალა, რომ უბრალოდ, მოყვასის მიღმა, რომელიც მტერი მგონია, იმიტომ რომ გადაფარულია, ღმერთი დავინახო. ესაა პატიება და არა ის, სიტყვიერად ვუთხრა ვინმეს, მაპატიე-მეთქი. ამას ქრისტიანობანას თამაშს ვეძახი. მაგრამ არ დავრჩეთ მოთამაშეებად, გვაქვს შანსი, ნამდვილი ქრისტიანები გავხდეთ. პატიება, პატივში აყვანა ისაა, როდესაც ადამიანში ღვთის ხატებას დაინახავ და როგორც კი ასე შეხედავ ადამიანს, იმ წამში დაბრუნდება ის სამოთხეში. სიყვარულითა და მადლით რომ შეგიხედავს ადამიანისთვის, არ გიგრძნია, რომ ის ადამიანი ნეტარებს?! ეს მხოლოდ იმ წამს ხდება, რომ მიდის, მისი ეს მდგომარეობა ქრება, მაგრამ, თუ გავაძლიერებთ ამ ხედვას, ბევრნი რომ ვიქნებით – და ამისთვისაა ეკლესია – იმ ადამიანს ვათავისუფლებთ. ადამიანი ისეთია, როგორც შენ უყურებ მას. ჩვენ პატივში აყვანით უნდა გავათავისუფლოთ ერთმანეთი. აბა, კარგად დავფიქრდეთ, რა გვიშლის ხელს ამაში და რაც ხელს გვიშლის, ისაა მტერი. უპირველესად, საკუთარი თავი უნდა აიყვანო პატივში, უნდა მიიღო ის, ვინც შენშია და როდესაც ჩემს თავში ვიპოვი მას, ვინც ჩემში ყოველთვის იყო და პატივში ავიყვან, შემიძლია, იქიდან შეგხედო და გაგახსენო, ვინ ხარ შენ. აი, ვინაა ნამდვილი ქრისტიანი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი