მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ საშვილოსნოს ყელის უკმარისობაზე

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.03

საშვილოსნო
დაკოპირებულია

საშვილოსნოს ყელის უკმარისობა ნიშნავს მის უმტკივნეულო გახსნას, რაც მშობიარობის დაწყებას ორსულობის 16-22 კვირებს შორის იწვევს.

საშვილოსნოს ყელის სისუსტე შეიძლება, გამოიწვიოს შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილმა დაავადებებმა და ტრავმამ. საშვილოსნოს ყელის უკმარისობა მხოლოდ ქალის დაორსულების შემდეგ დგინდება. თუ ყელის უკმარისობის რისკი დიდია, ახალშობილის ნაადრევად დაბადების თავიდან ასაცილებლად ის წრიულად იკერება.

ჩვეულებრივ, საშვილოსნოს ყელი მხოლოდ მაშინ ფართოვდება, ანუ იხსნება, როცა მშობიარობა იწყება და ეს საშვილოსნოს შეკუმშვების საპასუხოდ ხდება. თუმცა, ზოგ ქალში ყელის, საშვილოსნოს ქვედა ნაწილის, ქსოვილები სუსტია. როცა მათ მზარდი ნაყოფი და პლაცენტა აწვება, ყელი შეიძლება, მშობიარობის ნორმალურ თარიღამდე ბევრად ადრე გაიხსნას. ყელის უკმარისობის შემთხვევაში ამ პრობლემის განმეორების რისკი მომდევნო ორსულობისას, სავარაუდოდ, 30%-ზე ნაკლებია. ეს საშიშროება მეტია იმ ქალებში, ვისაც სამი ან მეტი აბორტი ჰქონდა მეორე ტრიმესტრში.

საშვილოსნოს ყელის სისუსტის მიზეზი შეიძლება, იყოს შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი დაავადებები, მაგალითად, ელერს-დანლოსის სინდრომი ან ტრავმა. მის დაზიანებას იწვევს ყელის ბიოფსიისას დიდი ზომის ქსოვილის ამოკვეთა ან მისი ინსტრუმენტებით გაგანიერება.

ყელის სისუსტის რისკს ზრდის:

• დაორსულების ხელის შემწყობი წამლების, მაგალითად, კლომიფენის მიღება, რადგან ეს ხშირად მრავალნაყოფიან ორსულობას იწვევს;

• სასქესო ორგანოების თანდაყოლილი მანკები;

• მოკლე საშვილოსნოს ყელი, რაც ულტრასონოგრაფიულად დგინდება;

• თვითნებური აბორტი მეორე ტრიმესტრში წინა ორსულობების დროს.

საშვილოსნოს ყელის უკმარისობაზე ექიმს ეჭვი უჩნდება, თუ წინა ორსულობები თვითნებური აბორტით დასრულდა მეორე ტრიმესტრში. ულტრასონოგრაფიული კვლევით მიღებული მონაცემებიც შეიძლება, მიუთითებდეს ყელის უკმარისობაზე. მაგალითად, თუ ექოსკოპიით ჩანს, რომ ქალს მოკლე საშვილოსნოს ყელი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ უკმარისობის რისკიც მაღალია, ექიმები ყურადღებით მეთვალყურეობენ ორსულს ნაადრევი მშობიარობის ნიშნების აღმოსაჩენად. ყელის ნაადრევი გახსნის დადგენა ორსულობისას რეგულარული გამოკვლევებით შეიძლება.

ყელის დახურულ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, მის გარშემო ან მასზე ნაკერები იდება. ზოგჯერ ყელს სპეციალური წებოვანათი ან მეტალით ხურავენ. ამ პროცედურებს საშვილოსნოს ყელის ცერკლიაჟი ეწოდება. ისინი მაშინ კეთდება, როცა უკმარისობის რისკი მაღალია, რაზეც მიანიშნებს ამ პათოლოგიის განვითარება წინა ორსულობების დროსაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი